ჩხოროწყუს პედაგოგიურ საზოგადოებას, სრულიად ჩხოროწყუს, დღემდე კარგად ახსოვს ჩვენი სკოლის გამორჩეულად ღირსეული პედაგოგი, ქალბატონი ლიდა ნაჭყებია, რომელმაც თავისი შეგნებული ცხოვრების უდიდესი ნაწილი პირველი სკოლის კედლებში გაატარა,
უამრავი კურსდამთავრებული დააკვალიანა, გააცილა ცხოვრების დიდ გზაზე, საგზლად წესიერება და ქვეყნის სიყვარული უსახსოვრა. ლიდა მასწავლებლის ორივე ვაჟმა, სოსომ და ლევანმა სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და დღეს ღირსეული ოჯახები ჰყავთ.
სწორედ ლევან კაჭარავას ვაჟი გახლავთ ნიკოლოზ კაჭარავა; ის მე-10 კლასის წარმატებული მოსწავლეა, მაგრამ გარდა სკოლაში წარმატებებისა, მისით მთელი საქართველო ამაყობს: ნიკა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია ჭადრაკში ასაკობრივ ჯგუფში; ნიკა მეორედ გვესტუმრა სკოლაში, მოყვარულ მოჭადრაკეებთან თამაშის ერთდროული სეანსი ჩაატარა და სკოლას ( „ბებიას სკოლა“- თავად ასე ამბობს) საჩუქრად გადასცა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან ჯილდოდ მიღებული კომპიუტერი! დღე მხოლოდ ამ საჩუქრის მიღებით არ დასრულებულა: ლიდა მასწავლებლის ვაჟებმა, სოსომ და ლევანმა დედის სახელობის ფონდიდან სკოლის სასიკეთო საქმეების კეთება გადაწყვიტეს!