ინტერვიუ კოპირებულია ნუგზარ ჟვანიას წიგნიდან და ეს ინტერვიუც მისი დამსახურებაა

წლების განმავლობაში ,,სამეგრელოს” კარს იცავდა ბორის უბირია, რომელიც

სკოლიდან მოვიდა ჩხოროწყუს ,,ნაკადულ- ში”. მისი პირველი მწვრთნელი იყო ლერი

ჩხარჩხალია. მან სოსო ახალაია შეცვალა, რომელმაც ასაკის გამო თავი დაანება ფეხბურთს.

ბორის უბირია
ბორის უბირია

გუნდი საქართველოს პირველობის მეორე ლიგაში გამოდიოდა და ცხრილში

შუა ადგილს იკავებდა.

ბორისი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს,იქაც თამაშობდა ფეხბურთს და იმდენი ქნა

ფორმა შეინარჩუნა. ჯარიდან დემობილიზებულმა მარტვილის ,,მერანში” გააგრძელა

სპორტული კარიერა, რომელიც საქართველოს პირველობის პირველ ლიგაში გამოდიოდა.

აქ მან თავი გამოიჩინა როგორც პერსპექტიულმა მეკარემ, ბევრი მწვრთნელი ფიქრობდა მის გადაბირებას,

მაგრამ მარტვილიდან ფეხი არ მოიცვალა მანამ, სანამ საკუთარ რაიონს არ დასჭირდა. როგორც თვითონ ამბობს, მარტვილში ბევრი რამ ისწავლა,

აქ გახდა საქართველოს თასის მფლობელი. ტკბილ მოგონებად შემორჩა იქ გატარებული წლები, შეიძინა ბევრი მეგობარი და ქართული ფეხბურთის სამყაროში ცნობადი ფეხბურთელი გახდა.

1980 წელს, როცა ,,სამეგრელო” გადავიდა პირველ ლიგაში, მან უყოყმანოდ დატოვა ,,მერანი” და მშობლიურ გუნდში ჩაირიცხა, სადაც არანაკლები პირობები ჰქონდა ფეხბურთელებს. იგი გუნდის სული და გული გახდა და ყველა წარმატება, თუ წარუმატებლობა მის სახელთანიყო დაკავშირებული. იგი ორჯერ დასახელდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ, რაც არც თუ ადვილი საქმე იყო. ითამაშა თითქმის 12 წელი და როცა ასაკმა უწია, გუნდში დარჩა და სხვადასხვა სფეროში იღვაწა. იყო მწვრთნელის თანაშემწე, მწვრთნელი, გუნდის უფროსი, ფეხბურთის განვითარების მთავარი სპეციალისტი და სხვ.

დღესაც აქტიურად მუშაობს ,,სამეგრელოს” პოზიციების განსამტკიცებლად.

ის არ თაკილობს თავისი ფუნქციის მეტ-ნაკლებობას, იქ არის სადაც საჭიროა და მაქსიმალურს აკეთებს თავისი გუნდის სასარგებლოდ.

მასთან ინტერვიუ საინტერესოა, რადგან ერთ-ერთი ცოცხალი მემატიანეა

80-იანი წლების ,,სამეგრელოსი”.

74

ბატონო ბორის! ,,სამეგრელოს” შემადგენლობაში ბევრმა ჩხოროწყუელმა ფეხბურთელმა ითამაშა, მაგრამ გუნდს ბოლომდე თქვენ შემორჩით, როგორ მოხდა ეს?

,,სამეგრელოს” იქით არასდროს სხვა გზა არ მქონია. მე იმდენად შევისისხლხორცე ამ კოლექტივის ბედი, რომ დღეს უმისოდ ვერ ვძლებ.

