• მუნიციპალეტეტი
  • ელექტრონული კომერცია
  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ციფრული არქივი
  • ადმინისტრაციული ერთეულები
  • ბლოგები
    • საქართველოს რეგიონები
    • ჩხოროწყუ და ჩხოროწყუელები
    • ლაშას ბლოგი
    • Catenaccio
    • My city Chkhorotsku წარმოგიდგენთ რუბრიკას “ბლიც-ინტერვიუები”
    • Chkhorotsku from above
    • ავიაციის კუთხე
  • Login/Register
ჩხოროწყუს ციფრული პლატფორმა
Banner
  • მუნიციპალეტეტი
  • ელექტრონული კომერცია
  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ციფრული არქივი
  • ადმინისტრაციული ერთეულები
  • ბლოგები
    • საქართველოს რეგიონები
    • ჩხოროწყუ და ჩხოროწყუელები
    • ლაშას ბლოგი
    • Catenaccio
    • My city Chkhorotsku წარმოგიდგენთ რუბრიკას “ბლიც-ინტერვიუები”
    • Chkhorotsku from above
    • ავიაციის კუთხე
ჩხოროწყუს ციფრული პლატფორმა
ჩხოროწყუს ციფრული პლატფორმა
  • მუნიციპალეტეტი
  • ელექტრონული კომერცია
  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ციფრული არქივი
  • ადმინისტრაციული ერთეულები
  • ბლოგები
    • საქართველოს რეგიონები
    • ჩხოროწყუ და ჩხოროწყუელები
    • ლაშას ბლოგი
    • Catenaccio
    • My city Chkhorotsku წარმოგიდგენთ რუბრიკას “ბლიც-ინტერვიუები”
    • Chkhorotsku from above
    • ავიაციის კუთხე
ჩხოროწყუს ციფრული პლატფორმა საავტორო უფლებები დაცულია
მთავარი გვერდი » ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ციფრული არქივი » ჩხოროწყუს ძველი ისტორიები » ოცინდალეს კომპლექსი ( ოსინდალე, ოსინჯალე)
ეკლესიები და მონასტრებიკულტურული მემკვიდრეობასოფელი თაიაჩხოროწყუს ძველი ისტორიები

ოცინდალეს კომპლექსი ( ოსინდალე, ოსინჯალე)

ავტორი chkhorotskuge 22/02/2023
5.1ათასი
ოცინდალეს კომპლექსი — პანორამული ხედი
ნათელა გრიგალაშვილის ფოტო

ოცინდალეს კომპლექსი ზღვის დონიდან 640 მეტრ სიმაღლეზე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიას ზედა, ჩრდილოეთ ნაწილშია განლაგებული.

მოკლე ანოტაცია:

      • ოცინდალეს კომპლექსი ზღვის დონიდან 640 მეტრ სიმაღლეზე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიას ზედა, ჩრდილოეთ ნაწილშია განლაგებული.
    • ისტორიული ფენები და არქიტექტურა
    • არქეოლოგიური და გეოფიზიკური აღმოჩენები
    • პანორამა, რომელიც დასავლეთ საქართველოს აერთიანებს
  • ჩხოროწყუს ადგილობრივ მუზეუმში დაცულია ნივთები ოცინდალედან
ის მთელს სამხრეთ-აღმოსავლეთ და დასავლეთ სამეგრელოს გადაჰყურებს. მასზე ისტორიულ წყაროებში ცნობები ცოტაა, თუმცა ვფიქრობთ, ძეგლი XII-XIII საუკუნეების უნდა იყოს.
დავით ჭითანავა

სახელწოდებასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი არსებობს, უფრო მეტად ცნობილია, როგორც ოცინდალე, რასაც მეცნიერთა დიდი ნაწილი კატეგორიულად არ ეთანხმება.

