შვილის მონატრება და სიყვარული რას არ გააკეთებინებს ადამიანს…რას ვიფიქრებდი, 77 წლის დედაჩემი ახუთიდან შუა ჰოლანდიაში თუ ვათსაპით დამირეკავდა…
მაგრამ ისწავლა…ის კი არა, ამას წინათ მისაყვედურა კიდევაც, “როდესაც დამირეკავ, იცოდე, ყოველთვის ვიდეოზარით დამირეკეო”…
წუხელ დიდხანს ვისაუბრეთ, როცა ერთმანეთს დავემშვიდობეთ, ტელეფონი მაგიდაზე დადო, გამორთვა დაავიწყდა, მეც წამიერად შევყოვნდი, მესმოდა ყურსასმენებში ტელევიზორის ხმა , დავხუჭე თვალები და სახლში წარმოვიდგინე თავი… წუთზე მეტი არ იქნებოდა გასული, დედაჩემის ხმა რომ მომესმა, თავიდან გარკვევით ვეღარ გავიგე რას საუბრობდა, შემდეგ ყურსასმენებში ავუწიე ხმას და ყველაფერი ნათელი გახდა ჩემთვის …
ის ლოცულობდა… ჩემს სახელს ახსენებდა ხშირად და წმინდა გიორგის… ლოცულობდა ჩემზე, მისივე გამოგონილი სიტყვებით… დიდხანს ვერ გავუძელი ამ ყველაფერს, (გულზე გაურკვეველი სიმძიმის დაწოლის გამო, სიხარულნარევი სიმძიმის, რა თქმა უნდა ) და მობილური გამოვრთე… დიდხანს ილოცებდა ალბათ კიდევ დედაჩემი წუხელ, ბუხარშიც იგიზგიზებდა ცეცხლი შუაღამემდე, მე კი ვიწექი და ვფიქრობდი (არ ვიცი რაზე , იმდენად დახვავებულიყო ყველა დროის მოგონებები), მესმოდა ტრამვაის ჩავლის ხმა, თითქოს მისი ვაგონები ჩემი საფიქრალით გაევსოთ და დასტებად დაწყობილი მოჰქონდა ჩემთან…
ახუთი – ჩემი სოფელი, ჩხოროწყუს რაიონი.როტერდამი10.11.2021
ალექსანდრე ნარსია