CHKHOROTSKU.GE

სპორტის განვითარება ჩხოროწყუში . ფრაგმენტი ნუგზარ ჟვანიას წიგნიდან

ავტორი chkhorotskuge

ვიწყებთ ბატონ ნუგზარ ჟვანიას წიგნის “დიდი მდინარეს პატარა შენაკადის” საინტერესო ფრაგმენტების გამოქვეყნებას. სტილი დაცულია.

პირველი ნაბიჯები

ჩხოროწყუს რაიონი 1929 წელს შეიქმნა. პირველი რაიკომის მდივანი ბეგი ბერია ყოფილა. იგი მალე შეცვალა ბიქტორ ცაგურიამ (ცნობილი მომღერლის თემურ ცაგურიას მამა), რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია ახლადდაარსებულ რაიონს.

ბიქტორ ცაგურია

 როგორც ცნობილია, რაიონული ცენტრი სოფელ ჩხოროწყუს ბაზაზე გაშენდა, სადაც არ იდგა არც ერთი კაპიტალური ადმინისტრაციული სახლი. წარმოება-დაწესებულებები ნაქირავებ სახლებში ან ჩამორთმეულ ოდა-სახლებში იყო განთავსებული.

ამ დროს, თითქოს, ვის ეცალა სპორტისათვის. ნუ დაგვავიწყდება გაშლილი კოლექტივიზაციის პერიოდია, როცა წუთის უქმად დაკარგვას არავის პატიობდნენ, სიტყვას სიტყვაზე იჭერდნენ, ძმა ძმას არ ინდობდა. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ დროსაც ყურადღება ექცეოდა ფიზკულტურასა და სპორტს.

საარქივო მასალებში არ ჩანს რაიონის დაფუძნების პირველ წლებში, თუ როგორი მუშაობა მიმდინარეობდა ფიზიკური კულტურისა და სპორტის მიმართულებით, რა მუშაობას ეწეოდნენ შრომითი კოლექტივები.

 1933 წლიდან, როცა გამოვიდა რაიონული გაზეთის „ბოლშევიკური ტემპის” პირველი ნომერი, კარგად ჩანს, თუ როგორ სერიოზულ ღონისძიებას ატარებდნენ როგორც კოლექტივები, ისე სპორტული ორგანიზაციები. მაგალითად, გაზეთის ფურცლებიდან ვგებულობთ, რომ ხშირად იმართებოდა შეჯიბრება ფრენბურთში,

ფეხბურთში, ჭიდაობაში, თქვენ წარმოიდგინეთ ველორალიც კი ჩატარებულა. სამწუხაროდ, გაზეთის ყველა ნომერი არ არის შემონახული, ძალიან თხელი კომპლექტია.

ფანტა ჯაიანის ღვაწლი

რაიონის დაარსებიდან სპორტკომიტეტის თავმჯდომარედ მუშაობდა ფანტა ჯაიანი. იგი პარალელურად სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებელიც ყოფილა. ეს მოხდენილი გოგო სპორტულ რეიტუზს იცვამდა თურმე, რაზეც ცოტა გართულება ჰქონია საზოგადოებაში. არ მოსწონდათ გოგო ტანზე შემოწკეპილი სპორტული შარვლით ბურთს რომ თამაშობდა. იგი ჩინებული ფრენბურთელი იყო და სპორტის ამ სახეობის დამკვიდრებაში დიდი წვლილი მიუძღვის.

შურა კვირკველია იხსენებს: „ფანტა ლამაზი გოგო იყო, ცნობილი პედაგოგის ივლიანე ჯაიანის და, ბევრს მოსწონდა, თუმცა აქ არ გათხოვილა, აფხაზეთში გადავიდა სამუშაოდ, მგონი იქაც ეულად დარჩა. მან გვასწავლა ფრენბურთის თამაში წესების დაცვით. ჩხოროწყუს კარგი გუნდი ჰყავდა, მახსოვს ცხაკაიელებს (დღევანდელი სენაკი) შინ მოვუგეთ, გავდიოდით მეზობელ რაიონებში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი სპორტული მონაცემების ახალგაზრდა იყო ჩვენში, ჯერ კიდევ არ იყო რესპუბლიკაში ორგანიზებული სპორტული შეჯიბრებები, ამიტომ მათ ვერ შეძლეს თავიანთი სპორტული შესაძლებლობის გამოვლენა. ფრენბურთს კარგად თამაშობდნენ: კიკა ესართია, ტიტე შელია, მაკარ გულუა, მეც არა მიშავდა, აგრეთვე არონ, გედე, ჟორა ქვარცხავები.