აქ მოსახვედრად საჭიროა სოფელ თაიას ცენტრთან აღმართს აყვეთ ან მთის ბილიკით ფეხით ასვლას შეეცადოთ, რაც წვიმიან ამინდში რეკომენდირებული არაა. ამ ციცაბო მონაკვეთის გავლით ოცინდალესთან ფეხით მოხვედრა უფრო ახლოა და მოსახლეობა გიორგობის დროს სარგებლობს.

მანქანის გზა ღრუბლიან ან ნალექიან ამინდში სახიფათოა, სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება. სასურველია მაღალი გამავლობის მანქანებით ისარგებლოთ.

გთავაზობთ რამდენიმე ნაშრომიდან ციტატებს. სრული ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ შეიძინოთ ავტორთა ნაშრომები.

  • ზოგადი ინფორმაცია
  • სამსონ თოდუა ოცინდალეს შესახებ
    მეცხრამეტე საუკუნე
  • დავით ჭითანავა ოცინდალეს
    შესახებ
  • თამაზ ბერაძე ოცინდალეს
    შესახებ
  • გივი ელიავა ოცინდალეს
    შესახებ
  • იგორ ფიჩხაიას მოსაზრება

კომპლექსის შესახებ წყაროები ბევრი არ მოგვეპოვება. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სამსონ თოდუას პუბლიკაციას გაზეთ „მწყემსში”, რომელსაც აქვე გთავაზობთ. მოცემულია მეცნიერების დავით ჭითანავას და თამაზ ბერაძის ინფორმაციებიც. ქვემოთ კი შეგიძლიათ გაეცნოთ სპელეოლოგ იგორ ფიჩხაიას პოზიციას.

სოფ. ოცინდალის წმ. გიორგის ეკლესია და მისი ისტორიული ნაშთები.

ზუგდიდის მაზრიდან სამხრეთისკენ, ერთ მაღალ გორაზე მდებარეობს სოფელი ოცინდალე, რომელიც შემკობილია მშვენიერი ჰავით, ტყეებით და საზოგადოდ ყოველგვარი მცენარეულობით. ამ სოფელში მარილისა და ქვა-გუნდის მადნებიც აღმოჩნდა ბოლო დროს. აქ ცხოვრობს ოცი კომლი გლეხი. სოფლის ერთ ტყიან გორაკზე არის აღშენებული ერთი მშვენიერი ტაძარი. გასაკვირია, რომ ამისთანა მშვენიერი გეგმის ეკლესია აღუშენებიათ ამისთანა მიუვალ ადგილას. ტაძარი უნდა იყოს აღშენებული იმ დროს, როცა საქართველოს მოსვენებას არ აძლევდნენ თათრები და სხვა მტერნი, რომელნიც მეცადინეობდნენ საქართველოში ქრისტიანობის მოსპობას.

ამ შიშიანობის დროს ჩვენი წინაპარნი ეკლესიებს უმეტესად მიუვალ ტყეებში აღშენებდნენ. ამ ეკლესიის ეზოში მე ვნახე ერთი ქვა, რომელზეც შემდეგი წარწერა არის: „ეკლესია ესე განვაახლე მე ღვთისმოსავმა თამარ-დედოფალმა.” სხვა წარწერა წაშლილია. ამ წარწერისაგან სჩანს, რომ ეს ეკლესია განუახლებია თამარ-დედოფალს. ეკლესიის გეგმა მეტად დიდი ყოფილა: ბალავარი თითქმის ერთი ქცევის ოდენ ადგილზე იქმნება ჩაყრილი, მაგრამ შემდეგ გეგმა შეუცვლიათ და ხსენებული ტაძარი აუშენებიათ უწინდელ გაკეთებულ ბალავარის შუა.

