Table of Contents
ლესიჭინე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულია. მუნიციპალიტეტების რეესტრის მიხედვით ერთეულში შედის: ლესიჭინე, მეორე ლესიჭინე და ოჩხომური. მის შემადგენლობაში მონგირის უბნის დიდი ნაწილი.
მდებარეობა :
ლესიჭინე მდინარეების ხობისწყლის, ოჩხომურის , ზანისა და ცივი სანაპირეობს შორის მდებარეობს .
ქალაქ ჩხოროწყუდან მანძილი 8 კმია
უახლოესი რკინიგზის სადგური- სენაკი (32 კმ.)
ზღვის დონე: 172 მეტრი
მოსაზღვრე სოფლები: დასავლეთით -ხიბულა და კირცხი. აღმოსავლეთით-ახუთი და ფოცხო, ჩრდილოეთით-ქვედაჩხოროწყუ, სამხრეთით-ზანა.
ფართობი- 35.8 კვმ
მოსახლეობა 4780 ადამიანი
კომლები 1290
გვარები:
სულ ცხოვრობს 211 გვარი
ყველაზე დიდი გვარებია:
სიჭინავა ( მოსახლეობის 35.4 %). სიჭინავები საქართველოში გავრცელების მხრივ 53-ე ადგილზე იყო (2002 წლის მონაცემებით)
ხორავა– 502
შემდეგ მოდის: ვეკუა, ლაშხია, დგებუაძე, კაცია, კვარაცხელია, თოდუა, ჟვანია, კოხია, შენგელია, წურწუმია, ტყებუჩავა, ჯალაღონია და ა.შ
ისტორია
ძველი ხანა
აქ ჩაის პლანტაციის გაშენების დროს აღმოჩენილია კოლხური ცულები და 7 ზოდი. განეკუთვნება ბრინჯაოს ხანას და თარიღდება ძ. მეორე ათასსწლეულით
სოფელ ოჩხომურის ( ლესიჭინე) ტერიტორიაზე აღმოჩენილია ძ. წ პირველი ათასწლეულის არტეფაქტები. იხილეთ ჯონი აფაქიძეს წერილი
არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება წინარე ანტიკური ხანის დიდი სამოსახლოს არსებობა.
ლესიჭინეს ისტორიიდან
ლესიჭინე ადრე ეგრისის სამეფოს, ხოლო შემდეგ ოდიშ-სადადიანოს შემადგენლობაში შედიოდა. დავით დადიანმა ოდიშ-ლეჩხუმი 8 მაზრად გაყო. ლესიჭინე ზუბის მაზრაში შევიდა.
ლესიჭინეში გადის შუა სამეგრელოს („შქა სამარგალოში შარა“) იგი ქუთაისს გორდისა და ზუგდიდის გავლით სამურზაყანოს აკავშირებდა და სამეგრელოს ძირითად არტერიას წარმოადგენდა. ლესიჭინე გზის ცენტრად ითვლებოდა და ღამის საათებში აქ შესაძლებელი იყო დასვენება . ამ გზით იმგზავრა რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზმა (1837 წელი)
1856-1857 წლების აჯანყების მთავარი შტაბი ერთ დროს ლესიჭინეში იყო. ოჩხომურის უბანში მოხდა გაერთიანება , რომელშიც ლესიჭინელებიც მონაწილეობდნენ.
1859-1860 წლების კამერალური აღწერით ლესიჭინეში 186 კომლი სახლობდა 1325 მცხოვრებით. ოჩხომურში კი-116 კომლი 911 მცხოვრებით.
ქვემოთ მინიშნულ ბმულზე იხილეთ ლესიჭინელი ვაჭარ ბასა სიჭინავას ისტორია
სიჭინავები
სიჭინავები ლესიჭინის ძირითადი მოსახლეობაა.
