CHKHOROTSKU.GE

ჩხოროწყუს “სამეგრელოს” ოქროს წლები. ნუგზარ ჟვანიას წიგნიდან

ავტორი chkhorotskuge

ფრაგმენტი ნუგზარ ჟვანიას წიგნიდან

1976 წელს რაიკომის პირველ მდივნად დაინიშნა კარლო ქაჯაია, რაისაბჭოს აღმასკომის

თავმჯდომარე უკვე მუშაობდა გურამ თოდუა.

მათ სახელს უკავშირდება სპორტის აღორძინება ჩხოროწყუში. პრესტიჟულ საქმედ მიიჩნიეს გვყოლოდა კარგი ფეხბურთელთა გუნდი და ამისთვის მაქსიმალური გააკეთეს. ბევრჯერ რისკზეც მიდიოდნენ, ფინანსურ ხარჯებსაც არ ერიდებოდნენ, ოღონდ ფეხბურთელთა გუნდი მოწინავე პოზიციაზე ყოფილიყო.

მოიწვიეს მაღალკვალიფიციური მწვრთნელები, ჩამოიყვანეს რამდენიმე კარგი

ფეხბურთელი, რეკონსტრუქცია ჩაუტარეს სტადიონს,

,,ნაკადულის” ნაცვლად „სამეგრელო” დაარქვეს და რესპუბლიკაში ერთ-ერთი სახელოვანი სპორტული კოლექტივი შექმნეს.

კარლო ქაჯაია

1980 წლიდან სპორტ კომიტეტს სათავეში ჩაუდგა ვაჟა (ვალო) ესართია, რომელიც

მანამდე სპორტ საზოგადოება „კოლმეურნეს” თავმჯდომარე იყო (1977 წელს ავტო კატასტროფაში დაიღუპა ბონდო პაპასკირი).

„კოლმეურნეს” კი სათავეში ამირან ბერია ჩაუყენეს, რომელმაც ამ თანამდებობაზე დაასრულა კარიერა გასული საუკუნის ბოლოს. 1988 წელს სპორტ კომიტეტის თავმჯდომარედ ამირან ჯალაღონია დანიშნეს, რომელმაც 2007 წლამდე იმუშავა, შემდეგ

ამ სამსახურმა რეფორმა განიცადა და გადაკეთდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურად. 1987 წელს გარდაიცვალა სპორტ სკოლის დირექტორი ოთარ ჩიქოვანი, რომელმაც ბევრი იღვაწა ნორჩ სპორტსმენთა აღზრდისათვის. მის ადგილას მუხურელი ჯანიკო ჩიქოვანი დაინიშნა. ამ პერიოდში „კოლმეურნემ” სპორტ სკოლა გაიხსნა ლესიჭინეში,რომელსაც ჯერ რეზო ფარცვანია, ხოლო შემდეგ თენგიზ მანჯგალაძე ხელმძღვანელობდნენ.

გურამ თოდუა

ჯერ კიდევ არ იყო საბჭოთა კავშირი დაშლილი, როცა დაიწყო პროფესიული

კლუბების შექმნა, პირველ რიგში იგი ფეხბურთით დაიწყო. 1989 წელს შეიქმნა პროფესიული კლუბი „სამეგრელო”, რომლის პირველ პრეზიდენტად

ვაჟა (ვალო) ესართია აირჩიეს, შემდგომ ამ თანამდებობაზე იმუშავეს

ვალერიან ახალაიამ, არნოლდ ჟვანიამ, ნუგზარ ჟვანიამ, ენვერ მალანიამ, ჯანიკო ქებურიამ, ლევან უბირიამ, რამაზ კოხიამ… უკანასკნელ

წლებში ფეხბურთი გადავიდა მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში და

შეიქმნა შ.პ,ს. „სამეგრელო”, რომელსაც ბორის უბირია თავკაცობს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ლესიჭინესა და ხაბუმეში ფეხბურთელთა გუნდების ასპარეზობა. ლესიჭინელებმა ორჯერ გადაიყვანეს რაიონული გუნდი ზონალური შეჯიბრებიდან საქართველოს პირველობის მეორე ჯგუფში, ხოლო ხაბუმის „თუთარჩელა” 1991-92 წლებში საქართველოს პირველობაზე მეორე ჯგუფში წარმატებით მონაწილეობდა.

„სამეგრელო” იმდენად ძლიერი კოლექტივი იყო, რომ მას ანგარიშს

უწევდნენ ქართული ფეხბურთის ფართო წრეში. სამწვრთნელო ამხანაგური

მატჩი ჩაუტარებია დონეცკის „შახტიორთან”, მინსკის „დინამოსთან”, ალმაატის

„კაირატთან” და სხვ. ხოლო ჩხოროწყუს სტადიონზე უთამაშია სსრ კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებს ბლოხინის მონაწილეობით, თბილისის

„დინამოს” მურთაზ ხურცილავას თავკაცობით, ,,დინამოს” ვეტერან ფეხბურთელებს… „სამეგრელომ” ორჯერ მოიპოვა უფლება ეთამაშა საქართველოს თასის ფინალში, ხოლო მისი ფეხბურთელები რამდენჯერმე

დასახელდნენ 33 საუკეთესო სპორტსმენთა შორის. ბორის უბირია ორჯერ დასახელდა საუკეთესო მეკარედ, მამუკა ქვილითაია, ერემია ციმაკურიძე, ჯუნგლი ახალაია_საუკეთესო თავდამსხმელებად. აქ აიდგეს

ფეხი და შემდეგ დიდ ფეხბურთს ეზიარნენ აბაშელი კახი კაჭარავა, ლესიჭინელი იური სიჭინავა, ხაბუმელი გიზო შენგელია, გია ციმაკურიძე..