ბავშვობიდან მიყვარდა ფეხბურთი, არ ვნანობ ჩემი ცხოვრება მას რომ მივუძღვენი. ავად თუ კარგად, ასე შემოვრჩი ,,სამეგრელოს”. იყო წარმატებები, ისეთი, რომელიც ყველასთვის საამაყოა, იყო ჩავარდნები, რომელიც ასევე სამწუხარია, მაგრამ ეს ყველაფერი ფეხბურთში მოდის. ყოველთვის ვერ შეინარჩუნებ მაღალ დონეს, ამიტომაა ფეხბურთი საინტერესო დამიმზიდველი. თუ გინდა გყავდეს სტაბილური გუნდი, რომელიც ყველა სეზონს მაღალ დონეზე ჩაატარებს, საჭიროა ბავშვთა ფეხბურთის განვითარება, თაობათა ცვლის რეგულირება, ინფრასტრუქტურის მოგვარება,

ფინანსური უზრუნველყოფა და სხვ. მე ეს ყველაფერი განმიცდია და არაფერი გამიკვირდება, ვიცი რა სჭირდება გუნდს, მაგრამ სხვა გზა არ არის. ნათქვამია: ფეხი იმდენზე გაშალე, რამდენსაც საბანი გაწვდებაო. ასეა, როცა კარგი პირობები გვაქვს, გუნდიც კარგად თამაშობს, თუ არადა,

ცხრილზე ეტყობა ყველაფერი. ერთი რამ მახალისებს ფეხბურთისადმი სიყვარული, ჟინი გამარჯვებისა არ ჩამკვდარა ჩვენს გულშემატკივრებში, რაც სტიმულს გვაძლევს უკეთესი ფეხბურთი ვითამაშოთ.

როგორ გაიხსენებდით იმ ,,სამეგრელოს”, რომელიც 80-იან წლებში ქუხდა?

დამიჯერებთ ალბათ, დღესაც მესიზმრება ის კოლექტივი, რომელიც საქართველოს პირველობაზე მოასპარეზე გუნდებს შორის ერთ-ერთი უძლიერესი იყო, ის ბიჭები, რომლებიც ვეფხვივით დაქროდნენ მინდორზე და ულამაზესი გოლები გაჰქონდათ მოწინააღმდეგის კარში, გადაჭედილი სტადიონი და ,,სამეგრელო”, ,,სამეგრელოს” სკანდირება. რა დამავიწყებს მამუკა ქვილითაიას, ზაურ ქავთარაძის, ემზარ დანგაძის, ვაშაკიძის, ერემია ციმაკურიძის, ჯუნგლი და მერაბ ახალაიების, რობერტ ყალიჩავას, ჯემალ ბენდელიანის და სხვათა თამაშს. ეს დიდი გუნდი რაიონის ხელმძღვანელთა

მხარდაჭერით გულიკო ოდიშარიამ გააკეთა, რომლის მემკვიდრეობა კარგად გააგრძელეს ჯუმბერ ჯალაღანიამ, თენგიზ კაციამ, რეზო სირაძემ და სხვ. ჩვენ მაშინ ყველა გუნდისთვის ანგარიშგასაწევი ძალა ვიყავით და სერიოზულად ვემზადებოდით შინ თუ გარეთ თამაშისათვის.

კურიოზებს თუ გაიხსენებთ.

კურიოზების მეტი რა გვქონია. ეს იყო 90-იანი წლების დასაწყისში. თამაში გვაქვს ვანში, ,,სულორთან” კი არა ,,ულუმბოსთან”. ჰყავდათ ასეთი გუნდი, რომელსაც იქაური გამგებლის მოადგილე მფარველობდა. სადღაც სოფლის მინდორზე გვათამაშეს. გუნდს არცერთი ქულა არ ჰქონდა და ჩვენთან მოინდომეს ის, რაც მთელი სეზონის განმავლობაში არ გაუკეთებიათ.

ეს არეულობის წლებია, როცა ძაღლი პატრონს არ სცნობდა. მატჩის მიწურულს 2:1 ვიგებდით. 15 წუთზე მეტი გვათამაშეს მანამ, სანამ პენალტი არ დანიშნეს. კობა ქარჩავამ ისიც მოიგერია, ჩვენმა ბიჭებმა მოგერიებულ ბურთზეც არ იბრძოლეს, აზრი არ ჰქონდა, მათ კი ცარიელ კარში გოლის გატანა არ გასჭირვებიათ. მაყურებლები უკვე ჩვენ ,,გვბალელშიკობდნენ”.

მე მაშინ მწვრთნელი ვიყავი, გაპროტესტება არც მიცდია, კომისარი იყო მენთეშაშვილი, რომელმაც ყველაფერი სწორად შეაფასა და სადისციპლინო კომისიამ 3:0 მოგება ჩაგვითვალა.

