ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის უფასო სასადილო დღეიდან ფუნქციონირებას განაახლებს. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ სასადილო მოინახულა, შეხვდა ბენეფიციარებსა და თანამშრომლებს და ადგილზე გაეცნო არსებულ საჭიროებებს.
ვიზიტის შედეგად შესაბამის სამსახურებს დაევალათ, ერთთვიან ვადაში განხორციელდეს სასადილოს ინფრასტრუქტურის განახლება და საჭირო ტექნიკით უზრუნველყოფა.
ამ ეტაპზე პროგრამით 35 ბენეფიციარი სარგებლობს და ისინი ყოველდღიურად მიიღებენ კვებით უზრუნველყოფას. ბენეფიციართა კვებით უზრუნველყოფის პროგრამას სრულად აფინანსებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია. მიმდინარე წლიდან პროგრამის დაფინანსება 40%-ით გაიზარდა, რაც ბენეფიციარებისთვის განკუთვნილი მენიუს მრავალფეროვნებაზეც აისახა.