მთავარი გვერდი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ციფრული არქივი ნუგზარ ჟვანია-როგორ ვითარდებოდა ჩხოროწყუში ფეხბურთი

ნუგზარ ჟვანია-როგორ ვითარდებოდა ჩხოროწყუში ფეხბურთი

მოგონებები ჩხოროწყუს ფეხბურთზე

არნოლდ ჟვანია
არნოლდ ჟვანია

,,ფეხბურთი პრიორიტეტად გავიხადეთ მას შემდეგ, რაც პირველ

მდივნად კარლო ქაჯაია მოვიდა. მას გვერდით დაუდგა როგორც ბიუროს მთელი შემადგენლობა, ისე რაიონის სამეურნეო ხელმძღვანელობა, მთელი აქტივი. მარტო გეგმების შესრულება როდი იყო საკმარისი, კულტურის,

სპორტის აღორძინებაც იყო საჭირო, რადგან ჩვენი შრომისმოყვარე ადამიანებს გართობის შესაძლებლობაც ჰქონოდა.

ისეთი გუნდი უნდა გვყოლოდა, რომელიც კონკურენციას გაუწევდა ნებისმიერ მეტოქეს. მართალია, ყველაფერს კანონის ფარგლებში ვერ ვაკეთებდით, მაგრამ ვცდილობდით უხეში დარღვევა არ გამოგვსვლოდა.

 ჩხოროწყუ პატარა რაიონია და თავის გამოჩენა შრომითი მიღწევების შემდეგ

სპორტითა და კულტურით თუ შეიძლებოდა  და, ჩვენ ეს შევძელით. გვყავდა კარგი სიმღერისა ცეკვის ანსამბლი ვახტანგ მიმინოშვილის ლოტბარობით და ფეხბურთელთა გუნდი, რომელიც სასახელო იყო თითოეული ჩხოროწყუელისათვის”.

მირიან გაბუნია: (პარტიის ჩხოროწყუს რაიკომის ინსტრუქტორი, კომკავშირის

რაიკომის პირველი მდივანი, საორგანიზაციო განყოფილების

გამგე, ბიუროს წევრი).

 ,,უშუალოდ დავალებული მქონდა კურირება გამეწია

ფეხბურთისათვის. ეს არც თუ ისე ადვილი საქმე იყო, რადგან პირველი ლიგა დაკომპლექტებული იყო ძლიერი გუნდებით. მასეთი ჩემპიონატი დღეს ბევრ ქვეყანას შეშურდებოდა. ყველასათვის ცნობილია კარლო ქაჯაიას სიმკაცრე სამსახურებრივი მოვალეობის დროს, მაგრამ თუ რამე დარღვევა ან გადაცდომა გვექნებოდა ფეხბურთის გამო, გვპატიობდა. ყველაფერი კანონის ფარგლებში არ ეტეოდა. ზოგჯერ რისკზეც მივდიოდით.

ისეთი მაფიური კლანები იყვნენ გაბატონებული როგორც ფეხბურთის ფედერაციაში, ისე რაიონებში, რომ მოგებულ თამაშს თვალწინ აგაცლიდნენ. გუნდი კი თამაშობდა კარგად, მაგრამ პატრონობაც უნდოდა და ამიტომ ასი თვალი და ასი ყური უნდა გქონოდა, ვინმეს რომ არ დაეჩაგრე.

თავიდან გულუბრყვილოდ ვიყავით, მაგრამ მივხვდით, ასე შორს ვერ წავიდოდით და ჩვენც ავმოქმედდით, გამოვიყენეთ ყველა რესურსი, რათა გუნდს წარმატებები ჰქონოდა. ყოველთვის გვყავდა კარგი მწვრთნელი, კარგი ფეხბურთელები. მათ მაღალ ანაზღაურებას ვაძლევდით, ვაფორმებდით სხვადასხვა შრომით კოლექტივებში, შეღავათს ვაძლევდით სამხედრო სამსახურში გაწვევისას და სხვ. ცოტა როდია, ,,სამეგრელო” ორჯერ გავიდა საქართველოს თასის ფინალში. ორივეჯერ დავმარცხდით, იმიტომ რომ გამოცდილება არ გვეყო, ეტყობა ჩვენზე უკეთ იმუშავეს მოწინააღმდეგე გუნდის მესვეურებმა. ბოლნისის ,,სიონთან” დამატაბით დროში წავაგეთ, თბილისის ,,სპარტაკთან” უმეტესი ფეხბურთელი საჭმლით მოიწამლა და სიცხიანი დარბოდა მინდორზე. რა მოხდა ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს.

