CHKHOROTSKU.GE

ვეტერან ჩხოროწყუელ ფეხბურთელთა მოგონებები (ჩაწერილია 2011 წელს ნუგზარ ჟვანიას მიერ)

ავტორი chkhorotskuge

რეზო გოგუა: ჩემი მოსწავლეობის პერიოდში ფეხბურთის ბუმი იყო ჩხოროწყუში, რაც რაიონის პირველი პირების დაინტერესებამ გამოიწვია უსათუოდ. მე, ვალო ესართია და კუკური ქებურია გამორჩეულად ვთამაშობდით, რაც მხედველობიდან არ გამორჩენია დოროხოვს და რეკომენდაცია გაგვიწვიეს გვეთამაშა ლესიჭინეს გუნდში, რომელიც ზონალურ პირველობაზე გამოდიოდა. გუნდის მწვრთნელმა ამირან ტყებუჩავამ გულითადად მიგვიღო და ძირითად შემადგენლობაში ჩაგვრიცხა. ჩვენს გვერდით თამაშობდნენ.

რეზო გოგუა

რადიკო ვეკუა, ავერი, ბადა, შოთა, გულადი სიჭინავები, ენვერ მალანია, აბესალომ ჩაჩიბაია, ბუხუტი კემულარია

(მაპატიოს თუ ვინმე გამომრჩა). უნდა აღინიშნოს ლესიჭინელთა და ხაბუმელთა წვლილი რაიონში ფეხბურთის განვითარების საქმეში, აქედან ყოველთვის მოდიოდნენ ნიჭიერი სპორტსმენები.

ერთი წლის შემდეგ, 1958 წელს სამივე გადმოგვიყვანეს „კოლმეურნეს” ძირითად შემადგენლობაში. ვალომ იმ წელს შეცვალა ხუტა (მუნჯი), რომელსაც ასაკი შეეპარა და თავადაც სურდა ფეხბურთისთვის თავის დანებება. მე კი მარჯვენა გარემარბის ადგილი დავიკავე. კუკურიმაც დაიმკვიდრა ძირითად შემადგენლობაში ადგილი. მაშინ გუნდში თამაშობდნენ: ძმები კარლო და რეზო კაჭარავები, მიტუშა ქვარცხავა, არდევან კვარაცხელია, ბონდო პაპასკირი, ჟორჟიკა ცქვიტაია, იპოლიტე ბებია,

არკადი ფირცხელავა, ამირან ქარჩავა, მიშა ქებურია, კარლო ქვარცხავა, მიშა თოდუა, ლერი ჩხარჩხალია, ჯემალ პერტაია, გურგენ უბირია, არკადი და დონატი ფირცხელავები და სხვ. ახლა ზუგდიდელები უნდა გავიხსენო გოგი თუთბერიძე, ნოდარ ბულია, ჯემალ (ჯღვამა) ქუხილავა, ოთიკო და ანჩხუთა ნანავები, თბილისელი გოგი ხვედელიძე და სხვ.

(მომიტევონ თუ კი ვინმე გამომრჩა).

1959 წელს ჩავირიცხე კულაშის ზო-ვეტ ტექნიკუმში და მიმიწვიეს სამტრედიის „ლოკომოტივში”, რომელიც საქართველოს პირველობაზე პირველ ჯგუფში შესანიშნავად გამოდიოდა. ორი წელი ამ გუნდში დავყავი და შემდგომ მშობლიურ რაიონში ჩამოვედი და ჩემი პროფესიით ხაბუმის ორჯონიკიძის სახელობის კოლმეურნობაში დავიწყე მუშაობა. რაიონის გაუქმებას გუნდის გაუქმებაც მოჰყვა, მე კი ცხაკაიის „ეგრისში” სახელოვანმა

მწვრთნელმა გულიკო ოდიშარიამ მიმიწვია. ორი წელი იქაც დავყავი, მაგრამ მეტი ვერ შევძელი, რადგან დიდ დროს გზაზე ვატარებდი და სრულყოფილად ვერც ვვარჯიშობდი, ვერც სამსახურს ვასრულებდი ხეირიანად.

