CHKHOROTSKU.GE

ბესარიონ ქებურია- პირველი ქართველი მფრინავის უცნაური ცხოვრების გზა

ავტორი chkhorotskuge

„ ბესარიონ ქებურია მტკვარზე გადის უხიდოდ

ვაჟკაცობით ქებულია ცაში ადის უკიბოდ“

გთავაზობთ ვალერიან ახალაიას ნაშრომს, რომელიც ბესარიონ ქებურიას ხსოვნას ეძღვნება. გამოქვეყნებულია ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის ჟურნალ “მოამბეში”

ბესარიონ ქებურია ისტორიაში შესულია, როგორც პირველი ქართველი მფრინავ-კონსტრუქტორი, რომელმაც თავისი გონება-მახვილობით და ვაჟკაცობით მსოფლიო განაცვიფრა. მისი სახელი დროისა და ჟამთა სიავეს არ შეუძლია ამოშალოს ჩვენი მეხსიერებიდან.

ბესარიონ სავლეს ძე ქებურია 1870 წლის 15 თებერვალს ქუთიასის გუბერნიის ზუგდიდის მაზრის სოფელ ქვედა ჩხოროწყუში დაიბადა . მამა-დურგალი, დედა კი თვითნასწავლი მკურნალი იყო. ბესარიონი , სოფელ კიწის ორწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ , მუშაობდა ფოთსა და ბორჯომში რკინიგზის მშენებლობაზე; შემდეგ ჩააბარა გამოცდები და წარჩინებით დაამთავრა პეტერბურგის საგზაო მიმოსვლათა საინჟინრო ინსტიტუტი. მას შესთავაზეს სამეცნიერო კარიერა, მაგრამ უარი განაცხადა  და გადაწყვიტა შეესწავლა საფრენოსნო საქმე. ის ჩამოდის თბილისში, ახერხებს საკუთარი კონსტრუქციით ბამბუკის პლანერის აგებას და აწყობს გაფრენას საბურთალოს გორაკებიდან.

მფრინავის მოწმობა

1909 წლის 25 ივლისს მსოფლიო მოიცვა  სენსაციამ- ფრანგი ავიატორი ლუი ბლერიო საკუთარი კონსტრუქციის მონოპლანით საფრანგეთიდან ინგლისში გაფრინდა , რამაც ბესარიონზე უდიდესი გავლენა მოახდინა და საბოლოოდ გადაწყვიტა მფრინავი გამხდარიყო. მან ჯერ კიდევ მოსკოვში რუსეთის ავიაციის მამა, პროფესორ ჟუკოვსკისგან მიიღო რჩევა-დარიგება და შემდეგ მეგობრების დახმარებით გაემგზავრა პარიზს, სადაც ჩაირიცხა საავაციო სკოლაში და მსოფლიოში #209-ე პილოტ-ავიატორის დიპლომს იღებს. მაგრამ ეს არ იყო საკმარისი- დამოუკიდებელი ფრენის შესასრულებლად აუცილებელი იყო საფრენოსნო სკოლის დამთავრება , სწავლა დიდძალ ფულთან იყო დაკავშირებული. მან ეს პრობლემა თავისებურად გადაწყვიტა -შეისყიდა ბლერიოს მონოპლანი 25 ცხენის ძრავიანი ძრავით და შესრულა საგამოცდო პროგრამა: რვა წრის შემოფრენა აეროდრომზე და ზუსტად ასი მეტრის დიამეტრის წრეში დაფრენა. აღფრთოვანებულმა ბლერიომ ბესარიონი საფრანგეთის პრეზიდენტს წარუდგინა, რომელმაც მას გზა დაულოცა . ამის შემდეგ გამოცდების ექსტრენად ჩაბარებით პილოტის მართვის მოწმობა  და დამოუკიდებლად ფრენის უფლება მიიღო. 1910 წლის 29 აგვისტოს ქართველმა ავიატორმა პარიზის ცა დაიპყრო.  წინ კი შორი გზაა სამშობლოსკენ.

ბესარიონ ქებურია

პირველი საჩვენებელი ფრენა ბესარიონ ქებურიამ ვარშავაში მოაწყო და ჩინებულად იფრინა, მაგრამ მიწაზე დაშვების მას არასასიამოვნო სიურპრიზი დახვდა…

 ვარშავის გენერალ-გუბერნატორმა სკალონმა იგი 500 მანეთი ოქროთი დააჯარიმა. მფრინავმა გაკვირვებულმა კითხა, თუ რაში ედებოდა ბრალი. პასუხი ასეთი იყო: ქალაქზე გადაფრენისას რომ ჩამოვარდნილიყავი, ხალხს დააშავებდიო. მაშინ საუბარში გუბერნატორის მეუღლე ჩაერთო, რომელმაც ბრძანა – გამარჯვებულებს არ სჯიანო. მან თხოვა ბესარიონს ცაში მგზავრად აყვანა, რასაც პილოტი სიამოვნებით დათანხმდა.

