CHKHOROTSKU.GE

ამირან ქარჩავას მოგონებები ჩხოროწყუს ფეხბურთის წარსულზე

ავტორი chkhorotskuge

ჩაიწერა და თავის წიგნში განათავსა ნუგზარ ჟვანიამ

ამირან ქარჩავა

ამირან ქარჩავა: ხაბუმის საშუალო სკოლის მოსწავლე ვიყავი „კოლმეურნეს” შემადგენლობაში რომ მოვხვდი. ეს იყო 1955 წელი. ვთამაშობდი როგორც ფეხბურთს, ისე ფრენბურთს, კარგი მონაცემები მქონდა ძალოსნობაში, სიმძიმის აწევაში რაიონში ტოლს არავის ვუდებდი. ზუგდიდში ზონალურ პირველობაზე მეორე ადგილი ავიღე, თუმცა არც სირბილში, სიგრძესა თუ სიმაღლის ხტომაში ჩამოვრჩებოდი სხვას. სკოლის ფიზკულტურის მასწავლებელი გუია შენგელია აღფრთოვანებული იყო ჩემი სპორტული

მონაცემებით და შეჯიბრებებზე საკუთარი მოტოციკლით დავყავდი. „კოლმეურნეს” შემადგენლობაში თამაში სკოლის მოსწავლისათვის პრესტიჟული იყო. თავდასხმაში მე-9 ნომრად გამოვდიოდი, ორივე ფეხს კარგად ვხმარობდი, მქონდა მოკლე დისტანციაზე სწრაფი გარბენი, ტექნიკურად ლამაზი თამაშს ვაჩვენებდი. ტრაბახში თუ არ ჩამომერთმევა, ვიტყვი, ბევრჯერ მიმიღია საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი. გუნდში თამაში არ გამჭირვებია, რადგან ჩემი ახლო მეზობლები ხუტა (მუნჯი) და ჟორჟიკა ცქვიტაია თამაშობდნენ, რომლებიც გამოცდილი ფეხბურთელები იყვნენ და მამხნევებდნენ. ძალიან მეგობრული კოლექტივი დამხვდა, კარგად მიმიღეს, თითქოს მათი თანატოლი ვიყავი. თავი გამოვიჩინე დიდ ჯიხაიშშის ტექნიკუმის გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც ძლიერი შემადგენლობა ჰყავდა. მატჩი ფრედ 2-2 დავამთავრეთ, ორივე გოლი მე გავიტანე. გასახდელში მოვიდა ტექნიკუმის დირექტორი და შემომთავაზა

მესწავლა მისი სასწავლებლის ნებისმიერ ფაკულტეტზე, მაგრამ ჩემით ვერ გადავწყვიტე, ოჯახშიც არ მირჩიეს. დამამახსოვრდა ზუგდიდში საქართველოს თასზე თამაში. ძირითადი დრო ფრედ 0-0 დავამთავრეთ, მესამე ტაიმის ბოლო წუთზე არვე გულუამ პასი გამიკეთა და ურთულესი პოზიციიდან მარცხენა ფეხით ისეთი დარტყმა გამომივიდა, რომ მეკარე არც განძრეულა, ისე გაეხვია ბურთი ცხრიანში. ეს თამაში ამ ანგარიშით დამთავრდა და საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი დავიმსახურე.

ხუტა გულუა

წალენჯიხაში თამაშისას ვიღაცამ ხუტა მუნჯს ქვა ესროლა და თავში მოხვდა. მან ალბათ იცოდა ჩვენი მეკარის სუსტი მხარე, ემოციურობა, რომელიც ახასიათებს საერთოდ მუნჯებს და სცადა მისი წონასწორობიდან გამოყვანა. ხუტამ მიადევნა თვალი, თუ ვინ იყო იგი. მიატოვა თამაში, გამოეკიდა იმ ვიგინდარას, დაიჭირა და ცემით მოკლავდა ალბათ, ხელიდან ძლივს რომ არ გამოეგლიჯათ. სხვა დროს იგი იყო კეთილი, მშვიდი, მეგობრული, გაბრაზებისას კი თავის შეკავება უჭირდა. ყველანაირი საქმე ეხერხებოდა, კარგი ბოქსიორი იყო, თბილისის პირველობა ჰქონდა მოგებული. ფეხბურთის შემდგომ ოჯახს მოეკიდა და პატიოსანი შრომითრჩენდა. სამწუხაროდ, ულმობელმა სენმა ადრე მოუსწრაფა სიცოცხლე,

თუმცა კარგი მემკვიდრეობა დატოვა და დარჩა ხსოვნაში, როგორც ჩინებული

სპორტსმენი, შესანიშნავი მოქალაქე და მეგობარი.

