კატეგორიის გარეშე

* * *

* * *
/ვერლიბრი არჩილ ტატუნაშვილს/
ჯალათო! –
ხელი გაუშვი საქართველოს!
მის ნაცვლად მე გამროზგე,
თუ გინდ მე დამშალე ნაწილ-ნაწილ!


გესმის ჯალათო? –
თუ გინდ მომკალი 
ოღონდ საქართველოს ხელი არ ახლო!..
ორღობეს დავუყევი
და საქართველო ფეხშიშველმა შემოვიარე,
გთხოვ, ჩემთან მოდი,
მე გამროზგე,
მე მაწამე,
მე მომკალი –
ოღონდ საქართველოს ხელი არ ახლო!..
თუ კაცი ხარ და თუ გმირი გქვია
(ან როდის ყოფილა ჯალათი გმირი!)
მოდი მერკინე, მე შემებრძოლე,
მე თუ დავმარცხდი გადამიარე,
ოღონდ საქართველოს ხელი არ ახლო,
ოღონდ საქართველოს ერთი ფოთოლიც არ ჩამოუგდო!..
ჯალათო! –
გესმოდეს, 
შენ შეიძლება მე მომკლა, 
მაგრამ საქართველოს ვერ მოკლავ!
გახსოვდეს,
შენ შეიძლება გამროზგო,
მაგრამ საქართველოს შენი როზგი
ცისარტყელად მოედება!
გჯეროდეს,
შენ შეიძლება თვალი დამთხარო, 
მაგრამ საქართველოს ვერას დააკლებ!
ჯალათო! –
მოდი, მე გელოდები…
საქართველოს ვერას დააკლებ,
მე გამროზგე და მე მომკალი!
საქართველოს შენ ვერა მაგრამ ჩემი ძმა,
ისევ ქართველი დაამარცხებს!…
ჯალათო! –
გესმის?..

2019

თ. ქართველიშვილი

~ ~ ~ ~

P.S. ვერლიბრს სპეციფიკური წაკითხვა ესაჭიროება…