CHKHOROTSKU.GE

ინტერვიუ კარლო კაჭარავასთან (2010 წელი)

ავტორი chkhorotskuge

იხსენებენ ყოფილი სპორტსმენები. ინტერვიუ ჩაიწერა ნუგზარ ჟვანიამ. კარლო კაჭარავა პირველი თაობის ფეხბურთელი გახლდათ ჩხოროწყუში.

კარლო კაჭარავა. (დაბადების წელი: 1933 წელი, 24 თებერვალი;განათლება უმაღლესი _ თბილისის ფიზკულტურის ინსტიტუტი, მოსკოვ-ში საკავშირო პროფსაბჭოს ინსტიტუტი; სამუშაო ადგილი _ საქართველოს სოფლის მეურნეობის პროფკავშირების რესპუბლიკური საბჭო,

ბატონი კარლო ყველა ჩხოროწყუელისათვის საყვარელი პიროვნებაა, რომელიც მან თავისი სპორტული ბიოგრაფიით დაიმსახურა.

იგი ხშირად ჩამოდის მშობლიურ რაიონში, უყვარს დაბის ქუჩებში სეირნობა, ძველ მეგობრებთან შეხვედრა, ახალგაზრდებთან ურთიერთობა, წარსულზე საუბარი. ვისარგებლე ერთი ასეთი შეხვედრით და ინტერვიუ ვთხოვე. სიამოვნებით დამთანხმდა…

თქვენ იმ ფეხბურთელთა შორის მოიაზრებით, ვინც საფუძველი ჩაუყარა ფეხბურთელთა გუნდს ჩხოროწყუში.

ფეხბურთის თამაში ბავშვობიდან დავიწყე, სკოლაშიც გამოვირჩეოდი, რაიონულ გუნდში რომ ვითამაშე, მოსწავლე ვიყავი, რომელიც 2-3 წლის შექმნილი მაინც იყო. გუნდს „პიშევიკი” ერქვა, რომელსაც სამტრედიელი რეზო კაშია წვრთნიდა. იგი პარალელურად სპორტკომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა.

 არ გაინტერესებთ ვინ თამაშობდა გუნდში?ინტერნაციონალური კოლექტივად ჩამოვყალიბდით. ბერძნები ლეო, მიშა,ხრისტოს სიტმანიდები, ისინი ლესიჭინეში ცხოვრობდნენ. ვალიკო ქვარცხავა (ინჟინერი), ავე, ჟორა, არონ, გედე ქვარცხავები, შოთა კვარაცხელია, კოკო (ამირან) კვარაცხელია, გუჯუ გულუა, ხუტა გულუა (მუნჯი), ხობელი ვაჟა ალანია, თბილისელი ექიმი ვახტანგ კეკელია, მიშიკო თოდუა მიშა წურწუმია…

როდის დაიწყეთ კალენდარული თამაში, ვინ გიწევდათ შეფობას?

კალენდარული მატჩების მნიშვნელობას ბევრი ვერ აცნობიერებდა, თუ ეცალა მოვიდოდა, თუ არადა პირად საქმეს ვერ ელეოდა, ვერც დააძალებდი, მას ხომ ფეხბურთი არაფერს აძლევდა. მიუხედავად ამისა, ჩვენასეთი ფეხბურთელებს მოვთხოვეთ ვარჯიშზე აუცილებლად მოსვლა, დოროხოვმა კი მატჩის წინ ორდღიანი შეკრების ტრადიციაც დაამკვიდრა.

საქართველოს პირველობაზე ჯერ ზონალურში ვთამაშობდით, შემდეგ კი

მეორე ჯგუფში გამოვდიოდით. მიუხედავად ამისა, საქართველოს პირველობა

ხარვეზებით ტარდებოდა, განსაკუთრებით პრობლემა იყო მსაჯობა, ჭირდა სპორტული ინვენტარი, არ გვქონდა ბურთები, ბუცები, ფორმები… და,

მაინც ვთამაშობდით.

