გთავაზობთ ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის დირექტორის ზაურ ჯალაღონიას საყურადღებო წერილს, რომელიც პირველი აფხაზი კომპოზიტორის რაჟდენ გუმბას ჩვენებურ კავშირებს შეეხება
გამოჩენილი აფხაზი კომპოზიტორი რაჟდენ ჯგუტანის ძე გუმბა დაიბადა გუდაუთის რაიონის სოფელ დურიფშში 1922 წლის 12 სექტემბერს.
როგორც აღნიშნავენ, იგი ბავშვობიდანვე ოჯახში, ახლობლებთან, მეგობრებთან ისმენდა ხალხურ სიმღერებს და თვითონაც მღეროდა. ამიტომაც მას ჯერ კიდევ პატარას სიყვარულით „ჩვენი ბულბული” შეარქვეს.
მოსწავლეობისას ის ხელმძღვანელობდა სკოლის შემოქმედებით გუნდს და ხანდაზმულ მოხუცთა სახელგანთქმულ ანსამბლს, სადაც მღეროდა მისი ბაბუა, მამსირ გუმბა – აფხაზური სიმღერებისა და ხალხურ საკრავების ცნობილი შემსრულებელი, ეროვნული ფოლკლორის შესანიშნავი მცოდნე. თვითონ კომპოზიტორი იხსენებდა: „მე ათი წლის მ ვიყავი, როცა ვხელმძღვანელობდი მოხუცთა ანსამბლს, რომლის წევრები იყვნენ საუკუნეზე მეტი ხნის და კიდევ მეტი წლისანი. მათ შორის – 112 წლის ბაბუაჩემიც”.
რაჟდენ გუმბა გამოირჩეოდა განსაკუთრებული ნიჭითა და შესანიშნავი ფიზიკური მონაცემებით.
სკოლის შემდეგ მან სწავლა განაგრძო ქალაქ სოხუმის სამუსიკო სასწავლებელში, რომლის დირექტორი იყო შალვა ალექსანდრეს ძე გორგაძე. კომპოზიტორი მას ყოველთვის დიდი სითბოთი და სიყვარულით იხსენებდა.
რაჟდენ გუმბა სწავლის პერიოდში კიდევაც მუშაობდა. ის იყო -ფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტ-ვოკალისტი და ამავდროულად გაზეთ „სოვეტსკაია აფხაზიას”-ს კორესპონდენტი.
რ. გუმბა 1940-53 წლებში ხელმძღვანელობდა სხვადასხვა თვითმოქმედ საგუნდო კოლექტივს.
1952-1954 წწ. ის მოღვაწეობდა მეუღლის მშობლიურ მხარეში, ჩხოროწყუს რაიონში. მისი თანამეცხედრე, ლილი ტაიას ასული ჩალიგავა მსახურობდა ხაბუმის საშუალო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად. მათ შეეძინათ არისლანი, ასმათი და ასიდა.
ჩხოროწყუში მოღვაწეობისას მოსახლეობის საყოველთაო სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. ხელოვანი სიყვარულით იხსენებდა ჩხოროწყუში გატარებულ წლებს. ამ პერიოდში სოფლებში: ჩხოროწყუში, ლესიჭინეში, ნაფიჩხოვოში, ახუთში, მუხურში . სკოლებსა და კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხელმძღვანელობდა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებს, ხალხურ თვითშემოქმედებით საგუნდო კოლექტივებს. იმდროინდელ პრესაში, მათ შორის ჩხოროწყუს რაიონულ გაზეთში, 1953-54 წლები ქვეყნდებოდა პუბლიკაციები ოლიმპიადებში მისი შემოქმედებით წარმატებებისა და კონკურსებში გამარჯვებების შესახებ.
წარმოშობით ხაბუმელი, ვალიკო ცირამუა, რომელიც წლები განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტის გამოთვლით ცენტრს, მოგონებაში წერს, რომ: „რაჟდე გუმბა იყო ხაბუმელების სიძე, ვიცნობდი მის მეუღლე ლილი ჩალიგავა ლილის ძმა ალიოშას, ბიძაშვილებს: ველოდი და ყამურზა გრიგოლი ძე ჩალიგავებს. მახსოვს რომ მდგმურად ცხოვრობდნენ ჩვენი მეზობლის, ცხონებულ, პავლე და კატია შენგელიების სახლში.
რაჟდენის ქალიშვილი ასიდა, აქვე, ხაბუმეში გათხოვდა აკაკი (კუკური) შენგელიაზე (ამჟამად გარდაცვლილია), მათ ეყოლათ ქალიშვილები.