თამთა სიჭინავა სიჭინავების და ლესიჭინის შესახებ ერთ თქმულებას გვიყვება
თურმე ის ტერიტორია, სადაც ახლა ლესიჭინეა, სრულიად დაფარული ყოფილა იელით. აქ ამ ადგილის ახლოს მდებარე ტერიტორიებიდან მოდიოდა ხალხი “ელიშ ჭინუშ” (ქართულად იელის წკნელის) წასაღებად, რომლითაც წნავდნენ ფაცხას, ღობეს და სხვა. თურმე ერთმანეთს რომ შეეკითხებოდნენ: სად მიდიხარო? პასუხი იყო ასეთი – ელიშ ჭინუშა (იელის წკნელზეო). ეს ტერიტორია რომ განთავისუფლდა “ელიშ ჭინუ” – საგან, გამოჩნდა ლამაზი თვალწარმტაცი მიდამო, სადაც თურმე ერთი კაცი დასახლებულა. საიდან ხარო – რომ ჰკითხავდნენ ამ კაცს, პასუხობდა – ოელიშჭინედანო. რადგან “ოელიშჭინე” გამოსათქმელად ერთულებოდათ, სიტყვამ თანდათან ცვლილება განიცადა (ოლეიშჭინე, ოლეიშჭინე, ლესიჭინე – სიჭინავა). ეს იყო დასაბამი როგორც სოფლის სახელწოდების, ასევე გვარის – სიჭინავა. (მითი გადმოცემით ეკუთვნის აწ გარდაცვლილ მღვდელ კ. ჭიჭინაძეს).
თამთა მეორე თქმულებაზეც საუბრობს, რომელიც მას მაშინდელი სოფლის გამგებლისგან მოუსმენია :
მეორე გადმოცემის თანახმად სიჭინავები წარმოშობით ფოცხოდან ყოფილან. იქ ყოფილა ჩვენი “ჯინჯ ხატი” – ძირი ხატი. არის ასეთი თქმულება, რომ ერთხელ, როდესაც საქართველოს თურქები შემოესივნენ, ყველა სიჭინავა ბრძოლაში დაღუპულა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ სიჭინავები ვაჟკაცები და მებრძოლი ხალხი ყოფილან – ამბობს სოფლის გამგებელი. მათი ოჯახებიც ამოუხოცავთ თურქებს. მათ სასტიკ ხელს მხოლოდ ერთ – ერთი სიჭინავას ორსული ცოლი გადარჩენია, რომელიც სხვაგან ყოფილა გახიზნული. მას დაბადებია ბიჭი, თვითონ კი მშობიარობას გადაჰყოლია. ბავშვის აღზრდაზე პასუხისმგებლობა თურმე ვიღაც დიაკონს აუღია თავის თავზე. გასულა ხანი. დიაკონს დიდი ხნით მოუწია სხვაგან წასვლამ. წასვლამდე იგი იქვე მცხოვრებ ქუჩულორიებთან მისულა თხოვნით – ბავშვზე მიმიხედეთ და კარგად აღმიზარდეთო. მათაც დიდი სიხარულით მიუღიათ ბავშვი, რადგან თვითონ შვილი არ ჰყავდათ. დიაკონი წასულა. რომ დაბრუნდა, გზად მომავალს ვიღაც უცხო, ახოვანი ყმაწვილი შეხვედრია. მოსწონებია ჭაბუკი და ვინაობა უკითხავს. – სკვიჭას მეძახიან, ქუჩულორიებმა გამზარდესო – უპასუხნია მას. მისით აღფრთოვანებულ დიაკონს დაულოცავს იგი: ისე გამრავლდი, როგორც ცაზე ვარსკვლავი და მინდორში ბალახიო, თვითონ კი ქუჩულორიებთან წასულა და მათთვის უკითხავს: მე რომ ბიჭი მოგაბარეთ, სად არისო?! ქუჩულორიებს იმდენად შეჰყვარებიათ ბიჭი ამ ხნის განმავლობაში, რომ ვერ გაიმეტეს დიაკონისთვის დასაბრუნებლად. ამიტომ დიდის მწუხარებით უპასუხეს: შენ რომ წახვედი, მალევე გარდაიცვალაო. დიაკონს ეუცხოვა მათი ნათქვამი. ეჭვი უღრღნიდა გულს: “აბა ვინ იყო ის ყმაწვილი, წეღან რომ შევხვდიო?!” ფიქრობდა გულში. ქუჩულორიებს სთხოვა ის ადგილი ეჩვენებინათ მისთვის, სადაც დამარხეს ბავშვის ცხედარი. მათაც წაიყვანეს დიაკონი სასაფლაოზე და ერთი ადგილი უჩვენეს, სადაც, მათი თქმით, ბავშვი იყო დასაფლავებული. დიაკონს მიწა ამოუთხრია და ნაჭრებში გახვეული კუნძი უნახავს. იმ წუთს ისე გაბრაზებულა, ისიც კი დავიწყნია, რომ დიაკონი იყო და მთელი სისასტიკით დაუწყევლია ქუჩულორიები (მართლაც, ლესიჭინეში და არამარტო ლესიჭინეში ქუჩულორიები ნაკლებად არიან). შემდეგ კი იმ ტერიტორიას სადაც სკვიჭას შთამომავლები დასახლებულან ლესკვიჭინე დაერქვა. ამ სიტყვამ დროთა განმავლობაში ცვლილება განიცადა და მივიღეთ ლესიჭინე.
