3 2018 წლის 11 ნოემბერს ჩხოროწყუში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „კოლხური შემოდგომა — ჩხოროწყუობა“ გაიმართა. ღონისძიება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დავით გოგუამ გახსნა, მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ხუთ ადამიანს „საპატიო ჩხოროწყუელის“ წოდება მიანიჭა. 2018 წლის საპატიო ჩხოროწყუელები დემურ ანთია — ხელოვანი, სკულპტორი, ეროვნული მოძრაობის ვეტერანი. რევო ესართია — მხატვარ-დიზაინერი, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლის პედაგოგი. ნუგზარ ჟვანია — ჟურნალისტი, პუბლიცისტი, შრომის ვეტერანი. ბაბუცი თოლორდავა — განათლების სისტემის ღვაწლმოსილი მუშაკი, შრომის ვეტერანი. გიორგი გახარია — იმ პერიოდში საქართველოს ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი, წარმოშობით ჩხოროწყუელი. ჩხოროწყუსთვის ქალაქის სტატუსის მინიჭება 2018 წლის „ჩხოროწყუობის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ჩხოროწყუსთვის ქალაქის სტატუსის მინიჭების შესახებ ინფორმაციის გამოცხადება იყო. ჩხოროწყუს დაბის სტატუსი 1960 წლიდან ჰქონდა. 2018 წლის 6 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხელი მოაწერა დაბის სტატუსის ქალაქის სტატუსით შეცვლის გადაწყვეტილებას. მუნიციპალიტეტის მერის, დავით გოგუას განცხადებით, საკითხზე მუშაობა დაახლოებით ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. შესაბამისმა სამინისტრომ მოამზადა დასკვნა, რომელიც ითვალისწინებდა დასახლებაში არსებული ადმინისტრაციული, კულტურული და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის მდგომარეობას. 11 ნოემბერს, სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, მოსახლეობას ოფიციალურად გააცნეს ინფორმაცია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, დაბა ჩხოროწყუს ქალაქის სტატუსი მიენიჭა. ცვლილება ეხებოდა დასახლების კატეგორიას და არა თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებას. კულტურული ღონისძიებები და ეთნოგრაფიული კუთხეები დილიდან ჩხოროწყუს ცენტრში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება მიმდინარეობდა. გაიმართა ანსამბლ „კავკასიონისა“ და ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტი. მუნიციპალიტეტის მერიამ, საკრებულომ, ადმინისტრაციულმა ერთეულებმა, სხვადასხვა ორგანიზაციამ, საჯარო სკოლებმა და საბავშვო ბაღებმა მეგრული ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კუთხეები მოაწყვეს. წარმოდგენილი იყო ტრადიციული მეგრული სამზარეულო, ხალხური რეწვის ნიმუშები და ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. სპორტული ღონისძიებები დღესასწაულის ფარგლებში შეჯიბრებები ჩატარდა სპორტის რამდენიმე სახეობაში: ქართული ჭიდაობა; ბლიცჭადრაკი; ქართული ნარდი; ეზოს ჩოგბურთი; მკლავჭიდი. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ დიპლომებით, მედლებით, თასებით, ფასიანი საჩუქრებითა და ფულადი პრიზებით. ქართული ჭიდაობის აბსოლუტურ წონით კატეგორიაში გამარჯვებულს მუნიციპალიტეტის მერმა ჭედილა გადასცა. სტუმრები და სახალხო სეირნობა დღესასწაულს ესწრებოდნენ საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, სხვა სასულიერო პირები და მოწვეული სტუმრები. სტუმრებმა მოსახლეობასთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სახალხო სეირნობაში და დაათვალიერეს ჩხოროწყუს ცენტრში დავით აღმაშენებლის სახელობის მშენებარე ეკლესია. გალაკონცერტი საღამოს ქალაქის ცენტრში გაიმართა გალაკონცერტი ჯგუფ „ფრანისა“ და დავით არჩვაძის მონაწილეობით. დღესასწაულის პროგრამით დასასრულს ფოიერვერკი იყო გათვალისწინებული. 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge Following Author previous post ჩხოროწყუობა 2015 — სახალხო დღესასწაული ჩხოროწყუში