მოგვწერეთ

ნუგზარ ჟვანია ძველ ტრადიციებზე წერდა

ავტორი: chkhorotskuge

რედაქციისგან:

მკითხველს ვთავაზობთ ნუგზარ ჟვანიას საარქივო სტატიას, რომელიც წლების წინ დაიბეჭდა და ასახავს ჩხოროწყუსა და წალენჯიხის რაიონებში (კერძოდ, ზუმსა და ნაკიფუში) შემორჩენილ სახალხო დღესასწაულებსა და სპორტულ ტრადიციებს. მიუხედავად იმისა, რომ ტექსტში აღწერილი ამბებიდან გარკვეული დროა გასული, ეს წერილი შესანიშნავად გადმოსცემს ჩვენი კუთხის იმდროინდელ კოლორიტს, სულისკვეთებასა და იმ სევდანარევ ისტორიებს, რომლებიც დღესაც მნიშვნელოვანია ჩვენი მეხსიერებისთვის.

ცვლება დრო, იცვლება ცხოვრება, ხალხი, იცვლება იმ ადამიანების ფსიქიკა, რომლებიც გუშინ და გუშინწინ სულ სხვაგვარად აზროვნებდნენ. არ შეიძლება, ადრე თუ გვიან, ხალხს არ უგულებელყოს ის, რაც ძალით მოახვიეს თავს. ადამიანებს თავისუფლება ესაჭიროებათ ცხოვრებაშიც და რწმენაშიც. ვამბობ ამას და მახსენდება რელიგიური დღესასწაულები, წელს რომ გაიმართა ჩხოროწყუსა და წალენჯიხის რაიონებში.

ეროვნული ტრადიციები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა, ყველაზე ლამაზად თავს სწორედ რელიგიური დღესასწაულების დროს იჩენს. როცა დიდი თუ პატარა შეიკრიბება ეკლესიის ეზოში და იმართება რელიგიური რიტუალები, კულტურულ-სპორტული ღონისძიებანი.

რა დასამალია ის ფაქტი, რომ საბჭოთა ეპოქაში ასეთი დღესასწაულები იკრძალებოდა. ამიტომაც შეილახა და დაკნინდა მათი არსი. მართალია უკანასკნელ წლებში ვითარება შეიცვალა, რელიგიური დღის აღნიშვნა ნებადართულია, მაგრამ უკუღმა დატრიალებული ბორბლის ერთბაშად წაღმა შემოტრიალება არც თუ ისე ადვილი აღმოჩნდა. რატომ შეგვტკივა გული ასეთ სახალხო ზეიმზე? იმიტომ, რომ სწორედ აქ იშვა ის ხალხური თამაშობანი, რომლებითაც დღეს ჩვენ თავს ვიწონებთ. ასეთ დღესასწაულებზე იმართებოდა ცხენოსნობა, ჭიდაობა, ლელობურთი, რიკტაფელა, ჭოკით სიგრძეზე ხტომა და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ საგრძნობლად შენელდა ინტერესი ხალხური თამაშებისადმი, იშვიათადღა იმართება ამგვარი დღესასწაულები, ხელის ჩაქნევა მაინც არ გვმართებს, რადგან სხვადასხვა კუთხეში მაინც შემოგვრჩა იგი.

„რა დროსა ვარ ცოლიანი?!“

ჩხოროწყუს რაიონში ერთი პატარა, ლამაზი სოფელია — ზუმი. აქ ყოველ წელს იმართებოდა ამაღლების დღესასწაული. ბევრი სტუმარი ჩამოდიოდა მაშინ ამ სოფელში. ასე იტყოდნენ უხუცესები — ამაღლება ზუმის აკისრიაო. ე. ი. ეს დღესასწაული ამ სოფელში უნდა გამართულიყო. გიორგობა თაიაში ტარდებოდა, ალერტობა — ახუთში, წყლის კურთხევა — მუხურში და სხვა. ასეთივე ტრადიციები სხვა სოფლებს, სხვა კუთხეებსაც ჰქონდათ. არც ერთი ეს ზეიმი არ დამთავრებულა ხალხური თამაშობების გარეშე. ღვთის პატივის მიგების შემდეგ სწორედ ეს იყო ხალხის შეკრების მიზეზი.

წელს ამაღლების დღესასწაულს შევესწარი ზუმში. ძველებური ხალხმრავლობა არ იყო. დიდი ხანია აქ ეკლესია დაანგრიეს, აღარც ღვთის მსახურები არიან, მაგრამ, ადრე არსებული წესისამებრ, მაინც მოდის ხალხი. ადრე თუ წირვას ესწრებოდნენ, იმართებოდა ბაზრობა, სპორტული ღონისძიებანი, ახლა ყოველივე ეს მოისპო, ასე რომ, სტუმრად ჩამოსული თუ დამხვდური ამ დღეს მხოლოდ საქეიფოდ არის გამზადებული.

