13 ისტორიული ექსკურსი საქართველო მდინარეებით, ტბებითა და შავი ზღვით მდიდარი ქვეყანაა. ამიტომ წყალში გართობა და ხალხური საწყლოსნო თამაშობები ჩვენი წინაპრების ყოფის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებოდა. პროფესორ ჰენრი კუპრაშვილის განმარტებით, ქართულ საწყლოსნო ტრადიციებს მხოლოდ გასართობი დანიშნულება არ ჰქონია — ისინი მნიშვნელოვანი ფიზიკური და საბრძოლო მომზადების საშუალებაც იყო. „მენჩურუა“ ადამიანს წყალში უშუალო ორთაბრძოლის უნარებს უვითარებდა, ხოლო ქართული ცურვის სპეციალური ხერხები რთულ პირობებში გადაადგილებასა და თავის გადარჩენას ემსახურებოდა. მეომრები შესაძლოა მოწინააღმდეგეს ზღვაში ან მდინარეშიც დაპირისპირებოდნენ. მათ წყლის გზით საფრთხისგან თავის დაღწევაც დასჭირვებოდათ. ცურვის განსაკუთრებული უნარები ტყვეობიდან გაქცევის დროსაც მნიშვნელოვანი გახლდათ — მათ შორის მაშინ, როდესაც ხელ-ფეხშეკრულ ადამიანს წყალში თავის გადარჩენა უწევდა. ამგვარი წვრთნა ადამიანს წყლის სტიქიისადმი შიშის დაძლევაში, ფიზიკურ გამძლეობასა და მებრძოლი სულის ჩამოყალიბებაში ეხმარებოდა. ერთი შეხედვით, ყველაფერი მარტივია — იმარჯვებს ის, ვინც მოწინააღმდეგეს პირველი ჩაძირავს წყალში. თუმცა ამ სწრაფი შერკინების მიღმა დიდი სირთულე, ოსტატობა და გამოცდილება იმალება. მისი სიმარტივე და წყალში ძალის მოსინჯვის ბუნებრივი სურვილი გვაფიქრებინებს, რომ მენჩურუას ფესვები შესაძლოა შორეულ წარსულში მიდიოდეს. თუმცა ეს მხოლოდ ლოგიკური ვარაუდია — ამ სახეობის წარმოშობისა და განვითარების ისტორიის დასადგენად ჯერ კიდევ საფუძვლიანი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოა ჩასატარებელი. რა არის მენჩურუა „მენჩურუა“ — ასევე მიცურვა, წყალჭიდი ან წყალრკინება — სამეგრელოში გავრცელებული ქართული ხალხური საწყლოსნო თამაშია, რომელიც წყალში ორი ადამიანის ორთაბრძოლას წარმოადგენს. სიტყვა „მენჩურუა“ მეგრულია და სიტყვასიტყვით ერთმანეთისკენ მიცურვას ნიშნავს. ლოკაციის შერჩევა ღრმა და მდორე ადგილი მენჩურუასთვის შეჯიბრების ადგილი შემთხვევით არ ირჩეოდა. წყალი საკმარისად ღრმა უნდა ყოფილიყო, რათა მონაწილეებს თავისუფლად ემოძრავათ და მოწინააღმდეგის ჩაძირვისას ფსკერთან შეჯახების საფრთხე შემცირებულიყო. ამავე დროს, დინება შედარებით მშვიდი უნდა ყოფილიყო, რათა შერკინების შედეგი მდინარის ძალას კი არა, მონაწილეთა ოსტატობას გადაეწყვიტა. მნიშვნელობა ჰქონდა წყლის სისუფთავესა და კალაპოტის უსაფრთხოებასაც. მენჩურუა წყალში უმისამართო ფართხალი არ არის. შერკინება ჯერ კიდევ უშუალო კონტაქტამდე — რკინისებური დისციპლინით იწყება. მოასპარეზეები ღრმა, მდორე და სუფთა წყალში საწყის პოზიციებს იკავებენ და მსაჯის ნიშანს ელოდებიან. მხოლოდ ამის შემდეგ იწყებენ ერთმანეთისკენ მიცურვას — წყაროში მოხსენიებული „ბაყაყურით“, ანუ ბრასის მსგავსი მოძრაობით. მთავარი მოთხოვნაა, მიახლოებისას წყალი არ აამღვრიონ. ამ პირველ მოძრაობაშივე ჩანს მენჩურუას არსი — ძალასთან ერთად, საკუთარი სხეულის კონტროლი და წესების დაცვა ჩავლების ზონები როდესაც საქმე უშუალო კონტაქტზე მიდგება, წესები მკაფიოდ განსაზღვრავს ჩავლების ნებადართულ ზონებს — თავს, კისერსა და მხრებს. აქ საუბარია მხოლოდ ჩავლების ადგილებზე და არა დარტყმის სამიზნეებზე: ხელისა და ფეხის ჩარტყმა აკრძალულია. ნებადართულ ზონაში ჩაჭიდების შემდეგ მოასპარეზე