იგორ ფიჩხაია საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე მამანტი კვირტიას 1970 წლის პუბლიკაციას აქვეყნებს, სადაც მოცემულია არგუმენტები ოწინდალეს კომპლექსის სახელწოდებასთან დაკავშირებით.
ტოპონიმი -ადგილმდებარეობის სახელწოდება, ისტორიული წარსულის რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენის შემცველი და მიმანიშნებელი სახელია. მისი ეტიმოლოგია – ახსნა-განმარტება სერიოზულ დაკვირვებასა და ყოველმხრივ შესწავლას მოითხოვს.
რესტავრირებული კომპლექსი
ჩვენმა რაიონულმა გაზეთმა ტოპონიმთა შესწავლის საქმეს რაიონში კარგი დასაბამი მისცა მასწავლებელ ნაპოლეონ ლემონჯავას სტატის გამოქვეყნებით, რომელიც მიძღვნილია ოცინდალეს ეტიმოლოგიისადმი. აღნიშნული სტატია, ძირითადად სწორად აყენებს ტოპონიმთა შეგროვება-ეტიმოლოგიის საკითხს; მასში დაშვებულ შეცდომებს სამართლიანი და დამაჯერებელი კრიტიკით გამოეხმაურა ჭოღის საშუალო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ამხ. გრ. შენგელია.
მან სწორად მიუთითა, რომ ოცინდალეში ოდითგანვე არ სახლებულა ცირდავების (ცინდა) გვარი და კიდევ რომ სახლებულიყო, ადამიანთა გვარისაგან ასეთი ფორმით არ იწარმოებოდა ადგილის სახელწოდება. როგორც ცნობილია, მეგრული ენა ო – პრეფიქსით ტოპონიმებს აწარმოებს ორ შემთხვევაში: ერთი. როცა ადგილს ახასიათებს ცხოველის ან ფრინველის სიმრავლე, სიუხვე; მეორე, როცა ადგილი ხასიათდება რაიმე მოქმედებით.
მამანტი კვირტია
პირველი შემთხვევის მაგალითებად შეიძლება დავასახელოთ „ოჩიტოლი“ – სარაქონის უბანში, გორაკი, სადაც აუარებელი ჩიტი იყრის თავს, განსაკუთრებით ადრე შემოდგომაზე; „ოყურდგელე“ – მოიდანახის უბანში. „ოჩხომური“ მდინარე, რომელიც ცნობილი იყო ჩხომის (თევზის) სიმრავლით
მეორე შემთხვევის მაგალითებია: „ოხარკალე“ მუხურის სასოფ. საბჭოს ლუგელას ხეობაში, სადაც მდინარე ხობისწყლის ხმაური ხევის ვიწროში განსაკუთრებულ ექოს გამოსცემს; „ო(ნ)ძილე“ – ჯილი, თევზთა საზამთრო თავსაყარი, საძინებელი (ო-ნჯირუ), ხოლო, როცა ადამიანთა გვარის სიმრავლით ერქმევა სახელი, მაშინ ორი პრეფიქსი – ლე და სა აწარმოებს ტოპონიმს, ასე მაგალითად: ლე-სიჭინე, სიჭინავების მიწა-ადგილი. ლე-წურწუმე – წურწუმიებისა, ლე-ქარჩე – ქარჩავებისა: სა-ვეკუო ვეკუებისაა; სასახურიო სახურებისა და სხვ
თვით ცირდავების გვარის მიხედვით – მუხურის სასოფლო საბჭოს ერთ უბანსაც ლეცირდეს ეძახიან და არა ოცირდეს.
ასე რომ ადამინთ გვარის მიხედვით შეუძლებელი იყო ტოპონიმი ოცინდალე წარმოებული ყოფილიყო. მეგრული სიტყვაწარმოების მიხედით ოცინდალე უნდა მიუთითებდეს ცინდალის (კნუტის) სიმრავლეზე, მაგრამ აქ უაზრობასთან გვექნებოდა საქმე, რადგან ცინდალი ცალი ცხოველის სახელწოდება კი არაა, არამედ ცხოველის ადრეული ასაკისა, კატის შვილისა, რომლის სიმრავლე დამოუკიდებლად არ შეიძლება ადგილის დამახასიათებელი იყოს. ამრიგად, ცინდალისაგან სიტყვა – სახელის „ოცინდალეს“ წარმოქმნა გამორიცხულია.
პედაგოგი გრ. შენგელია თავის სტატიაში აყენებს საკითხს ტოპონიმის „წინდვა“ ზმნისაგან წარმოების შესახებ. ეს მართალია, მაგრამ გარკვევით მაინც არას ამბობს, თუ რაზე უნდა მიუთითებდეს ეს წინდვა თუ „ოწინდალე“. ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში განმარტებულია, რომ წინდვა საცოლედ დანიშვნა არისო.
