ჯვრის ამოტანის მუხურული ტრადიცია და მივიწყებული სპორტული შეჯიბრებები

ბატონმა ნუგზარ ჟვანიამ ჩხოროწყუს სპორტის ისტორიას სპეციალური წიგნი მიუძღვნა , სადაც ნათლისღების დროს მუხურელთა ტრადიციაცაა გადმოცემული.

ამბავი მამამისს ასლან ჟვანიას მოუყოლია.

ნაცხას ხიდთან

1911 წელი იყო. მუხურში ჯაღრელ სოვდაგარს, ბეგლარ მებონიას, დუქანში შეგირდად ვედექი. სრულიად ახალგაზრდა ვიყავი. ღამე იქ ვრჩებოდი. მთელი ქონება მე მებარა. შუა იანვარში გაავდრდა, რამდენიმე დღე შეუწყვეტლად თოვდა, 19 იანვარს თოვლმა ორ მეტრს გადააჭარბა, ძაღლები სახურავზე ყეფდნენ, არა და დიდი ქრისტიანული, ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული იდგა, რომელსაც ჩაშლა ემუქრებოდა. საქმე იმაში გახლდათ, რომ ყოველ ამ დღეს ბევრი ადამიანი იკრიბებოდა სოფლის ეკლესიაში, სადაც მღვდელი ქრისტიანულ რიტუალს ატარებდა. დასასრულს ოქროს ჯვარს ხიდის ქვეშ, ღრმა მორევში ჩააგდებდა. ბიჭები უმალ გადაეშვებოდნენ მდინარეში და მანამ ყვინთავდნენ, სანამ ჯვარს არ ამოიყვანდნენ. ისინი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ჯვრის პოვნაში. სხვა დროს მათ ცოტა „შეღავათი” ჰქონდათ—

მუხურში ზამთარი შედარებით თბილი იცის, ამიტომ ძალიან არ უჭირდათ მდინარეში ჩასვლა. იმ დღეს კი ხობისწყალი გაიყინა. მორევს ყინულის სქელი ფენა ეფარა. მღვდელი, გვარად გახარია იყო, მუხურელი კაცი, ძალიან შეწუხდა, არ იცოდა, რა ექნა. მიუხედავად დიდი თოვლისა, მრევლის ნაწილმა მაინც შეძლო მოსვლა. თოვლში გვირაბი გამოჭრეს და

ისე მიაღწიეს ეკლესიამდე. მათი თანადგომით გადაწყდა მთავარი რიტუალი მაინც ჩაეტარებინათ. მდინარის ყველაზე ღრმა მორევამდე თოვლი გაკვალეს, ყინული ჩატეხეს და ჯვარი ჩაუშვეს. ტალიკ-ტალიკი ბიჭები  უმალ გადაეშვნენ მდინარეში, თუმცა ჯვრის ამოყვანა ვერ შეძლეს. თურმე ერთ-ერთ მათგანს ქვის ქვეშ დაემალა სანუკვარი ჯვარი, თვითონ კი ამოსულიყო და საგანგებოდ დანთებულ ცეცხლზე თბებოდა. ყველა შეწუხდა,

იმედი გადაეწურათ, მხოლოდ მღვდელი ინარჩუნებდა სიმშვიდეს, არ ყოფილა შემთხვევა ჯვარი რომ არ ამოსულიყო. მან ბიჭებს ირონიულად გადახედა, ჩაიღიმა კიდეც. ამით ყველაფერი იყო ნათქვამი. ის ბიჭი უმალ გადაეშვა მდინარეში და ჯვარი ამოიყვანა, უფრო სწორედ, ჯვარი წყალს ზევით ამოსწია, როცა მეორემ ქვემოდან ჩამოქაჩა და ჩაძირა, ჯვარი წაართვა და თვითონ ამოიყვანა. ამან დიდი სიხარული გამოიწვია. იქუხა ნაცხას

თავზე ზარბაზანმა, რომელმაც აუწყა მუხურელებს ჯვრის ამოყვანა. იმ დღეს სხვა ღონისძიება არ ჩატარებულა, არადა ყოველ წელს იმართებოდა სპორტული შეჯიბრებები, ცეკვა-თამაში, სეირნობა. აქ ხშირად ტარდებოდა ჯარალობა, სადაც მეზობელი სოფლის მოსახლეობაც ჩამოდიოდა. ეს დღეც სპორტული შეჯიბრებებით იყო დატვირთული. მართალი რომ გითხრათ, ბევრი სახეობა დღეს მივიწყებულია. ჩვენ, ბავშვობაში ვთამაშობდით „რიკტაფელას”, „ლატკობანას”, „ხამციკს”, „ობოხუობას”, ვჭიდაობდით

,,ესებურად”, ძროხის ბალნისაგან ვამზადებდით ბურთს, ჩვრებისგან ვკერავდით ბალიშის მაგვარ ბურთს, რომელიც ლელოსთვის იყო საჭირო, ფეხბურთსაც ვთამაშობდით, მაგრამ იშვიათად. მაშინ უფრო ლელობურთი იყო პოპულარული,რომელშიც მონაწილეობდნენ მოზრდილი, ასაკოვანი ადამიანებიც. სოფელი სოფელს ეჯიბრებოდა, უბანი-უბანს, ცოლიანები უცოლოებს და სხვა, რისთვისაც სერიოზულად ემზადებოდნენ. ბევრჯერ

აყალ-მაყალშიც გადაიზრდებოდა, წაიჩხუბებოდნენ კიდეც, მაგრამმეორე დღეს არავის ახსოვდა წყენა.

ძვე;ო ეკლესიის ფრაგმენტები

Related posts

ერასტო კაჭარავა შორეული 1914 წლიდან სოფელ ჭოღაზე საუბრობს

ნიკო შენგელია- პირველი ექიმი ჩხოროწყუდან

1966 წელს ბესარიონ ქებურიას ძეგლი გაიხსნა