გადამწყვეტი მატჩი გვქონდა თბილისის ,,შევარდენთან”, მოგების შემთხვევაში პირველ ადგილზე გავდიოდით. მატჩის მიწურულს, შეტევას შეტევაზე ვახორციელებდით, მაგრამ გოლი არ გადიოდა, ხან ძელს ხვდებოდა ბურთი, ხან კარის ხაზიდან გამოდიოდა, ან მცირე მანძილით ცდებოდა ცარიელ კარს და სხვ. გადავწყვიტე ბოლო წუთებზე მეც მივშველებოდი მეგობრებს და კარი დავტოვე. მორიგი შეტევის დროს ქვილითაიას დარტყმული ბურთი ზედ კარის ხაზთან ზურგში მომხვდა და გარეთ გადავარდა,

არადა გოლი გარდაუვალი იყო. მატჩი ფრედ დამთავრდა და კვლავ დავრჩით პირველი ადგილის მიღმა. იმ დღეს ბედი არ გვწყალობდა. ის ბურთი რომელიც ას პროცენტიანი გოლი იყო, რაღა მე მომხვდა მაინც და მაინც? რასაც დღეს გულდაწყვეტილი ვიგონებ. რა ახლოს ვიყავით დიდ გამარჯვებასთან.

თქვენ ორჯერ დაგასახელეს საუკეთესო მეკარედ, რა ნიშნით გამოგარჩიეს

სხვებისაგან?

ეგ ნამდვილად არ ვიცი. სპორტულმა ჟურნალისტებმა შემარჩიეს. პირველად 1983 წელს დამასახელეს საუკეთესოთა შორის, მეორედ 1986 წელს. ამ დროს მართლაც კარგ ფორმაში ვიყავი, ერთ მატჩში ორჯერ ავიღე პენალტი, ყველაზე მცირე გოლი მქონდა გაშვებული, არ მიმიღია გაფრთხილება და სხვ. ლოგიკა ერთია: როცა გუნდი კარგად თამაშობს, მეკარეც კარგია და გუნდის სხვა რგოლიც. განა ამ წლებში არ დაასახელეს 33

საუკეთესოთა შორის ერემია ციმაკურიძე, მამუკა ქვილითაია, ზაურ ქავთარაძე? ისეთი კოლექტივი ვიყავით, დღესაც ხეირიანად ვერ ამიხსნია, თუ რატომ არ გვქონდა მეტი მიღწევები.

დატოვე ჩხოროწყუ და გადახვედი მეზობელ რაიონში, რა იყო მიზეზი?

სკოლის დამთავრების შემდეგ „ნაკადულში” ვთამაშობდი, იქიდან  სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამიწვიეს. დემობილიზებულს თამაში მინდოდა. ჯარში დივიზიის გუნდში ვირიცხებოდი და აქტიურად ვვარჯიშობდი. მართალია, იქ ძირითად შემადგენლობაში ვერ ვხვდებოდი, მაგრამ სათადარიგო სკამზე ჯდომაც დიდი პატივი იყო. ვეძებდი ისეთ გუნდს, სადაც შემეძლო ჩემი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოჩენა. რა დასამალია, მაშინ ჩხოროწყუს არ ჰყავდა ძლიერი გუნდი. მეორე ლიგაშიც

უფერულად გამოდიოდა. გეგეჭკორის (მარტვილი) ,,მერანი” პირველ ლიგაში ასპარეზობდა, ცხადია იქ ვარჩიე. ფეხბურთში მსგავსი რამ მოდის. ფეხბურთელი მიდის იქ, სადაც უკეთესია მისთვის. ეს იმას არ ნიშნავს საკუთარი რაიონი ან ქვეყანა არ უყვარს. როცა საჭირო გავხდი ჩემი რაიონისათვის, არ მიყოყმანია, უმალ ჩამოვედი და რაც შემეძლო მინდორზე დავდევი.

მწვრთნელების როტაცია ხშირად ხდებოდა, რა იყო ამის მიზეზი?

