იურიდიული კვლევის ცენტრის დირექტორი თეიმურაზ მალანია თავის გვერდზე განცხადებას ავრცელებს
მინდოდა უფრო ადრეც დამეწერა ეს შეფასება, მაგრამ მთელ რიგ საქმეებზე ვიყავი ბოლო დღეები გადართული და ვერ მოვახერხე, თუმცა, ვფიქრობ, არც ახლაა გვიანი:
გახარიას პოლიტიკური ამბიციები (სავსებით ჯანსაღი) დღითი-დღე უფრო თვალშისაცემი ხდება. ეს ამბიცია, თავის მხრივ, ორი სრულიად ობიექტური გარემოებით არის განპირორებული – მაღალი რეიტინგი (ხალხის ფართო მასებში მისი პერსონისადმი არსებული პოზიტიური განწყობანი) და მმართველ რგოლში ყოფნის ღირებული გამოცდილება (ფაქტობრივად, მოსვლის დღიდან გახარია მენეჯერის ამპლუაში იყო, სხვადასხვა პოზიციაზე და სხვადასხვა უწყებრივი მიმართულებით). ცხადია, ეს გარემოებანი კარგად აქვს აღქმული და გაცნობიერებული თავად ბატონ გიორგის და შესაბამისად აწყობს სამომავლო გეგმებსაც!..
მჯერა, რომ ეს არ არის უბრალო პოლიტიკური ახირება, ამბიცია ან აპრიორი ხელისუფლებაში მოსვლის თვითმიზანი, ნებისმიერ ფასად, ნებისმიერი მეთოდებით… – არა! ეს არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანის სწორი და პრაგმატული გათვლა, მიმართული დესტაბილიზაციის აღმოფხვრისა და პოლარიზაციის შესუსტებისკენ! მთავარი არის შედეგი და შედეგზე ორიენტირებული მოქმედება! თუ კი გიორგი გახარიას პოლიტიკამ, მნიშვნელოვანი სასიკეთო ძვრები მოუტანა ქვეყანას, პირადად ჩემთვის (და ვფიქრობ საერთოდ საზოგადოებისთვის) ნაკლები მნიშვნელობა ექნება ვინ და რა დგას მის უკან, რა სახის ფულადი რესურსი, რა სახის ქვენაგრძნობებით ოპერირებს და სხვა… მთავარია რომ ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ორიენტაცია და ვექტორი იყოს შეუქცევადი და კიდევ უფრო მყარად დავდგეთ ამ გზაზე!
გახარიას გუნდს რაც შეეხება – რამდენიმე მათგანს პირადად ვიცნობ, თან საკმაოდ ახლოს (არ დავკონკრეტდები, მათი ნებართვის გარეშე) და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძირითადი ნაწილი ინტელიგენტი ხალხია, თავისი პრინციპებით და ღირებულებით! ასე რომ არ იყოს, ამგვარ თამამ ნაბიჯს არ გადადგამდნენ და კვლავაც მმართველი ძალის საფარ ქვეშ გააგრძელებდნენ უმტკივნეულოდ ლავირებას, ნაკლები პრობლემებით და რისკებით! – მაგრამ, მათ სწორედ რომ რისკის ზონაში გადასვლა და საკუთარი თავისთვის დისკომფორტის შექმნა არჩიეს! რატომ? იმიტომ რომ მათთვის იდეალები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალოდ მშრალი სიტყვათაწყობა, პარტიული სტატუსი ან რაიმე სახის სახელისუფლებო პრივილეგია
დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის ყბადაღებული პროექტი – ,,ქართული ოცნება 2″. მცირე ანალიზი და ოდნავი პოლიტიკური ალღოც საკმარისია ამის გასაცნობიერებლად. ერთი ხელით ოცნების თამაშს თამაშობდე და მეორე ხელით იმ ტოტს ჭრიდე, რომელზეც ზიხარ, ცოტა უცნაურია… ლამისაა ოცნებამ უმრავლესობა დაკარგოს პარლამენტში… ამ ექვსი ადამიანის წასვლას თუ დომინოს ეფექტი ექნება და დანარჩენებიც მიყვნენ (სულ 9 კაცია ეხლა ამისთვის საჭირო), წარმოგიდგენიათ რამდენად ცუდი სცენარი აღმოჩნდება ეს მმართველი ძალისთვის? ეხლა არ თქვათ, ქართულ ოცნებას თავად ჰსურს უმრავლესობა დაკარგოსო არამგონია ვინმე იქ ასეთი მაზოხისტი იყოს და პოლიტიკურ სუიციდზე წავიდეს ნებით! შესაბამისად, ე.წ. გახარიას გუნდი დგამს საკმაოდ ხისტ ნაბიჯებს (საწყისი ეტაპისთვის) და მათი ამ ნაბიჯებით სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქართულ ოცნებას. მაშინ, რა ლოგიკით გამოდის ეს ხელისუფლების მორიგი ბლეფი ან ავანტიურისტული სცენარი? არც ერთი ლოგიკით. აქვე აღვნიშნავ, რომ მივესალმები გახარიას გუნდის მხრიდან მაინც უფრო მოზომილ განცხადებებს – დიპლომატიას და ოქროს შუალედის დაჭერას ალტერნატივა არ გააჩნია, არც ერთ ვითარებაში და მსგავსი თავდაჭერილი საუბრის რიტორიკა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს შემადგენლობა ჯერ კიდევ ქართული ოცნების წისქვილზე ასხამს წყალს.
რაც შეეხება რამდენიმე პასუხგაუცემელ კითხვას (მაგ: 20 ივნისთან დაკავშირებით, ასევე, ია კერზაიას საქმე, ანაკლიის პროექტი და მსგავსი რეზონანსული შემთხვევები…) მჯერა, რომ ყოფილი პრემიერი საჯაროდ გამოვა და ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის მთელს საზოგადოებას, აღნიშნული საკითხების თაობაზე.
გიორგი გახარია გახლავთ გამორჩეული თვისებების მქონე ადამიანი – ეს გარეშე დაკვირვებითაც ნათლად ჩანს. ჩემთვის ცალსახა პრიორიტეტი არის მისი უზადო განათლება და ქარიზმა და მჯერა, რომ მთელ გუნდს ასევე განათლებული და ქარიზმატული პერსონებით დააკომპლექტებს, მათ შორის ახალგაზრდულ სეგმენტსაც მას შეუძლია ეს ნავსი გატეხოს… დაამსხვრიოს დრომოჭმული მითი იმის შესახებ, რომ ახალგაზრდები მხოლოდ ბრმა იარაღები არიან პოლიტიკოსების ხელში, ახალგაზრდული პროტესტი კი ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ რუპორებით და აგრესიული ყიჟინით ამა თუ იმ საჯარო დაწესებულებაზე იერიშის მიტანას ან თავისუფალი მიმოსვლის საშუალებების პარალელიზებას. ეს არის მარაზმი! და ვიმედოვნებ, რომ ამ საშინლად მანკიერ დამოკიდებულებას დრო და დრო მაინც აგვარიდებს თავიდან ყოფილი პრემიერი, მისი დინჯი და სწორხაზოვანი პოლიტიკით.P.S. მე ვიყავი ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერი, მაგრამ აღარ ვარ და არც ვაპირებ ვიყო! ყველას მოვუწოდებდი მხარი დაუჭიროს იმ ადამიანს, რომელსაც მართლაც შეუძლია ქვეყნის გამოყვანა ამ მძიმე კრიზისიდან, რომელსაც შეუძლია, რომ თავად გახდეს იშვიათი კომპომისის მაგალითი და რომელსაც ძალუძს საფუძველი ჩაუყაროს ჯანსაღ და კონსტრუქციულ პოლიტიკურ პროცესებს, ქართულ სინამდვილეში! და რაც მთავარია – გიორგი გახარიას ერთმნიშვნელოვნად შეუძლია, ჩამოაყალიბოს რეალური ახალი ძალა, (ის ძალა, რომელსაც ასე დიდი ხანია, მოწყურებული, ითხოვს ჩვენი ამომრჩეველი და უკვე ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობაც)!.