როგორ “დაიბადა” ჩხოროწყუ?

განათავსეთ რეკლამა

ჩხოროწყუ ქართულად ცხრა წყაროს ნიშნავს. გადმოცემის თანახმად,  ნიკო დადიანის სახლის მახლობლად ერთი მჟავე, ერთი ცხელი, ერთი მარილიანი და ექვსი ცივი, ანკარა წყარო ჩამოდიოდა და ადგილმაც სახელწოდება აქიდან მიიღო.

tumblr inline os5vizGf441umzm5l 540

გვახსენდება აიეტის სასახლის აღწერილობა და  ბერძენი ავტორების მიერ აღწერილი  შადრევნები?

ასოციაცია უცებ წარმოიშობა, ხოლო ციფრი „9“ -ს ყოველთვის ქონდა მაგიური, განსაკუთრებელი სიმბოლური მნიშვნელობა.

tumblr inline os5vgwhIfT1umzm5l 540

სახელწოდებას შორეულ კოლხურ ეპოქაში გადავყავართ. მისი გაშიფვრა მეცნიერებს მივანდოთ და მხოლოდ შეგახსენებთ, რომ ამ სახელწოდების დასახლებული პუნქტები საქართველოს სხვა რეგიონებშიც გვხდება (ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელი ცხრა წყარო, მთა ხარულის ქედზე, მთა და უღელტეხილი თრიალეთის ქედის დასავლეთ ნაწილში)

სხვათა შორის, გივი ფარულავას და გრიგოლ შენგელიას თავიანთ წიგნში მოყავთ ხალხური თქმულება, რომლის მიხედვითაც ოსმალებს ცხრიდან ოთხი წყარო დაუშრიათ. ამ ფაქტის რეალურ დადასტურებაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ჩემი აზრით, ესეც ერთგვარად სიმბოლურად ასახავს გაპარატახების ჟამს, როდესაც სიძლიერის, სიმტკიცის ნიშანს დამპყრობელი სპობს.

tumblr inline os5vp77YMy1umzm5l 540

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დღევანდელი ადმინისტრაციული არეალის ფორმირება გვიანდელი მოვლენაა.

მანამდე რეგიონალური ცენტრები,საზღვრები ხშირად იცვლებოდა. ადამიანები ჩხოროწყუს ტერიტორიაზე ძველი ეპოქიდან ცხოვრობდნენ.

tumblr inline os5w72f4VV1umzm5l 540

ეს ქვა ლეჟაში იპოვეს. წარწერები მისტიკურ ნიშნებს მოგვაგონებს,მაგრამ თუ დამწერლობის განვითარების ეტაპებს გავიხსენებთ, არავითარი მისტიკა!!


არ შეგვეშალოს და მითებს ნუ შევქმნით…. პიქტოგრაფული სიმბოლიკა წერის კულტურის განვითარების საწყისი ეტაპია. მისი გაშიფვრა უკიდურესად რთული და შესაძლოა ხშირად უტოპიური ამოცანაცაა,  ზოგჯერ მკვლევარები მხოლოდ ვივარაუდობენ, ფორმებს ემყარებიან, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიებმა იქნებ ლეჟას ქვაც ოდესმე „ აალაპარაკოს.

tumblr inline os5wf8wXmr1umzm5l 540

სამეგრელოს უკანასკნელმა მთავარმა დავით დადიანმა ოდიშ-ლეჩხუმი რვა „საბოჭ“ ერთეულად დაყო. იმ პერიოდში კირცხი, სარაქონი, და ოჩხომური მოექცა ზუგდიდის მაზრაში, ზუმი, ჯუმითი, ლეწურწუმე, ალერტი, ხანწკი, ოსინდალე, ჭოღა, მუხური, ლექარჩე, ნაკიკიანო(ნაკიანი), ნაჯაგოუ,ახუთი, სავეკუო, ლეგერსამე და მოიდანახე ჯვარის მაზრის ნაწილი გახდა, ხოლო ლესიჭინე შევიდა ზუბის მაზრაში. ამ პერიოდში ჩხოროწყუ ადმინისტრაციულ ერთეულს არ წარმოადგენს.