1965 წლიდან ჩხოროწყუს „ნაკადულში” გადმოვედი და 1968 წლამდე ვითამაშე.

ფეხბურთმა ბევრი სიამოვნება მომანიჭა. ახლგაზრდა ბიჭს მთელი რაიონი მიცნობდა, ჩემზე ლაპარაკობდნენ თავშეყრის ადგილებში, იწერებოდა ადგილობრივ პრესაში, რაც სტიმულს მაძლევდა უკეთ მეთამაშა.

გვქონდა წარმატებები, მაგრამ იყო ჩავარდნებიც, ისეთი, ახსნას რომ ვერ ვუძებნიდით. მოგვიგია თამაში, რომელსაც წასაგებად ვთვლიდით, ხოლო ნაღდად მოსაგები სამარცხვინოდ წაგვიგია. ასეთი რამ ხდება სპორტში,

ამიტომ ყოველთვის მაქსიმალურად უნდა იყო მობილიზებული და მეტოქე რეალურად უნდა შეაფასო.

მინდა რამდენიმე კურიოზიც გავიხსენო ისე, რომ ობიექტურობას არ გავცდე: რაც თავი მახსოვს, სულ პრობლემად გვქონდა მსაჯობა. ამის თავი და თავი არბიტრების დაბალი მომზადება იყო. ისინი ვერ ფლობდნენ საჭირო თეორიულ თუ პრაქტიკულ ცოდნას და ნებსით თუ უნებლიედ უხეშ შეცდომებს უშვებდნენ. ვერც ჩვენ ვიყავით ცამდე მართალი, ფეხბურთელები ზედმეტად ვუხეშობდით, როცა ვერ ვიგებდით, მაყურებელზე ვთამაშობდით, რომელსაც ჩვენი სჯეროდა და იერიში მსაჯზე მიჰქონდა, სტადიონი არ იყო ისე მოწყობილი, რომ მაყურებელს გადმოსვლა არ შეძლებოდა და სხვ. როგორც კი რომელიმე გულშემატკივარს რაღაცა არ მოეწონებოდა, მინდორში შემოვარდებოდა და მსაჯზე ან ფეხბურთელზე მიიწევდა. მახსოვს როგორ ჩაგვიშალა მოგებული მატჩი ჩემმა მეზობელმა, ცხონებულმა კოკო გოგუამ, რომელიც მთვრალი შემოვარდა და მსაჯს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მაშინ ჩვენი მწვრთნელი იყო შიო შიოლაშვილი, რომელიც თან თამაშობდა. გაგიჟდა ეს კაცი, საჩხუბარი ჩვენ რა

გვქონდა, ვიგებდით. ცხადია, სტუმრებმა თამაში გააპროტესტეს და სამტრედიაში, „ლოკომოტივის” სტადიონზე მოგვიწია პაექრობა. პირველი ტაიმის დასასრულს საჯარიმო დარტყმით ლამაზი გოლი გავიტანე, მაგრამ მეორე ნახევარში ორი გოლი მივიღეთ და დასანანებელი წაგება ვიგემეთ. უარესი გაგვიკეთეს იმერეთის ერთ რაიონში (დაკონკრეტებისაგან თავს შევიკავებ, რადგან არ არის სასიამოვნო ნახევარი საუკუნის წინანდელი ამბავით ვინმე შევაწუხო). თამაში კარგად წაგვივიდა, მიუხედავად მსაჯის

მიკერძოებისა, 2-1 ვიგებდით. მეტოქეს თამაშით რომ არაფერი გამოუვიდა, ფიზიკური ანგარიშსწორება დაიწყო, რასაც მაყურებლების აქტიურობაც ამწვავებდა, უფრო მეტიც ადგილობრივი ხელმძღვანელობაც უჭერდა მხარს.