სა-მე-გრე-ლო… სა-მე-გრე-ლო… ეს ამაყი შეძახილი, გამარჯვების ყიჟინა ისმოდა წლების განმავლობაში ჩხოროწყუს თუ საქართველოს ქალაქების სტადიონებზე. დიახ, ,,სამეგრელო” წარმატებით გამოდიოდა რესპუბლიკის ჩემპიონატის პირველ ჯგუფში და სერიოზული მიღწევები ჰქონდა, ორჯერ იყო პირველ სამეულში, ოთხჯერ— ხუთეულში, ორჯერ— საქართველოს თასის ფინალში.

როგორ აეწყო ასე. რა მოხდა 80-იანი წლების დასაწყისში, როცა ერთბაშად იფეთქა რესპუბლიკის ფეხბურთის სამყაროში ,,სამეგრელოს” სახელმა.

ეს კითხვა ბევრჯერ დასმულა, რადგან 70-იან წლებში ჩხოროწყუ უფერულად გამოდიოდა მეორე ჯგუფში და ასე უცებ აღზევება ბევრს უკვირდა. სამართლიანი უნდა ვიყოთ, იგი უკავშირდება ჩხოროწყუს რაიკომის პირველი მდივნის კარლო ქაჯაიას სახელს, რომელიც 1976 წელს მოვიდა და 11 წელზე მეტ ხანს სათავეში ედგა ჩხოროწყუს რაიონს. (მაშინ პარტიული ხელმძღვანელი რაიონის პირველი პირი იყო). სწორედ მისი ინიციატივითდა რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის ბატონ გურამ თოდუას თანადგომით მთელი რიგი ორგანიზაციული ღონისძიება გაატარეს რაიონის სპორტულ ცხოვრებაში, რათა მაღალ დონეზე დამდგარიყო ფიზკულტურულ-სპორტული მუშაობა.

გასული საუკუნის 70-იანი წლები ხასიათდებოდა აღმავლობის წლად მთელ რესპუბლიკაში. თითქმის ყველა სფეროში შესამჩნევი ზრდა ფიქსირდებოდა.

ჩვენი რაიონიც იყო მოწინავეთა რიგებში. აქ წარმატებით სრულდებოდა სახელმწიფო გეგმები, არაერთხელ დაჯილდოებულა რაიონი რესპუბლიკური თუ საკავშირო უმაღლესი ხარისხის ორდენებითა და მედლებით. ამის ფონზე სპორტული მუშაობა დაბალი იყო, რაც ჩრდილს აყენებდა მიღწეულს. საკითხი რაიკომის ბიურომ განიხილა და დასახა მკვეთრი ღონისძიებები, რომელსაც სპორტის სფეროში კადრების ცვლილებაცმოყვა. პრიორიტეტად დასახელდა საფეხბურთო გუნდის აღორძინება და პირველ ლიგაში გადასვლა, რაც არც თუ ისე ადვილი იყო. დასახული ამოცანის შესრულებას სჭირდებოდა კადრები. გადახალისდა ხელმძღვანელობა, მოწვეულ იქნა კვალიფიციური მწვრთნელი, საკმარისი არ იყო ადგილობრივი სპორტსმენების მომზადების დონე, სხვა რაიონებიდან საჭირო გახდა ფეხბურთელების დამატება, სასწრაფოდ ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი ცენტრალურ სტადიონს, გაიხსნა დამატებითი ფეხბურთის ჯგუფები სპორტ-სკოლაში, გადამზადდნენ მსაჯები და სხვ. ბიუროს დადგენილება თითქმის ყველა წევრს ავალდებულებდა მიეხედა გუნდისათვის. ყველა სამეურნეო ხელმძღვანელი, თუ საჭირო გახდებოდა, ფინანსურადაც უნდა

დახმარებოდა, თუმცა ასეთი რამ დოკუმენტში არ დაფიქსირებულა.. უშუალოდ

გუნდს კურირებდნენ რაიკომის მეორე მდივანი არნოლდ ჟვანია, საორგანიზაციო განყოფილების გამგე მირიან გაბუნია, პროპაგანდა აგიტაციის განყოფილების გამგე ვალერიან ახალაია.