 მე არ ვარ პირველი ოფიციალური მატჩის მონაწილემაგრამ კარგად მახსოვს გუნდი როგორ იქმნებოდა. მართალია, სკოლის მოსწავლე ვიყავი, მაგრამ ყოველ დღე მათთან ვტრიალებდი, რადგან აქვე ვცხოვრობდი. მიხაროდა ფეხბურთი ფეხზე რომ დგებოდა. ხშირად ვარჯიშებს ვესწრებოდი, მეც ვმონაწილეობდი, ვბაძავდი მათ, რამაც შედეგი გამოიღო და მე-10 კლასის მოსწავლე უკვე გუნდში მიმიღეს. პირველი ოფიციალური მატჩი ლანჩხუთის წინააღმდეგ ვითამაშე, კარგად გამომივიდა. ეს იყო 1949 წელს, ხოლო „პიშევიკი” მაშინ სამი წლის შექმნილი იქნებოდა.

გთხოვთ გაიხსენოთ, სად იმართებოდა მატჩები, ვინ იყო ოფიციალური შეფი, რა იყო ანაზღაურება?

სტადიონი არ ეთქმოდა იმას, რაც თავიდან გვქონდა. ეს იყო პატარა მოედანი, ყოფილი კოლმეურნეობის კანტორის წინ, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, ორმოები ჰქონდა, ჩირგვები ხარობდა. შემდგომ იგი

გადატანილ იქნა დღევანდელი კულტურის სახლის უკან გაშლილ მინდორზე,

სადაც გაშენდა იმ დროისთვის შესაფერისი სტადიონი, რომელიც 2,5 მეტრი სიმაღლის სქელი ფიცრებით იქნა შემოკავებული. შემდგომ აქ სხვა მასობრივი ღონისძიებებიც იმართებოდა.

გუნდს შეფობას უწევდა ჩხოროწყუსა და ლესიჭინეს ჩაის ფაბრიკები, ეს კოლექტივები იყო ფინანსურად ძლიერები. ისინი მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს შემადგენლობაში შედიოდნენ, რომლის სპორტული ორგანიზაცია

იყო „პიშევიკი”. ჩვენს გუნდს სწორედ ამიტომ დაერქვა „პიშევიკი”.

მაინც რაში გამოიხატებოდა მათი შეფობა?

ისინი იმას ახერხებდნენ, რომ გასვლითი თამაშის დღეს უზრუნველეყო ჩვენი გადაყვანა ნებისმიერი ტრანსპორტით, მოეცათ კვების ტალონი, ეყიდა ერთი ან ორი ბურთი და სპორტული ფორმა. ეს იყო და ეს. ხელფასი თავიდან არ გვქონდა, შემდგომ მუშებად, ზეინკლებად, დარაჯებად გვაფორმებდნენ, რათა მცირედი ანაზღაურება მიგვეღო. დამერწმუნეთ, ცოტა უკეთესი ხელშეწყობა რომ გვქონოდა, ბევრი ჩვენგანი სახელოვანი სპორტსმენი გამოვიდოდა. თქვენ წარმოიდგინეთ, სატვირთო მანქანით გვიხდებოდა მგზავრობა თამაშის დღეს, ხან წვიმაში, ხან ქარში, სიცხეში. ბუცებს გვაძლევდნენ უხარისხოს. ისეთი უხეში იყო, ვერ ვიცვამდით, რკინის ფირფიტა ჰქონდა დატანებული, სანამ მას არ გავტეხდით მანამდე ვერ ჩავიცვამდით,

შიპები ძვრებოდა. ამიტომ ვყიდულობდით „ფიბრომის” ჩემოდანს (იყო ასეთ ჩემოდანი), რომელსაც დავჭრიდით და თბილისის „დინამოში” მომუშავე ხელოსანთან ვაგზავნიდით. იგი ამ ჩემოდნის ნაჭრებს შიპებად აქცევდა და ბუცებზე ისე კარგად დააკრავდა, რომ დიდხანს გვიძლებდა.

