ტიტე შელია “ჩხოროწყუს რაიონის დაარსების ისტორიიდან “

ავტორი: chkhorotskuge
0 კომენტარები

გთავაზობთ ტიტე შელიას პატარა წერილს, რომელიც ჩხოროწყუს ისტორიის ფრაგმენტებს ასახავს. რამდენიმე ადგილი შეცვლილია, თუმცა ძირითადი სტილი დაცულია. მოგვაწოდა იაგო ქებურიამ

ტიტე შელია (1924-2005)

ჩხოროწყუ თუ ხაბუმე

1929 წელს, მთავარი საკითხი რაიონის ცენტრის არჩევას შეეხებოდა.  ხაბუმელები მტკიცედ აყენებდნენ საკითხს შექმნილიყო ხაბუმის რაიონი ცენტრით ხაბუმით. მათ ემხრობოდნენ სოფლები მუხური, ომარტე, ჭოღა.

ასევე იყო მოთხოვნა შექმნილიყო ჩხოროწყუს რაიონი. ამ წინადადებას იზიარებდნენ ქვედა ზონის სოფლების მოსახლეობა: ლესიჭინე, ახუთი, კირცხი და სხვა.

საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჩხოროწყუს რაიონის ცენტრი ჩხოროწყუ ყოფილიყო , რაზედაც სასტიკად განაწყენებული დარჩა ზედა ზონის მოსახლეობა.

ჩაი და ჩხოროწყუ

ჩაის პირველი ბუჩქი შემოიტანეს სოფელ ხაბუმეში, ცნობილი პიროვნების საბახტარიშვილის მიერ. იგი ჩვენი ჩვენი საამაყო ადამიანის, პედაგოგ თამარ საბახტარაშვილის მამა იყო.

სასოფლო- სამეურნეო არტელების შექმნა და ჩაის კულტურების გაშენებითი სამუშაოები 1930 წლიდან დაიწყო. ჩაის გაშენება ხდებოდა მაღლობ ადგილებში, რადგანაც იყო აზრი, რომ დაბლობში იგი ვერ გაიხარებდა.

banner

ჩხოროწყუში ჩაისთვის მიწის დამუშავება „ ცირგაიას გზაზე“ დაიწყო.

მიწა 50 სმ-ზე უნდა ყოფილიყო გადაბრუნებული. პირველი ჩაის მოსავალი 200 კგ ჩხოროწყუში 1934 წელს მოიკრიფა. ამისთვის აშენებულ იქნა მიკრო ჩაის ფაბრიკა. იგი იყო ხის შენობადა მდებარეობდა გუჯუ ქვარცხავას ყოფილ ნამოსახლარზე , სადაც დღეს ზაურ ჯალაღონია ცხოვრობს.  აქვეა დაუსრულებელი სახანძრო შენობა.

პირველი ელექტრონათურა ჩხოროწყუში

ჩხოროწყუში, გარახას უბანში  ცხოვრობდა აბრამ ბებია. მან თბილისიდან ჩამოტანილი ნაწილებით ააწყო დიზელ სადგური. შენობა, სადაც მოთავსებული გახლდათ ეს სადგური მდებარეობდა დღევანდელი განათლების განყოფილების  გვერდით და 1933 წელს რაიონში პირველი ელექტრონათურა აინთო .

რადიოსიგნალი

ჩხოროწყუში  რადიოს პირველი ხმის  ავტორი გრიგოლ ბახტაძე გახლდათ. ( შოთა ბახტაძის მამა) .   იყო ქოხსამკითხველოს გამგე.   დარაბიანი, ფიცრული შენობა მდებარეობდა დღევანდელი  სოფლის მეურნეობის სამმართველოს ადგილზე. შემდგომში ამ საქმეს ხელი მოკიდა ჩხოროწყუელმა ახალგაზრდა კაცმა შოთა შელიამ (  ქირურგ ბიჭუნა შელიას მამა)  მან თავისი სახსრებით ერთოთახიან ქვის შენობაში რადიოსადგური მოაწყო და 1934 წლიდან ჩვენი სტუდიის ახლო-მახლო ტერიტორიაზე მცხოვრებნი რეპროდუქტორების საშუალებით, რომელსაც ქოლგის ფორმა ქონდათ, ვღებულობდით რადიო გადაცემებს თბილისიდან

