CHKHOROTSKU.GE

სამსონ თოდუას ცნობა “ოცინდალეს მონასტრის შესახებ

ავტორი chkhorotskuge

სანამ უშუალოდ ამ ცნობაზე გადავალთ. რამდენიმე ინფორმაცია სამსონ თოდუას შესახებ.

სამსონი თავის ძმებთან ერთად სასულიერო პირი იყო. დაარსა სკოლა სოფელ თაიაში. პუბლიცისტი. დაკრძალულია ხაბუმეში, შვილთან ერთად, ჯუმითის უბანში, წმინდა გიორგის საყდრის ძველ ეზოში. ეკლესია ბოლშევიკებმა დანგრიეს.

სამსონ თოდუას ოჯახი

ცენტრში – სამსონ თოდუა, მის უკან (მეუღლე) -მაია ცხადაია; ქვევით პატარა გოგოები (ქალიშვილები)-ნინო (ძაგუ) და თეო (ლენა) თოდუები. მეორე რგში მარცხნიდან პირველი – ბესარიონ თოდუა. ფოტოს გადაღების ადგილი და თარიღი უცნობია

სოფ. ოცინდალის წმ. გიორგის ეკლესია და მისი ისტორიული ნაშთები.

ზუგდიდის მაზრიდგან სამხრეთისკენ, ერთ მაღალ გორაზედ მდებარეობს სოფელი ოცინდალე, რომელიც შემკობილია მშვენიერი ჰავით, ტყეებით და საზოგადოდ ყოველ გვარი მცენარეულობით. ამ სოფელში მარილისა და ქვა-გუნდის მადნებიც აღმოჩნდა ბოლო დროს. აქ ცხოვრობს ოცი კომლი გლეხი. სოფლის ერთ ტყიან გორაკზე არის აღშენებული ერთი მშვენიერი ტაძარი. გასაკვირია, რომ ამისთანა მშვენიერი გეგმის ეკლესია აღუშენებიათ ამისთანა მიუვალ ადგილას. ტაძარი უნდა იყოს აღშენებული იმ დროს, როცა საქართველოს მოსვენებას არ აძლევდნენ თათრები და სხვა მტერნი, რომელნიც მეცადინეობდნენ საქართველოში ქრისტიანობის მოსპობას. ამ შიშიანობის დროს ჩვენი წინაპარნი ეკკლესიებს უმეტესად მიუვალ ტყეებშიდ აღშენებდნენ. ამ ეკლესიის ეზოში მე ვნახე ერთი ქვა, რომელზეც შემდეგი წარწერა არის: ,,ეკლესია ესე განვაახლე მე ღვთისმოსავმა თამარ-დედოფალმა“. სხვა წარწერა წაშლილია. ამ წარწერისაგან სჩანს, რომ ეს ეკკლესია განუახლებია თამარ -დედოფალს. ეკკლესიის გეგმა მეტად დიდი ყოფილა: ბალავერი თითქმის ერთი ქცევის ოდენ ადგილზე იქმნება ჩაყრილი, მაგრამ შემდეგ გეგმა შეუცვლიათ და ხსენებული ტაძარი აუშენებიათ უწინდელ გაკეთებულ ბალავარის შუა. ეკკლესია არის ნაშენი წმინდა თლილი ქვით, სიგრძე აქვს 24 ადლი, სიგანე 15 და სიმაღლე 18 ადლი. ტაძრის თაღი ქვით არის შეკრული. შიგნით ეკკლესიის კედლები მთლად დახატულნი არიან. ტაძარს დასავლეთის მხრით მიშენებული აქვს საქალებო, რომელიც იყოფება ტაძრისაგან ქვითკირის კედლით. საქალებო ცემენტით არის მთლად ნაშენი; საქალებოს ქვეშ გაკეთებულია სასაფლაო (აკლდამა).
ამ ტაძარში ბევრი შესანიშნავი ნივთები ყიფილა უწინ და ზოგნი დღესაც არიან. აქ ყოფილა უწინ, სხვათა შორის, ერთი დიდი სპილენძის სასანთლე. ეს სასანთლე უნახავს თუ არა მეგრელიის უწინდელს ეპისკოპოსს, განსვენებულს ანტონის, მაშინათვე უბრძანებია ამ სასანთლის დაშლა, რადგან ეს სასანთლე ყოვლად სამღვდელოს სიტყვით კერპთ-თაყვანის მცემლობის დროისა ყოფილა. ტაძარში არის წმ. გიორგის ერთი ხატი, სრულის ტანისა; ხატი არის გაკეთებული ვერცხლისაგან და მოოქვრილია. ხატში ჩაჯენილია თორმეტი სხვა-და-სხვა ძვირფასი თვლები; ტაძარში არის ვერცხლის ერთი დიდი ჯვარი, რომელსაც წინა პირი ოქროსი აქვს და შემკობილია ძვირფასი ალმასის თვლებითა. ეკკლესიაში არის თვრამეტი ოქრო, ზოგი თეთრი აბაზიანის ოდენა და ზოგი მეტი; აქვე ჰყრია ურიცხვი მშვილდ-ისრები.