მათ აღიზიანებდათ ის, რომ ჩხოროწყუსთანა პატარა რაიონის გუნდთან აგებდნენ შინ და პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებას ნებისმიერი მეთოდით ცდილობდნენ. თამაში მეორე ნახევარში უფრო გამწვავდა. გუნდის კაპიტანს, რეზო კაჭარავას წიხლი ჩასცხეს თავში ისე ძლიერად, რომ გონება დაკარგა და პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიუხედავად

ამისა, არც ფეხბურთელებს და არც მაყურებელს აგრესია არ შეუწყვეტია. წონასწორობიდან გამოვიდა ძმა კარლო, რომელიც ყველაზე მოწესრიგებული იყო. იგი ჩვენზე უფროსი იყო და რჩევას ნებისმიერ საკითხზე მას ვეკითხებოდით. ახლა, ამ შემთხვევაში, ისიც აღშფოთდა, არ იცოდა ძმა ცოცხალი ჰყავდა თუ მკვდარი. სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, სადაც რაიკომის პირველი მდივანი იჯდა იქითკენ შეტრიალდა, ტრუსი ჩაიხადა

და თავისი „ავლადიდება” მიუშვირა. მილიცია მინდორში შემოიჭრა და კარლოს დაჭერა მოინდომა, მაგრამ მას მაისური გავუცვალეთ, სხვას ჩავაცვით. მათ ვერ შეძლეს დამნაშავის გარჩევა. მატჩი მოვიგეთ, მაგრამ დასახიჩრებულ რეზოს არ გვაძლევდნენ, რომელიც საავადმყოფოში იწვა. იძულებული გავხდით გვიან ღამე მოგვეპარა იგი. რეზოს ერთი თვე არ უთამაშია. აი, ასეთი იყო მსაჯობა ზოგიერთ რაიონში, რომელიც ხშირ

შემთხვევაში, დაუსჯელი რჩებოდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ასეთი ფაქტებს ჰქონდა ადგილი, თორემ მეგობრული ურთიერთობა არ გვაკლდა მეზობელ თუ სხვა რაიონის ფეხბურთელებთან.

ცალკე მსჯელობის საგანია პერსპექტიული ფეხბურთელების საკითხი. მაშინ ჩვენს გუნდში უდავოდ თამაშობდნენ ნიჭიერი ფეხბურთელები, რომლებსაც პატრონობა სჭირდებოდა. წესიერი მრჩეველიც კარგია ასეთ დროს. ჩვენს მშობლებს ფეხბურთის თამაში დროის დაკარგვად მიაჩნდათ, მათთვის მთავარი იყო სწავლა და სამსახური, რასაც ჩვენც ვემორჩილებოდით (მშობლის ნებას ვერ გადავდიოდით). ამ წლებში მთელი კავშირის მას-

შტაბით ქუხდა თბილისის „დინამო”, სადაც მოხვედრა ძნელი იყო. ვალო ესართიას ჰქონდა შანსი ეთამაშა მეორე მეკარედ, მაგრამ დედამისმა არ ქნა. მე ასე ვიცი. უფრო თავისუფალი იყო ამ მხრივ ლერი ჩხარჩხალია,

რომელმაც როგორც კი დაამთავრა თბილისის ცნობილი 35-ე სპორტული სკოლა ქუთაისის „ტორპედოში” მიიწვიეს და ერთი წელი კარგად თამაშობდა, მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ სპეციალისტები, ვრცელი წერილი მიუძღვნეს „ლელოში”, მაგრამ ავადმყოფობამ ხელი შეუშალა წარმატებით გაეგრძელებინა სპორტული კარიერა. იგი ჩვენს გუნდში გამოირჩეოდა, საოცარი ფიზიკური მომზადება ჰქონდა, კარგად ხედავდა მინდორს სწრაფად ერკვეოდა შექმნილ სიტუაციაში, ურტყამდა ძლიერად. ერთი სიტყვით,

ყველაფერი ჰქონდა იმისათვის, რომ დიდი ფეხბურთი ეთამაშა,მაგრამ…სამწუხაროდ, ისე ვერ გააგრძელა ცხოვრება, როგორც მას ეკადრებოდა, თუმცა სპორტისთვის თავი არ დაუნებებია. ოჯახი არ შეუქმნია, ეულად დარჩა და მარტოობაში დაასრულა სიცოცხლე.

