CHKHOROTSKU.GE

ჩხოროწყუობასთან დაკავშირებით კოტე ნაჭყებია საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს

ავტორი chkhorotskuge

ზოგიერთი რამ წარსულიდან

ჩხოროწყუობა კომუნისტური პერიოდის საქართველოშიც ტარდებოდა შევარდნაძის დროს დაწესებული თბილისობის ანალოგიით.

მაშინ ის უფრო მრავალფეროვანი და უხვი იყო, რადგან მაშინ არსებობდნენ კოლმეურნეობები და ყოველი მათგანი ცდილობდა, რაც შეიძლება მეტად მოეწონებინათ თავი ხელისუფლებისათვის და სულსა და გულს არ აკლებდნენ. შემორჩენილია ამისი ფოტომასალაც.

კომუნისტური ხელისუფლების დროინდელი ბოლო ჩხოროწყუობა 1988 წლის ნოემბერში ჩატარდა, რომელმაც ძალიან ცუდი რეზონანსი მიიღო. საქმე ჩხოროწყუობაში კი არ იყო, არამედ თბილისში მიმდინარე პროცესების, კერძოდ, მთავრობის სახლის წინ მიმდინარე შიმშილობა აფხაზი სეპარატისტების სოფელ ლიხნში მიღებული გადაწყვეტილების, – აფხაზეთის რესპუბლიკის საქართველოდან გამოყოფისა და რუსეთის ფედერაციასთან შეერთებაზე მოთხოვნის გამო. ასეთ პირობებში ამ ღონისძიების ჩატარება, ცოტა არ იყოს, თავხედობასავით ჩანდა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, – საზოგადოებისთვის შიმშილობის აქცია ჯერ კიდევ უცნობი იყო და არც მაშინდელი ხელისუფლება აქცევდა მის მნიშვნელობას დიდ ყურადღებას. მომდევნო წლის ცხრა აპრილმა და შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა ყველაფერი ძირფესვიანად შეცვალა.

იმ დროს საპატიო მოქალაქის მინიჭების ტრადიცია ჯერ კიდევ არ იყო.

საპატიო ჩხოროწყუელის პირველი წოდება 2003 წლის 28 აგვისტოს ლაშა გახარიას მიენიჭა ჩხოროწყუს გამგებლის მიერ სპეციალურად დაშვებული ბრძანებით

ჩხოროწყუობის აღნიშვნა უკვე ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ დაიწყო და დღემდე გრძელდება. უკვე მასში დამკვიდრდა საპატიო ჩხოროწყუელის წოდების მინიჭების ტრადიციაც.

დღევანდელობა

რა თქმა უნდა, ეს დღესასწაული საჭიროა და უნდა გაგრძელდეს. მაგრამ არ შეიძლება ყურადღება არ მიექცეს ზოგიერთ გარემოებას. კერძოდ: ყოველი წლის ღონისძიება გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს და მასში არავითარი სიახლე თითქმის არ შეიმჩნევა. თითქმის ვამბობ, იმიტომ რომ მხოლოდ ზოგიერთი ვინმე ცდილობს ახლებურად წარმოაჩინოს თავისი სახე და გამოირჩეს დანარჩენებისაგან, თუმცა უმეტესობა: ყველა სოფელი, წარმოება-დაწესებულება თუ სკოლები ცდილობს თავი სოფლის ნობათით მოიწონოს თავი და ხშირად ქეიფში და დროსტარებაში გადეზრდებათ, ხოლმე. რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგი არავინაა, ოღონდ საერთოდ წარმოდგენილი გამოფენის ერთი კომპონენტი რომ იყოს და არა საერთო ფონი.

ჩემი აზრით, ყოველმა სოფელმა თუ სკოლამ შესაძლებლობის ფარგლებში სიახლე უნდა აჩვენოს. უნდა წარმოაჩინოს თავისი სახე: უნდა იყოს ცნობები მათი სოფლის ისტორიული წარსულისა და იმ გამოჩენილი ადამიანების შესახებ, რომელთაც საქვეყნოდ გაუთქვეს სახელი მათ კუთხეს. თეატრალური და სპორტული სანახაობებიც უნდა იყოს წინ წამოწეული. არ ვამბობ, რომ ასეთი რამეები არ არის ჩართული ზეიმში. არის, მაგრამ ფრაგმენტულია და ხშირად ყურადღების გარეშეც რჩება. ძირითადი აქცენტი მაინც ჭამაზე და სმაზე არის გადატანილი.