 ერთი სიტყვით, ,,სამეგრელო” ქუხდა და წლების განმავლობაში საჩემპიონო თამასას ელაციცებოდა. რამდენჯერმე იყო საპრიზო ადგილებზე”. ცოტა რამ ბატონი მირიანის შესახებ: იგი ჩხოროწყუს რაიკომიდან გადაიყვანეს მშობლიური გეგეჭკორის (მარტვილი) რაიკომის მეორე მდივნად.ბოლოს იყო დიდი ჭყონის საბჭოთა მეურნეობის დირექტორი. აქ მან შექმნა საფეხბურთო გუნდი ,,მამული”, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის

მესამე ჯგუფში წარმატებით გამოდიოდა. გააკეთა ჩინებული სპორტული ბაზა, საფეხბურთო მოედანი, სასტუმრო და სხვ. ერთი სიტყვით, ფეხბურთზე უზადოდ შეყვარებული პიროვნება ბრძანდებოდა და ამ დიდ სიმპათიას ყველგან ავლენდა. დღეს ბატონი მირიანი თბილისში ცხოვრობს, მოღვაწეობს და რჩება ქართული ფეხბურთის დიდ გულშემატკივრად, ისე ჩვენი რაიონის ერთ-ერთ საუკეთესო მეგობრად.

ვალერი
ვალერიან ახალაია

ვალერიან ახალაია: პარტიის ჩხოროწყუს რაიკომში 40 წელი ვიმუშავე პროპაგანდა აგიტაციისგანყოფილების გამგედ და უშუალოდ მევალებოდაკურირება გამეწია სპორტის ყველა სახეობისადმი. რადგან ჩვენს რაიონში პრივილეგირებული იყო ფეხბურთი, მთელი ძალისხმევა აქეთგვქონდა გადატანილი. საინტერესო იყო 50-იანი წლების ფეხბურთი, რომელსაც მიხეილ ცანავა და შალვა ხუნტუა ხელმძღვანელობდნენ და 80- იანი წლების ,,სამეგრელო”, რომელიც კარლო ქაჯაიამ და გურამ თოდუამ შექმნეს.

 მათ ყველა ღონისძიება გაატარეს, რათა კარგი საფეხბურთო გუნდი გვყოლოდა. ზოგჯერ კანონდარღვევებზე გვიხდებოდა წასვლა, მაგრამ ისეთზე ნამდვილად არა, სერიოზულ ფინანსურ კოლაფსს რომ გამოიწვევდა.

ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, რამდენიმე წელი საფეხბურთო კლუბ ,,სამეგრელოს” პრეზიდენტიც ვიყავი და სერიოზული წარმატებები გვქონდა. ჩემთვის უცხო არ იყო გუნდის შიდა სამზარეულო, სადაც წყდება წარმატება-წარუმატებლობის ბედი. თუ კი თითოეული ფეხბურთელის ხასიათი, ბუნება არ იცი, თუ შენთვის უცხოა

მისი ყოფითი ცხოვრება, ვერ ააწყობ იმ კოლექტივს, რომელიც ყველა გამოწვევას უპასუხებს. ჩვენ ამ დევიზით ვმუშაობდით და შედეგი გვქონდა.

რაიკომის ბიუროს ყველა წევრი ვალდებული იყო ხელი შეეწყო გუნდისათვის.

განსაკუთრებით დიდი წვლილი უდევთ ვახტანგ შენგელიას, კოტე სანაიას, ამირან კვარაცხელიას, კარლო აბშილავას, დაზი შეროზიას, თენგიზ კვარაცხელიას, გიგლა ცირამუას, დამირ გობეჩიას, ნელი პაპასკირს, ვალერი თოდუას, ომეხ მალანიას (გუნდის უფროსი საზოგადოებრივ საწყისებზე), რაიონის წარმოება-დაწესებულებების, ჩაის ფაბრიკების, კოლმეურნეობებისა და საბჭოთა მეურნეობების ხელმძღვანელებს და სხვ.