მწვრთნელები მართლაც კარგები იყვნენ. განსაკუთრებით გამოვყოფდი გულიკო ოდიშარიას და ჯუმბერ ჯალაღანიას, რომლებმაც გუნდის ჩამოყალიბებაში, მოწინავე პოზიციაზე გაყვანაში დიდი როლი ითამაშეს. მათ დახვეწილი ვარჯიშები ჰქონდათ, ისეთი, უმაღლეს გუნდებს რომ შეეფერებოდა.ისინი მინდორზე თუ დარბაზში ვარჯიშის დროს მკაცრები

იყვნენ, იცოდნენ თითოეული ფეხბურთელის შესაძლებლობა და მაქსიმალურს ითხოვდნენ. იქ თავის დაძვრენა, იოლად გამოსვლა არავის შეეძლო.ბევრმა ფეხბურთელმა თავი მიანება ვარჯიშს, ვერ გაუძლო დატვირთვას. თამაშის შემდეგ ტოლივით გვერდში გვედგნენ. თავისუფალ დროს ბიჭები

ქალაქში გამოვიდოდით, გულიკო შენიშვნას გვაძლევდა, დიდხანს ფეხზე დგომას გვიკრძალავდა დაღლილები რა ფეხბურთს ითამაშებთო. ჩვენ ადგილობრივი კადრებიც გვყავდა, რომლებმაც არა ნაკლებად იმუშავეს გუნდში. არაფერს ვამბობ უფროსი თაობის მწვრთნელებზე ლერი ჩხარჩხალიაზე, ვალო ესართიაზე, აჩიკო ჩიტაიაზე, რომლებმაც ტიტანური შრომა გასწიეს ფეხბურთის განვითარებაზე ჩვენს რაიონში. მე იმ

ადამიანებზე ვისაუბრებ, რომლებთან მომიწია მუშაობამ. ჯუმბერ ჯალაღანიასაგან მთავარი მწვრთნელის პოსტი გადაიბარა თენგიზ კაციამ, რომელმაც აქედან ააწყო დიდი სამწვრთნელო კარიერა.

ორი წელი წარმატებით იმუშავა მან ,,სამეგრელოში”, შემდეგ წავიდა მოსკოვის უმაღლეს სამწვრთნელო სკოლაში, სადაც მიიღო როგორც თეორიულიცოდნა, ისე პრაქტიკული გამოცდილება და გახდა მაღალი რანგის მწვრთნელი. იგი არა ერთ გუნდს ედგა სათავეში, იყო ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი. დღესაც წარმატებით აგრძელებს თავის საყვარელ საქმეს. როლანდ გოგუა ,,სამეგრელოს” ორი წელი წვრთნიდა.

მან მთელი თავისი შესაძლებლობა ჩააქსოვა გუნდის წარმატებაში. სამწუხაროდ ვერ დასცალდა სპორტული კარიერის გაგრძელება. მძიმე სენით დაავადებული ადრე წავიდა ამ ქვეყნიდან. გიზო შენგელიამ ფოთის ,,კოლხეთში” დაასრულა გოლკიპერის კარიერა და მწვრთნელად ჩამოვიდა მშობლიურ გუნდში. სამი წელი იმუშავა მთავარ მწვრთნელად. სერიოზული სამწვრთნელო მუშაობა ჩაატარა ერემია ციმაკურიძემ, რომელმაც დაშლილი გუნდი ააწყო და მესამე ლიგაში დაუმკვიდრა ადგილი… პირადად ჩემს სამწვრთნელო საქმიანობაზე არაფერს ვიტყვი, რადგან საკუთარ თავზე ლაპარაკი, ამ შემთხვევაში, ზედმეტია.

ჩვენ გვახსოვს სკანდალური მატჩი ხობის ,,კოლხეთთან”, წარუმატებელი ფინალები საქართველოს თასზე, რეალური შანსის დაკარგვა გავსულიყავით პირველ ადგილზე და უამრავი სხვა რამ. რა ხდებოდა, რატომ ვერ მივწვდით ერთხელ მაინც საწადელ მიზანს? თქვენზე უკეთ ამასვერავინ ახსნის.