ფეხბურთს მაშინაც თამაშობდით, მაგრამ ჩვენებურად, არაორგანიზებულად. მას სერიოზულად

ომის შემდეგ

ომის შემდგომ სახელმწიფოებრივ დონეზე მიუდგნენ და ყველა რაიონში იწყო აღორძინება.”

 ფანტა ჯაიანის შემდეგ, 1942-44 წლებში სპორტ კომიტეტის თავმჯდომარედ მუშაობდა ისაკ წახნაკია, რომელიც ომიდან დაჭრილი ჩამოვიდა.

ვარლამ როდონაიამ, ჩემი თხოვნით, ასეთი რამ გაიხსენა: „1946 წელს დამნიშნეს ფიზკულტურისა და სპორტის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ,გადავიბარე კოლია ცირამუასაგან, ხოლო 1948 წელს ჩავირიცხე უმაღლეს სასწავლებელში და ჩემი თანამდებობა გადავაბარე ვალიკო კინტირიას ძე შენგელიას.

ფეხბურთი და ჩხოროწყუ. პირველი ნაბიჯები

პირველი ფეხბურთელთა გუნდი ჩემი მუშაობის პერიოდში, 1946 წელს შეიქმნა.

იგი ადგილობრივი ძალებით დაკომპლექტდა, ყველას სახელებს ვერ ვიხსენებ, მაგრამ ზოგიერთს დავასახელებ: ავთა კვირკველია, ჟორა და ვალიკო ქვარცხავები, გუჯუ და ხუტა გულუები და სხვ. პირველი მატჩი წალენჯიხელებთან ჩავატარეთ, მათი გუნდის კაპიტანი იყო საშა კვარაცხელია.

ძალიან ცუდი პირობები გვქონდა. გვიჭირდა სათამაშო ბურთის შოვნა. კამერიანი და „შნუროკიანი” ბურთი ხშირად გვეფუშებოდა. ფორმებზე ლაპარაკი ზედმეტი იყო. ბუცები მოგვიანებით ვიშოვეთ, კარის ბადეებია რც გვქონია. სტადიონი დღევანდელი რაიონის  გამგეობის უკან, ყოფილი კოლმეურნეობის კანტორის ტერიტორიაზე მდებარეობდა.

ცხენოსნობა. პირველი ნაბიჯები

ჩემი ხელმძღვანელობით და ბორის პაპასკირის თავკაცობით შეიქმნა ცხენოსანთა გუნდი, რომელიც შემდგომ გაძლიერდა და არა ერთი გამარჯვება მოიპოვა როგორც რესპუბლიკურ, ისე საკავშირო შეჯიბრებებში.

ცხენოსნობა ტარდებოდა ყოფილი ინტერნატის ტერიტორიაზე, „ჰაეროდრომს”რომ ვეძახით. ხშირად გვიხდებოდა ასპარეზობა ზუგდიდში, სადაც იმართებოდა რესპუბლიკური ღონისძიებები. ზუგდიდის ცხენოსანთა გუნდს კაპიტნობდა საშა დარასელია, რომელიც რესპუბლიკური გუნდის თავკაციც იყო”.

ნუგზარ ჟვანია – წიგნის ავტორი

ომის დამთავრების შემდეგ დაიწყო აღდგენითი სამუშაოები, რომელსაც სპორტის აღორძინებაც მოჰყვა. განსაკუთრებით თვალში საცემი იყო სოფლად ფიზკულტურული ორგანიზაციების საქმიანობა, შეიქმნა დარგობრივი პროფკავშირის ფიზკულტურულ-სპორტული ორგანიზაციები, რომლებმაც ფართოდ გაშალეს საქმიანობა შრომით კოლექტივებში. საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება ფიზკულტურულ-სპორტული მუშაობის გაუმჯობესების შესახებ, რასაც მალე შედეგიც მოჰყვა.