გოგი
გოგი ახალაია

გოგი ახალაია: (კომკავშირის რაიკომის პირველი მდივანი, რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე)

,,სამეგრელო” ყველას საზრუნავი იყო. ყველა ხელმძღვანელი მუშაკი, ბიუროს წევრი ესწრებოდა თამაშს. შედეგი გვქონდა, გუნდი კარგად გამოდიოდა, მაგრამ უკეთესი გვინდოდა. ამიტომ ზოგჯერ შეგნებულად რიგ კანონ-დარღვევაზეც მივდიოდით, მაგალითად,

ფეხბურთელებს ვაფორმებდით კოლმეურნეობებში, საბჭოთა მეურნეობებში მწყემსად, მუშად, მძღოლად, რათა კარგი ანაზღაურება ჰქონოდათ. ეს პრაქტიკა ჩვენი მოგონილი

არ იყო, ასეთი მეთოდით მუშაობდა ყველა რაიონი. ზემდგომ ორგანოებშიც იყო ცნობილი, ყველა თვალს ხუჭავდა. ფაქტობრივად პროფესიონალი ფეხბურთელები

გვყავდა, უბრალოდ, საბჭოთა კანონმდებლობა ამის საშუალებას არ იძლეოდა. მახსოვს, როგორ გადმოვიბირეთ ლანჩხუთის ,,გურიიდან” თბილისელი ზაურ ქავთარაძე, რომელიც შემდგომ ჩვენი რაიონის საყვარელი ფეხბურთელი გახდა. ამ საქმეში დიდი დახმარება გაგვიწია სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, სოციალისტური შრომის გმირმა, ნატანებისკოლმეურნეობის თავმჯდომარემ გივი წითლიძემ.

ასე გვყავდა სხვა ფეხბურთელებიც ჩამოყვანილი. ისინი კარგ ფეხბურთს თამაშობდნენ, რაც ახალგაზრდებში ინტერესს იწვევდა და ადგილობრივი ფეხბურთელების აღზრდას უწყობდა ხელს. თითქოს გავაუმჯობესეთ სპორტსკოლის საქმიანობა ბავშვთა ფეხბურთის განვითარების მიზნით, მაგრამ ეს იყო შორეული პერსპექტივა, ჩვენ დღეს გვჭირდებოდა ტალანტები, ამიტომ იძულებული ვიყავით სხვაგან გვეძებნა ისინი. მოკავშირე რესპუბლიკებიდანაც მოგვყავდა გამორჩეული ფეხბურთელები, რომლებსაც უმაღლესი ლიგა ჰქონდათ ნათამაშევი.

ასე თუ ისე გვყავდა გუნდი, რომლის ყურება ღირდა.

ამი
ამირან ბერია

ამირან ბერია: იყო 1980 წელი, ჩხოროწყუს პირველ საშუალო სკოლაში ვმუშაობდი ფიზკულტურის მასწავლებლად. კვირა დღეს კომკავშირის მრაიკომის პირველმა მდივანმა მირიან გაბუნიამ მანქანა გამომიგზავნა და შეხვედრა მთხოვა.

მან სპორტსაზოგადოება ,,კოლმეურნეს” თავმჯდომარეობაშემომთავაზა. გამიკვირდა, არ მიფიქრია თანამდებობაზე, მომწონდა ჩემი პროფესია და უპრეტენზიოდ

ვმუშაობდი ბავშვებთან. რაც მთავარი იყო ვმუშაობდი კარგი პედაგოგის, ნიჭიერი ორგანიზატორის, უფროსი მეგობრის ოთარ ჩიქოვანის გვერდით, რომელიც ყოველთვის ახალს გვასწავლიდა.

დღესაც არ ვიცი ვინ გამიწია რეკომენდაცია, ადვილად გავიარე გასაუბრება როგორც რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარესთან, ისე რაიკომის პირველ მდივანთან. როგორც კი დავინიშნე ,,კოლმეურნეს” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ, უმალ შევუდექი რეფორმების გატარებას.