„შნუროკიანი” ბურთით ვთამაშობდით, რომელსაც „პიპკებიან კამერა” ჰქონდა

დაყოლიებული. ხშირად კამერა იხეოდა, პირით ვბერავდით, იფუშებოდა, რასაც დროის გაყვანა მოსდევდა. ყოფილა მატჩი სამ საათს რომ გაგრძელებულა. ამით იმის თქმა მინდა, რომ მარტო ჩვენ როდი ვიყავით ცუდ დღეში, ყველა რაიონს უჭირდა, თუმცა ენთუზიაზმი დიდი იყო. არ შეიძლება უმადური ვიყო. მიუხედავად ამდენი გაჭირვებისა, ჩვენ დიდ სიყვარულს ვგრძნობდით გულშემატკივრებისაგან. რაიონის ხელმძღვანელობა განსაკუთრებულ

ყურადღებას გვაქცევდა, ვიყავით ცნობადი სახეები, არ მივყავდით ჯარში, ურიგოდ, ხშირ შემთხვევაში უფასოდ გვაძლევდნენ რაიკავშირის საწყობიდან იმპორტულ საქონელს, არ გვიჭირდა სამსახურ- ში მოწყობა და სხვ.

როგორც თქვენ ამბობთ, რაიონის ხელმძღვანელებისგან სერიოზული მხარდაჭერა გქონდათ. ვინ იყვნენ ეს ადამიანები და როგორ ახერხებდნენ ყოველივეს, როცა 1 მანეთზე გადაცდომას არავის პატიობდნენ. ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორ ხარჯებთან არის დაკავშირებული ფეხბურთი.

სწორი ბრძანებაა. მაშინ ყველაფერს აკონტროლებდნენ, მაგრამ მთავარი იყო ანგარებას არ ჰქონოდა ადგილი. რაიკომის პირველ მდივნებად მუშაობდნენ კარგი ადამიანები, რომელთა პატიოსნებაზე არავინ დაეჭვებულა. ასეთები იყვნენ: არისტრახო კაკულია, მამანტი პაჭკორია, მიხეილ ცანავა, ალიოშა მორგოშია.

 მიშას ხელში ფეხბურთი ჩვენს რაიონში კარგად განვითარდა. თუმცა მისი ხელმძღვანელობით აღორძინდა არამარტო ფეხბურთი, არამედ სპორტის სხვა სახეობებიც, კულტურა, განათლება, სახალხო მეურნეობის სხვა დარგები, ფერი იცვალა დაბის ცენტრმა, ეკონომიურად მომძლავრდნენ სოფლები. მას გვერდში ედგა რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე შალვა ხუნტუა. არ მახსოვს გასვლით თამაშზე ისინი ჩვენ გვერდით არ ყოფილიყვნენ, ზოგიერთებივით ყოველთვის მოგებას როდი მოითხოვდნენ, წაგებისას ტოლებივით გვამხნევებდნენ. ჩვენ ერთხელ მესამე ადგილი, ორჯერ მეხუთე ადგილი დავიკავეთ საქართველოსპირველობაზე. მათი ინიციატივით დაიწყო დღევანდელი სტადიონის მშენებლობა, რომელიც დიმიტრი ვეკუას საყანე ფართობი იყო და დაქანებულ ფერდობს წარმოადგენდა, რაც ბუნებრივ პირობებს ქმნიდა ტრიბუნების მოსაწყობად. ყველა ჩხოროწყუელმა უნდა იცოდეს ამ ადამიანების ღვაწლი ჩვენი რაიონის აღორძინების საქმეში, რადგან ბევრ კარგ საქმეს ჩაუყარეს საფუძველი. მაშინ დაიწყო ჩხორჰესის მშენებლობა, რომელიც კოლმეურნეობების სახსრებით აშენდა. ეს იყო მთელი კავშირის მასშტაბით მეორე შემთხვევა, როცა კოლმეურნეობების თანხით ასეთი სერიოზული პროექტი განხორციელდა. დაბის ცენტრში შინმოუსვლელთა უკვდავსაყოფად აიგო შესანიშნავი ობელისკი, გაიჭრა და გაფართოვდა ქუჩები,