სკოლის დამთავრების შემდეგ სპორტკომიტეტის თავმჯდომარემ კოტე ყურაშვილმა ჩვენი სოფლის კოლმეურნეობის თავმჯდომარესთან მომართვა მომცა მეთოდისტად დანიშვნის თაობაზე. კოლმეურნეობის თავმჯდომარემ, სპეტაკმა პიროვნებამ, ჩვენი ოჯახის უახლოესმა ადამიანმა აკაკი გულუამ უარი მითხრა: „მე ასეთი შტატი არა მაქვს და ბრძანებასაც ვერ დაგიწერ. ბურთის თამაშისთვის არ მცალია, ჩაის კრეფის გეგმა მაქვს შესასრულებელი, სხვა ათასი პრობლემა მაწუხებს სოფელში, შენ კიდევ ბურთს დასდევ და მე ხელფას მთხოვ, რაც არ გამოვა. პატიოსანი კაცის შვილი ხარ და გიჯობს სერიოზულ საქმეს მოკიდო ხელი და ოჯახში სუფთა ფული შეიტანო”. სანამ საქმეში რაიკომის პირველი მდივანი ცანავა არ ჩაერია, მაინც არ დამნიშნა სპორტმეთოდისტად. უფრო მეტიც, პირველ მდივანსაც გაუწია წინააღმდეგობა. ბრძანება არ დაწერა მანამ, სანამ არ დარწმუნდა, რომ არ იყო კანონდარღვევა.

ჩვენზე ბევრს ზრუნავდა რაიონის ხელმძღვანელობა. ისინი შეძლებისდაგვარად გვეხმარებოდნენ, სამხედრო გაწვევა რომ დაიწყებოდა, მიშა ცანავა გვეტყოდა: „გაწვევის დღეებში რაიონის ცენტრში ნუ ტრიალებთ, ცოტა თვალს მიეფარეთ, ვიღაცეებმა ჩივილი არ დაიწყონო”.

როგორც ვთქვი, ფრენბურთსაც კარგად ვთამაშობდი. ფეხბურთელები ამაშიც გამოვირჩეოდით. მირიან გაბედავა, რომელიც სპორტ საზოგადოება „კოლმეურნეს” ხელმძღვანელობდა, უჩვენოდ არსად მიდიოდა, ყველგან თან ვახლდით. ბათუმში საქართველოს პირველობაზე მესამე საპრიზო ადგილი დავიკავეთ, რაც სერიოზული მიღწევა იყო (სურათიც გვაქვს გადაღებული). მიშა ცანავამ კი 100-100 მანეთით დაგვაჯილდოვა. ძირითად შემადგენლობაში ვთამაშობდით კიკა ესართია, სოსო ჩიქოვანი, კაკო ჩიქოვანი (მუხურიდან), არვე გულუა, მიტუშა ქვარცხავა, რეზო კაჭარავა (ჩხოროწყუ) და მე, (ხაბუმე).

 ოჩამჩირეში ფეხბურთის მატჩის წინა დღეს ჩავედით, სანაპიროზე გავისეირნეთ, აქ ფრენბურთელთა შეჯიბრებას გადავეყარეთ, სფხაზეთის პირველობა იმართებოდა. ჩვენ გადავწყვიტეთ არაოფიციალურად მიგვეღო მონაწილეობა და ვთხოვეთ მასპინძლებთან გვეთამაშა. არ ვაჭარბებ, ჯერ ოჩამჩირის გუნდი დავამარცხეთ, ხოლო შემდეგ—გულირი ფშელი ფრენბურთელები. ჩვენი თამაშით აღფრთოვანებული მაყურებლები მეორე დღეს ფეხბურთის საყურებლადაც მოვიდნენ და ,,გვბალელგვშიკობდნენ”, თუმცა ის შეხვედრა წავაგეთ, რაც წინა დღის დაღლილობას დავაბრალეთ. მინდა მკითხველს შევახსენო, ფეხბურთის თამაში პრინციპულად განსხვავდება ფრენბურთისაგან, რასაც სხვა აზროვნება სჭირდება.

ფრენბურთი ჰაერში ორთაბრძოლაა, სადაც ბურთი მიწას არ უნდა შეეხოს, ფეხბურთის თამაშისას კი პირიქით ხდება, ამიტომ სპორტსმენს არ ურჩევენ პროფესიულ დონეზე ორივე სახეობაში გამოსვლას, თუმცა ჩვენს დროს ამას ყურადღებას ვინ აქცევდა.

60-იანი წლების დასაწყისში რაიონი გაუქმდა და ცხაკაიის (სენაკი) რაიონს შეუერთეს, რასაც გუნდის დაშლაც მოყვა. სპორტკომიტეტის თავმჯდომარემ, კოტე ყურაშვილმა მომცა კარგი დახასიათება, რომელიც გამომადგა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმის ელექტროფიკაციის ფაკულტეტზე ჩასარიცხად. სასწავლებლის ხელმძღვანელობამ პირველი დღიდანვე ჩამრთო სპორტულ ცხოვრებაში და არა ერთი გამარჯვება მოვუტანე სხვადასხვა სახეობაში. ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ ჩამოვედი ჩემს რაიონში და მუშაობა დავიწყე საქენერგოს ჩხოროწყუს განყოფილებაში, სპორტისთვის უკვე ,,ბებერი” შორიდან ვადევნებდი თვალს ჩვენი ახალგაზრდების გამოსვლებს და ბევრჯერ კმაყოფილი დავრჩენილვარ,

თუმცა ბოლო წლების პასიურობა მაღელვებს. ვიმედოვნებ ყველაფერი გამოსწორდება.

ჩხოროწყუ 2011 წ.

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩვენი ამბიციური პროექტი

სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

  ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცე"  ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.   

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს  ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩვენ  ვქმნით  ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელს, რომელიც  მოიცავს  ინფორმაციათა ფართო ქსელს ჩხოროწყუს  და  საქართველოს რეგიონების შესახებ

Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00