,,ნაკადული” ერქვა მაშინ ჩხოროწყუს გუნდს, რომელიც საქართველოს პირველობის

მეორე ლიგაში უფერულად გამოდიოდა. საჭირო იყო ორგანიზაციული საკითხების მოკლე დროში გატარება. შევცვალეთ მთავარი მწვრთნელი ვენეცკი, რომელიც არ იყო ცუდი კაცი, მაგრამ ჩვენ უფრო მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი გვჭირდებოდა და მის ადგილას მოვიყვანეთ გალის ,,მზიურის” მთავარი მწვრთნელი გულიკო ოდიშარია, რომელიც რესპუბლიკაში ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად ითვლებოდა.

სხვადასხვა გუნდიდან შევძელით რამდენიმე ფეხბურთელის გადმობირება. იმ წელს პირველ ლიგაში გადავედით, სადაც სხვა დონის ჩემპიონატი ტარდებოდა. ფეხბურ- თის ფედერაციას ჰქონდა მოთხოვნები, რომლის შესრულება აუცილებელი იყო. კაპიტალური რემონტი ჩავუტარეთ სტადიონს, ავაშენეთ სასტუმრო 25 კაცზე, რომელიც საშუალებას გვაძლევდა მოგვეწყო რამდენიმე – დღიანი შეკრება ადგილზე. ახალი საფარი დავაგეთ მოედანზე, გასახდელები უზრუნველვყავით ცხელი და ცივი წყლით, დავამონტაჟეთ მარტივი ტაბლო, რადიოფიცირება გავაკეთეთ მთელ სტადიონზე, მავთულბადით განვაცალკავეთ მაყურებელი მოედნიდან და სხვ. ფაქტობრივად სრული რეკონსტრუქცია ჩავატარეთ,

რაც ფეხბურთის ფედერაციამ მოგვიწონა. ასეთ შემთხვევაში იზრდება ხარჯები. ოფიციალურს ვინ ჩივის, იყო ბევრი არა ოფიციალური ხარჯიც, რომელსაც მაღალი ფინანსური ბიუჯეტის მქონე ორგანიზაციები გვეხმარებოდნენ.7დღეს მას „ქველმოქმედებას”, „სპონსორობას” ეძახიან. საბედნიეროდ, ერთ კაპიკზე არ წამცდენია ხელი და არც არავის გაჩენია ეჭვი. იყო უძილო ღამეები, დაუღალავი დღეები, ყოფილა შემთხვევა კვირა არ მივსულვარ სახლში, გამოკიდებულ ვიყავი გზას თბილისსა და ჩხოროწყუს შორის.

დღეს ამაყი ვარ, გვყავდა გუნდი, რომელიც ღირსეულად გამოდიოდა რესპუბლიკურ ჩემპიონატში და შეეძლო ნებისმიერი მოწინააღმდეგე დაემარცხებინა.

მინდა გავიხსენო ის მწვრთნელები, რომლებთან ერთად მიხდებოდა მუშაობა.გულიკოს შემდეგ აქ მუშაობდნენ: ქუთაისლები ავთო ახობაძე, ჯუმბერ ჯალაღანია, ალბერტ ბაჩუკაშვილი, რომან სირაძე, ადგილობრივი კადრები: თენგიზ კაცია და როლანდ გოგუა, რომლებიც შესანიშნავად ართმევდნენ თავს

თავიანთ მოვალეობას და გულშემატკივრების სიმპათიებს იმსახურებდნენ. ახლა ის ადამიანები უნდა გავიხსენო, რომლებიც სოფელში ფიზკულტურულ- სპორტულ საქმიანობას ეწოდნენ, ახუთში მურმან ტყებუჩავა მუშაობდა, ქვედაჩხოროწყუში _ რეზო გერსამია, ლესიჭინეში _ რეზო ხორავა, ვაჟა და ავერ სიჭინავები, კირცხში _ მზევარ მალანია, ჭოღაში _კოტე ჭეჟია, ნაფიჩხოვოში_ გონერ ლაგვილავა, ლოთია გოგუა, თაიაში _ თამაზ მორგოშია, მუხურში _ დემურ თოლორდავა, ანზორ ფაცაცია, ზუმში _ ჯანიკო ბასილაძე, ხაბუმეში _ იური გულუა, ჩხოროწყუში _ საშა ჯომიდავა და სხვ.