პირველი ტრაქტორი

1933 წელს შემოვიდა პირველი ტრაქტორი, რომელსაც ცნობილი მექანიზატორი კალისტრატე წურწუმია მართავდა ( დიზაინერ რეზო წურწუმიას მამა)

ჩაის სექცია

1931 წელს რაიონში დაწესებულება „ჩაის სექცია“  შეიქმნა, რომელსაც შემდგომში აკადემიკოსი  ფილიპე მამფორია ხელმძღვანელობდა. მასთან მუშაობდა აგრონომი ისაკ აბაშიძე. იმის გამო, რომ ცენტრში სათანადო ფართი  ვერ გამოინახა, სექციას თავისი ორი ოთახი გრიგოლ შელიამ გამოუყო, სადაც რამდენიმე წელი იმყოფებოდა ეს ორგანიზაცია.

იმათთვის ვინც ჩაის გაშენებაზე მუშაობდა, შექმნილი იყო საუკეთესო პირობები, სამუშაო იარაღი  ეძლეოდათ უფასოდ, ასევე უფასო იყო  კვების პროდუქტები, შაქარი და პური. ამასთან ერთად  ისინი ღებულობდნენ დიდ გასამრჯელოს.

სასოფლო-სამეურნეო არტელი

ჩხოროწყუს სასოფლო-სამეურნეო არტელი 1929 წელს დაარსდა

 მასში 9 კომლი გაერთიანდა. ( პროკოფი ქვარცხავა, კირილე ქუცურია, მიხა პერტაია და სხვები. პირველ  წლებში იმდენი სიმინდი მოიწიეს, განაწილება გაუჭირდათ. ანაწილებდნენ გოდრების მიხედვით. ახუთში იმართებოდა ვაჭრობა და მას საღებოს ეძახდნენ . უღელ-ხარით არტელში შევიდა  გრიგოლ შელია.

სამიკიტნოები და რაიაღმასკომის შენობა

1925 წლამდე ჩხოროწყუში  კაპიტალური შენობები საერთოდ არ იყო. იყო დარაბიანი დუქნებით სამიკიტნოები.

ერთი დღევანდელი გასტრონომის ადგილზე იდგა, მეორე- ყოფილი რედაქცის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ დუქნების წინ,

ცენტრალურ ადგილზე იდგა დიდი ნავთის ავზი. გამყიდველი შალვა ფირცხელავა, შემდგომში ცნობილი კოოპერატორი.

ჩხოროწყუში პირველი კაპიტალური შენობის აგება  1933 წელს დაიწყო.  მაშინ აღმასკომის თავმჯდომარე ვარლამ თოდუა იყო. ეს შენობა დღესაცაა. მასში განთავსდა რაიაღმასკომი, მისი განყოფილებები და სასტუმრო. შენობისთვის ყველა საჭირო მასალა-ქვა, ხე-ტყე, კირი და სხვა ჩამოიტანეს მუხურიდან და ომარტედან. ამ მშენებლობას ხელმძღვანელობდა მშენებელი საშა ბარკალაია. შემდგომში  ხუტა კაკულია.

კულტურის პარკი და ალვრები

დღევანდელი ჩვენი კულტურის პარკის პარკის მშენებლობა რაიონის დაარსების დღიდანვე დაიწყო: დაირგო წიწვიანი ხეები , შემოკავებულ იქნა მთელი პარკის ტერიტორია, შემდგომში, 1934-1935 წლებში აქ იმართებოდა  „ალვრები“- სახალხო სეირნობა, რაც განსაკუთრებით ბავშვებში დიდ სიხარულს იწვევდა.

დანგრეული ეკლესია და აშენებული კლუბი.

კულტურულმა ცხოვრებამ რაიონის დაარსებისთანავე აღორძინება დაიწყო. ეკლესიის შენობა, რომელიც დღევანდელი ბანკის შენობის უკან მდებარეობდა, დაშალეს და კლუბად გადააკეთეს. აქ წარმოდგენებში მონაწილეობდნენ : ფილიპე მამფორია, დათიკო ფაცაცია, კაკო პერტაია, ხაბუმელი აკაკი ღურწკაია და სხვები. ჩამოყალიბდა რაიონის მომღერალთა გუნდი ცნობილი ლოტბარის დათიკო ფაცაციას ხელმძღვანელობით.