სხვადასხვა ილეთით ცდილობს მეტოქის წონასწორობის დარღვევასა და წყალში ჩაძირვას. ამიტომ მენჩურუას მექანიკა მხოლოდ ძლიერ დაქაჩვაზე არ დგას — მნიშვნელობა აქვს ჩავლების სიზუსტეს, მოქმედების სისწრაფესა და სხეულის კონტროლს. მენჩურუაში აკრძალული მოქმედებები მკაფიოდაა განსაზღვრული. დაუშვებელია წყლის განზრახ შესხურება, შერკინებისთვის თავის არიდება ან განზე გახტომა და მეტოქისთვის მაჯაში ხელის ჩავლება. ასევე იკრძალება ხელისა და ფეხის ჩარტყმა, აგრეთვე მეტოქის წელზე, სხეულზე ან ფეხზე ჩამოკიდება. ამ წესებიდან რომელიმეს დარღვევის შემთხვევაში მოასპარეზეს შეჯიბრებიდან ხსნიან ან გაფრთხილებას აძლევენ მენჩურუა წყალში გამართული „სწრაფი საჭადრაკო პარტიაა“, სადაც ყოველ ილეთსა და ჩავლებას თავისი ზუსტი პასუხი, ანუ კონტრ-ილეთი აქვს. ეს მუდმივი დინამიკა ბრძოლას განსაკუთრებულ აზარტს სძენს, სადაც წამის მეათედში მიღებული გადაწყვეტილება ცვლის შედეგს. ამავდროულად, სპორტი კრძალავს არაკეთილსინდისიერ ქმედებებს მენჩურუაში გამარჯვებულის გამოვლენა მარტივ და მკაფიო წესს ემყარება. დამარცხებულად ითვლება ის მოასპარეზე, რომელსაც მეტოქის მოქმედების შედეგად წყალი თავზე გადაუვლის, ანუ ჩაიძირება. თუ ორივე ერთდროულად ჩაიძირა, გამარჯვება იმას ენიჭება, ვინც წყლის ზედაპირზე თავს პირველი ამოყოფს. ამიტომ პაექრობის შედეგი შეიძლება ძალიან სწრაფად გადაწყდეს. სუმოსთან მსგავსება აქ მხოლოდ შედეგის სწრაფად დადგომას გულისხმობს და არა თავად შერკინების წესებს. ასპარეზობა ტარდება კატეგორიების მიხედვით მენჩურუას განვითარების თანამედროვე ეტაპი მენჩურუას ტრადიცია სამეგრელოს სოფლებში XX საუკუნის შუა პერიოდამდე ცოცხლად არსებობდა. წერილობით წყაროში მის გამორჩეულ ოსტატებად მუხურელი ისაკი გახარია და ზუმელი ბაბილო ბერაძე არიან მოხსენიებული. ხაბუმეში კი დღემდე ახსოვთ ხუტა გულუა, მეტსახელად „მუნჯი ხუტა“. ადგილობრივი მონათხრობის მიხედვით, იგი მოწინააღმდეგეებს წყალში შესარკინებლად იწვევდა და მიმართავდა: — მეტი ვინ? აბა, მოდით…” ხუტა გულუა მენჩურუას თანამედროვე ისტორია სოფელ ზუმში მიგვიყვანს. აქ ცხოვრობდა ფიზკულტურისა და სპორტის ინსტრუქტორ-მეთოდისტი, თავისი კუთხის წარსულითა და სპორტული ტრადიციებით დაინტერესებული ჯანიკო ბასილაძე, რომელიც წლების განმავლობაში იღვწოდა მივიწყებული ხალხური თამაშობების აღორძინებისათვის.. ჯერ კიდევ 1990 წელს ჯანიკო (კოჩანა) ბასილაძემ სოფელ ზუმში ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებული ხალხური სპორტული შეჯიბრებების აღდგენა ითავა. შემდგომში მან მენჩურუას შემორჩენილი ტრადიციები შეისწავლა, შეხვდა უხუცესებსა და სასულიერო პირებს და მათგან მიღებული ცნობები შეკრიბა. ამ მასალის საფუძველზე ჯანიკო (კოჩანა) ბასილაძემ თავად შეადგინა მენჩურუას თანამედროვე შეჯიბრების წესები და ძველი სახეობა ორგანიზებული ასპარეზობის ფორმატს მოარგო. წესებში განისაზღვრა შერკინების მიმდინარეობა, დასაშვები და აკრძალული მოქმედებები, გამარჯვებულის გამოვლენის წესი და მონაწილეთა წონით კატეგორიებად დაყოფა. სწორედ ეს წესები დაედო საფუძვლად 1997 წელს მუხურში გამართულ პირველ ოფიციალურ რაიონულ ჩემპიონატს. 