მაშინ მართლაც ნიჭიერი ახალგაზრდობა გვყავდა, რომლებსაც პატრონობა სჭირდებოდა, ფეხბურთისადმი მიდგომა იყო სხვანაირი.დრო თავისას აკეთებს. ბევრი ჩვენი გუნდელი ცოცხალი არ არის,რაც დრო გადის, მივიწყებას ეძლევა მათი ამაგი. კარგია ეს წიგნი რომ

 იწერება, მათი ღვაწლის დაფასებაა უსათუოდ, მაგრამ საკმარისი არ არის ყოველ წელს უნდა ტარდებოდეს მათი სახელობის ტურნირები, დაწესდეს პრიზები, სპორტულ ბაზებს ეწოდოს მათი სახელი და სხვ. სამწუხაროდ, დღეს ფეხბურთი ცოტა ვინმეს თუ აინტერესებს, სად წავიდა ის ჟინი, უხტი, რომელიც გვქონდა და რაიონის ღირსების დასაცავად მინდორზე ვხარჯავდით. იმედია, რაიონის ხელმძღვანელობა გაითვალისწინებს მდიდარ ტრადიციებს და კვლავ ააღორძინებს ჩვენს რაიონში სპორტის ამ გამორჩეულ სახეობას.

ჩხოროწყუ 2011 წ.

თეზო გაბისონია

თეზო გაბისონია _ 60-იანი წლების ფეხბურთელი: ჩემი ბაშვობა იმ პერიოდს

დაემთხვა, როცა 50-იანი წლების ფეხბურთი ჩხოროწყუში ბრწყინავდა. სტადიონთან

ახლოს ვცხოვრობდი და ყოველდღე ვესწრებოდი ვარჯიშებს, მატჩებს. მე-9 კლასის მოსწავლე ვიყავი დოროხოვმა გუნდში რომ მათამაშა. ხუტა (მუნჯი) გულუასთანაც მითამაშია. რეზო კაჭარავას, მიტუშა ქვარცხავას, ვალო ესართიას გვერდით თამაში ხომ ყველა დამწყები ფეხბურთელისთვის ოცნება იყო.

ისინი საინტერსო პიროვნებები იყვნენ.

ვალომ ლანჩხუთში, ერთ მატჩში, ორი პენალტი აიღო. მსაჯმა ვერაფერი მოიგონა და იძულებული გახდა დაემთავრებინა თამაში (0:1) ჩვენს სასარგებლოდ. სამტრედიაში მიტუშამ თითქმის ცენტრიდან, ზურგშექცევით, მაკრატელათი გაიტანა გოლი, რომელმაც აღფრთოვანებაში მოიყვანა მეტოქის გულშემატკივრებიც. ასეთ რამეებს ხშირად აკეთებდნენ ისინი. სწორედ მათი რჩევით 7 კლასდამთავრებულმა გავაგრძელე სწავლა თბილისის 35-ე სპორტულ სკოლაში. მისი დამთავრების შემდეგ თბილისის ,,ლოკომოტივში”ვთამაშობდი, რომელიც სსრ კავშირის ჩემპიონატის ,,ბ” ჯგუფში

ასპარეზობდა. გუნდი ძლიერი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული, რომელთა ნაწილმა უმაღლეს ლიგაში ან თბილისის ,,დიანამოში” ითამაშა. ჩემს გვერდით შემდგომში ცნობილი მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი გამოდიოდა. 2 წელი ქუთაისის ,,ტორპედოში” მიმიწვიეს, ისიც ,,ბ “ ჯგუფის ბინადარი იყო, ანაზღაურება მეტი მქონდა, თანაც სახლთან ახლოს ვიყავი, რაც მაწყობდა. ალბათ კიდევ დიდხანს მომიწევდა ქუთაისში დარჩენა, რომ

