ალპინისტი ვახტანგ ფირცხელავა (1956-1980)

ავტორი: chkhorotskuge
0 კომენტარები

ვახტანგი 1955 წელსაა დაბადებული, წარჩინებით დაამთავრა საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოლოგოია – გეოგრაფიის ფაკულტეტზე.

1974 წლიდან გაიტაცა ალპინიზმმა, გახდა ალპიური კლუბის წევრი და სპორტის ოსტატობის კანდიდატი. იმავე წლის 16 ოქტომბრის ნომერში გაზეთი ,,კომუნისტი”წერდა:

,,ასზე მეტი სპორტსმენი ასპარეზობდა კავკასიის მთებში კლდეზე ცოცვაში. ახალგაზრდა სპორტსმენმა, უნივერსიტეტის სტუდენტმა-ვახტანგ ფირცხელავამ პირველი ადგილი დაისაკუთრა (რაც ფოტოგრაფიულად იქნა დაფიქსირებული)”. აქედან იწყება მისი სპორტული კარიერა. მან უმოკლეს დროში მოიპოვა ავტორიტეტი ალპინისტებს შორის. 1979 წელს დაიპყრო 19 მწვერვალი, რაც რეკორდული მაჩვენებელია, აქედან 7-ჯერ თვითონ იყო ექსპედიციის ხელმძღვანელი და ყველა მგზავრობა წარმატებით დაამთავრა. მოპოვებული ჰქონდა ოქროსა და ვერცხლის მედლები, იყო საკავშირო ჩემპიონატის მონაწილე. ემზადებოდა უფრო დიდი ასპარეზობისათვის. მასზე, როგორც პერსპექტიულ ალპინისტზე წერდნენ საკავშირო თუ რესპუბლიკური ჟურნალგაზეთები.

მარჯვნივ ვახტანგ ფირცხელავა

აი, რას წერს ცნობილი ალპინისტი და ჟურნალისტი პაატა ნაცვლიშვილი: ,,ვახტანგ ფირცხელავა 25 წლისა იყო. სწრაფად იზრდებოდა როგორც მთამსვლელი. 1976 წელს დაიპყრო ყურო, სულ ოთხი წლის შემდეგ კი უკვე კომუნიზმის პიკს შეება. ყუროდან კომუნიზმის პიკამდე იმდენად დიდი გზაა ალპინისტური ოსტატობის თვალსაზრისით, რომ მისი ასე სწრაფად გავლა მხოლოდ უაღრესად მიზანსწრაფულ, ძლიერ და შრომისმოყვარე ადამიანებს შეუძლიათ. სწორედ ასეთი იყო ვახტანგი მთებზე

banner

და მთამსვლელობაზე უზომოდ შეყვარებული ჭაბუკი”.

ვახტანგი

ფათერაკებით სავსე სპორტია მთამსვლელობა. ეს კარგად იციან მთამსვლელებმა, მაგრამ არ ეშვებიან, კვლავ მწვერვალებისკენ მიუწევთ გული. მამამისი, ბატონი ვანო, შემდგომ იგონებდა: ,,ვახტანგი ბავშვობიდან სპორტული სულისკვეთებით იზრდებოდა. ის ყველა სახეობაში ძლიერი იყო. მე მაინც მეგონა ჭიდაობისკენ გაუწევდა გული, მაგრამ… როცა გავიგე ალპიურ კლუბში იყო გაწევრიანებული, არ მესიამოვნა, ეტყობა სათანადოდ ვერ შევაყვარე ჭიდაობა. არ ვაჭარბებ, დიდ შედეგებს მოიპოვებდა, სახელოვანი მოჭიდავე დადგებოდა. ვურჩიე კიდეც, მაგრამ დაგვიანებული იყო, რადგან უკვე რამდენიმე ლაშქრობის მონაწილე იყო და მწვერვალების სიყვარულით იყო შეპყრობილი”.

,,საშინელებაა ალპინიზმი, უმსხვერპლოდ შეუძლებელია”— ჩაუწერია თავის დღიურში ცნობილ მთამსვლელსა და ფოტო ჟურნალისტს გურამ თიკანაძეს, რომელიც ასეთივე ბედისწერისა აღმოჩნდა. მაინც რა მოხდა

1980 წლის ივლისში? დათო მეძმარიაშვილი, ზურაბ ათანაზევიჩი, გიორგი ნაიდენი და ვახტანგ ფირცხელავა უნივერსიტეტის მთამსვლელური სექციის წევრები იყვნენ. მათ მოიარეს მშობლიური კავკასიონი, დალაშქრეს შხარა, თეთნულდი, მერე პამირის მთებს მიადგნენ. აქაც რამდენიმე მწვერვალი დაიპყრეს, ხოლო ბელიაევის პიკზე ახალი მარშრუტიც კი გაკვალეს.