ექსპლოატაციაში შევიდა კინოთეატრი, საზაფხულო თეატრი, საძირკვეი ჩაეყარა კულტურის სახლის მშენებლობას, თითქმის ყველა სოფელში აშენდა სკოლა, ადმინისტრაციული სახლი, კოლმეურნეობის კანტორა…ერთი სიტყვით, ამ პერიოდში იმდენი რამ გაკეთდა, რასაც შემდგომ ათეული წლები დასჭირდა. მხოლოდ 80-იან წლებში განმეორდა მსგავსი რამ…

დავუბრუნდეთ მთავარ თემას. ჩვენს გუნდს შეეცვალა სპონსორები, ახლა ფაბრიკების პარალელურად კოლმეურნეობებიც გვაფინანსებდნენ,ამიტომ გუნდს „კოლმეურნე” დაერქვა. მინდა სიამაყით ვთქვა: ჩვენი „კოლმეურნე” რესპუბლიკაში მოწინავე, ანგარიშგასაწევი კოლექტივი გახდა.

ვლადიმირ დოროხოვის სახელი მაშინ მთელ საბჭოთა კავშირში ქუხდა. როგორ მოხვდა იგი ჩვენთან?

დოროხოვი სახელოვანი სპორტსმენი იყო, რომელიც მიხეილ ცანავამ ჩამოიყვანა. მანამდე კვალიფიციური მწვრთნელი არ გვყოლია, ერთი პერიოდი

მეც ვავარჯიშებდი გუნდს, მაშინ ფიზკულტურის ინსტიტუტის დაუსწრებელი განყოფილების სტუდენტი ვიყავი, მაგრამ სად მქონდა ისეთი გამოცდილება, როგორიც სახელოვან გოლკიპერს. შურამ კომპლექსური ვარჯიშები შემოიღო, რომელიც თავიდან გაგვიჭირდა, ბევრმა საერთოდ დაანება თავი ფეხბურთს, გვასწავლიდა ბურთის ფლობის ხერხებს, თამაშის დაგეგმვასა და სტრატეგიას. აწყობდა მატჩის წინ ერთდღიან შეკრებას,

ღამით სახლში არ გვიშვებდა. მართალია, „ბახუსს” ეტანებოდა, მაგრამ თავისი  საქმე ბრწყინვალედ იცოდა. მის ხელში ნამდვილ სპორტსმენად ვგრძნობდით თავს. სანამ მიშა იყო პირველი მდივანი, მას აქედან წასვლაზე არ უფიქრია. შედეგიც ჰქონდა. „კოლმეურნე” მისი ხელმძღვანელობით წარმატებული გუნდი გახდა.

მან ყურადღება მიაქცია ახალგაზრდებს.ვაჟა (ვალო) ესართია მისი აღმოჩენა იყო როგორც მეკარე, მან აიყვანა იგი სკოლიდან და უშუალოდ ავარჯიშებდა. მართლაც საოცარი მონაცემები ჰქონდა ვალოს. მეკარისათვის

დამახასიათებელი ყველა თვისება გააჩნდა, რაც მთავარია, ულამაზესი ნახტომით ხიბლავდა მაყურებელს, სწორად ირჩევდა ადგილს.

ლერი ჩხარჩხალია მისი რეკომენდაციით ჩაირიცხა თბილისის 35-ე ფეხბურთის

სკოლაში, საიდანაც ის ქუთაისის „ლოკომოტივში” მოხვდა. მათი მონაცემები შეუმჩნეველი არ დარჩენია რესპუბლიკის სპორტკომიტეტს. აქ ჩამოვიდნენ კომპეტენტური პირები, რომლებმაც მოითხოვეს ვალოსთან ერთად გასინჯვა გაგვეარა მე, ჩემს ძმას რეზოს, მიტუშა ქვარცხავას. გენახათ როგორ განიცდიდა ყოველივეს მიშა ცანავა, მას არ უნდოდა ჩვენი გაშვება. რატომ? პასუხი ლოგიკური იყო. მაშინ ჩვენი გასინჯვა უნდა მომხდარიყო „დინამოში”, რომელსაც ფეხბურთელები ნამდვილად არ უჭირდა, პირიქით, საბჭოეთის მასშტაბით ქუხდნენ. კარში იდგა ლეგენდარული სერგო კოტრიკაძე, დაცვაში ასევე წარმატებულად გამოდიოდნენ ბორის სიჭინავა, გივი ჩოხელი და სხვები, რომელთა შეცვლა წარმოუდგენელიიყო, სხვა გუნდში კი პერსპექტივას ვერ ვხედავდით, რადგან ფეხბურთი, როგორც აღვნიშნე, ბევრს არაფერს იძლეოდა ისეთს, ოჯახი რომ მიგეტოვებინა, სწავლა შეგეწყვიტა, სამუშაოზე თავი დაგვენებებინა.