არა მუხლის მძიმე ტრამვა, რომელმაც მაიძულა კარგა ხნით ჩამოვცილებოდი

ფეხბურთს. ერთი პერიოდი ვცდილობდი თავი დამენებებინა სპორტისთვის. მკურნალობის შემდგომ ოჯახში გვეწვია ლესიჭინის მეურნეობის დირექტორი ბატონი შოთა ლემონჯავა და მთხოვა მეთამაშა ახალშექმნილ სოფლის გუნდში, იმ პირობით, ჯარში არ გამიწვევდნენ (არ არის დასამალი, მაშინ დაუწერელი კანონით ფეხბურთელები ჯარში არ მიჰყავდათ). ერთი წელი ვითამაშე ლესიჭინეში და რაიკომის პირველმა მდივანმა დამიანე ჯიჯელავამ რაიონულ გუნდში გადმომიყვანა უკეთესი პირობებით. დამნიშნეს საგზაო მშენებლობის საწარმოში სამუშაოთა მწარმოებლად,

პარალელურად კი ვთამაშობდი. ჩემს გვერდით გამოდიოდნენ: ვალო ესართია, მიტუშა ქობალია (სათადარიგო მეკარე), არკადი ფირცხელავა, თენგიზ ყურაშვილი (დღეს აკადემიკოსი), ლიმერი ჭაავა, იპო ბებია,, გურგენ უბირია, კუჭა ბელქანია, ლერი ჩხარჩხალია, ბონდო აბაშიძე, რეზო გოგუა, შახი პერტაია, ნუგზარ კვაშილავა და სხვ. 1980 წლამდე მოქმედი ფეხბურთელივ იყავი და და შესაძლებლობის მაქსიმუმს ვაკეთებდი ჩემი რაიონის ღირსების დასაცავად.

ლევან ყურაშვილი

ლევან ყურაშვილი: ბავშვობიდან სპორტისადმი სიყვარულით ვიზრდებოდი, რადგან

მამაჩემი ფიზკუტურასა და სპორტს ხელმძღვანელობდა. შემთხვევით არც ფიზკულტურის

ინსტიტუტი ამირჩევია ცხოვრების მეგზურად. ფეხბურთიც ვითამაშე რაიონულ გუნდში და პედაგოგადაც ვმუშაობდი პირველ მოდანახის არასრულ სკოლაში. შემდეგ თბილისში

გადავედი საცხოვრებლად და არჩეულიპროფესიისათვის არ მიღალატია. ფიზკულტურის

ინსტიტუტში კომკავშირის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგლედ

ამირჩიეს, შემდეგ საქართველოს სპორტკომიტეტის განყოფილების გამგედ გადამიყვანეს, წლების განმავლობაში თბილისისს საბინაო მშენებლობის სამმართველოს უფროს ინსტრუქტორ-მეთოდისტი

ვიყავი, ყველგან ვაკეთებდი იმას, რასაც ჩემი პროფესია მავალებდა. და მაინც, ჩემი მშობლიური რაიონი არ მავიწყდება, სადაც საინტერესო წლები გამიტარებია. მინდა გავიხსენო, ის ფეხბურთელები, რომლებსაც ჩვენი რაიონის ღირსებისათვის ოფლი უღვრიათ. უმრავლესობა უკვე გაიხსენეს მეგობრებმა, მაგრამ არაფერი თქმულა ისეთ ფეხბურთელებზე, რომელთა დავიწყება არ შეიძლება. ერთი წელი ითამაშა სოხუმელმა ილია ელექტერიადმა, ეროვნებით ბერძენმა. ის ნაპატიმრალი იყო და ყველა ერიდებოდა

მასთან ურთიერთობას, არადა ყოველ მატჩზე გოლები გაჰქონდა. არ უნდა დავივიწყოთ გეგეჭკორელი (მარტვილი) ანზორ დანელია, ცხაკაიელი (სენაკი) თამაზ დავითაია, ფოთელი გოგი ბუკია, ქუთაისელი მიშა დონაძე, ჩხოროწყუელი ვალერი ყალიჩავა—ტრაგიკულად დაღუპული ბიჭი, რომლებიც

ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობდნენ.