დადგა დიდი ხნის ჩანაფიქრის ასრულების დრო, უნდა დაელაშქრათ საბჭოთა კავშირის უმაღლესი მწვერვალი ,,კომუნიზმის პიკი”. ვახტანგი როგორც საკავშირო ნაკრების წევრი, ჩაირიცხა მოლაშქრეთა შორის, რაც მისი ოცნება იყო. 25 ივლისს დაიწყო იერიში, 27 ივლისს 7200 მეტრს მიაღწიეს.

საღამოს გაავდრდა, შეიქმნა მძიმე სიტუაცია. წინსვლა შეუძლებელი გახდა, არადა სულ რაღაც 100 მეტრი დარჩა მწვერვალამდე. სპორტსმენებს ქანცი გამოელიათ, როგორც იტყვიან, დაცვივდნენ, მხოლოდ ვახტანგი იდგა ფეხზე. იგი მარტო შეებრძოლა ქარ-ბუქს, მარტომ გაშალა კარავი და დააბინავა მეგობრები, ღამით ტემპერატურა 40 გრადუსამდე დაეცა, რაც საფრთხეს ქმნიდა, მაგრამ ვახტანგის თავგანწირვამ ისინი აშკარა სიკვდილს გადაარჩინა. სამწუხაროდ, თავად, ძლიერ გადაიღალა, ოფლი ტანზე შეეყინა, ამასთან ჟანგბადის უკმარისობით სიმაღლის ავადმყოფობა, ჰიპოქსია შეეყარა…

მან მწვერვალთა სამყაროში დაიდო სამარადისო ბინა, რაც ხშირად ასეთი პროფესიის ადამიანთა ხვედრია. არ დარჩენილა ჟურნალ-გაზეთი საბჭოთა კავშირში, ტელევიზია, რადიო რომ არ გამოხმაურებია ამ ტრაგიკულ ფაქტს. მხოლოდ რამდენიმე საგაზეთო წერილების სათაურებს მოგიყვანთ:

,,ცისიერ მწვერვალთა რაინდი”, ,,მთებზე მაღალი სულის ბიჭები”, ო, რა ახლოს იყო გამარჯვება…”, ,,ხსოვნის კელაპტარი”, ,,ნისლიანი მთები”, ,,ჩემი ნაცნობი ჭაბუკი”, ,,მე ნამდვილი მეგობარი მყავდა” და სხვ. მინდა ამ ბოლო სტატიის ავტორის, რუსი მთამსვლელის სლავა იაშკინის სტრიქონები მოვიხმო, რათა ნათლად წარმოვაჩინოთ ვახტანგის პიროვნება: (თარგმანი გიგლა გობეჩიასი)

,,იმ ზაფხულს ჩვენ ვიყავით მყინვარ გერგეტის ექსპედიციაში. სადგურის თანამშრომლებს რაღაც ტვირთის გადატანაში დავეხმარეთ, გვიან დავწექით .მეორე დღეს ადგომა დავაგვიანეთ, ვახტანგი ჩქარობდა, თითქმის ყოველ ნაბიჯზე გვხვდებოდა ნაპრალი. წინ ფრთხილად მივიწევდით. ნაპრალები უფრო და უფრო დიდდებოდა, გადახტომა გვიჭირდა, არადა შემოვლას დიდი დრო სჭირდებოდა. ერთ ნაპრალთან ვახტანგი შეჩერდა.

-რატომ არ ხტები? -ვკითხე მე.

-მოიცა, შემოვუაროთ!

-მერე? ვერ ხედავ რა მანძილს ვაგებთ, ვუპასუხე მე და ხელით შემოვუხაზე თოვლიანი კალთის ნაპირი.

– მაგრამ ამ ნაპრალს შორსა აქვს ნაპირი-მიპასუხა მან. ის არ ჩქარობდა.

– გადავხტეთ-ჩავილაპარაკე მე, და დიდი ფიქრის გარეშე გადავხტი. უცებ ყველაფერი აყირავდა, აირია თვალწინ, მხოლოდ მერე მივხვდი რომ ვარდებოდი… როცა თვალები გავახილე და ირგვლივ მიმოვიხედე, ჩემს ზემოთ გადატეხილი ყინულის ფიცარი მოჩანდა, მეც ასეთივე ყინულზე ვიწექი.