ისინი ჩვენი მარჯვენა ხელი იყვნენ და დიდ დახმარებას გვიწევდნენ. ეს იყო საბჭოთა კავშირის დაშლამდე. შემდეგ მოვლენები სულ სხვანაირად განვითარდა. 1990 წელს ქართული ფეხბურთი დამოუკიდებლობის მიღებამდე გამოეყო საკავშირო ჩემპიონატს, რამაც დაღი დაამჩნია ქართულ ფეხბურთს, ერთბაშად ვერ გადაეწყო ახალ სისტემაზე, ვერ შექმნა კადრების აღზრდის ახალი მექანიზმი, ვერ გაითავისა პროფესიული ნიუანსები, რაც დღემდე მოყვება ჩვენს ფეხბურთს. დაიშალა სპორტსაზოგადოება ,,კოლმეურნე”,

რომელიც დიდ მატერიალურ ტექნიკურ ბაზას ფლობდა, რაც ძალზე გულდასაწყვეტია.

იმედია, როგორც ქართული, ისე ჩვენი რაიონის ფეხბურთი აღორძინდება და გაახარებს ჩვენს გულშემატკივრებს”

კახი კაჭარავა-სამეგრელო” ტრამპლინი იყო

კახა კაჭარავა
კახი კაჭარავა

კახი კაჭარავა საქართველოში ცნობილი ფეხბურთელია, რომელიც სრულიად ახალგაზრდა შეამჩნია ჯუმბერ ჯალაღანიამ და „სამეგრელოში” მოიყვანა.

მან მხოლოდ ნახევარი წელი დაჰყო ჩვენთან და შემდეგ სამტრედიის „ლოკომოტივში” მიიწვიეს. ახალგაზრდა, პერსპექტიულმა ფეხბურთელმა შეძლო მწვრთნელების ყურადღების მიქცევა და ითამაშა თბილისის „დინამოში”, ევროპის წამყვან გუნდებში, იყო საქართველოს ნაკრების წევრი. კარიერის დამთავრების შემდეგ სამწვრთნელო მუშაობას მიყო ხელი და ამ საქმეშიც სერიოზული წარმატებები მოიპოვა.

იყო თბილისის „ლოკომოტივის”, ცხინვალის „სპარტაკის”, თბილისის „დინამოს”, ზესტაფონის „ზესტაფონის” მწვრთნელი.

ამჟამად სამტრედიის „სამტრედიას” უდგას სათავეში. იგი დადებითად აფასებს ჩხოროწყუში გატარებულ დღეებს და კვლავაც რჩება „სამეგრელოს” გულშემატკივრად.

„სენაკში დაბადებული ვარ, მაგრამ აბაშაში დავიწყე ფეხბურთში ვარჯიში, ხოლო ჩხოროწყუს „სამეგრელო” პირველი გუნდი იყო, სადაც ოფიციალურად ვითამაშე. ამას ყველგან აღვნიშნავ, რადგან ,,სამეგრელოს” მწვრთნელმა ჯუმბერ ჯალაღანიამ მომცა საშუალება მეთამაშა მის გუნდში.

მან ნახა ჩემი შესაძლებლობა და უყოყმანოდ გამიკეთა მიწვევა. ეს ტრამპლინი გამოდგა ჩემთვის. ჩხოროწყუში იმდენი გამოცდილება შევიძინე, რომ დიდად წამადგა შემდგომ სხვა გუნდებში ასპარეზობისას.

ჩხოროწყუ არ დამავიწყდება, რადგან აქ ფეხბურთი უყვართ და ფეხბურთელებს შრომას უფასებენ. ასეთი ერთგული, თბილი, მოსიყვარულე გულშემატკივარი იშვიათად მინახავს.

ყურადღებას ვგრძნობდით როგორც ხელმძღვანელი მუშაკებისაგან, ისე რიგითი ადამიანებისაგან. ყველა პირობა გვქონდა გვეთამაშა კარგად და შდეგიც გვქონდა.

მახსენდება გუნდის შიგნით თუ როგორი თბილი ატმოსფერო სუფევდა. ასეთი, ერთ მუშტად შეკრული კოლექტივი ბევრს შეშურდებოდა.

