17 ავტორი: ნუგზარ ჟვანია წყარო: გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“, 1997 წელი, №166 შესავალი (პრეამბულა): მენჩურუა, იგივე წყალჭიდი, კოლხ მებრძოლ ზღვაოსანთა მიერ შექმნილი უნიკალური სპორტული ტრადიციაა, რომელიც დაახლოებით 3 ათასწლოვან ისტორიას ითვლის და მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში რაინდული თვისებებისა და წყალში გადარჩენის უნარ-ჩვევების გამომუშავებას. წინამდებარე მასალა ეყრდნობა ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში დაცულ, გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებულ საარქივო წერილს, რომელიც სოფელ მუხურის ფიზკულტურის ყოფილი მეთოდისტის, ჯანიკო ბასილაძის ჩანაწერებსა და მოგონებებს ეფუძნება. იგი მოგვითხრობს სამეგრელოში შემორჩენილი ამ უნიკალური ორთაბრძოლის წესების, ისტორიისა და სახელოვანი ფალავნების შესახებ. თურმე წყალში პაექრობის ტრადიციაც გვქონია გიორგი ჯიქიას ფოტო ქართველი ერის ისტორიული წარსული ხალხის წიაღში აღმოცენებულ ისეთ მრავალ ფაქტს იცნობს, როცა საგანგებო თამაშები თუ ვარჯიშები ახალგაზრდებში რაინდული თვისებების ჩამოყალიბებას, საკუთარი თავისა და ქვეყნის თავდაცვისათვის მზადყოფნას, უბრალოდ, ყოფითი ხიფათის დროსაც კი სიცოცხლის გადარჩენისა და სხვისი დახმარების ელემენტარული ცოდნისა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას უწყობდა ხელს. ამ მხრივ განსაკუთრებით მდიდარია სამეგრელო, რაც წარსულ საუკუნეებში უცხოელ მოგზაურთა ჩანაწერებშიც აისახა. თემა, რომელიც „ლელოს“ დღევანდელ ნომერში წამოიჭრა, ჩვენი გაზეთის ჩხოროწყუელი კორესპონდენტის ნუგზარ ჟვანიასადმი ამავე რაიონის სოფელ მუხურის ფიზკულტურის ყოფილი მეთოდისტის ჯანიკო ბასილაძის მიერ გაგზავნილმა წერილმა გვიკარნახა. აი, რას წერს იგი: „ჩვენს წინაპრებს შემუშავებული ჰქონდათ ცურვის შესწავლისა და წყალში უბედური შემთხვევისას ადამიანის დახმარების სისტემა, ამასთან, ეუფლებოდნენ წყალში ორთაბრძოლის ილეთებს. გთხოვთ, როგორც „ლელოს“ კორესპონდენტმა, გამიწიოთ თანადგომა, რათა სპორტული ორგანიზაციების ხელშეწყობით ჩატარდეს საჩვენებელი შეჯიბრება „მენჩურუაში“ ივლისში ან აგვისტოში“… ნუგზარ ჟვანია– ღვაწლმოსილი ჟურნალისტი. არაერთი წიგნის და პუბლიკაციის ავტორი. იმ პერიოდში მუშაობდა გაზეთ ” ლელოს” კორესპოდენტად ჩხპროწყუში, თანამშრომლობდა “საქართველოს რესპუბლიკასთან. ჯანიკო ბასილაძე იყო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ზუმში მოღვაწე ცნობილი ადგილობრივი სპორტული მოღვაწე და პედაგოგი. “მენჩურუას” აღდგენის ინიციატორი იგი აქტიურად იყო ჩართული ჩხოროწყუს რაიონის სპორტულ ცხოვრებაში, კერძოდ, სოფელ ზუმში ხელმძღვანელობდა და ხელს უწყობდა სხვადასხვა სპორტულ საქმიანობასა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. მისი სახელი და მოღვაწეობა შესულია ნუგზარ ჟვანიას მოგონებების წიგნში, რომელიც ჩხოროწყუსა და კონკრეტულად ზუმის რაიონულ სპორტულ და საზოგადოებრივ ცხოვრებას ეძღვნება. ჯანიკო ბასილაძემ პირად წერილს დაურთო „მენჩურუას“ ვრცელი აღწერა, რაც, ვფიქრობთ, საინტერესო იქნება მკითხველისთვის, მაგრამ საგაზეთო ფართის სიმცირის გამო შემოგთავაზებთ მხოლოდ მთავარ არსს და ზოგიერთ საყურადღებო წესს. თავდაპირველად იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს „მენჩურუა“. ესაა მეგრული სიტყვა და გულისხმობს ერთმანეთთან მიცურვას, ორთა ოსტატურ შერკინებას წყალში… 1940 წლის შემდეგაც ყოფილა შემორჩენილი იგი სამეგრელოს ზოგიერთ სოფელში. „ამ სახეობის ოსტატებად ითვლებოდნენ მუხურელი ისაკი გახარია, ზუმელი ბაბილო ბერაძე“ საგანგებო ადგილი საპაექროდ შერჩეული ყოფილა ზუმის ეკლესიასთან ახლოს, ქვემოთ ყოფილა ღრმა წყალი, რომელსაც „ოხვამეშიშ მართუს“ (სალოცავის მორევი) და „მიშაკინელს“ (შეწეულს) ეძახდნენ. „ნათლისღებისას, ე.ი. 19 იანვარს, მოვიდოდა ზუმისა და მუხურის მღვდელი და „მიშაკინელის“ შუაში ოქროს ჯვარს ჩაუშვებდა. ვინც მას ამოიტანდა, ჯილდოვდებოდა. მისი წყალში ჩატოვება არ შეიძლებოდა. ყოფილა შემთხვევა, რამდენიმე დღე ვერ ამოუტანიათ, სანამ ჯვარი მოიძებნებოდა, უნდა ედარაჯათ, და როცა ამოიღებდნენ, ზარბაზანს დააქუხებდნენ, რომ ქვეყნისათვის ემცნოთ“. ..„მენჩურუას“ მონაწილენი ღრმად შედიოდნენ წყალში და ნიშანზე დაიძრებოდნენ ერთმანეთისაკენ, წყლის აუმღვრევლად, მხოლოდ „ბაყაყურით“. ისინი სხვადასხვა ილეთით ცდილობდნენ ერთმანეთის ჩაძირვას. დამარცხებული იყო ის, ვისაც წყალი თავზე გადაუვლიდა. ზოგჯერ ორივე ერთდროულად იძირებოდა, მაგრამ გამარჯვებულად იმას მიიჩნევდნენ, ვინც ადრე ამოჰყოფდა თავს. დადგენილი იყო აკრძალული ილეთები. უამრავი ხალხი დადიოდა მოასპარეზეთა ოსტატობის სანახავად და იხიბლებოდნენ კიდეც. ის კი არა, ყველა ილეთს კონკრეტული პასუხი ჰქონდა, შეგვეძლო ეს მიგვეწერა მოპაექრეთა ბრძოლის ჟინს; აღფრთოვანებდა დამსწრეთ. „მენჩურუა“ წყვილთა ჭიდილია, მაგრამ 10-20 კაციანი ჯგუფებიც ერკინებოდნენ თურმე ერთმანეთს. „მენჩურუას“ ილეთებს პატარებს უფროსები გვასწავლიდნენ… უკვე მას შემდეგ, რაც ცურვას დავეუფლებოდით. გვასწავლიდნენ აგრეთვე წყალში ადამიანის გადარჩენის ილეთებს“. რედაქციაში წარმოდგენილ ვრცელ მასალაში ბევრი რამ გვეგულება საყურადღებო. თუ ვინმე დაინტერესდება (იქნებ სპორტის მკვლევართა რიგებიდანაც), მზად ვართ გავაცნოთ იგი. „ლელოს“ რედაქცია სთხოვს ზუგდიდისა და რეგიონის სპორტის ხელმძღვანელებს, ხელი შეუწყონ ენთუზიასტს, იქნებ სწორედ პირველი საჩვენებელი შეჯიბრება გახდეს ამ ხალხური ტრადიციის აღდგენის დასაწყისი, ტრადიციისა, რომელიც ესოდენ საჭიროა ჩვენი მომავალი თაობებისათვის. მასალები მოგვაწოდა ნუგზარ ჟვანიამ, „ლელოს“ საკ. კორ. ჩხოროწყუში. P.S. საქართველოში, რომ არაფერი ვთქვათ შავ ზღვაზე, უამრავი მდინარე, ტბა და წყალსაცავია. ამის მიუხედავად, მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ცურვა არ იცის, რაც, საუბედუროდ, ყოველწლიურად უამრავ ადამიანს გვაცლის ხელიდან. ცურვის ცოდნა კაცობრიობისათვის გადარჩენის ერთ-ერთი საშუალებაცაა. იქნებ დადგა დრო, საქართველოში ცურვის პრობლემის მოგვარებას სახელმწიფოებრივი პოზიციებიდან შევხედოთ. „საქართველოს რესპუბლიკა“ თავის ფურცლებზე არაერთხელ მიუბრუნდება ამ საკითხს. 3. დ. მენჩურუა 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge Following Author previous post მუხურის საყმაწვილო თეატრალური სტუდია’ალიონი” -“მუსიკის ჰანგები” next post მენჩურუა ტრადიციის დასაწყისი 1997 წელი