4 ჩხოროწყუს ისტორიულ მუზეუმში საბუნებისმეტყველო კუთხის განახლება მუნიციპალიტეტის ტურისტული და სამეცნიერო პოტენციალის განვითარებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ექსპოზიცია აერთიანებს რეგიონის უნიკალურ ბუნებრივ მემკვიდრეობას — ენდემურ ფლორასა და ფაუნას, უძველეს პალეონტოლოგიურ აღმოჩენებსა და სპელეოლოგიურ სიმდიდრეებს. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ილინოისის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ჩატარებული კვლევა, რომელმაც ადგილობრივი ფუტკრის უნიკალურობა დაადასტურა, ასევე — სარაჯოში აღმოჩენილი, ნახევარი მილიონი წლის წინანდელი ვეშაპის ჩონჩხი. მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის დეიძახის მღვიმური სისტემისა და ტობავარჩხილის მიმართულებით დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები, ცხადყოფს, რომ რეგიონი მასობრივი ტურიზმის მისაღებად აქტიურად ემზადება, რაშიც თანამედროვე ტექნოლოგიების, მაგალითად, საინფორმაციო QR კოდების ინტეგრირებაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ჩხოროწყუს კულტურის სამსახურის უფროსის . ათინა წურწუმიას დიალოგი სპელეოლოგ იგორ ფიჩხაიასთან – ბატონო იგორ, ჩვენს ისტორიულ მუზეუმში განახლდა საბუნებისმეტყველო კუთხე, რაც მუნიციპალიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რას მოიცავს ეს ყოველივე და რისთვის იყო საჭირო? – ყველაფერი მეცნიერული თვალსაზრისით არის შესწავლილი – ბუნებრივი ძეგლები, ენდემური სახეობის ცხოველები და მცენარეები. გამოფენა სრულყოფილად არის წარმოდგენილი. ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი გამოკვლევა ილინოისის უნივერსიტეტში ჩატარდა. შევისწავლეთ ფუტკრის დნმ-ის ანალიზი, გენომი და აღმოჩნდა, რომ ეს არის საუკეთესო ფუტკარი დედამიწის ზედაპირზე. ეს ძალიან დიდი საქმეა. თავად გახლავართ ამ კვლევის ერთ-ერთი თანაავტორი, ინიციატივა ჩვენი იყო და წარმატებით განვახორციელეთ. ბუნებრივ ძეგლებთან დაკავშირებით უკვე გვაქვს სამასგვერდიანი მონოგრაფია, რომელიც ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოიცა. გვაქვს უნიკალური მღვიმეები ოცინდალეს ზემოთ. არსებობს დეიძახის ერთიანი მღვიმური სისტემა, რომელიც შემდგომში ტურისტული თვალსაზრისით უნდა გამოვიყენოთ. უახლოეს პერიოდში დამთავრდება ოცინდალემდე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის შემდეგაც ვფიქრობთ, რომ მოგვეცემა ზესნახეს მღვიმის, ხაბერდოვანასა და ფოთოლცვენის უფსკრულების კეთილმოწყობის შესაძლებლობა. ეს ყველაფერი გარკვეულ ფინანსებთან იყო დაკავშირებული. თანხების ნაწილი თავად გავიღეთ, თუმცა ყველაზე დიდი დახმარება ბატონმა ნოდარ წირამუამ გაგვიწია. ტობავარჩხილისა და ოკეანის ბანერები მან სრულიად უსასყიდლოდ დაგვიმზადა, რისთვისაც გვინდა უღრმესი მადლობა გადავუხადოთ. – მუზეუმში წარმოდგენილი ვეშაპის ჩონჩხი მართლაც უნიკალური ექსპონატია… – დიახ, ეს მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩენაა. დაახლოებით ნახევარი მილიონი წლის წინ ქვაბულში ჩარჩენილი ვეშაპის ჩონჩხი სარაჯოში იქნა ნაპოვნი. საკითხი პალეონტოლოგების მიერ არის შესწავლილი და ის ჩვენი მუზეუმის ნამდვილი მშვენებაა. მთავარი ის არის, რომ რაიონის ხელმძღვანელობა ტურიზმით დაინტერესებულია. შექმნილია სპეციალური კომისია და ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. ერთბაშად ყველაფერი ვერ გაკეთდება, მაგრამ თანდათანობით ვხედავთ წინსვლას: ხდება ხუნჯის ჩანჩქერის ათვისება, საუბარია ტობავარჩხილის გზის რეაბილიტაციაზე, მზად არის ნაზადელოვას მღვიმის ათვისების პროექტიც. ამ პროცესის დაწყებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მთავარი აქცენტი მაინც დეიძახის მღვიმური სისტემის გახსნაზე გაკეთდება, რათა მასობრივი ტურიზმის განვითარებას შევუწყოთ ხელი. ჯერ კიდევ ბევრი რამ არის შესასწავლი და უახლოეს მომავალში ამ მიმართულებითაც სერიოზულად ვიმუშავებთ. სიახლე ვიზიტორებისთვის მუზეუმში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტა: ვიზიტორებს უკვე შეუძლიათ ნებისმიერი ტურისტული თუ საინფორმაციო მასალა, მათ შორის ტობავარჩხილისა და მუნიციპალიტეტის სხვა ღირსშესანიშნაობების შესახებ, მარტივად — სპეციალური QR კოდის დასკანერებით მიიღონ 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge Following Author previous post ჩხოროწყუობა 2026