დღესაც აგრძელებს ,,სამეგრელო” წარსულის ტრადიციებს და მინდა წარმატებები ვუსურვო საფეხბურთო ასპარეზზე.”

კახი კაჭარავა,

„სამტრედიის” მწვრთნელი

ჯუმბერ ჯალაღანია საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ფეხბურთში, 1983-85 წლებში მუშაობდა ,,სამეგრელოს” მთავარ მწვრთნელად.

დაიბადა ქუთაისში, ფეხბურთის აკვან-ქალაქში, დაამთავრა ლენინგრადის ფიზკულტურის ინსტიტუტი ჰოკეი-ფეხბურთის განხრით. სხვადასხვა დროს მუშაობდა ქუთაისის ,,ლოკომოტივის”, ტყიბულის ,,მეშახტის”, სამტრედიის ,,ლოკომოტივის”, საქართველოს ასაკობრივი ნაკრების მთავარ მწვრთნელად. მან ორჯერ გაიყვანა ,,სამეგრელო” საქართველოს თასის ფინალში. მართალია, ვერც ერთხელ შეძლო ჩვენმა გუნდმა ამ სანუკვარი თასის დაუფლება, მაგრამ თავად ფაქტი ბევრის მეტყველია. აი, რა გვიამბო მან ჩვენთან სტუმრობისას:

,,სამეგრელოს” კარგი სახელი ჰქონდა რესპუბლიკაში. შორიდან მეტ- ნაკლებად ვიცნობდი გუნდს. სამი წელი ვიმუშავე აქ. დაუვიწყარი წლები გავატარე. მხარში მედგა როგორც რაიონის ხელმძღვანელობა, ისე რიგითი ადამიანები. ყველა მოწიწებითა და პატივისცემით მეპყრობოდა. მათ იცოდნენ, თუ რა მაგიური ძალა აქვს სპორტს და განსაკუთრებით ფეხბურთს. მარტო მე როდი ვიყავი ასე განებივრებული, ჩვენი ფეხბურთელები ყოველ ნაბიჯზე გრძნობდნენ ყურადღებას. ამიტომაც იყო ,,სამეგრელო” ძლიერი.

დაუწერელი კანონია ჩვენში.  სპორტი აღმავლობას განიცდის იქ, სადაც პირველი პირები არიან დაინტერესებული. მახსოვს, რაიკომის პირველი მდივანი კარლო ქაჯაია მოულოდნელად რომ ჩამოვიდოდა სტადიონზე და ვარჯიშს ესწრებოდა.

მატჩზე ხომ მთელი რაიკომის შემადგენლობა, ყველა შრომითი კოლექტივი მოდიოდა. როგორ უნდა დავივიწყო არნოლდ ჟვანიას, გურამ თოდუას, მირიან გაბუნიას, ვალიკო ახალაიას, ვალო ესართიას, ამირან ბერიას და სხვათა თანადგომა. ამიტომ ხმამაღლა შემიძლია ვთქვა—ჩხოროწყუ ძალიან მიყვარს.

როგორც ითქვა, ორჯერ გავედით საქართველოს თასის ფინალში. ორივეჯერ ხელოვნურად დაგვჩაგრეს მსაჯებმა. ერთი ქულით ჩამოვრჩებოდით პირველ ადგილზე მყოფ გუნდს, რომელმაც ორი ქულა ჩვენმა მეზობელმა რაიონმა მიართვა შინ (მაშინ მოგებაზე ორი ქულა იწერებოდა) და ჩემპიონობა მოიპოვა. რა დასამალია, ასეთი ფაქტები ხდებოდა.

თამამად ვიტყვი, ,,სამეგრელოს” კარგი შემადგენლობა ჰყავდა, რომლის დარი ფეხბურთელები  დღეს საქართველოს  ნაკრებს დაამშვენებდა.

 აქ აიდგა ფეხი და შემდგომ დიდ ფეხბურთს ეზიარნენ კახი კაჭარავა და იური სიჭინავა, რომლებმაც შემდგომ თბილისის ,,დინამოში” წარმატებით ითამაშეს. გავიხსენოთ მამუკა ქვილითაია, ზაურ ქავთარაძე, იერემია ციმაკურიძე, ბორის უბირია, ძმები ახალაიები და სხვ. განა ვინმეს ჩამოუ- ვარდებოდნენ ისინი?