ამ ეკკლესიაზედ დიდ-ძალი ხალხი დადის სხვადა.სხვა სოფლებიდამ სალოცავად და თან ბევრ შესაწირავსაც სწირავენ ეკკლესიას. რადგან ეს ტაძარი აღშენებულია, ძალიან მაღალ სერზე, რომელზე ასვლა ძალიან უძნელდებათ მლოცველებს, ამიტომ ადგილობითმა ბლაღოჩინმა ანჯაფარიძემ, თანახმად უწმინდესი სინოდის განჩინებისა, ამ ეკკლესიის წმ. გიორგი ხატი ჩამოასვენა ს. თაიას ორ შტატოვან წმ. გიორგის ეკლესიაში, სადაც ხალხი დღეს ბლომად დაიარება ამ ხატის თაყვანის საცემად.
ოცინდალეს ეკკლესიის ეზოში არის აღშენებული ერთი დიდი კოშკი, რომელშიაც ბლომად ჰყრია კაცის ძვლები. კოშკის თავზე დღესაც ხარობს ერთი დიდი ხე, რომელიც ალბათ კოშკის აღშენების შემდეგ ამოსულა მასზე. ამ ტაძარს ბევრი ადგილ-მამულები ჰქონდა უწინდელ დროში, მაგრამ დღეს ზოგიერთი თავადებისა და აზნაურების მძლავრობით ეკლესიას მხოლოდ ათი ქცევა ადგილი თუ ექნება, თორემ დანაშთენი მამულები ეკკლესიისათის სრულებით ჩამოურთმევიათ. დღეს ეს ეკკლესია, რომელიც ძველ დროში ნავთ-საყუდელი იყო სამეგრელოს ეკკლესიების ძვირფასი ნივთებისა ( 1856 წელში სამეგრელოის ყველა ეკკლესიების ძვირფასი ხატები ამ ეკკლესიაში იყო შემონახული), მიყრუებული და მოკლებულია ჯეროვან ყურადღების მიქცევას.
სასურველია, ამ ადგილას აშენდეს უდაბნო, სადაც რამდენიმე ძმათა შეეძლოთ ცხოვრება. ბერებს, ჩემის აზრით, დიდი ზედ გავლენა ექნებათ ახლო-მახლო მცხოვრებლების სარწმუნოებაზე და ზნე-ჩვეულებაზე.

სამსონ თოდუა
ქართული სასულიერო ჟურნალი ,,მწყემსი“
(N 20, 1887, 15 სექტემბერი, გვ. 7-8)
ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის სამეცნიერო -შემოქმედებითი ჟურნალი ,,მოამბე” 2013 წელი,№ 2, გვერდი 9-10

ვრცლად მონასტრის შესახებ

ოცინდალეს მონასტერი

დეკანოზი სამსონ თოდუა

სამსონ თოდუა სიძესთან, ნესტორ ქირთბაიასთან ერთად

გამოყენებულია “ციფრული ფოტომატიანეს” სურათები

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩვენი ამბიციური პროექტი

სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

  ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცე"  ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.   

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს  ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩვენ  ვქმნით  ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელს, რომელიც  მოიცავს  ინფორმაციათა ფართო ქსელს ჩხოროწყუს  და  საქართველოს რეგიონების შესახებ

Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00