ერთობ ძნელი კითხვაა. ზედმეტად სუბიექტური არ ვიქნები. ამ გადასახედიდან

თითქოს ადვილად ჩანს დაგვეძლია წინაღობა და აგვეღო თასი ან გავმხდარიყავით ჩემპიონები. აქ ბევრმა ფაქტორმაც ითამაშა. თამაში ადვილი როდი იყო. თბილისის გუნდთან მოგება, ზღაპარს უფრო ჰგავდა. ვის უნდოდა მაშინ ჩხოროწყუს ჩემპიონობა, ცხადია, არავის, რადგან ათას პრობლემას შექმნიდა. დებულების მიხედვით პირველი ადგილისაღების შემთხვევაში ჩვენ სსრ კავშირის ბუფერულ ზონაში უნდა გვეთამაშა, რომლის შესაფერისი არც ბაზა გაგვაჩნდა და არც მატერიალური უზრუნველყოფა. საინტერესოა, რას იზამდნენ მაშინ რესპუბლიკის სპორტის მესვეურები, როგორ გადაწყვეტდნენ ამ პრობლემას. ჩემი აზრით, უსათუოდ დებულებას დაარღვევდნენ, სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ. ანალოგიური სიტუაცია იყო თასის საკითხშიც. იქაც არავის უნდოდა თასი ჩხოროწყუში წამოსულიყო. ბედიც არ გვწყალობდა, აშკარა საგოლე მომენტებს ვერ ვიყენებდით. ბოლნისის ,,სიონთან” დამატებით დროში წავაგეთ, მსაჯებმაც ზურგი გვაქციეს, ისეთ რაღაცეებს აკეთებდნენ, სახეზე შეხედვის რცხვენოდათ.

ანალოგიური რამ მოხდა ხობის ,,კოლხეთთან” მატჩშიც. თამაშს 1:0 ვიგებდით, მსაჯი კი არ ამთავრებდა. დაიწყო წვიმა, მინდორი დასველდა, საფინალო სასტვენის მოლოდინში ბურთს ჰაუტზე ვიგერიებდით, ან შორს ვურტყამდით. მსაჯმა იმდენი ქნა კუთხური დანიშნა. ჩამოწოდებული ბურთი თავური დარტყმით ჩვენს კარში აღმოჩნდა და მატჩიც დამთავრდა. ერთ ერთი გვერდითი მსაჯი სიხარულისაგან ახტა თურმე, რაც იქვე მდგარმა

ერთმა ჩხოროწყუელმა ნახა, ვერ მოითმინა ასეთი მიკერძოება და ფიზიკურად შეეხო. მერე ყველაფერი აირია, სახანძრო მანქანები გახდა საჭირო მოჩხუბართა გასაშველებლად. ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს,

მით უმეტეს მეზობელ რაიონებს შორის, მაგრამ რაც მოხდა, მსაჯების ბრალი იყო.

რა მდგომარეობაა დღეს, როგორია ,,სამეგრელოს” ხვალინდელი დღე?

,,სამეგრელო” საქართველოს პირველობის მეოთხე ლიგაში თამაშობს. რაიონის ხელმძღვანელობა გვერდში გვიდგას. 80 -იანი წლების შემდეგ ასეთი თანადგომა არ გვახსოვს. ჩხოროწყუს მერი დავით გოგუა ყოველ დღე ჩვენთან არის, ყველა პირობას უქმნის ფეხბურთელებს. ჩვენი პრობლემა

წარსულში და ახლაც არის ბავშვთა ფეხბურთის განვითარება. იქ, სადაც არ ზრუნავენ გუნდის ახალგაზრდებით შევსებაზე, წარმატებაზე ლაპარაკი ძნელია. ჩვენ ეს პრობლემა გვაქვს და მისი გადაწყვეტა უპირველესი მიზანი უნდა გახდეს. აქ ფეხბურთის ფედერაციის და ადგილობრივი ხელმძღვანელობის ერთობლივი ღონისძიებების გატარებაა საჭირო. მხოლოდ პროფესიული მიდგომით მივაღწევთ სასურველ შედეგს.

You may also like

Leave a Reply

Odabade.Ge

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

 პროექტი "ჩხოროწყუს ციფრული არქივი"    ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცის" და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის  კულტურის სამსახურის ერთობლივი ინიციატივაა

სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

  ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცე"  ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.   

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს  ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩვენ  ვქმნით  ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელს, რომელიც  მოიცავს  ინფორმაციათა ფართო ქსელს ჩხოროწყუს  და  საქართველოს რეგიონების შესახებ