ეკლესია არის ნაშენი წმინდა თლილი ქვით, სიგრძე აქვს 24 ადლი, სიგანე 15 და სიმაღლე 18 ადლი. ტაძრის თაღი ქვით არის შეკრული. შიგნით ეკლესიის კედლები მთლად დახატულნი არიან. ტაძარს დასავლეთის მხრით მიშენებული აქვს საქალებო, რომელიც იყოფება ტაძრისაგან ქვითკირის კედლით. საქალებო ცემენტით არის მთლად ნაშენი; საქალებოს ქვეშ გაკეთებულია სასაფლაო (აკლდამა). ამ ტაძარში ბევრი შესანიშნავი ნივთი ყოფილა უწინ და ზოგი დღესაც არის. აქ ყოფილა, სხვათა შორის, ერთი დიდი სპილენძის სასანთლე. ეს სასანთლე რომ უნახავს მეგრელიის უწინდელ ეპისკოპოსს, განსვენებულ ანტონს, მაშინვე უბრძანებია ამ სასანთლის დაშლა, რადგან ეს სასანთლე ყოვლად სამღვდელოს სიტყვით კერპთ-თაყვანის მცემლობის დროისა ყოფილა. ტაძარში არის წმ. გიორგის ერთი ხატი, სრული ტანისა; ხატი გაკეთებულია ვერცხლისაგან და მოოქვრილია. ხატში ჩაჯდომილია თორმეტი სხვადასხვა ძვირფასი თვალი; ტაძარში არის ვერცხლის ერთი დიდი ჯვარი, რომლის წინა პირი ოქროსია და შემკობილია ძვირფასი ალმასის თვლებით. ეკლესიაში არის თვრამეტი ოქრო; აქვე ჰყრია ურიცხვი მშვილდ-ისარი. ამ ეკლესიაზე დიდძალი ხალხი დადის სხვადასხვა სოფლებიდან სალოცავად და თან ბევრ შესაწირავს სწირავს ეკლესიას. ამ ტაძარს ბევრი ადგილ-მამული ჰქონდა უწინდელ დროში, მაგრამ დღეს ზოგიერთი თავადებისა და აზნაურების მძლავრობით ეკლესიას მხოლოდ ათი ქცევა ადგილი თუ ექნება, თორემ დანარჩენი მამულები ეკლესიისათვის სრულებით ჩამოურთმევიათ. დღეს ეს ეკლესია, რომელიც ძველ დროში ნავთ-საყუდელი იყო სამეგრელოს ეკლესიების ძვირფასი ნივთებისა (1856 წელს სამეგრელოს ყველა ეკლესიის ძვირფასი ხატები ამ ეკლესიაში იყო შემონახული), მიყრუებული და მოკლებულია ჯეროვანი ყურადღების მიქცევას.

სამსონ თოდუა
ქართული სასულიერო ჟურნალი „მწყემსი” (N 20, 1887, 15 სექტემბერი, გვ. 7-8)
ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის სამეცნიერო-შემოქმედებითი ჟურნალი „მოამბე”, 2013, №2, გვ. 9-10

სოფელ თაიას ჩრდილოეთით ოცინდალეს მაღალ მთაზე, ლეთოდუეს უბანში (დღეს აქ მოსახლეობა არ არის), დგას წმ. გიორგის სახელობის ძველი ეკლესია. ის მთელს სამხრეთ-აღმოსავლეთ და დასავლეთ სამეგრელოს გადაჰყურებს. მასზე ისტორიულ წყაროებში ცნობები ცოტაა, თუმცა ვფიქრობთ, ძეგლი XII-XIII საუკუნეების უნდა იყოს.

არქიტექტურულად ის 1992 წელს ამ სახით არის აღწერილი: ჩხოროწყუს რაიონი, სოფ. თაია, მიდამოები მაღალ მთაზე; ეკლესია „ოცინდალე”. XIV საუკუნე (ჩვენ ამ თარიღს ვერ გავიზიარებთ — დ. ჭ.); ტიპი — საკულტო; ეკლესია დგას მაღალი მთის კორტოხზე, თავისი მდებარეობით ძეგლი გზიდანვე იპყრობს ყურადღებას; ეკლესია დარბაზული ტიპის ნაგებობაა, დასავლეთის კარიბჭით და ჩრდილოეთის მინაშენით. იგი ნაგებია კირქვით და მოპირკეთებულია კარგად თლილი შირიმის კვადრებით; გეგმით წაგრძელებულ სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია სარკმელი. სარკმლის გვერდებზე თითო სწორკუთხა ნიშია მოწყობილი; ეკლესიას სამი კარი აქვს: სამხრეთის, დასავლეთის და ჩრდილოეთის. ინტერიერში გრძივი კედლები პილასტრების საშუალებით სამ ნაწილად იყოფა.

