მოგვწერეთ
მთავარი გვერდი » ვიდეო » ჩხოროწყუში ახალი ინტელექტუალური თამაში — „საკითხვეთი“ დაიბადა

ჩხოროწყუში ახალი ინტელექტუალური თამაში — „საკითხვეთი“ დაიბადა

ავტორი: chkhorotskuge

ჩხოროწყუს მოსწავლეთა სახლში ინტელექტუალური თამაშის — „საკითხვეთის“ პირველი, სატესტო და ოფიციალური გათამაშებები გაიმართა. თამაშს მისი ავტორი ბიძინა ყალიჩავა უძღვებოდა.

„საკითხვეთის“ მთავარი გამორჩეულობა ისაა, რომ მეგრული, სვანური და ლაზური ენები თამაშის სრულფასოვანი ნაწილია.

სატესტო გათამაშება

როგორ თამაშობენ

თამაში იმართება სპეციალურ მაგიდასთან, რომელიც ექვს სექტორადაა დაყოფილი. თითოეულ სექტორში კითხვების კონვერტია მოთავსებული, ხოლო სათამაშო სექტორს მაგიდაზე დამონტაჟებული ისარი ირჩევს.

როდესაც ისარი რომელიმე სექტორზე პირველად ჩერდება, გუნდს ზოგადი ცოდნისა და ლოგიკის კითხვა ხვდება. იმავე სექტორზე მეორედ მოხვედრისას კითხვა უკვე მეგრულ, სვანურ ან ლაზურ ენას უკავშირდება. შესაბამისად, ერთ-ერთი ამ ენის ელემენტარული ცოდნა — განსაკუთრებით მეგრულისა — თამაშში მნიშვნელოვან უპირატესობას ქმნის.

დრო და ქულები

ჩვეულებრივ კითხვაზე მოსაფიქრებლად გუნდს ერთი წუთი ეძლევა. ბლიცი სამი კითხვისგან შედგება და თითოეულზე პასუხის გასაცემად 20 წამია განსაზღვრული.

სწორი პასუხის შემთხვევაში ქულას გუნდი იღებს, არასწორი პასუხისას კი — კლუბი. თამაში ექვს ქულამდე გრძელდება.

დამატებითი შესაძლებლობები

ვადაზე ადრე გაცემული სწორი პასუხისთვის გუნდი დამატებით ერთ წუთს იღებს, რომლის გამოყენებაც თამაშის ნებისმიერ ეტაპზე შეუძლია.

თუ გუნდი კლუბთან აგებს, მას უფლება აქვს, მაყურებლის დახმარება გამოიყენოს.

თამაშის განმავლობაში გუნდს შეუძლია, ავტორს განმარტება ორჯერ სთხოვოს. ენობრივი კითხვის შემთხვევაში ითარგმნება გუნდის მიერ შერჩეული ერთი სიტყვა.

ვინ ითამაშებს

„საკითხვეთის“ ფარგლებში ორი — სასკოლო და საერთო ლიგა შეიქმნება. შეჯიბრებები ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ სპორტული ვერსიის ფორმატით ჩატარდება.

სამი გამარჯვებული გუნდი სეზონის თამაშში გადავა, საუკეთესო კი სუპერფინალში იასპარეზებს.

„საკითხვეთი“ ერთ სივრცეში აერთიანებს ზოგად ცოდნას, ლოგიკურ აზროვნებასა და მეგრული, სვანური და ლაზური ენების ცოდნას.

ცოცხალი მაუწყებლობა

კულმინაცია

ფოტოები