ოლეგ შემგელია

ოლეგ შენგელია _ 70-იანი წლების ფეხბურთელი: საშუალო სკოლა ახალდამთავრებული მქონდა ჩხოროწყუს ,,ნაკადულში” რომ მიმიწვიეს. ფაქტობრივად აქ იყო ჩემი პირველი კოლექტივი, რომელმაც ყველა კარგი თვისება მასწავლა. ისინი, მართალია,

ძირითადად ფეხბურთზე გვესაუბრებოდნენ,მაგრამ არც ქცევის ნორმები ავიწყდებოდათ, მეტოქის პატივისცემას, წაგების და მოგების სწორ რეაგირებას, სამშობლოს სიყვარულს გვასწავლიდნენ. თითქმის 10 წელი ვითამაშე ნახევარმცველის პოზიციაზე და ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე მწვრთნელი გამოვიცვალე. მახსენდება ქუთაისელი მაისურაძე, წერეთელი (ბაშკირა), კვერნაძე, ადგილობრივები ლერი ჩხარჩხალია, ვალო ესართია.

ჩვენ საქართველოს პირველობის მეორე ლიგაში გამოვდიოდით და საშუალო პოზიცია გვეკავა სატურნირო ცხრილში. პირველობაც გვინდოდა, მაგრამ ამას მეტი მხარდაჭერა სჭირდებოდა რაიონის ხელმძღვანელობის მხრიდან. მცირე ხელფასი გვქონდა, შეკრებას მხოლოდ შინ ვატარებდით. გასვლაზე, მატჩის წინ ჩავდიოდით და ა.შ. სპორტსაზოგადოება„კოლმეურნეს” თავმჯდომარედ მუშაობდა ვეტერანი ფეხბურთელი, ფიზკულტურის ინსტიტუტდამთავრებული, შესანიშნავი პიროვნება ბონდო პაპასკირი,

რომელიც ყველგან თან დაგვყვებოდა. მას დიდ პატივს სცემდნენ ფეხბურთის სამყაროში. მისი თაოსნობით შინ ვეთამაშეთ სსრ კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებს, სადაც ბლოხინი, ბურიაკი მონაწილეობდნენ, თბილისის ,,დინამოს”. მართალია, ორივე მატჩი წავაგეთ, მაგრამ დაგვამახსოვრდა სახელოვან ფეხბურთელებთან თამაში. ბლოხინთან ცოტა მეტი მომივიდა, ფეხი უხერხულად გავკარი, ერთი შემომხედა, მაგრამ არაფერი უთქვამს. მე მივხვდი, რომ უფრო ფრთხილად უნდა მეთამაშა. ეს ხომ ამხანაგური მატჩი იყო, უფრო საჩვენებელი, ამიტომ ჩვენ მათ მოწიწებით ვექცეოდით.

,,ნაკადულში” ჩემ გვერდით თამაშობდნენ: მეკარეები ვალო ესართია, ბონდო აბაშიძე, სოსო ახალაია, ბორის უბირია, მინდვრად მოთამაშეები მიშა ბედოთიძე, როლანდ (ტოლიკ) გოგუა, ლეო ყურაშვილი, აჩიკო ჩიტაია,კოტე ცაგურია, მერაბ და თენგიზ კვირკველიები, ტუტუ და თამაზ ჩიტაიები, ჯუმბერ (კუჭა) ბელქანია, რეჯიბ შენგელია, ვახტანგ ჩიქოვანი,

თეზო გაბისონია, დონაძე, ფრიდონ გოცირიძე, იური კულინიჩი, როლანდ სახოკია, ლიმერ ჭაავა, ტიტიკო კვარაცხელია, შახი პერტაია, ინტერ ხორავა. ეს ის არასრული სიაა, ვისი გვერდითაც მითამაშია, ბევრი არ მახსენდება, იმედია მაპატიებენ.