პილასტრები ერთსაფეხურიანია, იმპოსტებს სადა პროფილირებული ფორმა აქვს. ეკლესია ნათდება ოთხი სარკმლით — ერთი აღმოსავლეთით, ორი სამხრეთით და ერთი დასავლეთით. ინტერიერი თავის დროზე მოხატული ყოფილა. ეკლესიის აღმოსავლეთის ფასადი შემკულია სამი ლილვიანი თაღის საშუალებით. ცენტრალური თაღი გვერდის თაღებზე მაღალია. სამხრეთის ფასადის შემკულობას წარმოადგენს ორიარუსიანი სამთაღოვანი კომპოზიცია. დასავლეთის ფასადზე, სარკმელს გარს უვლის ორმაგი მოჩუქურთმებული ლილვი. ჩრდილოეთის ფასადი სხვებთან შედარებით სადაა. ეკლესიიდან სამხრეთ-დასავლეთით 10-15 მეტრში დგას კოშკი. აქვე შემორჩენილია ნაგებობის ნაშთი.

1991 წ. 21 თებერვალი, ხელოვნებათმცოდნე მ. აბაშიძე.

საქართველო მდიდარი ისტორიული წარსულის ქვეყანაა. წინაპართა მიერ აგებული ხელოვნების ძეგლები მრავლად მოიპოვება მის ტერიტორიაზე და ისინი მნახველს ქართველი ხალხის გმირულ თავგადასავალს მოუთხრობენ. ამ ძეგლთა უმეტესი ნაწილი შესწავლილი და ფართო საზოგადოებისათვის ცნობილია. ზოგიერთი მათგანი კი ერთგვარად „დაჩაგრულა” — მათ მეცნიერული შესწავლა და მოვლა-პატრონობა აკლიათ. ამგვარ მდგომარეობაშია ოცინდალეს წმიდა გიორგის ეკლესია.

ოცინდალეს წმიდა გიორგის ეკლესია დგას ჩხოროწყუს რაიონში, სამეგრელოს ქედის სამხრეთ კალთაზე, სოფელ ოცინდალეში. იგი აგებულია მაღალ ადგილას და საკმაოდ დაშორებული სოფლებიდანაც მოჩანს. ეკლესია წარმოადგენს დარბაზული ტიპის ერთნავიან ნაგებობას. ზომები ასეთია: სიმაღლე — 3 მ, სიგრძე — 10 მ, სიგანე — 5 მ. ეკლესიას ეტყობა მინაშენების კვალი. იგი მოპირკეთებულია ტუფის ქვით. ოცინდალეს წმიდა გიორგის ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს — დასავლეთის, სამხრეთის და ჩრდილოეთის მხრიდან. ოთხი სარკმელი: ერთი აღმოსავლეთის, ორი სამხრეთის და ერთიც დასავლეთის მხრიდან, რომელიც ლამაზი ორნამენტებით არის შემკული.

ოცინდალეს წმიდა გიორგის ეკლესია არცერთ ძველ წყაროსა თუ საბუთში მოხსენიებული არ არის. არ იხსენიებენ მას არც სამეგრელოში ნამყოფი უცხოელი მოგზაურები. თუმცა, არქანჯელო ლამბერტის მიერ შედგენილ სამეგრელოს რუკაზე, სოფელ მუხურის გვერდით, ეკლესია არის აღნიშნული. აქ ოცინდალეს ეკლესია უნდა იგულისხმებოდეს: მუხურში არ არის ძველი ეკლესია, ხოლო ოცინდალეს ეკლესია მისგან ორი კილომეტრით თუ იქნება დაშორებული. ამასვე გულისხმობდა ალბათ ივ. ჯავახიშვილი, როცა მის მიერ შედგენილ საქართველოს ისტორიულ რუკაზე მუხურთან ეკლესიას აღნიშნავს.

