დეკანოზი სამსონის ბაბუა დავით თოდუა ასევე იყო მღვდელი სოფელ თაიაში. დეკანოზ სამსონს ჰყავდა ოთხი ძმა (ბესარიონი, ათანასე, აკი, თეოდორე) და ორი და.
ხუთივე ძმა იყო სასულიერო პირი. ამაში დიდი წვლილი მიუძღოდა მათ ბაბუას მღვდელ დავითს. დეკანოზმა სამსონმა დაამთავრა ოდესის სასულიერო სასწავლებელი. ძმებიდან ჩხოროწყუში დარჩა ორი- დეკანოზი სამსონი და დეკანოზი ათანასე. დანარჩენები მსახურობდნენ ზუგდიდსა და ქუთაისში. ხუთივე ძმის სახელს უკავშირდება დაწყებითი სკოლებისა და ბიბლიოთეკების ორგანიზება იმ ადგილებში, სადაც მსახურობდნენ. დეკანოზ სამსონს ჯუმითში დაუარსებია ორკლასიანი სკოლა, რომელიც შემდეგ ოთხწლედად გადაუკეთებიათ. აშკარაა, რომ ასეთი საქმიანობა უკავშირდებოდა იმ პერიოდში ქვეყანაში არსებული საქართველოში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოღვაწეობას.
დეკანოზი სამსონი იყო ძალიან განათლებული პიროვნება. ზუგდიდისა და სენაკის სასულიერო სკოლებში იგი სჯულის კანონს ასწავლიდა. ამ სკოლებში მისი დასწრების გარეშე არც გამოსაშვები გამოცდები ტარდებოდა და არც სწავლის დასრულების ცნობა გაიცემოდა.
დეკანოზმა სამსონმა გერმანიიდან გამოიწერა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების იარაღები, რაც სოფლის მოსახლეობისთვის იმ დროსთვის ნამდვილი საოცრება იყო. მას ასევე წვლილი მიუძღვის სოფელ ხაბუმის ფოსტის დაარსებაში.
სოფელ ჯუმითში ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით დეკანოზმა სამსონმა ააგო ხის პატარა ეკლესია( ცნობა დაზუსტებას მოითხოვს. ჯუმითის წმიდა გიორგის ეკლესია სამსონამდე არსებობდა. ალბათ მან გადააკეთა ან დანგრეული ააშენა -რედაქცია ), სადაც მსახურობდა და იყო წინამძღვარი. ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ 1921 წელს მას აუკრძალეს მსახურება, ეკლესია კი საწყობად გადააკეთეს.
( 1930 წელს ხაბუმის ოლქის მღვდელუხუცესი სამსონ თოდუა ეკლესიიდან “მიდის”)
თუმცა დეკანოზი სამსონი გადაურჩა დაპატიმრებას, დაინდეს, რადგან ბოლშევიკებს შორის ბევრი იყო მისი ყოფილი მოსწავლე. ამის შემდეგ დეკანოზი სამსონი სახლში მალულად ასრულებდა იმ რიტუალებს, რისი უფლებაც კანონიკურად მღვდელმსახურს აქვს სახლის პირობებში. წლების შემდეგ კი ეკლესია საერთოდ დაანგრიეს. ამ ფაქტის გამო, ნერვიულობის ნიადაგზე დეკანოზი სამსონი ავად გახდა და 1938 წელს გარდაიცვალა.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი ქალიშვილის ოლღას მხრიდან დეკანოზი სამსონის შვილთაშვილი იყო მცხეთის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილია კარტოზია, რომელიც 2014 წელს, 27 წლის ასაკში, წმ. ნიკოლოზის საფლავის მოსალოცად იტალიაში მიმავალი გემის ჩაძირვისას ადრიატიკის ზღვაში დაიღუპა, დაუთმო რა თავისი ადგილი ბავშვს სამაშველო ნავზე.
ცნობა მოგვაწოდა ლია თოდუამ
მისი თქმით ქვემოთ მოთხრობილი არის მამაჩემის რენო თოდუას მონაყოლი. დეკანოზი სამსონი იყო მისი ბაბუა.