ფეხბურთი შემდგომ წლებში უფრო მეტად აღორძინდა და მეტი სახელი და დიდება მოიპოვა, რითაც თითოეული ჩხოროწყუელი ამაყობდა, თუმცა არც ჩვენი როლია დასავიწყებელი, რადგან ოფლი გვიღვრია რაიონის ღირსებისათვის. დარწმუნებული ვარ კვლავაც ვიხილავთ ძლიერ ,,სამეგრელოს”.

სოსო ახალაია

სოსო ახალაია _ 70-იანი წლების ფეხბურთელი: სკოლის დამთავრებისთანავე ამიყვანეს

,,ნაკადულის” ძირითად შემადგენლობაში და შევცვალე გამოცდილი გოლკიპერი ბონდო

აბაშიძე. მინდა გავიხსენო ჩემი თანაგუნდელები, რომელთაგან ბევრი დღეს ცოცხლები არ არიან. აჩიკო ჩიტაია, კოტე ცაგურია, მიშა ბედოთიძე, ტოლი გოგუა, ლეო ყურაშვილი, თენგიზ და მერაბ კვირკველიები, კუჭა ბელქანია, ოლეგ შენგელია, თენგიზ ლაგვილავა,

ვახო ვეკუა, მუნაველ, გივიტა, ავერი სიჭინავები, ინტერ რეზო ხორავები, ზაურ რუხაია, ტრისტან ვასაძე, ვალო ესართია, ვახო ინჯგია, ჯუნგლი ახალაია, ბორის უბირია, ჟენია შერსნიოვი (ხერსონიდან), შაქრო ყალიჩავა, ტუტუ და თამაზ ჩიტაიები, ლერი ჩხარჩხალია, გოჩა პაპასკირი, რობერტ ყალიჩავა და სხვ. თუ კი ვინმე გამომრჩა, ბოდიშს ვუხდი თითოეულ მათგანს.

,,ნაკადულიში” აღზრდილმა ბევრმა ბიჭმა ,,სამეგრელოში” გააგრძელა ასპარეზობა. ჩვენ უკვე ასაკში ვიყავით და ესტაფფეტა მათ გადავაბარეთ, ასე რომ, ძველსა და ახალ გუნდს შორის დიდი მანძილი არ ყოფილა. მეამაყება, რომ საფუძველი ჩავუყარეთ მაღალი დონის გუნდს, რომელიც რესპუბლიკაში ტოლს არავის უდებდა.

