მერაბ კოსტავას ბიუსტი ახუთში

0
518

2016 წლის 22 თებერვალს, ქალაქ თბილისის ბინაში, დედით ჩემი სოფლელი და დედულეთში ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ახუთში მცხოვრები, ამავე რაიონის საკრებულოს თავჯდომარე ბესიკ ესებუა მესტუმრა. მან წარმოშობით ახუთელ ოლღა დემურიას შვილის, საქართველოს ეროვნული გმირის და მთაწმინდის პანთეონში ეროვნულ მოძრაობაში მისი თანამებრძოლის ზვიად გამსახურდიას გვერდით ბინადარის – მერაბ კოსტავას ბიუსტის, ახუთის ცენტრში დადგმის და სკვერის მოწყობის იდეა გამანდო, რაშიც რჩევის მიცემა და ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში დახმარების აღმოჩენა მთხოვა.

ბატონ ბესიკის გავაცანი რა ამ საქმეში ჩემი გამოცდილების შესახებ, ვუთხარი რომ მერაბ კოსტავას ბიუსტისთვის მარმარილოს ქვის მოძიებასა და შერჩევაში, ასევე ჩვენი სოფლელი (ჩხოროწყუს რაიონულ ცენტრში განთავსებული წმინდა გიორგის მონუმენტის ავტორი), მოქანდაკე კოტე ჟვანია; ხოლო მისი დასადგმელი გრანიტის ,,ობოლი ქვის’’ მოძიებაში ჩემი წყალტუბოელი მეგობარი დაგვეხმარებოდნენ. ბესიკ ესებუას მიერ ორგანიზაციული საკითხების მოგვარების შემდეგ, 2016 წლის 9 ივლისს, მას თბილისში ჩამოყვნენ ინდმეწარმე ტარიელ სიჭინავა და მერაბ კოსტავას ბიუსტის მომავალი ავტორი, ასევე ჩვენი თანასოფლელი დემურ ანთია. რის შემდეგაც კოტე ჟვანიასთან ერთად მივედით ამ უკანასკნელის მეგობართან, მოქანდაკე ზაურ ჯოხაძესთან, სადაც, აზრთა შეჯერების შემდეგ, შერჩეული იქნა ბიუსტისთვის მარმარილოს თეთრი ქვა. იმავე დღეს ჩვენმა სოფლელმა, ბიზნესმენმა ზურაბ მამულიამ სპეციალურად მოწყობილ სუფრაზე მიგვიწვია, ჩამოსულ სტუმრებსა და ბიუსტის ქვას ახუთისკენ გზა დაულოცა. მას შემდეგ, რაც დემურ ანთიამ მერაბ კოსტავას ბიუსტზე მუშაობა თითქმის ბოლომდე მიიყვანა, 2017 წლის დასაწყისში მე ვესაუბრე ჩემს მეგობარს, წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფურჩხეთის გრანიტის ქვების მომძიებელი კარიერის უფროსს, ბატონ ბადრი მხეიძეს, და როგორც ადრე, ახლაც ვთხოვე ამ საშვილიშვილო საქმისთვის საჭირო გრანიტის ,,ობოლი ქვები’’-ს მოძიებაში დახმარება; რაც მან ბრწინვალედ შეასრულა და იქ ჩასული ჩვენი წარმომადგენლები, ნაცვლად ერთისა (შეიძლება ამ, ან სხვა ასეთივე კეთილი საქმეებისთვის დაგჭირდეთო), გრანიტის ოთხი ცალი ,,ობოლი ქვები’’-თ დაასაჩუქრა.

დემურ ანთიას მიერ გამოქანდაკებული ბიუსტი, თუ მერბის გონებასავით ნათელია; ,,ობოლი ქვა’, რომელზეც ეროვნული გმირის ბიუსტი განთავსდა, ეროვნულ მოძრაობაში აქტიურობის გამო დაპატიმრებული, გადასახლებული და რეპრესირებული მერაბის სხეულივითაა… ასე შეეგებნენ ახუთელები და მათი სტუმრები დაბადებიდან 78-ე წლის აღსანიშნავ დღეს, 2017 წლის 26 მაისს, მერაბ კოსტავას ბიუსტის დედულეთში ,,დედა-შვილობის სკვერში’’ მიბრძანებას.

საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორი, იუსტიციის უფროსი მრჩეველი, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი მ ა ლ ხ ა ზ ს ა ჯ ა ი ა

კომენტარები