გული მწყდება ბევრ რამეზე. არსებული შესაძლებლობა მაქსიმალურად ვერ გამოვიყენეთ, ისეთი ხელშეწყობა გვქონდა მეტის მიღწევა, მეტის გაკეთება ნაღდად შეიძლებოდა. ახლა ყველაფერი შეცვლილია, მიდგომაც სხვანაირია, თუმცა თქვენი რაიონი დღესაც ინარჩუნებს სპორტისადმი დიდ გულისხმიერებას, რაც კიდევაც ჩანს ,,სამეგრელოსადმი” დამოკიდებულებაში. ვუსურვებ ჩხოროწყუს ყველა გულშემატკივარს ,,სამეგრელოს” წარმატებებს. დარწმუნებული ვარ, აქ კვლავ ნაღდი ფეხბურთი ათამაშდება.

ჩხოროწყუ 2014 წ.

კაცია
თენგიზ კაცია -მწვრთნელი

თენგიზ კაცია- მშობლიური გუნდის წარმატება გამახარებს

ფიზკულტურის ინსტისუტის დამთავრების შემდეგ  ,,სამეგრელოში” მწვრთნელად მუშაობა ჩემთვის დიდი პატივი იყო. ჯერ მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ დავიწყე მუშაობა, ხოლო შემდეგ გუნდი გადავიბარე და შეძლებისდაგვარად გავართვი თავი ამ მეტად რთულ მისიას.

ადვილი არ იყო ამ პოსტზე მუშაობა, რადგან მაღალი პოზიციებისათვის ბრძოლა ყოველთვის ძნელია. აქ ბევრი ფაქტორი მუშაობს, რომელსაც გარე თვალი ვერ შეამჩნევს, ვერც დაწერ და ვერც ვერავის ეტყვი, ყველაფერი მთავარმა მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტოს, გონებაში გადახარშოს, ყველა წვრილმანზე სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

„სამეგრელოდან” მომეცა შესაძლებლობა მესწავლა მოსკოვის უმაღლეს მწვრთნელთა სკოლაში, რომელიც მაშინ ერთეულების ხვედრი იყო. ცხადია, თეორიულ ცოდნასთან ერთდ პრაქტიკული გამოცდილება მივიღე, რომელსაც საფუძველი აქ ჩაეყარა. მას შემდეგ უმაღლესი ლიგის ბევრ გუნდში მომიწია მუშაობა, ვიყავი ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელი, რუსთავის ,,გორდას”, ,,ნორჩ დინამოელის”, თბილისის ,,ამერის”, ,,სასკოს” მთავარი მწვრთნელი, ვმუშაობდი ცხინვალის ,,სპარტაკში”, გორის ,,დილა- ში”, სამტრედიის ,,ლოკომოტივში”, პარალელურად განათლების პროგრამისა და უეფას გრაასრუტის (მასობრივი ფეხბურთის) პროგრამის ინსტრუქტორად, ყველგან მქონდა წარმატებები, რასაც ჩემი რაიონის დამსახურებად მივიჩნევ. მე დღესაც გულისყურით ვადევნებ თვალს ,,სამეგრელოს” სატ-ურნირო ცხრილს და მინდა უკეთ ასპარეზობდეს. ოპტიმისტი კაცი ვარ და მჯერა ჩხოროწყუ კვლავაც დაიბრუნებს ძველ დიდებას.

სპორტზე უანგაროდ შეყვარებული

გასული საუკუნის 50-იან წლებში ფეხბურთის აღორძინებასთან ერთად დღის წესრიგში დადგა სტადიონის მშენებლობის საკითხი, რადგან არსებული ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. იგი დღევანდელი კულტურის სახლის უკან, სადაც დღეს საცხოვრებელი კორპუსებია წამოჭიმული, სტადიონი იყო გაშენებული.