აი, როგორ იხსენებს ამ წლებს ვეტერანი ფეხბურთელი ჟორა ქვარცხავა:

„ომიდან ახალჩამოსული ვიყავი, ჭრილობა ხეირიანად არც მქონდა მოშუშებული, რაიკომის პირველმა მდივანმა არისტრახო კაკულიამ კაბინეტში რომ დაგვიბარა მე, ჩემი ბიძაშვილი ვალიკო ქვარცხავა და ავთა კვირკველია. იგი ხშირად უყურებდა ჩვენს თამაშს, მოედანი ხომ იქვე, დღევანდელი გამგეობის უკან, ყოფილი კოლმეურნეობის კანტორის ტერიტორიაზე მდებარეობდა. მან გვთხოვა შეგვექმნა ფეხბურთელთა გუნდი და ხელშეწყობას დაგვპირდა. ჩვენც მივდექ-მოვდექით და კარგი გუნდი დავაყენეთ. ჩვენთან ერთად გუნდში თამაშობდნენ ხაბუმიდან გუჯუ და ხუტა გულუები, კიკა ესართია მუხურიდან, არონ და გედე ქვარცხავები, მიშა თოდუა ჩხოროწყუდან…ყველას ვერ ვიხსენებ.

პირველი მატჩი ზუგდიდში გავმართეთ, მართალია, 2:3 წავაგეთ, მაგრამ გული არ დაგვწყვეტია, რადგან ზუგდიდელებს გამოცდილი, კარგად გაწვრთნილი გუნდი ჰყავდათ, ჩვენ კი მაშინ ვიდგამდით ფეხს. რაიკომის ბიურომ რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარეს ვარლამ თოდუას დაავალა საერთო ხელმძღვანელობა, ხოლო შეფობა ჩხოროწყუსა და ლესიჭინეს ჩაის ფაბრიკებს დააკისრა. რადგან ჩაის ფაბრიკები მსუბუქი მრეწველობის დაქვემდებარებაში იყვნენ, ჩვენმა გუნდმა ამ უწყების პროფკავშირების სპორტულ ორგანიზაცია „პიშევიკის” ეგიდით იწყო ასპარეზობა, გუნდსაც „პიშევიკი” დაერქვა. მწვრთნელი არ გვყავდა, ავთა კვირკველია და ვალიკო ქვარცხავა ასრულებდნენ მის მაგივრობას. ვალიკო მალე ინსტიტუტში ჩაირიცხა, ავთა კი დიდხანს შემორჩა გუნდს, შემდეგ როცა თამაშს თავი დაანება, სიცოცხლის ბოლომდე ჭეშმარიტ გულშემატკივრად დარჩა.

არისტრახო კაკულია და ვარლამ თოდუა ყველა მატჩს ესწრებოდნენ. ძირითადად სატვირთო მანქანით გვიხდებოდა მგზავრობა, გულშემატკივრები მეზობელ რაიონებში ფეხით მიდიოდნენ, ისინი კი ბევრნი იყვნენ. ბევრჯერ შიშველი ფეხითაც გვითამაშია, რადგან ბუცები არ გვქონდა. ერთი ბურთი თუ გვქონდა კმაყოფილები ვიყავით. გეგეჭკორში (მარტვილი) უბურთოდ ჩავედით, არ გვქონდა და რა წაგვეღო. მასპინძლები ჩვენს იმედად დარჩენილან, უფიქრიათ ჩხოროწყუელები უბურთოდ არ ჩამოვლენო. ჩვენ

კი იმედი გავუცრუეთ. ერთი სიტყვით, მატჩი ჩაიშალა. ასეთი კურიოზები ხდებოდა, რადგან არ იყო ეკონომიკა, არ იყო განვითარებული ფეხბურთი. ანაზღაურებაზე არასდროს გვიფიქრია, საჭმლის ტალონებს ხანდახან თუ მოგვცემდა ჩაის ფაბრიკის ადმინისტრაცია, ეს იყო და ეს.სამაგიეროდ ხალხის სიყვარულს ვგრძნობდით.”

1949-51 წლებში რაიკომის პირველ მდივნად დაინიშნა ზუგდიდელი მამანტი პაჭკორია, რომელიც ახლახან, ცხრა ათეულ წელს გადაცილებული გარდაიცვალა. იგი იყო სოციალისტური შრომის გმირი, ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი, ღრმად ერუდირებული პიროვნება, რომელმაც იწვნია კომუნისტური რეპრესია მეგრელთა საქმის გამო. ძალიან უყვარდა ჩხოროწყუ და ჩხოროწყუელები. ერთ-ერთ შეხვედრაზე მას ჩავეკითხე, თუ როგორი მუშაობა ტარდებოდა რაიონში სპორტული მიმართულებით. ჩაეცინა ცხონებულს. „სპორტი კი არა თავი არ გვახსოვდა. ხეირიანად ვერც დავიწყე მუშაობა, მეგრელთა საქმე რომ წამოიწყეს და მრავალ პარტიულ და სამეურნეო მუშაკთან ერთად გამაციმბირეს. მიუხედავად მცირე დროისა, შევძელი სპორტული საქმიანობა სწორ ჩარჩოში მომექცია. არ გვქონდა პირობები, ფინანსები საქმის ნორმალურად დასაწყებად. მაინც გვყავდა ფეხბურთელთა გუნდი, ფრენბურთელებიც კარგად თამაშობდნენ, მაგრამ ყველაფერი ენთუზიზმის დონეზე იყო. თუ მანამდე არაპროფესიონალები ხელმძღვანელობდნენ ამ დარგს, მოვიწვიე ახალგაზრდა, ფიზკულტურის ინსტიტუტდამთავრებული კოტე ყურაშვილი, რომელმაც პროფესიულად დაიწყო მართვა, რაც არც თუ ისე მარტივი იყო”. მართალია, ბატონმა მამანტმა არ ინდომა ამ თემაზე მეტი ესაუბრა, მაგრამ პრესის მეშვეობით, პიროვნებების მონათხრობიდან ვგებულობთ, რომ მაშინაც ტარდებოდა სპორტული ღონისძიებები, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სპორტ კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა კოტე ყურაშვილი, რომელიც 30 წელზე მეტ ხანს მუშაობდა ამ თანამდებობაზე. მან ახალი ენთუზიაზმი მოიტანა

სპორტულ ცხოვრებაში, შეძლო სოფლად მუშობის აღორძინება, ღონისძიებების უფრო პროფესიონალურად ჩატარება. ამ წლებში შეიქმნა სპორტ საზოგადოება „კოლმეურნეს” რაიონული ორგანიზაციაც, რომელსაც სათავეში ჩაუყენეს ჭოღელი მირიან გაბედავა. მან კარგად აუღო ალღო სპორტულ მუშაობას და ბევრი კარგი საქმე გააკეთა.

მიხეილ ცანავა

ჩხოროწყუს “კოლმეურნე”

1952 წელს რაიკომის პირველ მდივნად დაინიშნა ქუთაისელი მიხეილ ცანავა, რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ- შალვა ხუნტუა. მათი ხელმძღვანელობით ბევრი რამ გაკეთდა რაიონში, ფაქტობრივად დაიწყო აღმშენებლობა ყველა სფეროში, განსაკუთრებით კულტურისა და სპორტის მიმართულებით. მაშინ შეიქმნა ფეხბურთელთა გუნდი „კოლმეურნე”, რომელიც დიდი წარმატებით გამოდიოდა რესპუბლიკურ პირველობაზე. ცხენოსანთა გუნდმა ისეთ წარმატებას მიაღწია, რომ კაპიტანი ბორის პაპასკირიდა მისი შვილი, მრავალგზის პრიზიორი ბენო საქართველოს ნაკრებში ჩაირიცხა და მონაწილეობდა საკავშირო შეჯიბრებაში (ამ ასპარეზობას ტრადიციულად სახელოვანი მარშალი ბუდიონი ხელმძღვანელობდა). თითქმის ყველა სოფელში ამოქმედდა სპორტული ორგანიზაციები,