ერთი სიტყვით, მაშინ ასე ვუყურებდით ჩვენს მომავალს. ამ გადასახედიდან

დიდ შეცდომად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ ფაქტია ასეთი გადაწყვეტილება

მივიღეთ და სტუმრები უარით გავისტუმრეთ. ვალოზე მოთხოვნა შემდეგაც ბევრჯერ მოვიდა, მაგრამ ოჯახმა პოზიცია არ შეცვალა.

შინმოუსვლელის ქვრივს, ვალოს დედას, რომელმაც მარტომ გაზარდა ბავშვები,

სულაც არ ხიბლავდა სხვა ქალაქში ჰყოლოდა შვილი და აქედან ეგზავნა ფული. პირველმა მდივანმაც ამოისუნთქა, რომელსაც შვილივით

ვუყვარდით. რომ არა ჩვენი მტკიცე პოზიცია, მისი ნალოლიავები გუნდი ხუხულასავით დაიშლებოდა.

კურიოზული ფაქტები თუ გახსოვთ? ყველა მატჩს ერთნაირი სიძლიერით

ატარებდით?

კურიოზების მეტი რა გვქონია. საინტერესო მატჩი გამოგვივიდა წყალტუბოში, სადაც ყოველთვის კარგი ფეხბურთელები თამაშობდნენ. პირველი

ნახევარი წავაგეთ 4 მშრალი გოლით. ეტყობა მასპინძლებმა ყველაფერი

დამთავრებულად ჩათვალეს, თუმცა ჩვენ მეორე ტაიმში მეტი მობილიზებით გამოვედით. თამაშიც წაგვივიდა. ჩემმა ძმამ, რეზომ, 20 წუთში 4 საპასუხო გოლი გაიტანა, ხოლო მატჩის მიწურულს ჟორჟიკა ცქვიტაიამ მეხუთე გოლით გამარჯვება მოგვიტანა. მახსოვს მიშა ცანავამ და შალვა ხუნტუამ ცხაკაიაში (სენაკი) დაგვხვდნენ და რესტორანში დაგვპატიჟეს..

რასაკვირველია, იყო ჩავარდნები, მაგრამ ეს იყო ეპიზოდურად. უმრავლეს შემთხვევაში მებრძოლი სულისკვეთებით გამოვდიოდით მინდორზე და ბოლომდე ვიხარჯებოდით, ამიტომ ვუყვარდით მაყურებლებს. გასვლითი მატჩი გვქონდა მეზობელ რაიონში (არ მინდა დავაკონკრეტო, რადგან უხერხული მგონია დღესაც), რომელსაც პირველი ტაიმი მოვუგეთ 0-1. გასახდელში რომ შევედით, ჩვენი ტანსაცმელი არ დაგვხვდა, გავექურდეთ.

მეორე ტაიმზე უარი ვთქვით, არ გავედით. პროტესტმა ადგილობრივი ხელმძღვანელობის ყურამდე მიაღწია. ისინი ძალიან შეწუხდნენ, გამოგვიგზავნეს წარმომადგენლები, რომლებმაც გვთხოვეს გავსულიყავით მინდორზე, მაგრამ ჩვენი პოზიცია მტკიცე იყო, არ ვაგრძელებდით თამაშს.

