1.1ათასი
“სოხუმში მოსალოდნელია წვიმა”…
გურამ ოდიშარია
სოხუმში დიდხანს იწვიმებს, გურამ,
ცოდვის ღრუბლებმა ასე იციან.
ის პალმა-ქალი და გედი-სურა
თვალმა სარჩევშიც ვერ მოიძია.
ალბათ, ხმებიან დაჭრილი ხენი –
ვეღარ არწევენ მთვარეს – სნებიანს;
იასამნებიც, თავშეუხვევნი,
დამშრალ მტევნებით ცას აშრებიან.
გახსოვს, ბოლო დღე: პარკინსონიან
ზღვას რომ კანკალით მიჰყავდა ბავშვი
და მონაზონმა კიპარისმა – ძველ
ხელთათმანივით წაიძრო შაშვი.
ნაღმის ქოლგები თუ გახსოვს… ის ცა
კვლავ სიზმარ-სიზმარ დამაქვს ბეჭებით…
და მენანება სხვის თითზე რიწა –
გაწბილებული სასძლო ბეჭედი.
და მენანება ის კოინდარი,
ის აკლასხანი, მყნობა ის ხამი,
და რიჟრაჟივით ჟრჟოლვა კოდორი –
კალმახები რომ სხია სისხამი.
იქ, ალბათ, ისევ წვიმს და ქარია,
უხსენოდ ჭკნება კვირტი და კერტი;
ასე გაუშრა ძუძუ მარიამს,
ოდეს კალთიდან გადმოსვა… ღმერთი.
შრება: კალამსაც ვერ გააქვს პწკარი,
ვით გუთნეული – დაღლილ წეროებს.
გაგრის პანაშვიდს ვერ დავესწარი…
გასასვენები მყავდა მეორე.
დავჩერებივარ სტრიქონს ნაკიანს –
თითს რომ აყოლებს ნოსტრადამუსი…
შენს წიგნს წერტილი აღარ აკლია,
მაგრამ… სამძიმრის ცრემლი დავუსვი.