ჩამოყალიბდა სხვადასხვა სახეობის გუნდები, დაიწყო რაიონული პირველობები, სადაც ვლინდებოდნენ ნიჭიერი, პერსპექტიული ახალგაზრდები. მაშინ დაიწყო და 60-იანი წლების პირველ ნახევარში დასრულდა სტადიონის მშენებლობა, სადაც ადრე დიმიტრი ვეკუას საყანე ფართობი იყო. მანამდე ფეხბურთის მოედანი დღევანდელი კულტურის სახლის ეზოს უკან მდებარეობდა, რომელიც  2,5 მეტრი სიმაღლის ფიცრებით იყო შემოკავებული. გუნდს წვრთნიდა ცნობილი სპორტსმენი, თბილისის „დინამოს” ყოფილი მეკარე ვლადიმერ(შურა) დოროხოვი.

ცენტრში ვლადიმერ დოროხოვი

ზემოთ: მარცხნიდან – ვლადიმერ ჯორბენაძე და თენგიზ გავაშელი შუაში: მარცხნიდან – ბორის პაიჭაძე, ალექსანდრე დოროხოვი(ეროვნულ კოსტუმში), ევგენი ბუშნოი, გრიგოლ გაგუა, პირველ რიგში მიხეილ ბერძენიშვილი

ამ წლებში ფრენბურთელთა გუნდს კიკა ესართია ედგა სათავეში დაგამარჯვებას გამარჯვებაზე აღწევდა რესპუბლიკურ შეჯიბრებაზე. ბათუმში ჩვენმა სპორტსმენებმა სოფლის მეურნეობის პროფკავშირთა პირველობაზე მესამე ადგილი დაიკავეს.

დიდი ყურადღება ექცეოდა სპორტის სხვა დარგების განვითარებას.

ჭიდაობა

პრიორიტეტული გახდა ქართული ჭიდაობა, რომელიც მაშინ ძალიან პოპულარული იყო. კარგი შედეგები ჰქონდათ ქართული ჭიდაობის სპორტის ოსტატებს ვანო ფირცხელავას, კაკო ჩიქოვანსა, ჯარგი შენგელიას…

ხრუშოვის “რეფორმა”

1961 წელს სსრ კავშირის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის ნიკიტა ხრუშჩოვის ინიციატივით საკავშირო მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება რაიონების გამსხვილების შესახებ, რის გამო ჩვენი რაიონი

აბაშის, გეგეჭკორის (მარტვილი) რაიონებთან ერთად ცხაკაიის (სენაკის) რაიონს შეუერთდა. მთელ ქვეყანაში მსგავსმა უგუნურმა რეფორმამ დიდი ზიანი მიაყენა სახალხო მეურნეობას, მიწასთან გაასწორა სოფლად კულტურულ-სპორტული ცხოვრება. ეს წლები, ვისაც ახსოვს, ყველას ცუდ მოგონებად შემორჩა. ჩვენს რაიონშიც გაჩანაგდა სპორტული ბაზები. არც ფეხბურთელთა გუნდი გვყავდა და არც სხვა სპორტული შეჯიბრება იმართებოდა, თუ არ ჩავთვლით სასკოლო ღონისძიებებს

ნაკადული

1965 წელს რაიონული სტატუსი აღუდგა ჩხოროწყუს. რაიკომის პირველ მდივნად დაინიშნა დამიანე ჯიჯელავა, რაიკომის მეორე მდივნად— ჟორჟი გოგუა, რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ—მიშა თოდუა. კომიტეტს სათავეში კვლავ კოტე ყურაშვილი ჩაუყენეს. სპორტსაზოგადოება „კოლმეურნეს” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ კი ყოფილი ფეხბურთელი, ფიზკულტურის ინსტიტუტ დამთავრებული ბონდო პაპასკირი დანიშნეს. ძნელი გახდა ყველა სფეროს ერთბაშად აღორძინება, მაგრამ ნელ-ნელა რესპუბლიკურ ასპარეზობებზე გამოჩნდნენ ჩვენი რაიონის სპორტსმენები. ფეხბურთელთა გუნდმა „ნაკადულმა” 1966 წლიდან საქართველოს ჩემპიონატის მეორე ჯგუფში იწყო ასპარეზობა. შეიქმნა სპორტსკოლა, რომლის დირექტორად შესანიშნავი პიროვნება, კარგი სპეციალისტი

ოთარ ჩიქოვანი დაინიშნა. აქ სპორტის სხვადასხვა სახეობაში მომზადებას გადიოდნენ პერსპექტიული ნორჩი სპორტსმენები.