ვახტანგს, როცა უნახავს, რომ ვვარდებოდი, ერთი მძლავრი მოქნევით ჩაუსვია წერაყინი ყინულში, თოკი სწრაფად გადაუბამს მისთვის, თავი დაუზღვევია, თან რომ არ ჩამეყოლებინა ნაპრალში და შეუჩერებია ჩემივარდნა. მას შტურმოვკის სახელური გადახეხილი ჰქონდა, ხელი კი გადატყავებული თოკის ხახუნისაგან… მე ამოსვლა ვცადე, არაფერი გამომივიდა. ფეხი საშინლად მტკიოდა. გამოდიოდა, რომ ვახტანგს უნდა ამოვეყვანე, თანაც ჩემი დახმარების იმედი არ უნდა ჰქონოდა… ის, რაც მაშინ ვახტანგმა მოიგონა, ჩემი გადარჩენის ერთადერთი ვარიანტი იყო.

-თოკი შეიხსენი და გამაგრდი-ჩამომძახა მან.

მე ხელები ძლივს დავიმორჩილე, და წერაყინით დავიწყე ყინულის ჭრა, რათა ფეხი შემებიჯებინა. შემდეგ მხოლოდ ვახტანგი მოქმედებდა. რაც მაშინ მან ჩემს გადასარჩენად მოიგონა ერთად ერთი ვარიანტი იყო და მსგავსი რამ არავის გაუკეთებია. თოკის ერთი ბოლო მან ყინულში ჩარჭობილ წერაყინს მიაბა, მეორე კი, როცა მე ის გავატარე რეპშნურში, თავისკენ ასწია. ამრიგად მან თოკი ორად გაყო, მისი სიგრძე 30 მეტრს აღწევდა. ეს ხერხი ჰგავს ფიზიკის ბერკეტის კანონს _ რამდენჯერაც ვაგებთ მანძილში, იმდენჯერ ვიგებთ ძალაში. ამ ხერხის გამოყენებამ შეაძლებინა მას ჩემი გადარჩენა. მე საკმაოდ მძიმე წონისა ვიყავი დაახლოებით100 კილო, ვახტანგი _ ბევრად უფრო ნაკლები. წარმოუდგენელია ნაკლები წონის ადამიანმა მასზე უფრო მძიმე წონის ადამიანი დაახლოებით 20 მეტრიდან ამოიყვანოს. ეს ვახტანგმა შეძლო, მან სიცოცხლე მაჩუქა.

ერთ საათს გაგრძელდა ჩემი ამოყვანა, ზევით ერთმანეთს გადავეხვიეთ. მე შემაძრწუნა წერაყინის მდგომარეობამ, იგი ძირამდე იყო ჩარჭობილი ყინულში. საოცარია, რა ძალით უნდა დარტყა ვახტანგს წერაყინი, რომ ერთი მოქნევით ასე ღრმად ჩაესო იგი. ეს ხომ იგივე ყინული იყო, რომელშიც მე, ძირს, ნაპრალის ფსკერში ძლივძლივობით გამოვჭერი ორად-ორი საფეხური. თანაც ვახტანგმა ამის გაკეთება მაშინ მოასწრო, როცა მე ვვარდებოდი, ე.ი. სულ რაღაც წამების განმავლობაში. შემდგომ ჩვენს მონათხრობს ალპინისტები ვერ იჯერებდნენ.” (იბეჭდება შემოკლებით)

სლავა იმ მძიმე დღეებში ჩამოვიდა საქართველოში და ცხარე ცრემლებით დაიტირა ერთგული მეგობარი, რომელმაც სიცოცხლე აჩუქა მას.

სამწუხაროდ, ასეთი იყო რეალობა…

საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო სხვა ამხანაგებთან ერთად (სამი ალპინისტი ჩამოვარდა ,,რასიის” პიკიდან) ვახტანგ ფირცხელავა დაეკრძალათ თბილისის პანთეონში, მაგრამ მშობლების სურვილით გადმოასვენეს მშობლიურ რაიონში და განისვენებს საგვარეულო სასაფლაოზე.

მისი სახელი ეწოდა ჩხოროწყუს მე-2 საჯაროს სკოლას, სადაც ის აღიზარდა, ქუჩას, სადაც მან ბავშვობა გაატარა…

წლებია გასული, ვახტანგის ხსოვნას სამარადჟამო ნათელი ადგას

ნუგზარ ჟვანია

შეიძლება დაგაინტერესოთ:

@2022 – All Right Reserved. Lasha Mebonia 

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00