 რაიონის ხელმძღვანელობის დიდი ბჭობის შემდეგ გადაწყდა სტადიონი აეშენებინათ მდინარე ოჩხომურის ნაპირას, რაიონულ ცენტრთან ახლოს, დიმიტრი ვეკუას საყანე ფართობზე, რომლის რელიეფური პირობები ხელს უწყობდა ტრიბუნების მოსაწყობად. სამუშაოები იმდენად რთული იყო, რომ მასში მონაწილეობდა რაიონის ყველა კოლმეურნეობა და სამშენებლო ორგანიზაცია. ჩასატარებელი იყო როგორც გეოდეზური, ისე საინჟინრო სამუშაოები. მოსაჭრელი იყო მიწის დიდი მონაკვეთი, რომლის გატანა და ნიშნულამდე მიყვანას დიდი შრომა სჭირდებოდა… და ეს ყველაფერი გაკეთდა, გაშენდა სტადიონი, რომლის დარი მაშინ ბევრ რაიონს არ ჰქონდა. მან გაუძლო დროის მდინარებას და დღესაც ამ მინდორზე ვთამაშობთ ფეხბურთს, თუმცა ახლა ნამდვილად სჭირდება სარემონტო თუ სარეკონსტრუქციო სამუშაოები.

მშენებლობის დაწყების დღიდან აქ აქტიურად მუშაობდა იასონ ვეკუა, დიმიტრის შვილი, რომლის კუთვნილ მიწაზე გაშენდა სტადიონი. იგი არ ყოფილა სპორტსმენი, მაგრამ უყვარდა იგი და ფიზიკური შრომით სიცოცხლის ბოლომდე მსახურობდა აქ. იყო მეეზოვე, მუშა, დარაჯი, ელექტრიკი, ხელოსანი… ყველა სამუშაოს სრულყოფილად ასრულებდა. სანდო პიროვნება

იყო, სიტყვის კაცი. საოცრად ფაქიზად ეპყრობოდა თითოეულ სპორტსმენს, ყველაფერს უკეთებდა მათ, ოღონდ კარგად ეასპარეზათ. დღე და ღამე იქ იყო, უცხოს სიახლოვეს არ გააჭაჭანებდა. სამოქალაქო ომის წლებში, როცა ძაღლი პატრონს არ სცნობდა, იგი ფეხმოუცვლელად იდგა ზღრუბლზე და არვის უშვებდა შიგნით, რამეთუ უკეთურებისა და ავის მსურველებით გავსებულ ქვეყანაში ძნელი გასარჩევი იყო ვინ ვინ იყო.

ბევრჯერ ატკინეს გული, უხელფასოდ დატოვეს ბოლო წლებში. მართალია, ძველებურად არ ერჩოდა ჯანი, მაგრამ საჭირო კაცი ნამდვილად იყო. მიუხედავად ამისა, იგი მაინც იქ ტრიალებდა, ვერ ეგუებოდა უპატრონოდ

მიტოვებული ამხელა ბაზის ხელყოფას. მაინც რჩებოდა დარაჯად, მაინც ასუფთავებდა ეზოს, მაინც ფუსფუსებდა სპორტსმენების გვერ87 დით. უფრთხილდებოდა რაიონის პრესტიჟს, რამეთუ სტადიონი მიაჩნდა ერთგვარ სარკედ, სადაც აისახება რაიონის ღირსება.ეულად დარჩენილს, დიდხანს არ უავადმყოფია, ძმებისა და ძმისშვილების ხელში დალია სული, რომელსაც სპორტი, განსაკუთრებით ფეხბურთი, ძლიერ უყვარდა. დღესაც თბილად იგონებენ ამ უჩუმრად მოფუსფუსე პიროვნებას სპორტსმენები, ფიზკულტურისა და სპორტის მუშაკები.

ღირსია იგი გახსენებისა…

ნუგზარ ჟვანია

You may also like

Leave a Reply

Odabade.Ge

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

 პროექტი "ჩხოროწყუს ციფრული არქივი"    ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცის" და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის  კულტურის სამსახურის ერთობლივი ინიციატივაა

სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

  ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცე"  ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.   

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს  ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩვენ  ვქმნით  ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელს, რომელიც  მოიცავს  ინფორმაციათა ფართო ქსელს ჩხოროწყუს  და  საქართველოს რეგიონების შესახებ