1997 წლის მარიამობა — პირველი ოფიციალური ჩემპიონატი მუხურში 1997 წლის 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მუხურში ისტორიული მოვლენა გაიმართა — ნაცხას ხიდის ქვეშ მდებარე ღრმა წყალში მენჩურუას პირველი ოფიციალური რაიონული ჩემპიონატი ჩატარდა. ადგილი სპეციალურად შეირჩა. აქ ხომ მაყურებლების შეკრებაც შეიძლება. ნაცხას ხიდსაც თავისი ისტორია აქვს და მუხური ტურისტებისთვის მომხიბვლელი ადგილია ჯერ კიდევ იმავე წლის 18 ივლისს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ ნუგზარ ჟვანიას ავტორობით გამოქვეყნდა სტატია, რომელიც ჯანიკო ბასილაძის მიერ უხუცესებისა და სასულიერო პირებისგან შეგროვებულ ცნობებსა და მენჩურუას მივიწყებულ წესებს ეყრდნობოდა. ამ პუბლიკაციით ნუგზარ ჟვანია და ჯანიკო ბასილაძე რეგიონულ სპორტულ ორგანიზაციებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებდნენ, რათა ზაფხულში საჩვენებელი შეჯიბრება გამართულიყო. ინიციატივამ მოლოდინს გადააჭარბა. ჩხოროწყუს სპორტისა და ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით გამართული ღონისძიება ნამდვილ სახალხო ზეიმად იქცა. თავდაპირველად ასპარეზობის სურვილი 30-მა ადამიანმა გამოთქვა. ნაცხას ხიდის მიმდებარე ტერიტორია და მდინარის ორივე ნაპირი მაყურებლით ისე გაივსო, რომ თვითმხილველთა თქმით, იქ „ნემსიც კი არ ჩავარდებოდა“. შეჯიბრებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ მეზობელი სოფლების, წალენჯიხისა და სხვა ქალაქების წარმომადგენლები, აგრეთვე ჩხოროწყუს რაიონის გამგებელი. უფროსი თაობის ადამიანები განსაკუთრებული ემოციით იხსენებდნენ ძველ ფალავნებსა და ნათლისღების დღესასწაულზე წყლიდან ჯვრის ამოღების ტრადიციას. მონაწილეები სამ წონით კატეგორიად დაყვეს და მენჩურუაში ჩხოროწყუს რაიონის პირველი ჩემპიონებიც გამოვლინდნენ: 45–46 კგ — მსუბუქი წონა: 12 წლის ნიკა კვარაცხელია; 60–80 კგ: ბესო თოლორდავა; 80–100 კგ: ხვიჩა ჩიქოვანი. ახალგაზრდებთან ერთად მენჩურუაში ენთუზიაზმით ჩაერთვნენ ვეტერანი სპორტსმენებიც — ხუტუნა ნარკვანია, ბაკურ გახარია და ბორის თოდუა. ორთაბრძოლების პარალელურად მუხურელებმა წყალში თამაშობის სხვა ტრადიციებიც გააცოცხლეს. განსაკუთრებული ოვაციები გამოიწვია 65 წლის პელო გახარიას ხიდიდან თავით გადაშვებამ — ყვინთვამ, რომელმაც დამსწრე საზოგადოება აღაფრთოვანა. ტურნირის დასასრულს გამარჯვებულებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ, ხოლო იდეის მთავარ ავტორს, ჯანიკო ბასილაძეს, გაზეთ „ლელოს“ სპეციალური პრიზი ერგო. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიების ოფიციალური ნაწილი დასრულდა, ახალგაზრდები მორევში შერკინებას გვიანობამდე განაგრძობდნენ. ამ წარმატებამ საფუძველი ჩაუყარა გადაწყვეტილებას, რომ მენჩურუას ჩემპიონატი მუხურში ყოველწლიურ ტრადიციად ქცეულიყო. ისტორიული დღის დეტალები კი ფართო საზოგადოებას ნუგზარ ჟვანიამ 1997 წლის 8 სექტემბერს გაზეთ „ლელოში“ გამოქვეყნებული სტატიით — „მენჩურუა სახალხო ზეიმად იქცა“ — გააცნო. მენჩურუას პოპულარიზიაში დიდი ღვაწლი მიუძღვის პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს. მისი ინიციატივით თბილიში პირველი საჩვენებელი შეჯიბრი ჩატარდა (2006 წლის 12 მაისი) ვიდეო არქივი მენჩურუა 2-11 და მენჩურუა 2019 იხილეთ ტელეკომპანია “კოლხეთი 89-ის მიერ მომზადებული სიუჟეტი 2017 წლის შემდგომ პერიოდში მენჩურუას ტრადიციამ ახალი მასშტაბები შეიძინა, რაც გამოიხატა როგორც ადგილობრივი მუნიციპალური ტურნირების ორგანიზებაში, ისე საერთაშორისო, მათ შორის ოლიმპიურ ამბიციებში. „მენჩურუა 2019“ და ადგილობრივი მხარდაჭერა 2019 წლის 17 აგვისტოს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში, ხობისწყლის ხეობაში (ნაცხას ხიდთან) გაიმართა მასშტაბური ტურნირი წყალჭიდში — „მენჩურუა 2019“. ტურნირი ჩხოროწყუს მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტურიზმის ორგანიზაციის (DMO) ორგანიზებითა და ხელშეწყობით ჩატარდა. შეჯიბრება 5 წონით კატეგორიაში გაიმართა, სადაც გამარჯვებულები გახდნენ: 60 კგ: ბაჩუკი ჩიქოვანი. 70 კგ: გოგა ბებია. 80 კგ: გიორგი გელანტია. 90 კგ და აბსოლუტური წონა: ორივე კატეგორიაში პირველობა მათე გახარიამ მოიპოვა. გამარჯვებულებს დიპლომები და ფულადი პრიზები გადაეცათ. ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩხოროწყუს მერი დათო გოგუა, სამეგრელო-ზემო სვანეთის DMO-ს პროექტების მენეჯერი ედუარდ ფარცვანია და სარეკორდო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი გვანჯი მანია. ჩხოროწყუს მერიამ გვანჯი მანია მენჩურუას განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალურად დააჯილდოვა. 2019 წლის ტურნირმა ცხადყო, რომ 1997 წელს აღდგენილი შეჯიბრება კვლავ ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობასა საერთაშორისო ასპარეზი და ოლიმპიური პერსპექტივები 2025-2026 წლების პუბლიკაციების (მათ შორის ინგლისურენოვანი გამოცემის, „Georgia Today“) თანახმად, მენჩურუა განიხილება როგორც უნიკალური საწყლოსნო-სპორტული სახეობა, რომელსაც სრული პოტენციალი და პრეტენზია აქვს, მომავალში ოლიმპიური თამაშების საკონკურსო პროგრამაში მოხვდეს. გამოცემა ხაზს უსვამს, რომ მენჩურუა მოითხოვს დიდ ფიზიკურ ძალას, გამძლეობას, გონებრივ სიმტკიცესა და ოსტატობას — ზუსტად იმ თვისებებს, რაც ოლიმპიური სპორტისთვის არის დამახასიათებელი. აავტორი ნუგზარ რუხაძე ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი კვლავ 80 წელს გადაცილებული საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტი და მკვლევარი გვანჯი მანიაა. იგი აქტიურად იბრძვის, რათა უძველესი ქართული საწყლოსნო ტრადიცია საერთაშორისო არენაზე გავიდეს. „მენჩურუა 2026“ 2026 წლის 12 სექტემბერს სოფელ მუხურში ყოველწლიური სახალხო თამაშობა „მენჩურუა 2026“ გაიმართა. ტურნირი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ორგანიზებითა და მუხურის ადმინისტრაციული ერთეულის ჩართულობით ჩატარდა. გამარჯვებულები და პრიზიორები ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. ისინი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ქობალიამ და სოფლის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგა თოლორდავამ დიპლომებითა და ფულადი პრიზებით დააჯილდოეს. 60 კგ წონითი კატეგორია I ადგილი — დავით ჩიქოვანიII ადგილი — სიმონ (გიორგი) სამხარაძეIII ადგილი — ჯემალ ადამია 75 კგ წონითი კატეგორია I ადგილი — გიორგი ჯოლოხავაII ადგილი — მამუკა შამბეშოვიIII ადგილი — გიორგი ბერულავა 80 კგ წონითი კატეგორია I ადგილი — საბა გაბედავაII ადგილი — მიშიკო კვარაცხელიაIII ადგილი — ლაშა თოლორდავა აბსოლუტური წონითი კატეგორია I ადგილი — მიშიკო კვარაცხელიაII ადგილი — მამუკა შამბეშოვიIII ადგილი — გიგი გულუა სტატიის ვიდეო ვერსია 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge Following Author previous post ნუგზარ ჟვანია ძველ ტრადიციებზე წერდა