რაჟდენის ვაჟი არისლანი ხაბუმის სკოლის დაწყებით კლასებში სწავლობდა. ის ჩემზე სამი თუ ოთხი წლით უმცროსი იქნებოდა. ძალიან კარგად ცეკვავდა და სასკოლო ოლიმპიადებში გაჰყავდათ ხოლმე საცეკვაო ნომრების შესასრულებლად. ცეკვისას ისე ცეცხლოვნად ტრიალებდა: გვეშინოდა სცენიდან არ გადავარდნილიყო. გასული საუკუნის სამოციან წლებში რაჟდენ გუმბას ანსამბლი კონცერტებს მართავდა რაიონებში. ანსამბლმა ხაბუმეში კოლმეურნეობის ახალ აგებულ კანტორის კინო-საკონცერტო დარბაზშიც ჩაატარა კონცერტები, მაყურებლების ტევა არ იყო.
ბილეთი ძლივს ავიღე, პერანგი შემომახიეს. ბოლო კონცერტის დროს მრავალრიცხოვანი მაყურებლის სიმძიმეს იატაკმა ვერ გაუძლო და ჩაინგრა – საბედნიეროდ არავინ დაშავებულა”.
ჩხოროწყუელი მედეა კვირტია ყვება, რომ რაჟდენ გუმბას შემოქმედებითი ურთიერთობა ჰქონდა მის მამასთან, ცნობილ ფოლკლორისტ მამანტი კვირტიასთან. ასიდა გუმბას მოგონების მიხედვით, მან შეიყვარა თბილი და მდიდარი კოლხური ფოლკლორი, თვითონაც გრძნობდა ხალხის თანადგომას და სიყვარულს მის მიმართ. 1954 წელს ჩხოროწყუს რაიონის ხელმძღვანელობამ აფხაზეთის მთავრობისგან მიიღო დეპეშა, რომლითაც ითხოვდნენ რაჟდენ გუმბას სოხუმში დაბრუნებას.
სოხუმში რაჟდენ გუმბამ ჩამოაყალიბა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი და აფხაზეთის სახელმწიფო ფილარმონიაში კონცერტი ჩაატარა, რომელმაც ხელოვანს უდიდესი წარმატება მოუტანა. რის შემდეგაც მას ნიშნავენ სახელმწიფო ანსამბლის ხელმძღვანელად და დირიჟორად. 1955 წლიდან ანსამბლი რაჟდენ გუმბას ხელმძღვანელობით საგასტროლოდ იმყოფებოდა საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში.
1956 წელს ბატონ რაჟდენს მიანიჭეს „საქართველოს დამსახურებული არტისტის” წოდება. 1957-59 წლებში კი სწავლობდა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში უნა ტუსკიასა და ანდრია ბალანჩივაძის საკომპოზიციო კლასებში. წავლის პერიოდში ითხოვეს რაჟდენ გუმბასთვის ერთწლიანი შვებულების მიცემა, იმ მიზნით, რომ მას ეხელმძღვანელა აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლისთვის.
საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1958 წლის იანვრის ბრძანებით, რაჟდენ გუმბას მიენიჭა „საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება”.
წარმატებას წარმატება მოსდევდა, შეუწყვეტლივ ტარდებოდა კონცერტები, იქმნებოდა ახალი სიმღერები.
1971-72 წლებში რ. გუმბა იყო აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი; 1972 წლიდან-აფხაზეთის სახელმწიფო ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვანელი და სამხატვრო საბჭოს თავმჯდომარე.
ის აირჩიეს საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირის წევრად; 1970 წელს მას მიენიჭა აფხაზეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება, 1974 წელს – დ. გულიას სახელობის პრემია. 1983 წელს – „აფხაზეთის სახალხო არტისტის” წოდება, 1986 წელს – „ღირსების ორდენი”, 1988 წელს კი „საქართველოს სახალხო არტისტის” წოდება.
ნაყოფიერი იყო რაჟდენ გუმბას შემოქმედებითი ნაღვაწი, მან შექმნა 15 კანტანტა, 30 სიმფონიური ნაწარმოები, საზეიმო უვერტიურა „სიხარული”, 2 სუიტა სიმფონიური ორკესტრისათვის, სიმფონიური პოემა, რაფსოდია სიმფონიური ორკესტრისათვის, ორატორიები, ოპერა, მუსიკა ორღანისათვის, ვიოლინოსათვის, ფორტეპიანოსათვის და სხვა. 1991 წელს დაასრულა მუშაობა ოპერაზე „აბატა ბესლან, 1992 წელს საფორტეპიანო კონცერტზე, ორკესტრის თანხლებით. ის ავტორია 400-მდე უკვდავი სიმღერის. მის მიერ შესრულებული 120-ზე მეტი ხალხური სიმღერა ჩაწერილია გრამფირფიტებზე.
რაჟდენ გუმბას მუსიკა ჟღერს აფხაზეთის ფარგლებს გარეთ, მის საგუნდო ნაწარმოებებს ასრულებენ საბერძნეთში, საფრანგეთში, მოლდავეთში, უკრაინაში, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში და სხვაგან.