ჩხოროწყუობაზე უამრავი სტუმარიც ჩამოდის. ისინი ყველაფერს იწერენ გონებაში. ჩხოროწყუ ამაყობს ბესარიონ ქებურიას პიროვნებით. ის ქალაქის პარკშია დაკრძალული და ბიუსტიც ამშვენებს. მისი მოღვაწეობის შესახებ ფოტოგამოფენა რომ გაკეთდეს მის ძეგლთან და დაინტერესებულებს ინფორმაციები მიეწოდოს, არ იქნებოდა ურიგო. ან მის შესახებ არსებული კინომასალა რომ აჩვენონ მუზეუმის დარბაზში. თუნდაც ასეთი სლოგანით: „წარსული, აწმყო, მომავალი“ ფოტოგამოფენის მოწყობა რომ მოხერხდეს. საბედნიეროდ, უამრავი კინომასალაც არსებობს ჩხოროწყუს შესახებ, რომლის მოძიება, დამუშავება და ჩვენებაც შეიძლება. ამ დღეს მნახველები უნდა ჰყავდეს ჩხოროწყუს ისტორიულ მუზეუმსაც, (შეიძლება ცალკე საკითხადაც ჩაინიშნოს), რადგან ამ დაწესებულებაში გამოფენილი მასალები მრავალი თაობის მიერ გაწეულ შრომისა და მოღვაწეობის შედეგია და ნამდვილად არა მარტო ჩხოროწყუს, მთლიანად რეგიონის სახის გამოხატულებაა.

ამ დღეს შეიძლება ჩვენი რაიონელი წარჩინებული სტუდენტებისა და მოსწავლეების სახალხოდ წარდგენა, მათი საჯაროდ წარმოჩენა. არც უკვე საპატიო ჩხოროწყუელები უნდა დაგვრჩეს უყურადღებოდ.

მოკლედ, ბევრი თემის და საკითხების მოფიქრება და გატანა შეიძლება, ეს უკვე იმ კოლექტივების საქმეა, რომლებიც ამ დღეს ჩხოროწყუობაში მონაწილეობას ისურვებენ.

ერთხელ ერთი სოფლის თვალსაჩინო წარმომადგენელს ვუთხარი, ამ და ამ პიროვნების საიბილეო ღონისძიება შეგიძლიათ ჩაატაროთ-მეთქი. მკვახედ მომახალა: რა გააკეთა ჩხოროწყუსათვისო: იმაზე მეტი რა უნდა გააკეთოს, თავისი შემოქმედებით და მოღვაწეობით რომ გააკეთა, მთელი მუნიციპალიტეტი გააცნო ქვეყნიერებას-მეთქი. ასე თუ ვიმსჯელებთ, არც ნიკოლოზ ვეკუას გაუკეთებია რამე, არც ლაშა გახარიას, არც ნოდარ ჯალაღონიას, ალეკო შენგელიას და სხვებს მეთქი. რატომღაც ჩხოროწყუელი რომ იყო, ან გზა უნდა გაიყვანო, ან შენობა უნდა ააგო-მთქი. ასეთი წარმოდგენა ცუდი წარსულის გადმონაშთია და დამღუპველიცაა. რატომ მივადექი ამ საკითხს?!

დიახ, საპატიო ჩხოროწყუელის წოდების მინიჭებას ეხება. ეს გახლავთ ჩვენი მუნიციპალიტეტის უზენაესი ჯილდო და მას კომისია ერთპიროვნულად კი არ უნდა წყვეტდეს, რომლის აზრი ხშირად სუბიექტურია და ძალიან ვიწრო, არამედ მთელი წლის განმავლობაში უნდა იღებდეს საზოგადოებიდან რეკომენდაციებს და იქიდან ირჩევდეს.
კოტე ნაჭყებია

ეს წინა წლების გამოცდილებამ დაგვანახა. ღირსეულებთან ერთად საკმაო რაოდენობაა ისეთებიც, რომლებსაც ან უბრალოდ, ღრმა ხანდაზმულობის, ან წარსულში კომპარტიაში გაწეული ღვაწლის, ან კიდევ რაღაც სუბიექტური მიზეზის გამო მიენიჭათ წოდება. ერთმა მართლაც სახელოვანმა ჩხოროწყუელმა საჯაროდ ისიც განაცხადა, ვერ გავიგე, რატომ მომანიჭეთ, ჩხოროწყუსთვის არაფერი გამიკეთებიაო. გააკეთა ის, რომ ქვეყანა იცნობდა როგორც ჩხოროწყუელს, მაგრამ გულწრფელი იყო და თავს დამნაშავედ გრძნობდა იმაში, რომ შეეძლო და არაფერი მოიმოქმედა. ეს უკვე დიდი ადამიანურობის ფაქტორია. ამ დროს განზე დარჩა ჭეშმარიტად რჩეული ადამიანები. შესაძლოა, ისინი ჩხოროწყუში არ მოღვაწეობენ, მაგრამ მისი სახელის წარმოსაჩენად დიდ საქმეები გაუკეთებიათ და აკეთებენ. ერთხელ ერთმა ჩინოსანმა მითხრა ერთი პიროვნების შესახებ: ვიცი, ბევრი აქვს გაკეთებული ჩხოროწყუსთვის, მაგრამ აქ არ ცხოვრობს, არ იცნობენ და საზოგადოებისთვის გაუგებარი იქნებაო. საქმე სწორედ იმაშია, გავაცნოთ და წარმოვაჩინოთ, რომ ვარგრძნობინოთ, მოკლეხსოვნისანი არა ვართ და ნაშრომსა და გაკეთებულს არავის ვუკარგავთ. ჩხოროწყუობაც ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს.