რეჯიბ შენგელია

რეჯიბ შენგელია: 15 წელი ვითამაშე რაიონულ გუნდში. მართალია, მე-2 ლიგაში ვირიცხებოდით,მაგრამ კარგად გამოვდიოდით, რადგან აქაც იყო დიდი კონკურენცია. გვყავდა ძალიან კარგი, გამოცდილი მწვრთნელები, ფეხბურთელები სხვადასხვა ქალაქებიდან, მაგრამ ძირითადად გუნდი ადგილობრივი სპორტსმენებით იყო დაკომპლექტებული. მაშინ ამას დიდი ყურადღება ექცეოდა. სხვა რაიონიდან ჩამოყვანილი ფეხბურთელის დამტკიცება ფეხბურთის ფედერაციაში ჭირდა. მიუხედავად იმისა,
რომ კარგი გუნდი გვყავდა, საპრიზო ადგილებისთვის, პირველ ლიგაში გადასასვლელად მეტი
იყო საჭირო. ამ გადასახედიდან ისე ჩანს, თითქოს რაიონის ხელმღვანელობას არ აინტერესებდა უკეთესი შედეგი, რადგან, ალბათ, დიდ ფინანსებთან იყო დაკავშირებული. 80-იან წლებში ეს პრობლემა მოხსნილი
იყო, ამიტომ ჰყავდა რაიონს კარგი გუნდი. ასე იყო ეს საბჭოთა ეპოქაში, ასეა ახლაც, თუნდაც საზღვარგარეთ, ფინანსები წყვეტენ გუნდის ბედს. კარგი შთაბეჭდილება დარჩათ საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების, თბილისის „დინამოს” ხელმძღვანელობას, როცა მათთან ამხანაგური
მატჩი ჩავატარეთ ჩვენს სტადიონზე. შეგვაქეს, მოგვიწოდეს მეტი გვევარჯიშა, აგვემაღლებინა პროფესიული დონე, დაგვიწუნეს მინდორი, სპორტული ბაზა
და ასე შემდეგ. ახალგაზრდულ ნაკრებში მაშინ საბჭოთა კავშირის ამომავალი
ვარსკლავი ბლოხინი თამაშობდა.
არაერთხელ მქონია მიწვევა უკეთეს გუნდებში, მაგრამ არასოდეს მიფიქრია სხვისი მაისურით გამოვსულიყავი მინდორზე. საინტერესოდ თამაშობდნენ ძმები ელდარ (ტუტუ) და თამაზ ჩიტაიები. ისინი მაღალი დონის სპორტსმენები იყვნენ, რომლებსაც პატრონი რომ გამოსჩენოდათ, დიდ ფეხბურთს ითამაშებდნენ უსათუოდ. ვგრძნობდით გულშემატკივრებისაგან სიყვარულს, პატივს მცემდნენ, მაფასებდნენ. ამის დასტურია თუნდაცის ფაქტი, რომ სპორტკომიტეტის ინიციატივით და რაიონის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით მე და ვალო ესართიას მოგვცეს ლიმიტი დაჩავირიცხეთ ფიზკულტურის ინსტიტუტში დაუსწრებლად. პარალელურადხაბუმის საშუალო სკოლაში ვმუშაობდი ფიზკულტურის მასწავლებლად.ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ ვიყავი რესპუბლიკური კატეგორიის მსაჯი
და არა ერთი პრესტიჟული მატჩის არბიტრი ვყოფილვარ.ხაბუმეში ყოველთვის თამაშობდნენ კარგ ფეხბურთს, აქედან იღებდასერიოზულ შევსებას რაიონული გუნდი, რაც ახლა შენელებულია. ბავშვთა
ფეხბურთს უნდა მიექცეს მეტი ყურადღება, რათა არ დაიკარგოს
ტრადიციები.

რობერტ ყალიჩავა _ (ვეტერანი ფეხბურთელი, გულშემატკივარი) 10 წელზე მეტი ვითამაშე რაიონულ გუნდში ნახევარმცველის პოზიციაზე. ყველაფერი მახსოვს. იყო დრო ფეხბურთს ვთამაშობდით, მაგრამ არავის აინტერსებდა ჩვენი მოგება-წაგება ერთეულიგულშემატკივრების გარდა. 80-იან წლებში სულ სხვა მოთხოვნა გაჩნდა, რომელმაც მწვავე კონკურენცია გამოიწვია და გუნდში მოხვედრა მხოლოდ ღირსეულთა ხვედრი გახდა.

მართლაც კარგი ფეხბურთი ათამაშდა ჩხოროწყუში, რომელსაც ანგარიშს უწევდნენ რესპუბლიკაში. დღეს გულშემატკივრის როლში ვარ, მაგრამ „სამეგრელო” ბედი ჩემ ღვიძლ საქმედ გავიხადე, რადგან ჩემი მეორე ოჯახი მხოლოდ აქ მეგულება, სადაც საუკეთესო წლები გავატარე. მე დიდი კმაყოფილი ვარ რაიონის დღევანდელი ხელმძღვანელობის, პირადად ქალაქის მერის დათო გოგუასი.

ასეთი თანადგომა 80-იან წლებშიც არ მახსოვს. გუნდში სერიოზული

პრობლემები არის, მაგრამ, ვფიქრობ, დაუძლეველი არაფერია და დავიბრუნებთ დაკარგულ პოზიციებს.

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩვენი ამბიციური პროექტი

სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

  ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცე"  ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.   

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს  ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩვენ  ვქმნით  ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელს, რომელიც  მოიცავს  ინფორმაციათა ფართო ქსელს ჩხოროწყუს  და  საქართველოს რეგიონების შესახებ

Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00