გელათი

ავტორი: chkhorotskuge
0 კომენტარები

ქ წინაპრების სისხლი და ფესვი
ისე მძლავრია და საცნაური,
რომ მზის ხმაურად,მზის სუნთქვად მესმის
ჩემი მამულის გულის ხმაური.
ამიყოლიებს ხილვის სურვილი,
გადამინათებს შორეულ სივრცეს;
დაეწაფება წყაროს წყურვილი,
საწყისის სითბოს შორეთში მისდევს.
თითქოს გადმოდის დიდმომღერალთა
და დიდმეტყველთა უნარი ჩემში:
შემომანათებს შუქი მწვერვალთა
თვალთა სითბო და თვალების ეშხი.
და მე მგონია სახე არცერთი
აღარ დამრჩება აქ უხილველი,
მაგრამ ასეთი, მაინც ასეთი
არის ფიქრი და ხილვა პირველი.
ობოლი სხივი ცა-ხმელს დაივლის,
მერე მიწაზე დგება და ელავს.
ნელა მოჰყვება ბილიკს დავითი,
ფიქრით აშენებს საყვარელ გელათს.
მაგრამ უმთავრეს მიზნების ხვეულს
გაუტაცნია მისი გონება;
ჯერ საქართველოს დაჩეხილ სხეულს
ველური ურდო დაეზმორება.
ურდოს არა აქვს სხვა საზრუნავი,
შიგნიდანვე ზრდის მხეცის ბუნებას;
მას არ იზიდავს წაღმა მბრუნავის,
უკუღმა მსრბოლის გაცნაურება.
იგი მთლიანად სუნთქავს ბნელეთით,
მისთვის შეჰხარის ცას და ორიონს,-
რომ ეს პლანეტა, მზე და ხმელეთი
როგორმე პირში მოიყოლიოს.
და საჭიროა ხმლის გალაღება,
გაალმასება ერის სულისა!
მერე კი იტყვის ვით ამაღლებას
საგალობელსაც სინანულისას…
და მოდის, მოდის დიდი დავითი,
გზაზე მერმისის ნათელი ელავს,
ურყევი ნებით საქნარს დაითვლის,
ფიქრით აშენებს მომავლის გელათს.
და უკან ყველა ამ დიად წვლილის,
გაცისკროვნებად სულის სიმრთელის,-
მოჩანს ხატება საოცრად თბილი,
გზაზე უჩინრად დგას ჭყონდიდელი.
აზრი ყოველი ეძებს ურთულესს
შინაგან თვალის უქრობელ მადლით
და მოანათებს მღვრიე უფსკრულებს
თეთრწვერიანი პეტრიწის ლანდი.
მერე ურიცხვთა ურდოთა ძლევით
გულმოცემული და ნაამარი,-
გაუხუნარი დროშების რხევით
ამოანათებს აღმართს თამარი.
სიბნელის ზღვარზე შოთა იელვებს
ამ ჩაუქრობელ მნათის მაგვარი
და მარადიულ სიცარიელეს
მარადიული ვსება დაჰხარის.
ყოვლადს მიელტვის ზეიმი აზრთა,
ზეცამდე წვდება სიბრძნის ნათელი;
იმღერის გული, ივსება განცდა,
მსოფლიო გზაზე გადის ქართველი.
და ჟამი იკრებს შუქს მამშვენებელს,
ჟამი წარუალ ხმების მკრებელი.
მაგრამ მოჰყვება აღამაშენებელს
უშქარი, უშტი მაოხრებელი.
ანჯღრევს მეორე ათასწლეული
საქართველოსთვის ამინდს უავდრეს,
მაინც გელათზე ამორწეული
არ ინისლება ერის შუადღე.

აპოლონ ადონია

1954 წ

შეიძლება დაგაინტერესოთ:

@2022 – All Right Reserved. Lasha Mebonia 

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00