ეკლესია მოხატული იყო ფრესკებით, რომლებიც დათარიღებული იყო მე-14–15 საუკუნეებით. უკანასკნელ წლებში ეს ფრესკები ჩამოირეცხა და ახლა მათი კვალი თუ შეინიშნება. ძეგლთა დაცვის სამმართველოს გატარებული აქვს, როგორც ოწინდალე. ჩვენი აზრით, ეს სახელწოდება არ არის სწორი და გაუგებრობითაა წარმოშობილი. იმ სოფელს, სადაც ეს ეკლესია დგას, ოცინდალე ეწოდება — ახლო-მახლო სოფლების მოსახლეობა ამ ეკლესიას ყველგან ოცინდალეს უწოდებს.

ოცინდალეს წმიდა გიორგის ეკლესიაში თავის დროზე ძვირფასი ნივთები იყო. ეს ხატი შემდეგ სოფელ თაიას ეკლესიაში ჩაიტანეს. ყველა ნივთი ამჟამად დაკარგულა და მათი მხატვრული თუ ისტორიული ღირსებაზე არაფრის თქმა არ შეიძლება. საქართველოს ხელოვნების მუზეუმში დაცულია ოცინდალეს წმიდა გიორგის ეკლესიის კარები — ქართული ხელოვნების მეტად საინტერესო ძეგლი. ოცინდალეს ეკლესიის გვერდით კოშკი დგას. კოშკის შიგნით ძველად მრავლად ეყარა ადამიანის ძვლები. უკანასკნელად, ყირიმის ომის დროს, როდესაც სამეგრელოში თურქთა ჯარი შემოიჭრა, სამეგრელოს ეკლესიების მთელი განძეულობა ოცინდალეს ეკლესიაში ინახებოდა. ოცინდალეს წმიდა გიორგის ეკლესია ქართული კულტურის საინტერესო ძეგლია — მას მოვლა-პატრონობა ესაჭიროება.

ოცინდალე, ოსინდალე (საკატო, სასიძო) — მთა და სოფელი მთაში.

1. „ისე მიუვალი და მაღალი ადგილი იყო, რომ ხალხი იტყოდა — ცინდალს ვეკართენია, კატის კნუტი ვერ ავაო. ამიტომ ოცინდალე — საკატის კნუტო დაერქვა.”

2. „ოსინდალე. ჩვენი ძველები გადმოგვცემენ, რომ ჯანსაღი, მიუდგომი და მდიდარი სოფელი ყოფილა. ძველად აქ 100–150 კომლი თოდუები და სხვა გვარის ხალხი სახლებულა, დღეს მხოლოდ 5 კომლი დარჩა. მაშინ კი ამ სოფელში ახალგაზრდობის ტევა არ იყო — აქ სულ ვაჟები, ვაჟკაცები იბადებოდნენ. სასიძო ადგილი იყო. მეზობელი სოფლებიდან აქ მოჰყავდათ რძლები, აქაური სიძეები — თავისი ვაჟკაცობით, კარგი ფიზიკური აღნაგობით, სიმდიდრით — აფხაზეთშიც კი ყოფილან განთქმული. ამიტომ ამ სავაჟკაცო ადგილს სასიძოს — ოსინდალეს ეძახდა ხალხი.” (მ. თოდუა)