1980 წელს გუნდი პირველ ლიგაში გადავიდა და გადაერქვა სახელი.შესანიშნავი სახელი შეურჩიეს _ ,,სა მეგრელო”. მთავარ მწვრთნელად მოწვეულ იქნა გულიკო ოდიშარია, რომელიც გალის ,,მზიურში” მუშაობდა უფროს მწვრთნელად. მოწვეული იყვნენ ფეხბურთელები: საჩხერელი ერემია ციმაკურიძე, რომელიც გალის ,,მზიურში” თამაშობდა, ქუთაისელი ემზარ დანგაძე, თბილისელი ზაურ ქავთარაძე, მარტვილიდან უკან დააბრუნეს მეკარე ბორის უბირია… კარგი კოლექტივი შეიქმნა. სეზონის დაწყებამდე

გუნდმა მოსამზადებელი წვრთნა გაიარა ლესელიძეში, ერთ კვირიანი შეკრებები ტარდებოდა ადგილზე, ძალები მოსინჯეს როგორც მაღალი ლიგის გუნდებთან, ისე საქართველოს ჩემპიონატის ფავორიტებთან და შედეგიც სახეზე დადგა. ,,სამეგრელომ” პირველი მატჩიდან იწყო გამარჯვება.

იმ წელს მეხუთე ადგილზე გავიდა და ბევრი მაღალრეიტინგიანი გუნდი როგორც შინ ისე გასვლაზე დაამარცხა. წლის შედეგებით ბორის უბირია საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში საუკეთესო მეკარედ დასახელდა, ერემია ციმაკურიძე საუკეთესო სამეულში შევიდა თავდამსხმელებს შორის. იმდენად ანგარიშგასაწევი კოლექტივი დადგა ,,სამეგრელო“ რომ პირველობისათვის მებრძოლი გუნდები საგანგებოდ ემზადებოდნენ მომავალი მატჩისათვის.

ორიოდე სიტყვა უნდა ვთქვა გულიკო ოდიშარიაზე. ის იყო თავისისაქმის კარგი ს პეციალისტი, ალღოიანი, საკუთარ თავში დარწმუნებული პიროვნება, რომელიც ყველაზე მძიმე წუთებშიც კი უკან არ იხევდა. წაგებაში ტრაგედიას არ ხედავდა, მაგრამ მოგებული მატჩის დათმობას ვერ იტანდა. ჩაწყობილ თამაშებზე ხომ გიჟდებოდა, ვერაფრით აიძულებდი ქულის დათმობას. ,,იმას როდი ვაკადრებ ფეხბურთელს მინდორზე 90

წუთი „იმარიაჟოს” და გამასხარავებულმა დატოვოს მოედანი. მე მას მოგებისათვის

ბრძოლას ვასწავლი და დამარცხებას ვერ მოვთხოვ. ასეთი რამეს ვერ ვიზამ, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია, ის მწვრთნელი არ არის” —იტყოდა იგი და როცა ზემდგომი ორგანოები უხეშად ჩაერეოდნენ მის საქმეში, უყოყმანოდ ტოვებდა იქაურობას. ასეთი ხასიათის გამო ბევრჯერ დარჩენილა უმუშევარი, მაგრამ არ ნანობდა. ის კარგად იცნობდა

საქართველოს ფეხბურთის სამყაროს. ვერ იტანდა არაპროფესიონალებს, ყველგან რომ ყოფდნენ ცხვირს და მათ დაუფარავად ამხელდა. თავად მოწესრიგებული, ამაყი, შეუვალი იდგა მინდორს მიღმა და დირიჟორობდა საკუთარ გუნდს. მან აწყობილი გუნდი დაგვიტოვა და საკუთარ რაიონში ცხაკაიაში (სენაკი) გადავიდა, სადაც კვლავ მისი ხელი იყო საჭირო. რამდენიმე წლის შემდგომ ის ისევ დაბრუნდა ,,სამეგრელოში”,

კვლავ შექმნა მებრძოლი გუნდი და კვლავ გაახარა ჩხოროწყუელი გულშემატკივარი.

ჩხოროწყუს ფეხბურთის ფედერაციამ არაერთხელ ჩაატარასარაიონთაშორისო ტურნირი გულიკო ოდიშარიას ხსოვნის უკვდასაყოფად, აც მივიწყებას არ უნდა მიეცეს.

თითქმის ოთხი ათეული წელი გავიდა მას შემდეგ. შეიცვალა საზოგადოებრივი

წყობა, მოგონებას შემორჩნენ კომუნისტები, დღეს სულ სხვა მიდგომაა ფეხბურთისადმი, მაშინდელი პრობლემები სულ სხვა იყო,

დღეს კი სხვაა. ამიტომ თამამად ლაპარაკობენ ამ გადასახედიდან წარმატებებზე,

ისე ნაკლოვანებებზე მაშინდელი როგორც პარტიული ფუნქციონერები,

ისე რიგითი მუშაკები.

ნუგზარ ჟვანია

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩვენი ამბიციური პროექტი

სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

  ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცე"  ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.   

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს  ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩვენ  ვქმნით  ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელს, რომელიც  მოიცავს  ინფორმაციათა ფართო ქსელს ჩხოროწყუს  და  საქართველოს რეგიონების შესახებ

Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00