CHKHOROTSKU.GE

ბექა ახალაია-თვითკმაყოფილება მწერლის პირველი მტერია

ავტორი chkhorotskuge

ცნობილი პოეტი ბექა ახალაია ჩხოროწყუში დაიბადა და გაიზარდა. დაამთავრა სოხუმის უნივერსიტეტი.  2017 წელს ლიტერატურული პრემია „საბა“ გადაეცა (ნომინაციაში „წლის საუკეთესო დებიუტი“). ჩვენი ელექტრონული ქსელი ბექას დაუკავშირდა. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს

ბექა გამარჯობა, წარმოშობით ჩხოროწყუდან ხართ და პირველი კითხვა „შაბლონური“ იქნება… ამ პატარა მუნიციპალიტეტში  რამდენიმე  ცნობილი პოეტია. რას ნიშნავს  თქვენთვის ჩხოროწყუ და რამდენად დიდია ხელოვანზე საკუთარი ოდაბადეს გავლენა?

-მოგესალმებით. გეთანხმებით, ჩვენი რაიონი პოეტების სიმცირეს ნამდვილად არ უჩივის. სიამაყისთვის აპოლონ ადონიას და ლაშა გახარიას გახსენებაც კმარა. ჩხოროწყუდანაა ასევე გადასარევი პოეტი ზაალ ჯალაღონია. არიან უმცროსი თაობის ნიჭიერი პოეტებიც. მე ისინი დავასახელე, ვინც ვიცი. ბოდიშს ვუხდი მათ, ვის შემოქმედებასაც არ ვიცნობ.

პოეზია და შემოქმედება საქართველოში  ფინანსურად მომგებიანი არაა და ძირითადში  საკუთარ  შინაგან სურვილს ეყრდნობა. რამდენად რთულია ჩვენთან იყო პოეტი და ზოგადად ხელოვანი?

-პოეტობა, პროზაიკოსობასთან შედარებით,  ყველა ქვეყანაში ფინანსურად წამგებიანი საქმიანობაა, წამყვანი გამომცემლობების უმეტესობა, ჩვენშიც და უცხოეთშიც, პოეტურ კრებულებს არც გამოსცემს. თუმცა დიდ ქვეყნებში, სადაც ბაზარიც დიდია, მეტი პოეტური კრებული იყიდება და პუბლიკაციებიდან მიღებული ჰონორარიც გაცილებით მეტია, ანუ იქ პოეტი თავს გაიტანს, ჩვენში კი თავისუფლად შესაძლებელია, შიმშილით მოკვდეს. საქართველოში პოეტობა ღრმა რეფლექსიის შემდეგ საკუთარი თავისთვის გამოტანილი განაჩენია, ეს არის საკუთარი თავის სრულიად გაცნობიერებული, თანმიმდევრული გაწირვა ამაღლებული იდეის გამო. ზოგი წერას თავს ანებებს, რომელიმე პრაგმატულ სფეროში ინაცვლებს და წარმატებითაც მიიწევს მაღლა ბიურგერული ცხოვრების კიბეზე. მგონი, უტრირებული დრამატიზება გამომივიდა, მაგრამ მთავარი გადმოვეცი. ამიტომ ყველა ნამდვილი პოეტი პატივისცემას იმსახურებს.

პოეზიის მკითხველთა ასობით ათასიანი არმია საბჭოთა მითია. პოეზიას ყოველთვის ცოტა მკითხველი ჰყავდა და მომავალშიც ასე იქნება. ხელოვნების სხვა დარგებში გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა.

ბექა ახალაია

თქვენი სტილი ე.წ საბჭოთა რეალისტური პოეზიისგან ძალიან შორსაა და  ადეკვატურ  აღქმას ითხოვს. რამდენად ახლოს გრძნობთ მკითხველს. თუ უფრო მნიშვნელოვანი შეგრძნებათა გადმოცემის მომენტია?

-ლიტერატურაში ყველა მნიშვნელოვან თაობას არსებითი სიახლეები მოაქვს, ეს ყველაფერი ზოგ შემთხვევაში – გაცნობიერებულად, ზოგ შემთხვევაში კი გაუცნობიერებლად ხდება.