სამედიცინო მომსახურეობის პირველი ნაბიჯები

რაიონის დაარსების მომენტში არ იყო სამედიცინო დაწესებულებები. შესაბამისი ფართის უქონლობის გამო ამბულატორიები  კერძო ოჯახებში განთავსდა.

1934 წლისთვის ჩხოროწყუში პირველი საავამდმყოფო გაიხსნა . იგი მოთავსდა ვიღაც ცნობილი პიროვნების ჩამორთმეულ სახლში. სახლი იყო ძალიან დიდი, ლამაზად ნაგები. იგი წლების განმავლობაში ემსახურებოდა საავადმყოფოს, შემდგომ უყურადღებობის გამო დაინგრა, ხოლო მისი სვეტები უთხოვარი ხისგან   იყო დამზადებული თურქი ხელოსნების მიერ,

ჩემს მიერ გადმოტანილ იქნა საზოგადოებრივ საწყისებზე შექმნილ მუზეუმში . იგი დღესაც ინახება. არც ერთი  ფორმა და კეთილობა არ ჰგავს ერთმანეთს. ეს სახლი პოლიციის შენობის ტერიტორიაზე იდგა

პირველი კინოჩვენება

1934 წელს მოეწყო პირველი კონოჩვენება კლუბში, სადაც   ადრე ეკლესია არსებობდა. პირველად კინო ხალხს ნექტარ ჭითანავამ აჩვენა ( საშა ჭითანავას ბიძა)

ფოსტა

 1935-1936 წლებში იყო ოთხი ცხენშებმული „დილიჟანი“ ეს ეს დილიჟანი დილით გავიდოდა ჩხოროწყუდან სენაკში და საღამოს იქ იყო. მეორე თუ მესამე დღეს უკან ბრუნდებოდა და ჩამოქონდა პრესა, სხვა საფოსტო გზავნილები.

აკაკი ხორავა და ე.წ არჩევნები

უმაღლესი საბჭოს პირველი არჩევნები ჩხოროწუში 1937 წლის  12 დეკემბერს გაიმართა. საარჩევნო კომისია მოთავსებული იყო სახელდახელოდ ნაყიდ ხის ოთხთვლიან სახლში, სადაც მოთავსებული იყო პარტიის რაიკომი. ეს სახლი იდგა ზუსტად იმ ადგილზე, სადაც დღეს სტალინის ობელისკის პოსტამენტია დარჩენილი. დეპუტატი  აკაკი ხორავა იყო. შეხვედრების დროს მან თქვა „ იყო ერთი გლეხი ,მოურავად დააწინაურეს , გამდიდრდა , გაძლიერდა, მაგრამ არ ავიწყდებოდა, რომ ადრე სხვებივით გლეხი იყო.. როცა სახლიდან გამოდიოდა, ისეა მოაწყო, რომ ყოველ დილით , ზედ დაკიდებულ მის ქალამანს შეეხებოდა. რათა ძველი არ დავიწყებოდა. მეც არასდროს დავივიწყებ, რომ ჩხოროწყუელი ვარ და შევეცდები ბოლომდე ვემსახურო ჩემს ხალხს.

პატარა ოთხთვლიანი სახლის ცოტა მოშორებით,1938 წლისთვის ააგეს ერთსართულიანი აგურის სახლი. იგი 8-9 ოთახისგან შედგებოდა.მასში მოთავსდა პარტიის რაიკომი განყოფილებებით. ამ შენობაში შემდგომში კულტურის განყოფილება გაამწესეს. ომის წლებში შენობა ემსახურებოდა პარტ რაიკომს . ამ დროისათვის პირველი მდიბანი იყო არისტრახო კაკულია. მეორე მდივანი-გრიშა სტეფანია, მდივანი-სპირიდონ ქვარცხავა, სამხედრო განყოფილების უფროსი- ონისიმე სიჭინავე , საორგანიზაციო განყოფილების ამგე-ნადია მასხარაშვილი.

ამავე წელს მოხდა კაპიტალური კლუბის აგება, იგი დღევანდელი აღასკომის გვერდით მდებარეობდა. იტევდა 200 კაცს. აქ იმართებოდა ყველა მნიშვნეობავნი ღონისძიება, პარტკონფერენციები და ა.შ. კლულტსახლის დირექტორი იყო გუძა შენგელია.

ტიტე შელია

18.08.2004

შეიძლება დაგაინტერესოთ:

@2022 – All Right Reserved. Lasha Mebonia 

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00