გურულ-მეგრელი, ნიკოლოზ ბერიძე 1897 წელს ” ცნობის ფურცლის” მეშვეობით მუხურს საზოგადოებას აცნობს
მუხური მდებარეობს ზუგდიდის მაზრაში, მდ. ხობისწყლის მარჯვენა და მარცხენა მხარეზე. ამ მდინარის მარცხენა ნაპირზე ჩამომწკრივებულია სამოცამდის ხის დუქნები.
არსებობს სასამართლო, სამრევლო სკოლა (უწინ სამინისტრო სკოლა იყო, მაგრამ მცხოვრებლებმა უარი განაცხადეს და ეხლანდელი სამრევლო სკოლათ გადააკეთეს, სადაც ასწავლის ბ. ბენდელიანი სამოცამდე ქალ-ვაჟთ);
არის აგრეთვე პატარა აფთიაქი, მაგრამ, რადგან ახლოს (წალენჯიხაში) აფთიაქი არსებობდა და შემოსავალი ნაკლები ჰქონდა, ამიტომ გადავიდა ს. ზანაში (ზუგდიდის მაზ.), სადაც ადგილი იყიდა, სახლი დადგა და მშვენივრი აფთიაქი გააღო ასე, რომ არც თუ ახლო-მახლო დაბების აფთიაქებს არ ჩამოუვარდება..
ადგილ-მდებარეობით მუხურზე უკეთესი სოფელი ზუგდიდის და სენაკის მაზრებში ძვირად მოიპოვება: ადგილი ქვიანია, მაგრამ მოსავალი ძლიერი კარგი იცის, ნამეტანი განთქმულია სამეგრელოში მუხურის ღვინო ადესა (იზაბელა). მოდიან სხვა და სხვა სოფლებიდან და ჰყიდულობენ ღვინოს, მერე – დააქვთ – სოფლებში და ჰყიდიან. ჩვენებური კოკა ღვინო ღირს მანეთიდან — სამ მანეთამდის. ჰაერი შესანიშნავი: ყოველ დილა-საღამოს ზაფხულში თითო საათი ამოდის ნელი და სასიამოვნო ქარი ე.წ მასკური
ზაფხულობით ბევრნი მოდიან სააგარაკოდ, მაგრამ გასართობი არფერი არა აქვთ, მხოლოდ დღე ერთი დაჰპატიჟებს ყველა თავადიშვილებს და მათი ოჯახობას, ხვალ მეორე და ამით ირთობენ თავს.
უხიდობა. ამისთანა ყველაფრით შემკულ სოფელს აკლია ხიდი. ამ დუქნების ახლოს ერთი ძველი დანგრეული ქვის ხიდია მდ. ხობი- წყალზე:
აქეთ-იქით დაბალია, ხოლო შუა ადგილას მრგვალად ამაღლებულია, რომელიც ნამდვილ ძველებურ ჩვენებური სახლის თაღს მოგაგონებთ. ცხენით გასვლა შეუძლებელია, თუ არ ჩამოვა ცხენიდან და ისე არ გაიყვანს; ზოგიერთი – თავ-მომწონე ყმაწვილები ზედ შემჯდარი დაიარებიან, მაგრამ მეტად საშიში- კია,
ურმების გასვლა ხომ სრულებით შეუძლებელია: და ურმებს გამოხსნიან, ურმებს დაშლიან და ისე ნაწილ-ნაწილად გადააქვთ ერთი მხრიდგან მეორეზე. სასურველია, ყურადღება მიექცეს ამ გარემოებას, მით უმეტეს, რომ ამ დანგრეულ ხიდზე დიდი გაჭირვებული მოგზაურობაა, მაგალითად, ზაფხულობით იქითკენ დადიან მოაქვთ მარილი, თევზი ყიდიან და სცვლიან სიმინდზე