ხორავები
ხორავების საგვარეულო კავშირის საიტზე გვარის შესახებ შემდეგ ინფორმაციას ვეცნობით:
1696-1742 წლებით დათარიღებული კათალიკოს გრიგოლ ლორთქიფანიძის ბიჭვინთისადმი შეწირულების წიგნში მოხსენიებულია წყალიძგას მცხოვრები გაჭირვებული ხვარავა..მას ახალკოჩი ჯაჯავასთან ერთად თავიანთი ცოლ-შვილით ევალება 5 ცალი სანთლის გადახდა ბიჭვინთის ღვთისმშობლის ეკლესიის სასარგებლოდ..
1841 წლის 1 ივლისის სიგელით დავით დადიანი ჯამულეთ ხორავას და მის შთამომავლობას უბოძებს აზნაურობას..
ხორავების ძირძველი საცხოვრებელია ლესიჭინეს თემის სოფელ ოჩხომური.აქაური ხორავები გადმოსახლებულნი არიან ამჟამინდელ მარტვილის რაიონის სოფელ ნამიკოლოვოდან..ხორავების ასევე ძველი დასახლებაა სოფელ უშაფათში..აქ უბანს ჰქვია ლეხორე..სახორა/სახვარა ჰქვია უბნებს ლესიჭინესა და ოჩხომურში…
1873 წლის მონაცემებით დიდ კოკსა და კოდორში (ნაესაკაოს თემი)მცხოვრები ხორავები აზნაურები იყვნენ.აზნაურები იყვნენ სამურზაყანოში მცხოვრები ხორავებიც.
ხორავების საგვარეულო სალოცავია ოჩხომურის მაცხოვრის აღდგომის ეკლესია,ამჟამად წმინდა ბარბარეს ეკლესია..აქ ხორავების გვარი ახალკვირის ორშაბათს აღდგომის მომდევნო დღეს დღესასწაულობდა და დღემდე ასეა..
დადიანები და ლესიჭინე
თამთას წერილიდან:
ცნობილია, რომ XVI საუკუნეში ომებმა და სნეულებებმა ოჩხომურის მოსახლეობა გაანადგურა და ის ტერიტორია უკაცრიელი გახდა. ოტია დადიანს თავისი მთავრობის დროს აუშენებია საზამთრო სასახლე მდ. ოჩხომურის აღმოსავლეთ მხარეს ლესიჭინეს საზღვართან. ოტია დადიანის სიკვდილის შემდეგ კაცია II დადიანს თავისი მთავრობის პერიოდში (1753 – 1788წ.წ.) თავისი უმცროსი ძმისათვის გიორგისათვის უჩუქნია ოჩხომურის სასახლე. გიორგის ახლომახლო სოფლებში დაუგზავნია კაცები და ოჩხომურში დასახლებულან პირველად ხორავები, შემდეგ დგებუაძეები, კაკაშვილები, ჩიქოვანები, კოხიები და გოროზიები. ესენი ყველანი მარტვილის რაიონიდან არიან. ასე განუახლებია გიორგი ოტიას ძე დადიანს ~ოფუტე~- სოფელი ოჩხომური – მიამბო ერთ დროს ოჩხომურის მკვიდრმა უხუცესმა ბატონმა ჯონდი დადიანმა. მისი ნაამბობიდან ვგებულობთ, რომ ოჩხომური დიდი ნიკო გიორგის ძე დადიანის შვილის პეტრეს და მისი შვილების საცხოვრისი ყოფილა. პეტრეს სასახლე მდგარა იქ, სადაც ახლა კაციები ცხოვრობენ და რა თქმა უნდა, დადიანების სანადირო ადგილი სწორედ ლესიჭინე და კერძოდ ოჩხომური იქნებოდა.
ეკლესიები
ჩხოროწყუს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფონდში დაცულია რაიონის ტერიტორიაზე მოქმედი ეკლესიების ჩანაწერების 780 წიგნი, საიდანაც ირკვევა, რომ ჩხოროწყუს რაიონში რევოლუციამდე 34 ეკლესია მოქმედებდა.