ოცინდალე განთქმულია მევენახეობით. დღესაც შემორჩენილია შონურის, ჭვიტილურის, პანეშის, ჩერგვალის მაღლარი. სოფლის მრავალ ადგილას წმინდა და უხვი წყაროს თვალი ამოდის. სოფლის ირგვლივ, მთის ფერდობებზე გაშლილი ველიანები საუკეთესო საძოვრებია. სოფელი ზღვის დონიდან 550 მეტრზე მდებარეობს, მდიდარია ვაშლის, მსხლისა და სხვა ხილის იშვიათი კორომებით. ყოველ ოჯახს წინათ 50–100 სკა ჰყავდა — ამდენად თაფლითა და ცვილით იგი მთელ გარშემო სოფლებს ამარაგებდა. აქ დღესაც ხდიან თაფლის არაყს. აქ დღემდე არის კოლხური რუხი ფუტკარი, რომლის ბაზაზე შემდეგ კოლხური ფუტკრის — მუხურის საჯიშე შეიქმნა. ბელგიელი პროფესორი მ. გერიო წერს: „კოლხური ფუტკარი მსოფლიოში ყველაზე ძვირფასია.”

3. „გადმოცემით ოსინდალეს ეკლესია სპეციალურად ჯვრის წერისათვის იყო აშენებული, რომ აქ ჯვარისწერის შემდეგ სიძე ვალდებული იყო ერთ კვირას გაჩერებულიყო ეკლესიაში. ამიტომაა იგი სასიძო ოსინდალე.” (გ. ხუხუნი)

4. „გამიგონია, რომ მას ოწინდანესაც ეძახოდნენ. ისეთი ყოველმხრივ დაცული და პატიოსანი ადგილი ყოფილა ეს სოფელი, თანაც ეკლესიაც იმდენად სახელგანთქმული და მშვენიერი ყოფილა, რომ აქ წმინდანებიც კი ცხოვრობდნენ. ამიტომ ხალხს ოწინდანე — ე. ი. საწმინდანე ადგილი შეურქმევიათ. ჯიხა თამარის დროისაა; თამარს, როცა ამ კუთხეში უმოგზაურია, იმ ჯიხაში ჰქონია ბინა. ეკლესიაც იმ სულკურთხეულს აუშენებიაო.” (თეკლე ნაროუშვილი, 99 წლისა)

5. „გამიგონია, რომ აქ სულ ნარჩევი ვაჟკაცები იბადებოდნენ ხოლმე. ოჯახში ძეობა მეტი იყო, ვიდრე ასულობა. აქაური ვაჟკაცები ძალიან მამაცები ყოფილან — ომშიც, ბურთაობაშიც, ცეკვა-თამაშშიც და სიმღერებშიაც ბადალი არ ჰყოლიათ. ჩემი ქმრის ბაბუამ იცოდა: „არწივის მართვესავით ბიჭები იბადება ამ დალოცვილ ოსინდალეშიო.”” (ჭაჭე აფშილავა, 86 წლისა)

6. „თაიაში 1882 წელს ოსინდალედან ჩამოუტანიათ წმიდა გიორგის ხატი და დაუარსებიათ ეკლესია. მასთან ერთად აქ ორკლასიანი სკოლა გაუხსნიათ. ამ დროიდან დაარსდა აქ რელიგიური დღესასწაული „გიორგობა”, რომელსაც ძველები შემდეგაც დღესასწაულობდნენ. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით ეწყობოდა „ჯარალუა”, იმართებოდა ჯირითი, ცეკვა, თამაში, ცხენბურთი და ლელობურთი.” (გ. შენგელია)

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და იდუმალი ისტორიული ძეგლია. სპელეოლოგი იგორ ფიჩხაია ამ ადგილის უნიკალურობასა და მის არქეოლოგიურ მნიშვნელობაზე საუბრობს, რაც კომპლექსს მრავალშრიან კულტურულ ფენომენად აქცევს.