რაჟდენ გუმბა გარდაიცვალა 2007 წლის 17 ივლისს, 81 წლისა. მასთან გამოსათხოვებლად ს. ა. ჭანბას სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრის შენობაში მივიდა ხელოვანი შემოქმედის პატივისმცემელი უამრავი ადამიანი. პროცესია თეატრიდან მის საყვარელ ფილარმონიამდე უწყვეტად მიემართებოდა; რაჟდენ გუმბა დასაფლავებულია აფხაზეთის გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეთა და მწერალთა პანთეონში.
2008 წელს გამოვიდა საფოსტო მარკა რაჟდენ გუმბას გამოსახულებით და წარწერით. რაჟდენ გუმბას ცხოვრებასა და მის მოღვაწეობაზე დაიბეჭდა არაერთი პუბლიკაცია, გამოიცა წიგნები,ენციკლოპედიური წერილები.
რაჟდენ გუმბას ქალიშვილი ასიდა, დაიბადა სოხუმში 1958 წელს. სწავლობდა თბილისის 54-ე საშუალო სკოლაში, მეოთხე კლასიდან სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ სასწავლებელში (დირექტორი ვახტანგ ჭაბუკიანი), გამოდიოდა – ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ცეკვავდა სპექტაკლებში: „გედების ტბა”, „ჟიზელი”, „ფაუსტი”, სადაც მღეროდნენ მედეა ამირანაშვილი, თენგიზ მუშკუდიანი და სხვები. 1974 წლის 14 მაისს გამოდიოდა თბილისის სახელმწიფო ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, რომელსაც ესწრებოდა საბჭოთა კავშირის – პირველი პირი, ლ. ი. ბრეჟნევი. გამოდიოდა სპორტის სასახლეში გამოჩენილი ქორეოგრაფ იური ზარეცკის მიერ დადგმულ ბალეტში – „შელკუნჩიკი. ასიდას მასწავლებელი იყო დამსახურებული პედაგოგი ე თამარა ვიხოცევა, რომელიც ამაყობდა თავისი მოსწავლის მიღწევებით და გაკვეთილის შემდეგ მას აცეკვებდა ლეგენდარულ ვახტანგ ჭაბუკიანის წინაშე სიტყვებით; „ვახტანგ მიხეილის ძევ, ჩვენ მეორე მაია პლისეცკაია გვეზრდება”.
1973 წელს ასიდა ბიძამისმა, ველოდი ჩალიგავამ ჩამოიყვანა ხაბუმეში და იგი ჩააბარა ასიდასთვის უსაყვარლეს მასწავლებელ ევგენია ბერულავას. 1975 წელს ასიდა გუმბამ დაამთავრა ხაბუმის საშუალო სკოლა და ჩხოროწყუს სამუსიკო სასწავლებელი. შემდეგ სწავლა გააგრძელა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. ის წლების განმავლობაში მსახურობდა ხაბუმის საშუალო სკოლის რუსული ენის მასწავლებლად, საბავშვო ბაღის მუსიკის მასწავლებლად
ასიდა გუმბა ხაბუმეში დაოჯახდა, მას და აკაკი შოთას ძე შენგელიას შეეძინათ ხუთი შვილი: ნანა, შორენა, მაია, მაკა და მარიამ შენგელიები.
ასიდას შვილი შორენა შენგელია ცნობილი კარატისტია (3 დანის მქონე). კარატეში საქართველოს პირველობის არაერთგზის _ გამარჯვებული, ევროპის ჩემპიონატის, საერთაშორისო ტურნირების პრიზიორი და ჩემპიონი. შორენა სპორტის ამ სახეობას ჩხოროწყუში დაეუფლა (მასწავლებელი გერონტი მამფორია – ჩხოროწყუს კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი). შორენა შენგელია ამჟამად ცხოვრობს თბილისში, მსახურობს სკოლაში მასწავლებლად. ამავე დროს, ნორჩებს ასწავლის კარატეს, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
რაჟდენ გუმბა იყო ღირსეული პიროვნება – ხუთი შვილის მამა, თოთხმეტი შვილიშვილის ბაბუა და ათი შვილთაშვილის დიდი ბაბუა. მის შემოქმედებაში, სიმღერებში, მუსიკალურ ნაწარმოებებში ჩქეფს . ხალხის გულისცემა, მეგობრობა, სიყვარული, სიკეთე. მისი უკვდავი სახელი თაობიდან თაობას გადაეცემა და ოქროს ასოებით ჩაიწერება ჩვენი და აფხაზი ხალხების ურთიერთობის ისტორიაში.
რაჟდენ გუმბას მრავალმხრივი შემოქმედებითი მოღვაწეობა ძვირფასია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტისთვის, მან ჩხოროწყუს კულტურული ცხოვრების ისტორიაშიც ღირსეული კვალი დატოვა.