ოჩხომურის წმინდა ბარბარეს ისტორიიდან
განათლება
თამთას ჩანაწერიდან:
“XIX-საუკუნის 70-იან წლებში ლესიჭინეში შეიქმნა დაწყებითი სკოლები. ოჩხომურში პირველი სკოლის გახსნის შესახებ მიამბო ბატონმა ჯონდი დადიანმა, რომლის თანახმად: წერა – კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წარმომადგენელს ოჩხომურში სპეციალურად გამართულ კრებაზე უთქვამს: გვაქვს დავალება ყველა სოფელში სკოლების გახსნისა, მაგრამ თქვენ სასკოლო შენობა არ გაგაჩნიათ და რა ვქნათო. სკოლა, რომელსაც გახსნიდნენ, ფასიანი უნდა ყოფილიყო. კრებაზე გადაუწყვეტიათ სკოლის აშენებამდე, რომ სასკოლო ოთახი ექირავათ. მომაგრებულ კაცს უკითხავს: ვის შეგიძლიათ სკოლისათვის ოთახის გაქირავებაო? ეს კითხვა მას რამდენჯერმე გაუმეორებია, მაგრამ ხმა არავის ამოუღია. მიმაგრებულ კაცს უთქვამს: სკოლა არ გნდომებიათ და არც გაიხსნებაო. ამ დროს ამდგარა ანტონ პავლეს ძე კოხია და უთქვამს: მე გაძლევთ ჩემი სახლის ზალას 2 წლის ვადითო. ასე გახსნილა ოჩხომურში პირველი სკოლა ანტონ პავლეს ძე კოხიას სახლში. “
” 1874-წელს ლესიჭინეში გაიხსნა დაწყებითი სკოლა. საბჭოთა ხელისუფლების წლებში იგი გადაკეთდა ჯერ შვიდწლედად, ხოლო 1936-წელს _ საშუალო სკოლად, რომლის გახსნაში დიდი წვლილი მიუძღვის მის ყოფილ დირექტორს ვლადიმერ ვეკუას. 1921-წლამდე რაიონის ტერიტორიაზე სასულიერო პირების მიერ ეკლესიასთან გახსნილი სამკითხველოები არსებობდა. ამჟამად ლესიჭინეში ფუნქციონირებს სამი საჯარო სკოლა და 2 საბავშვო ბაღი.
ლესიჭინის პირველი საშუალო სკოლა
ლესიჭინეს მეორე სკოლა
ლესიჭინის უახლოესი ისტორიიდან
ლესიჭინის და ოჩხომური საგლეხო რეფორმის შედეგად გაერთიანდნენ.
პირველი რესპუბლიკის დროს სოფელს მართავდა სათემო ერობა ვარლამ ცხაკაიას ხელმძღვანელობით.
ბოლშევიკი მიხა ცხაკაია ლესიჭინეში აქტიურ “მუშაობას” ეწეოდა . ის ხელმძღვანელობდა ბოლშევიკების ტერორისტულ საქმიანობას
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ სოფელს სათავეში ჩაუდგა რევკომი.
1924 წლის აჯანყებაში ასზე მეტი ლესიჭინელი მონაწილეობდა და მათი ხელმძღვანელი იყვენენ პაისი ჭიჭინაძე, იონა, ილიკო, , ნიკო სიჭინავები, ნიკო ფაცია ორი დღის განმავლობაში , 29 -30 აგვისტოს აჯანყებულები ფლობდნენ სოფელში ძალაუფლებას.
30-ნი წლების რეპრესიების დროს სოფლიდან 27 ადამიანი გადასახლეს. ცოცხალი დაბრუნდა მხოლოდ 6
მეორე მსოფლიო ომში სოფლიდან გაიწვიეს 614 ადამიანი, დაიღუპა 302 . გმირებს შორის არიან პოლკოვნიკი არკადი ჩიტაძე, ეზიკო სიჭინავა, მამაშვილი ბართლომე და შალვა სიჭინავები და სხვები.
მონუმენტი მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა უკვდავსაყოფად
1932 წელს შეიქმნა პირველი ჩაის საბჭოთა მეურნეობა , შემდეგ გადაკეთდა სოფლის კოოპერატივად. 1967 იქმნება შოთა რუსთაველის სახელობის სახელობის მეურნეობა .
1932 წელს ოჩხომურში კოლმეურნეობა ჩამოყალიბდა, 1963 წელს კიროვის მეურნეობას შეუერთდა.
თამთა სიჭინავა დეტალურად გვიყვება ლესიჭინელთა ტრადიციებზე, სოფლის ისტორიაზე