tumblr inline os5wlauR4b1umzm5l 540

(ქვედა ჩხოროწყუ ფოტოს ავტორი რომან თოლორდავა )

პირველად ჩხოროწყუ 1859-1960 წლების კამერალური აღწერის ნუსხაში გვხვდება. იქ მხოლოდ 52 კომლი ცხოვრობს 361 მცხოვრებით და ლოკალიზდება დღევანდელი ქვედა ჩხოროწყუს ტერიტორიაზე, სადაც განლაგებული იყო უკვე განხილული 9 წყარო.

1877  წლის კერძო საბუთის მიხედვით უკვე არის მოსახლეობა , რომელიც იყოფა „ხევებად“, ხოლო ხევების უფროსია ხევისთავი ილიკო დადიანი. მამასახლისის კანდიდატია ივანე გაბელია. მათი ვინაობა ფიქსირდება 1882 წლის დოკუმენტში და სწორედ მათი დიდი დამსახურებაა  ჩხოროწყუ-მუხურის გზის გაჭრა, რომელმაც  ადგილს სტრატეგიული მნიშვნეობა მისცა.

1909 წლის 8 სექტემბერს  მღვდელ-დიაკვნების გალობით და 12 დადიანური ზარბაზნის გრიალში   ჩხოროწყუში იხსნება ორკვირეული ბაზრობები ( ე.წ იარმორკა) და ვაჭრობამ   სოფლის ახალ სიცოცხლეს

ხელი შეუწყო

ტერიტორია 1917 წლამდე ქუთაისის გუბერნიის ზუგდიდის მაზრაში შედიოდა. 1929 წლიდან კი ჩხოროწყუ ცალკე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დანაყოფია.

1930-31 წლებში იყო ინიციატივა ჩხოროწყუ ქალაქად გადაქცეულიყო, გროვდებოდა თანხები, მაგრამ ამ პერიოდში ეს ინიციატივა ჩავარდა

1963 წელს ჩხოროწყუს რაიონი სენაკს შეუერთდა, თუმცა  1965 წლიდან  საბჭოთა ხელისუფლებამ კვლავინდებურად   გამოყო დღეს არსებული საზღვრებით.

ჩხოროწყუს უშუალოდ  შეერწყა ისტორიული  სოფელი გარახა. გადმოცემის მიხედვით, ადრე  მას ნაჯაგუ რქმევია.  აქ მდგარა ძველი ციხე, რომელიც მოსახლეობას დამპყრობლებისგან იცავდა,  თურმე ერთი მოხუცისთვის    ოსმალთა მეთაურს  შემოუთვლია, რომ თუ   სოფელი არ დანებდებოდა,   მოსახლეობას მთიანად მოსპობდნენ. ხანდაზმული მამაკაცი მტრის  სიტყვებს ისე გაუბრაზებია, მომხდური ხმლით განუგმირია  და შემდეგ თავსაც განაჩენი გამოუტანა. სოფელი იყოფა ზედა და ქვედა გარახად.   ჩხოროწყუსთან ინტეგრირდა აგრეთვე სოფელი საროდონაიო.

ეს არაა მეცნიერული კვლევა, მხოლოდ პატარა ექსკურსია ერთი მუნიციპალური ცენტრის ისტორიაში. მოგვაწოდეთ საინტერესო ფაქტები, სურათები, ინფორმაციები . წარსულთან ერთად ამ საიტზე  ახლანდელ პერიოდზეც იქნება საუბარი. გამოყენებულია მამანტი კვირტიას, გივი ფარულავას, გრიგოლ შენგელიას და სხვათა   სტატიები და მონოგრაფიები .

CHKHOROTSKU.GE
Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00