სიტყვამ მოიტანა და ყოფილი პარტიული მუშაკები ვახსენეთ. ზოგიერთი მათგანის მიმართ მე, პირადად, შეიძლება პრეტენზიები მაქვს, მაგრამ ეს ამჟამად არაფერს ცვლის, თუ რატომ, ალბათ, თავად მიხვდებით. და ამ ვითარებაში არავის ახსოვს ის ხალხი, რომლებმაც ათასგავრი რისკის, ჯანმთელობის, სიცოცხლის ფასადაც კი დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს დამოუკიდებლობის საქმეში (სამწუხაროდ ბევრი უკვე ცოცხალთა შორის არ არის). არა აქვს მნიშვნელობა, ახლა ისინი რომელ პარტიაში არიან ან რას აკეთებენ. ჩხოროწყუობა ზეპარტიული ღონისძიებაა და საპატიო ჩხოროწყუელის წოდება უნდა იმ ნიშნით მიენიჭოთ, რასაც ღვაწლი და გაწეული მუშაობა ეწოდება. ეს ეხება იმათაც, რომლებიც არ მონაწილეობდნენ ეროვნულ მოძრაობაში (შემდეგ დაიბადნენ), სხვა პარტიულ ორგანიზაციაში იყვნენ თუ არიან, მაგრამ დიდ საქმეს აკეთებენ.

მართლაც მისასალმებელი იყო თეონა ცირამუასთვის საპატიო ჩხოროწყუელის წოდების მიენიჭება. ის სხვა რეგიონში მოღვაწეობს, მაგრამ დიდ საქმეს აკეთებს. საწინააღმდეგო სიტყვა არავის დასცდენია, პირიქით. მაგრამ განა სხვა ჩხოროწყუელები არ არიან, რომლებიც აქ არ მოღვაწეობენ, საქვეყნო საქმეებს კი აკეთებენ? თანაც გაცილებით იმაზე მეტს, ვიდრე ზოგიერთი წოდებამინიჭებული ერთად აღებული. ჩვენ რომ არ ვიცნობთ, ეს არ ნიშნავს, რომ არ არიან.

შორს რომ არ წავიდეთ, თქვენს გვერდით არიან ადამიანები, რომლებიც ქვეყანას არ აყრუებენ თავისი ღვაწლით, ჩუმად, შეუმჩნევლად, რუდუნებით მოღვაწეობენ.

ეს ჩემი სუბიექტური აზრია. არც კრიტიკაა და არც განქიქება ვინმესი. არც ჩემი მხრიდან რაიმის მიმართ მინიშნება. მე, როგორც რიგით ჩხოროწყუელს, ძალიან მინდა ჩემი მუნიციპალიტეტი, ჩემი ქალაქი, ჩემი რეგიონი ყველაფერში მოწინავე იყოს. რაც მომხდარია, ვერაფერს ვუზამთ. მომავალშიც არ მინდა განმეორდეს. ამას ვწერ უბრალო გულშემატკივრის პოზიციიდან. ჩემი სუბიექტური აზრია. თუ რამეს ვამეტებ ან ვაშავებ, ეს თქვენთვის მიმინდია.

კოტე ნაჭყებია -პედაგოგი, პოეტი და საზოგადო მოღვაწე. იყო “მრგვალი მაგიდა- თავისუფალი საქართველოს ადგლობრივი წარმომადგენლობის სპიკერი. ეროვნული მოძრაობის აქტიური წარმომადგენელი

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩვენი ამბიციური პროექტი

სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

  ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცე"  ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.   

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს  ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩვენ  ვქმნით  ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელს, რომელიც  მოიცავს  ინფორმაციათა ფართო ქსელს ჩხოროწყუს  და  საქართველოს რეგიონების შესახებ

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00