მაგალითად: „თერგდალეულებმა“ „რომანტიკოსებისგან“ სრულიად განსხვავებულად დაიწყეს წერა, გალაკტიონმა და „ცისფერყანწელებმა“ კი აკაკის, ვაჟას და ილიას პოეტიკების პრიმატულობის დეკონსტრუირებისთვის ჩაატარეს მთელი რიგი პოეტური რეფორმები და ა. შ. თუმცა ეს წარსულის უარყოფას არ ნიშნავს, ეს არის ერთგვარი აკულტურაცია, ლიტერატურული გამოცდილების გადაცემა თაობიდან თაობაზე და ამ გამოცდილების კონვერტირება ადეკვატურ გამომსახველობით ფორმებში. ილიას ბარათაშვილზე სათაყვანებელი პოეტი არავინ ჰყავდა, ისევე, როგორც გალაკტიონს – აკაკიზე, ტიციანს – ვაჟაზე და ა. შ. თუმცა გარდაქმნა აუცილებელი იყო.

დღეს მოძველებული ფორმალისტური არსენალით, ლექსიკით და ტროპულ-სახეობრივი სისტემით წერა შეუძლებლია.

რაც შეეხება მკითხველს, წერის დროს მკითხველზე ნაკლებად ვფიქრობ.

„საბას“ კონკურსში გამარჯვება და აღიარება ადვილი არ იყო. რას ნიშნავდა თქვენთვის ამ დონის აღიარება?

-ყოველთვის სასიამოვნო და სასიხარულოა, როცა პრესტიჟულ კონკურსებში იმარჯვებ, მაგრამ ეს სიხარული რამდენიმე დღეზე მეტ ხანს თუ გრძელდება, დამღუპველია. თვითკმაყოფილება მწერლის პირველი მტერია.

ინარჩუნებთ თუ არა ჩხოროწყუსთან კავშირს და ყველაზე მეტად თქვენს მშობლიურ მუნიციპალიტეტში რის შეცვლას ისურვებდით

თექვსმეტ წლამდე ჩხოროწყუში ვიცხოვრე. დიდი მწერლის ნათქვამის პერიფრაზირებას თუ მოვახდენთ, ბავშვობა ყველაზე მოკლე და, ამავე დროს, ყველაზე გრძელი პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში.

ეს პერიოდი მე იქ გავატარე და, ცხადია, ძალიან მიყვარს იქაურობა. როგორც ყველა მწერალი, მეც მთლიანად ბავშვობის მოგონებებით ვიკვებები. მამაჩემი იქ ცხოვრობს, მეც ჩავდივარ ხოლმე, ოღონდ, სამწუხაროდ, არც ისე ხშირად.

რა განსხვავებას ხედავთ  თბილისის დინამიკასა და ჩხოროწყუს სოფლების ატმოსფეროს შორის. რომელი უფრო ახლოა თქვენთან?

-იქაური და აქაური ცხოვრების დინამიკა განსხვავებულია. თავისებურად ორივე მომწონს.

პოეზიის გარდა  ძირითადში რა საქმიანობით ხართ დაკავებული

-პოეზიის და პროზის გარდა, ვწერ ლიტერატურულ წერილებს და ესეებს, რომლებიც სისტემატურად იბეჭდება ონლაინ და ბეჭდურ პერიოდიკაში. ჩემი მთავარი საქმიანობა წერაა.

მადლობა რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე. იმედია პატარა პარიზშიც შევხვდებით და უფრო „ცოცხალ რეჟიმში“ გავისაუბრებთ J

 -შევხვდებით აუცილებლად. გმადლობთ საინტერესო საუბრისთვის.

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩვენი ამბიციური პროექტი

სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

  ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცე"  ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.   

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს  ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩვენ  ვქმნით  ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელს, რომელიც  მოიცავს  ინფორმაციათა ფართო ქსელს ჩხოროწყუს  და  საქართველოს რეგიონების შესახებ

Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00