ამ საკითხთან დაკავშირებით საჭირო იქნება მოკლედ მაინც მოვიხილოთ ისტორია უგუმბათო ტაძრისა (ბაზილიკა-ბასილიკა), რომელიც დგას და საზღვრავს ამ გორაკის ოცინდალეს სახელწოდებას. აღნიშნული ბაზილიკის მსგავსი ნაგებობა იშვიათად თუ მოგვეპოვება ჩვენს კუთხეში და თუ რომელიმე კიდევ დარჩენილა იგი მაინც საგვარეულო სამლოცველოდ თუ ჩაითვლებოდა და ნამდვილ ეკლესიად (ყველა გვარის შესაყარად) მაინც არა. ასეთი უგუმბათო სამლოცველოები საბერძნეთში შენდებოდა წარმართობის ხანაში, პირველი არქონტის ბასილევსის მითითებით (ამიტომაც შეერქვა მას ბასილიკა-ბაზილიკა) და რომელიმე ღვთაების (დიონისეს, არტემიდის, მარსის, ფალოსის) თუ სხვა კულტის მსახურებისათვის. მაგრამ ქრისტიანული რელიგიის სახელმწიფო რელიგიად აღიარების შემდეგ, იმპერატორ კონსტანტინეს დროს საბერძნეთში ყველა ბაზილიკა ან დანგრეულ იქნა ან გადაკეთდა საქრისტიანო სამლოცველოდ. მხოლოდ ჩვენი ოცინდალეს ბაზილიკა, რომელიც ადამიანთა გამრავლების ღვთაების ფალოსის პატივსაცემად იყო აგებული, თუმცა ძალზე შელახული, მაგრამ მაინც შემოგვრჩა, როგორც კონსტანტინეს იმპერიას საკმაოდ დაშორებული
ფალოსის კულტის ეს ბაზილიკა, როგორც პროფ. ს. ყაუხჩიშვილის ლექციიდან მოხსენდება, ერთადერთია შემორჩენილი ოცინდალეში.
ამ კულტის ბაზილიკას ვაზის ხის კარები ჰქონდა ჩვენს დრომდე დაამჟამად იგი დაცულია ისტორიულ-ეთნოგრაფიუმუზეუმში; ბაზილიკაში უეჭველად იქნებოდა მისი დამახასიათებელი ფალოსის ქანდაკება შიშველი მამაკაცი, რომელიც ალბათ „კერპთამსხვრევის“ ხანაში დამსხვრეული და გადაყრილი იქნებოდა.
მხოლოდ ვაზის ხის კარიც კი საკმარისია იმისათვის, რომ ეს ბაზილიკა ფალოსის კულტისად ვაღიაროთ. ვინაიდან ფალოსის კულტი წარმოიშვა დიონისეს კულტის წიაღში, რომელიც ვაზს.ღვინოს, ქეიფსა და ღრეობას ადამიანის გამრავლების სტიმულა-ტორებად აღიარებდა.
რა ხდებოდა ამ (და ამგვარ) ბაზილიკებში?
აქ იმართებოდა დიონისეს კულტის დღესასწაული. ეგრეთწოდებული „დიონისიები“. „დიონისიები“ იმართებოდა ორი სახის – „სოფლის დიონისიები“ და „ქალაქის დიონისიები“, მაგრამ ფალოსის კულტისადმი მიძღვნილი დღესასწაული იმართებოდა „სოფლის დიონისიების“ სახით.
მის მოწყობას ხელმძღვანელობდა დემარქოსი – (ჩვენებურად დემის, თემის უხუცესი). ეს იყო მხიარული დღესასწაული და როგორც აღინიშნა, იმართებოდა დაბა-სოფლებში დეკემბერ-იანვარში (პოსეიდონის თვეში). მონაწილეობას იღებდნენ მონები, რომლებიც ვენახში მუშაობდნენ. დღესასწაულის პროცესი ასე წარიმართებოდა: ახალგაზრდა ქალიშვილებს თავზე ჰქონდათ შედგმული კალათები ტკბილეულით, მონებს წინ მიქონდათ ფალოსის ქანდაკება ადამიანთა გამრავლების ღვთაების (გამოსახულება). ერთ მათგანს მიჰყავდა სამსხვერპლო თხა, დანარჩენი ხალხი მისდევდა მათ მხიარული, საკმაოდ უწმაწური სიმღერით („ფალიკური
სიმღერები“).
ფალოსის დღესასწაული აღწერილია (წარმოდგენილია) კულტის ბერძენი კომედიოგრაფის (მე-5 საუკ. ჩვ. ერამდე) არისტოფანეს კომედიაში.
„აქარნელები“ (აქარნა სოფელი იყო საბერძნეთის ერთ პროვინციაში). სადღესასწაულო პროცესია თავდებოდა ეკლესიაში მსხვერპლის შეწირვითა და ახალგაზრდა ქალ-ვაჟის დაწინდვით. აქ დამსწრე „სინჯა“ (სიძე) დარწმუნებული იყო იმაში, რომ საცოლე აუცილებლად შვილიერი იქნებოდა, ქალიშვილს თავის ცოლად აღიარებდა და რაიმე ნიშანს (საწინდარს) აძლევდა (შანა). ასევე იწინდებოდნენ გასათხოვრები ამ მცირე სამლოცველოს, ფალოსის ქანდაკების მეშვეობით და ამ ადგილსაც ოწინდალე ეწოდება. ამ მტკიცებით დაჯერებული მკითხველი იტყვის – ოწინდალე კი, მაგრამ ოცინდალე საიდან? პასუხი მოკლეა; დაწერეთ სიტყვა „ოწინდალე“ რუსული ასოებით და თვითონვე წაიკითხეთ. ის ხომ რუსულად იწერებოდა მთელი მე-19 საუკუნის განმავლობაში და იკითხებოდა ОЦИНДАЛ. იგი მტკიცეთ დამკვიდრდა ამ კუთხის მეტყველებაში.
1970 წელი