თქვენ წარმოიდგინეთ, შიშველებს გვიწევდა სახლში წამოსვლა. საქმეში ჩაერია ჩვენი რაიონის ხელმძღვანელობა, პირადად მიშა ცანავა მოვიდა და გვთხოვა გაგვეგრძელებინა მატჩი. რასაკვირველია, მას დავთანხმდით. ის შეხვედრა მოვიგეთ 1-2. მაყურებელი აღფრთოვანებული დარჩა ჩვენი

თამაშით, თანაც გაიგეს, თუ რა გააკეთა ვიღაც გარეწარმა. ამდენად მათი სიმპათიები გაორმაგდა, სტადიონი არ დატოვეს, ხმამაღლა გამოხატავდნენ პროტესტს. ისინი მოითხოვდნენ ქურდის უმალ მხილებას და ნაქურდალის დაბრუნებას, რაც შეუძლებელი აღმოჩნდა. ჩვენთან მოვიდა იმ ქალაქის რაიკავშირის თავმჯდომარე და წაგვიყვანა საწყობში, სადაც ყველას მოგვცა დაკარგული ტანსაცმელის სამაგიერო, ამასთან დაგვირიგა 100-100 მანეთი. ერთმა ჩვენმა თანაგუნდელმა ხუმრობით თქვა ,,200 მანეთი მქონდა ჯიბეშიო”, მაგრამ არ დაუჯერეს. მასპინძელი რაიონის რაიკომის მდივანმა, რომელსაც შემდგომ ვმეგობრობდი, წამოსვლის წინ მოვიდა ჩვენთან და ბოდიში მოგვიხადა. ეს ფაქტი დღეს მივიწყებას მიეცა, თორემ მაშინ მთელი რესპუბლიკა ლაპარაკობდა.

ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ საცხოვრებლად გადახვედით თბილისში,

მუშაობდით პრესტიჟულ თანამდებობაზე, თუმცა სპორტთან ურთიერთობა

არ გაგიწყვეტიათ.

ფეხბურთს 1959 წელს დავანებე თავი, როცა მიხეილ ცანავა გადაიყვანეს სხვა სამუშაოზე. სპორტისთვის ასაკიანიც ვიყავი. თბილისში გადავედი საცხოვრებლად, პროფკავშირების რესპუბლიკურ საბჭოში დავიწყე მუშაობა და სპორტს ვკურირებდი, არჩეული ვიყავი სპორტსაზოგადოება„კოლმეურნეს” ცენტრალური საბჭოს პრეზიდიუმის წევრად. ახლო ურთიერთობა მქონდა რესპუბლიკის სპორტსმენებთან, ხელმძღვანელ მუშაკებთან და, როგორც ყოფილ სპორტსმენს, მათთან მუშაობა არ გამჭირვებია.

მართალია, დღეს პენსიაზე ვარ გასული, 80 წელს გადავცილდი, მაგრამ ჩემს კოლექტივთან ურთიერთობა არ გამიწყვეტია. დიდ სიხარულს მანიჭებს მშობლიურ ჩხოროწყუში ჩამოსვლა. თითქოს ახალგაზრდობის წლებს ვიბრუნებ. აქ ყველა, ვისაც ვახსოვარ, სიყვარულით მხვდება, მახსენებენ იმ წლებს, როცა ფეხბურთს ვთამაშობდი. ისეთ ეპიზოდებს იგონებენ, რომელიც

სულ არ მახსოვს და ისე ფანტასტიკურად აღწერენ, თითქოს პელე ან გარინჩა ვყოფილიყავი. ეს სიყვარულმა იცის, მადლობელი ვარ თითოეული ჩხოროწყუელის. ამ გადასახედიდან ყველაფერი ლამაზად ჩანს, მაგრამ მაშინ, ძალიან რთული პერიოდი იდგა, განსაკუთრებით სპორტსმენისათვის, იყო ენთუზიაზმი, სიყვარული, რამაც შეგვაძლებინა ყოველივე.