ზუმის კოლმეურნეობა „საქართველოს“ ინსტრუქტორ-მეთოდისტს ჯანიკო ბასილაძეს გადაეწყვიტა, კვლავ აღედგინა სპორტული ღონისძიებები ამ დღეს. აქ განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს ცოლიანთა და უცოლოთა პაექრობა. სოფლის სტადიონზე მართლაც შეიკრიბნენ ახალგაზრდები, მათ შორის ბევრი ჭარმაგიც ერია. ხალხის ჯგუფი ორად გაიყო. თითქმის ყველა სახეობაში საინტერესო პაექრობა გაიმართა. ახალგაზრდები დაჯერებულნი იყვნენ საკუთარ ძალაში, მაგრამ არც ცოლ-შვილის პატრონებს ეშინოდათ. მართალია, ფრენბურთის გარდა ვერც ერთ სახეობაში ვერ მოიპოვეს გამარჯვება უფროსი თაობის წარმომადგენლებმა, მაგრამ ბევრს არაფერს უთმობდნენ ახალგაზრდებს. ისინი, გარდა ამისა, ერთმანეთს გაეჯიბრნენ მკლავჭიდში, სიმძიმეების აწევაში, ბაგირის გადაძალვაში, ბირთვის კვრაში, ფეხბურთში.

ამ დღეს ხუტუშა ჩარკვიანის ხუთი ვაჟიშვილი მონაწილეობდა შეჯიბრებაში. ისინი თითქმის ყველა სახეობაში ყოჩაღობენ. განსაკუთრებით ეხერხებათ ფრენბურთი. გასულ წელს ძმებმა ჩარკვიანებმა მამასთან ერთად რაიონში მეორე ადგილი დაიკავეს. უმცროსი, ანზორი ხუთჭიდელია და წელს საქართველოს ნაკრებშია მიწვეული. როცა ბაგირის გადაძალვის მესამე ცდაზე ახალგაზრდებმა იმარჯვეს, ხუტუშას უნებურად წამოცდა: „ეჰ, რა დროსა ვარ ცოლიანი?!“ არა უშავს, ბატონო ხუტუშა, თქვენი შვილებიღა დავაჟკაცდებიან და მათაც შერჩებათ, ალბათ, თქვენებრ სპორტული სული.

სევდანარევი გამარჯვების სიხარული

წალენჯიხის რაიონის სოფელ ნაკიფუში ამაღლების დღესასწაულზე ფინალური შეჯიბრება გაიმართა ფეხბურთში მოსწავლეთა შორის. ეს დღე საგანგებოდ შეარჩიეს ორგანიზატორებმა, რადგან იგი ძმების დათო და ვახტანგ კვარაცხელიების ხსოვნისადმი იყო მიძღვნილი.

საოცარი ბედისწერის აღმოჩნდნენ ძმები. ისინი ენგურთან ჭიდილში დაიღუპნენ. დათოს მისაღები გამოცდები ჩაბარებული ჰქონდა უნივერსიტეტში. დაღუპვის შემდეგ ჩარიცხვის ცნობაც მოვიდა… წერდა ლექსებს. ახლახან მისი ლექსების კრებულიც დაიბეჭდა. ვახტანგი სკოლის მოსწავლე იყო. ორივენი სპორტით გახლდნენ გატაცებული.

ეს იყო ოთხი წლის წინათ. მას შემდეგ ნაკიფუს საშუალო სკოლის ინიციატივით თამაშდება ძმები კვარაცხელიების პრიზი. პირველ წელს იგი ნაკიფუს საშუალო და არასრულმა საშუალო სკოლებმა გაითამაშეს. წელს რაიონის ექვსმა სკოლამ მიიღო მონაწილეობა. მომავალში ეს შეჯიბრება უფრო მეტ მასშტაბს შეიძენს. ფინალში ნაკიფუს არასრულმა საშუალო სკოლის გუნდმა იმარჯვა. მათ გადაეცათ ძმები კვარაცხელიების პრიზი და ფასიანი საჩუქრები. მამამ, რინოსი კვარაცხელიამ, გამარჯვებული გუნდის წევრებს დათოს პოეტური კრებული გადასცა…

მინაწერი: ეროვნულ ტრადიციებს მოვლა რომ სჭირდება, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მაგრამ ვინ უნდა მოუაროს, თუ არა ისევ ჩვენ. თუნდაც იმ ერთი დღის, ამაღლების დღესასწაულმა გვიჩვენა, რომ მეტი გარჯა, ხალხთან სიახლოვე გვჭირდება. გულში უნდა ჩავინერგოთ ღვთის სიყვარული და მოყვრის პატივისცემა. ზემოთ ნახსენები ღონისძიებები მაინც საგანგებოდ იყო მოწყობილი, უფრო კარგად, გულიანად ჩატარებაც შეიძლებოდა.

იმ დღეს რამდენიმე სხვა სოფელიც გავიარეთ, ზოგან სათამაშოდ მინდორიც თუ სტადიონი უკაცრიელი იყო, ზოგან ბურთაობდნენ, თითქმის ყველა ოჯახში კი სუფრა იყო გაშლილი. სწორედ აქ უნდა გამოიჩინონ თავი სპორტის მესვეურებმა, რათა ყოველ ასეთ ხელსაყრელ მომენტში ხელიდან არ გაუშვან და იგი ეროვნული სპორტის, წესი-ტრადიციების ასაღორძინებლად გამოიყენონ. სალხენად ყოველთვის გვქონოდეს საქმე, მაგრამ დღეს ერს უფრო დიდი საზრუნავი გასჩენია. სწორედ ამას უნდა მოვლა-მიხედვა.

ნუგზარ ჟვანია, „ლელოს“ საკ. კორ.

-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00