ისტორიული ფენები და არქიტექტურა

ოცინდალეს ისტორია ქრისტიანობამდელ ხანაში იწყება. იგორ ფიჩხაიას განმარტებით, თავდაპირველად აქ წარმართული ტაძარი მდებარეობდა, რომელიც ნაყოფიერების ღვთაების კულტს უკავშირდებოდა. დღევანდელი კომპლექსი სხვადასხვა ეპოქის ნაგებობებისგან შედგება:

  • მე-6 საუკუნე: ამ პერიოდით თარიღდება კოშკი, რომელიც შესაძლოა სალოცავის ფუნქციასაც ასრულებდა.
  • მე-11 საუკუნე: კომპლექსის მთავარი ტაძარი, რომელიც თავისი მდებარეობითა და ისტორიული ფასეულობით უნიკალურ ძეგლადაა მიჩნეული საქართველოს მასშტაბით.

არქეოლოგიური და გეოფიზიკური აღმოჩენები

კომპლექსის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არტეფაქტები მის უძველეს ფესვებზე მეტყველებს. ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნაპოვნია ხარის თავი, რომელიც მონასტრის ქვეშ მდებარე მცირე მღვიმეში აღმოაჩინეს. ეს სიმბოლო წარმართულ ეპოქაში ნაყოფიერებას განასახიერებდა და დღეს ის ჩხოროწყუს ისტორიულ მუზეუმშია დაცული.

კიდევ უფრო საინტერესოა 1986 წლის გეოფიზიკური კვლევის შედეგები:

  • ტაძრის ეზოში, 5 მეტრის სიღრმეზე, დაფიქსირდა ვრცელი სიცარიელე.
  • ეს სივრცე დღემდე არქეოლოგიურად შეუსწავლელია და შესაძლოა მნიშვნელოვან ისტორიულ ინფორმაციას მალავდეს.

პანორამა, რომელიც დასავლეთ საქართველოს აერთიანებს

ოცინდალე არა მხოლოდ ისტორიული, არამედ საუცხოო ტურისტული ლოკაციაა. მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ეზოდან იშლება ხედი, საიდანაც მოსჩანს:

  • მდინარე ხობისწყლის ხეობა;
  • ოჩამჩირის სანაპირო და ანაკლია;
  • სამეგრელოს კირქვიანი ზონა.

იგორ ფიჩხაია ხაზს უსვამს, რომ ოცინდალეს ხედი ერთ-ერთი ყველაზე ვრცელია საქართველოში, რაც ამ ადგილს განსაკუთრებულ მომხიბვლელობას სძენს.

ოცინდალეს კომპლექსი — ზედა ხედი

1905 წელს „ცნობის ფურცლის” ფოტოებიანი დამატება მუხურში და თაიაში მოგზაურობს. შემონახულ სურათებს შორისაა მონაზვნების ჯგუფური ფოტო და მონასტრის მაშინდელი მდგომარეობა.

ნათელა გრიგალაშვილისა და გიორგი ნაჭყებიას ფოტოები

ოცინდალეს წმინდა გიორგის ხატი
ოცინდალეს წმინდა გიორგის ხატი. ინახება ზუგდიდში
გიორგობა სოფელ თაიაში
გიორგობა თაიაში ტრადიციული დღესასწაულია. მისი ისტორია შორეული წარსულიდან მოდის.

ჩხოროწყუს ადგილობრივ მუზეუმში დაცულია ნივთები ოცინდალედან

იხილეთ მსგავსი სიახლეები:
  • სიმონ თოლორდავა- წითელი ტერორისტის ამბავი
  • შეხვედრები სოფელ თაიაში
  • ქალთა “ამბოხება” ჭოღაში. თაიელ ქალთა პროტესტი
  • ჩხოროწყუს კულტურული მემკვიდრეობა (ეკლესია-მონასტრები)

Have any thoughts?

Share your reaction or leave a quick response — we’d love to hear what you think!