როგორ აფასებთ დღეს შექმნილ მდგომარეობას, ფაქტობრივად რაიონს

საფეხბურთო გუნდი არ ჰყავს

სამწუხაროა, მაგრამ მგონია დროებითი მოვლენაა. აქ ისე უყვართ ფეხბურთი, რომ არ შეიძლება კარგი გუნდი არ გყავდეთ. ეხლა ქვეყანაშიც არ არის საფეხბურთო კლიმატი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოში ფეხბურთი დაივიწყეს. ყველაფერი კარგად იქნება. მთავარია,

ბავშვებმა გული არ აიცრუონ სპორტზე, ამის ტენდეციას ვხედავ. ჩემს ბავშვობაში, როცა მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებდა, კაცები თითზე ჩამოსათვლელი იყვნენ და მათ მაგივრობას ვეწეოდით შინ თუ გარეთ,

მაინც ვახერხებდით თამაშს, ფეხბურთი იქნებოდა ეს, ფრენბურთი თუ კალათბურთი. დღეს ბავშვები კომპიუტერს არიან მიჯაჭულნი და გარეთ გამოსვლა, სუფთა ჰაერზე ყოფნა ეზარებათ. საუბედურო ისიც არის, რომ ამ

ყველაფრის თავი და თავი მშობლები არიან, მათ არ უნდათ შვილი „უსაქმოდ”

ატარებდეს დროს მინდორში, დასდევდეს ბურთს, წაიქცეს, ვიღაცას წაეჩხუბოს და ა.შ. ჰგონიათ შინ თუ უზით ბავშვი, ყველაფერი წესრიგშია, სინამდვილეში ასე გაზრდილი ბავშვი მეტი საშიშია. ერთი სიტყვით, ჩვენ სულ სხვა გარემოში ვიზრდებოდით მართალია, ეკონომიურად ცუდი პირობები გვქონდა, მაგრამ თავისუფალ, ლაღ, საზოგადოებასთან კონტაქტში ვცხოვრობდით,

სადაც ავიც ხდებოდა და კარგიც. იქ ისწავლებოდა ცხოვრების დიდი გაკვეთილი.

ფეხბურთს, ჩემი ღრმა რწმენით, ბავშვი მინდორში უნდა ეუფლებოდეს და არა დარბაზში. უბანში, ეზოში ნასწავლი თამაში ყოველთვის გამოირჩეოდა ორიგინალობით, ინდივიდუალიზმით, ფინტების სიუხვით, რაც ეგზომ ახასიათებდა ქართულ ფეხბურთს. ვერ ვხედავ იმ აღტყინებას, იმ

ლტოლვას, როგორიც ჩვენ გვქონდა მათ ასაკში.

როგორ გესახებათ ხვალინდელი დღე?

ქვეყანა წინ მიდის, ნამდვილად იქნება უკეთესობა, მაგრამ მთავარია ცხოვრებას არ ჩამოვრჩეთ. ჩვენ გვყავდა ხელმძღვანელები, რომლებიც დროს უსწრებდნენ. სხვანაირად ჩვენი რაიონი ასეთი ლამაზი არ იქნებოდა. მიშა ცანავამ და შალვა ხუნტუამ, ომის დამთავრების მე-10 წელს რაიონი ფეხზე დააყენეს, მარტო სპორტს როდი მიხედეს, ყველა სფეროში ჰქონდათ წარმატებები. ამ წლებში შეიქმნა ჩხოროწყუს სიმღერისა ცეკვის ანსამბლი, რომელმაც თბილისში რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა ცნობილი ლოტბარის ორდე ლენთაძის ხელმძღვანელობით.

მეორე შემთხვევა იყო 80-იან წლებში, როცა კარლო ქაჯაიამ ივაჟკაცა და ჩვენი რაიონი რესპუბლიკაში მოწინავე პოზიციაზე გაიყვანა, თითქმის ყველა სფეროს დაამჩნია თავისი ხელი. ასეთი ადამიანები გვჭირდება დღესაც.

ჩხოროწყუ 2010 წ. ნუგზარ ჟვანია

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩვენი ამბიციური პროექტი

სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

  ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცე"  ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.   

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს  ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩვენ  ვქმნით  ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელს, რომელიც  მოიცავს  ინფორმაციათა ფართო ქსელს ჩხოროწყუს  და  საქართველოს რეგიონების შესახებ

Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00