ერთი სიტყვით, რაიონში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ახალგაზრდობისგართობა-დასვენებას, ფიზკულტურულ-სპორტულ მუშაობას. შრომით კოლექტივებში გაჩნდა სპორტ-მეთოდისტის შტატი. მასობრივი ხასიათი მიიღო რაიონულმა პირველობებმა სპორტის სხვადასხვა სახეობებში, რასაც უამრავი მაყურებელი ჰყავდა.

ჭადრაკი

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჭადრაკის სკოლის მიღწევები, რომელსაც კვალიფიციური სპეციალისტი, სპორტის ოსტატობის კანდიდატი ტარიელ ლემონჯავა ხელმძღვანელობდა. მან ბევრი კარგი მოჭადრაკე აღზარდა, რომლებიც წარმატებით ასპარეზობდნენ როგორც რესპუბლიკის, ისე კავშირის მასშტაბით.

სპალეოლოგები

ხობიწყლის ხეობაში იგორ ფიჩხაიას მიერ აღმოჩენილმა კარსტულმაღვიმეებმა და უფსკრულებმა საფუძველი დაუდო სპელეო სპორტის განვითარებას.ევროპის არა ერთი ქვეყნის სპელოლოგები ხანგრძლივი დროით იყვნენ ჩამოსულნი და შეძლეს შეეღწიათ ან ჩასულიყვნენ მიწის სიღრმეში. არც ჩვენი სპორტსმენები დარჩენილან ვალში. ისინი, მიუხედავად მწირიტექნიკისა, არ შეეპუენ წინააღმდეგობას და შურუბუმუს მღვიმე არაერთხელ დალაშქრეს… გამორჩეულად როლანდ ქვარცხავა შეიძლება დავასახელოთ, რომელიც იგორის მარჯვენა ხელი იყო.

ბესარიონ ქებურიას მემკვიდრეობა

ახსნა ვერ მომიძებნია, არადა ჩვენი რაიონის ახალგაზრდები, ლეგენდარული ბესარიონ ქებურიას მიმსგავსებით, ფრენაზე მისწრაფებას ავლენდნენ.

განსაკუთრებით ინტერესს დელტოპლანისადმი იჩენდნენ. მირიან ბერია და როინ ყალიჩავა ინტესიურად ვარჯიშობდნენ სპორტის ამ სახეობაში, ოცნებობდნენ ოცინდალედან აეღოთ სტარტი და მთელი ჩხოროწყუსთვის

გადაეფრინათ. ოცნება ოცნებად დარჩა. თბილისში ვარჯიშიდან მობრუნებულები ავტო კატასტროფაში მოყვნენ და ორივე სპორტსმენის სიცოცხლე იმსხვერპლა. შედარებით მეტს მიაღწია ლესი ჭინელმა დათო ხორავამ, რომელმაც არა ერთი ფრენა განახორციელა

თბილისში, მონაწილეობდა შეჯიბრებებში, საჩვენებელ ფრენებში… სამწუხაროდ, ერთ-ერთ ფრენისას აპარატმა უმტყუნა და შორი სიმაღლიდან მიწას დაენარცხა…

ვერც ალპინიზმში გაგვიმართლა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის
ფაკულტეტის წარჩინებულმა სტუდენტმა ვახტანგ ფირცხელავამ არა ერთი მწვერვალი
დალაშქრა და კომუნიზმის პიკზე ასვლისას დაიღუპა.

გაგრძელება იქნება

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩვენი ამბიციური პროექტი

სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

  ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცე"  ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.   

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს  ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩვენ  ვქმნით  ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელს, რომელიც  მოიცავს  ინფორმაციათა ფართო ქსელს ჩხოროწყუს  და  საქართველოს რეგიონების შესახებ

Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00