ხაბუმის საშუალო სკოლის შენობის მიშენებითი სამუშაოების შესრულებისას ბულდოზერისტმა რობო შენგელიამ საძირკვლის ამოთხრის დროს შემთხვევით წააწყდა აკლდამას (სამაროვანს).

აკლდამა მდებარეობს ხაბუმის სადადიანო სახლის აღმოსავლეთით, დაახლოებით 20 მეტრის მანძილზე და, როგორც ჩანს, დღემდე ერთადერთი მსგავსი ნაგებობაა ჩვენი რაიონის ტერიტორიაზე.
ნაგებობის აღწერა
მოკლე ანოტაცია:
აკლდამა ნაშენებია ხობისწყლის მსხვილი რიყის ქვისაგან, კირის დუღაბით.
მისი ფართობი დაახლოებით ათ კვადრატულ მეტრს შეადგენს, კედლის სისქე საშუალოდ 80 სანტიმეტრია, ზოგ ადგილას კი ერთ მეტრამდეც აღწევს.
ნაგებობა უფრო მეტად ჰგავს სწრაფად და სახელდახელოდ აშენებულს, ვიდრე საგულდაგულოდ დაპროექტებულსა და ცხედართა პატივისცემით შესრულებულ სამარხს.
ვერსიების განხილვა
შეიძლება ეს აკლდამა ხაბუმის სადადიანოს საგვარეულო სამაროვანი იყოს?
ქვემოთ მოყვანილი გარემოებებიდან გამომდინარე, ეს ვერსია გამორიცხულია:
- დადიანთა მმართველობის დროის მომსწრე სოფლის უხუცესებს არ ახსოვთ ამ აკლდამის შესახებ რაიმე გადმოცემა.
- საეჭვოა, რომ „ერთბაშად მკვდარნი“ ან „ერთბაშად გაწყვეტილი“ ასე მრავალი დადიანი სახლთან ახლოს, თვალსაჩინო ადგილას, სახელდახელოდ აგებულ აკლდამაში დაეკრძალათ პირადი ნივთებისა და ძვირფასეულობის ჩატანების გარეშე — რაც არ შეესაბამება მაღალი სოციალური სტატუსის მქონე გვარების დამკრძალავ ტრადიციებს.
დაკრძალვის ტრადიცია
საფლავებში ნივთთა (ძვირფასეულობის) ჩატანის ტრადიცია საქართველოში მე-12 საუკუნიდან ცნობილია, თუმცა მე-13–14 საუკუნეებში ეს პრაქტიკა ნაწილობრივ შეწყვეტილი იყო მტერთა მემოსევებათა გამო, რადგან ისინი ქრისტიანთა საფლავებს ძარცვავდნენ.
ტრადიცია კვლავ აღდგა მე-17–18 საუკუნეებში და დადიანებსაც, როგორც გავლენიან თავადებს, წესით უნდა ჰქონოდათ მსგავსი ჩვეულება დამკვიდრებული.
აკლდამაში აღმოჩენილი ყურებიანი თიხის ჭურჭლის ნატეხი ამ ტრადიციის არსებობის ერთმნიშვნელოვან დასტურად არ არის საკმარისი.
ასევე არც ერთი წყარო არ მიუთითებს ჟამიანობისა ან ჭირის შემთხვევებზე, რაც ერთბაშად მრავალი ადამიანის დაკრძალვას ახსნიდა.
არასოდეს ყოფილა მიღებული ქრისტიანულ გარემოში, რომ ადამიანთა დიდი რაოდენობა სახელდახელოდ აგებულ ერთ აკლდამაში დაემარხათ „პირუტყვივით“ — ეს მხოლოდ საბრძოლო ველზე ხდებოდა, როცა გარდაცვლილთა დაკრძალვა დროულად იყო შეუძლებელი და ისინი საერთო საძმო საფლავებში იკრძალებოდნენ.
სხვა მოსაზრებები
ასევე გამორიცხულია ვარაუდი, თითქოს მომხდურ ყაჩაღებს ეშენებინათ ეს აკლდამა ხაბუმის იმ დროისთვის თითქმის დაუკაცრიელებულ ტერიტორიაზე — მსგავსი ფაქტი არც წერილობით წყაროებში გვხვდება და არც ზეპირ გადმოცემებში.
ბოლოს და ბოლოს, რაში შეიძლება იყოს საქმე?
შესაძლოა, ხაბუმის ტერიტორია გარკვეულ პერიოდში ბრძოლების ასპარეზი ყოფილიყო:
მტერი დროებით გაჩერდა, „ჩვენებმა“ უკან დაიხიეს და კონტრშეტევას ამზადებდნენ.
ამასობაში მტერმა საკუთარი დაღუპულები სახელდახელოდ აგებულ აკლდამაში ჩაასვენა, რიყის ქვითა და კირის დუღაბით საიმედოდ გადახურა და მიწაც მოაყარა.
დროის გასვლასთან ერთად ნაგებობა დავიწყებას მიეცა და მხოლოდ შემთხვევით იქნა აღმოჩენილი.
დასკვნა
ამრიგად, თუ მას დროებით „ხაბუმის სადადიანოს აკლდამად“ მოვიხსენიებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ნაგებობა ჩვენი ისტორიული წარსულის ერთ-ერთ საიდუმლოს ინახავს.
მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი ვარაუდებისა, საკითხი გახსნილად ვერ ჩაითვლება — საჭიროა დამატებითი კვლევა და სპეციალისტთა ჩართვა.
მივესალმებით სხვა მოსაზრებებსაც ამ საინტერესო თემაზე.