  • like 6
  • love 0
  • haha 0
  • wow 0
  • sad 0
  • angry 0
თაიაისტორიაოსინდალეოცინდალეოწინდალეწარმართობა
გაზიარება 6 FacebookTwitterPinterestTumblrVKOdnoklassnikiStumbleuponLINEPocketSkypeThreadsBlueskyEmail
წინა სიახლე
ჩხოროწყუს ტოპონიმიკური ატლასი
შემდეგი სიახლე
ახუთის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ( დოხორე,დოხოროე )

Related Posts

  • ვლადიმერ გოროზია- ჩხოროწყუს ისტორიიდან

    23/06/2021
  • ოცინდალეს ეკლესიის ეზოში ნერგები დაირგო

    05/04/2021
  • შეხვედრები სოფელ თაიაში

    01/03/2021
  • ოსინდალეს კომპლექსის ზედა ტერასა

    01/03/2021
  • გიორგი ციალაძე ” პარტიზანული ჩხოროწყუ”

    24/06/2018
  • ზოგადი ინფორმაცია
    • მოსახლეობა და დემოგრაფიული მახასიათებლები
    • გეოგრაფია, რელიეფი და ბუნებრივი მახასიათებლები
    • ტოპონიმები და ტოპონიმიკა
    • რა არის მუნიციპალიტეტი, თემი, ადმინისტრაციული ერთეული და დასახლება
    • ადმინისტრაციული ერთეულები
    • დაძმობილებული ქალაქი მოლეტაი
  • ადგილობრივი თვითმართველობა
    • ჯუმბერ იზორია- ჩხოროწყუს მერი
    • მუნიციპალური საკრებულო
    • მერიის სტრუქტურა
    • მერიისადმი დაქვემდებარებული იურიდიული პირები
    • უწყებებისადმი დაქვემდებარებული ფილიალები
    • კერძო დაწესებულებები და ორგანიზაციები
  • ბუნება და გარემო
    • მთიანი ჩხოროწყუ
    • მღვიმეები
    • ტბები
    • მდინარეები
    • საბანაო ადგილები
    • ცაშკიბული და ტობავარჩხილი
  • კულტურული მემკვიდრეობა
    • ეკლესია-მონასტრები
    • საფორტიფიკაციო ნაგებობები
    • ფოლკლორი
    • ხელოვნება, კულტურა, შემოქმედება
    • ჩხოროწყუს ძველი ისტორიები
    • საცხოვრებელი სახლები და ისტორიული ადგილები
  • ზოგადი ინფორმაცია
    • მოსახლეობა და დემოგრაფიული მახასიათებლები
    • გეოგრაფია, რელიეფი და ბუნებრივი მახასიათებლები
    • ტოპონიმები და ტოპონიმიკა
    • რა არის მუნიციპალიტეტი, თემი, ადმინისტრაციული ერთეული და დასახლება
    • ადმინისტრაციული ერთეულები
    • დაძმობილებული ქალაქი მოლეტაი
  • ადგილობრივი თვითმართველობა
    • ჯუმბერ იზორია- ჩხოროწყუს მერი
    • მუნიციპალური საკრებულო
    • მერიის სტრუქტურა
    • მერიისადმი დაქვემდებარებული იურიდიული პირები
    • უწყებებისადმი დაქვემდებარებული ფილიალები
    • კერძო დაწესებულებები და ორგანიზაციები
  • ბუნება და გარემო
    • მთიანი ჩხოროწყუ
    • მღვიმეები
    • ტბები
    • მდინარეები
    • საბანაო ადგილები
    • ცაშკიბული და ტობავარჩხილი
  • კულტურული მემკვიდრეობა
    • ეკლესია-მონასტრები
    • საფორტიფიკაციო ნაგებობები
    • ფოლკლორი
    • ხელოვნება, კულტურა, შემოქმედება
    • ჩხოროწყუს ძველი ისტორიები
    • საცხოვრებელი სახლები და ისტორიული ადგილები
შესვლა

დამტოვე , სანამ არ გამოვალ

პაროლი დაგავიწყდა?

პაროლის აღდგენა

ახალი პაროლი ელექტრონულ ფოსტაზე მოვა

აღდგა პაროლი შედი აქ