ბესარიონ ქებურიამ ათასობით ადამიანის თანდასწრებით  პეტერბურგში მოაწყო რამდენიმე საჩვენებელი გაფრენა, შემდეგ კი დიდი წარმატებით იფრინა მოსკოვში, კიევში, ნიჟნი ნოვგოროდში, სარატოვში, ასტრახანში, ყაზანსა და ბაქოში. ყოველი გაფრენის წინ იგი ხალხს ლექციებს უკითხავდა და ამით მასებში საავიაციო საქმის პროპაგანდას ეწეოდა. სარატოვის გაზეთი წერდა : ბესარიონის მსგავსი ფანატიკოსი არავის უნახავს . იგი საშინელ ქარში აიჭრა ცაში. ამას ვერც ერთი მფრინავი ვერ გაბედავდა.

1910 წლის ბოლოს ქართველი ავიატორი თბილისში დაბრუნდა. მას გულთბილი შეხვედა მოუწყვეს ნაცნობ-მეგობრებმა, მოსახლეობამ. მშობლიურ ქალაქში მან რამდენიმე საჩვენებელი ფრენა მოაწყო. შემოსავლის დიდ ნაწილს კი განათლების გამავრცელებელ საზოგადოებას სწირავდა. ხალხი აღტაცებებით  ხვდებოდა თანამემამულეს , მაგრამ ისეთებიც იყვნენ, ვისაც ეგონა, რომ აეროპლანს ბესარიონი კი არა ეშმაკი მართავდა.

ბესარიონს თბილისის ტრიალ მინდორში უხდებოდა ფრენის მოწყობა. ერთ-ერთი ფრენის დროს ხალხი ისე მოეფინა მინდორს , რომ დასაფრენი ადგილი აღარ დარჩა. კატასტროფა გარდაუვალი იყო, მაგრამ მფრინავი არ დაიბნა მოშორებით მან შეამჩნია ორი ერთმანეთთან ახლოს მდგომი ხე და პლანერით მათკენ ისე წარმართა თავისი მონოპლანი , რომ აპარატი ფრენით ტოტებში გაება. პილოტი დიდი სიმაღლიდან ჩამოხტა , ფეხი მოიტეხა, მაგრამ, რაც მთავარია, გულს არ იტეხდა… შევაკეთებ და ისე ვიფრენოო.

მფრინავმა მოძველებული აპარატის მაგივრად გადაწყვიტა საკუთარი კონსტრუქციის მონოპლანი აეგო, რომელზეც უკვე 50 ცხენის ძალიან ძრავას იყენებს. აღნიშნული თვითმფრინავით მან მთელი რიგი გაფრენები მოაწყო, როგორც თბილისში , ისე ქუთაისში, ხონში, სამტრედიაში, ფოთში, სენაკში, სოხუმში, ბათუმში. გთავაზობთ იმ დროის ბესარიონ ქებურიას საქებრად ხალხის მიერ გამოთქმული ლექსის პირველ ოთხ ტაეპს:

„ ბესარიონ ქებურია მტკვარზე გადის უხიდოდ

ვაჟკაცობით ქებულია ცაში ადის უკიბოდ“

ცის დამპყრობს  ხიფათიც ბევრჯერ შეემთხვა, მაგრამ ყოველთვის ცოცხალი დარჩა. 1913 წელს ბესარიონს ბათუმში ფრენის დროს ძრავა გაუჩერდა და იგი პლანერით ზღვაში დაეშვა , როდესაც მას მეზღვაურებმა მიასწრეს, ქებურია თვითმფრინავს ხელს არ უშვებდა .მისთვის მთავარი იყო ძრავის გადარჩენა , რომელიც საკმაოდ ძვირი ღირდა. თვითმფრინავს კი თვითონ  ააგებდა. მისი სიცოცხლე ფრენის გარეშე ვერ წარმოედგინა, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დაწყებამ მისი გეგმები ჩაშალა -ჯარში გაიწვიეს. ის იბრძოდა ოსმალოს ფრონტზე და განაგებდა კავკასიის ავიარაზმის ტექნიკურ ნაწილს. ომის დამთავრების შემდეგ საქართველოს მთავრობამ მას წინადადება მისცა საჰაერო მიმოსვლის მოწყობის შესახებ ამიერკავკასიაში, სადაც სათანადო მუშაობა ჩაატარა. საბჭოთა რეჟიმის დროს ბესარიონ ქებურია საქართველოში სამოქალაქო ავიაციის  შექმნის ერთ-ერთი ხელმძრვანელი  იყო  . დაარსა ავიაციის მოყვარულთა საზოგადოება, აქტიური მონაწილეობა მიიღო აეროდრომების მშენებლობაში თბილისში, ქუთაისში, სოხუმში და ამიერკავკასიის სხვა ქალაქებში. ის პირველი მარშუტების თბილისი-ბაქო-მოსკოვი, თბილისი-სოხუმი-მოსკოვი ერთ-ერთი ორგანიზატორია 1930 წელს, როდესაც შეიქმნა სამოქალაქო ავიაციის ამიერკავკასიის სამმართველო, შენობაბაც კი დაახვედრა მათ, რისთვისაც რუსთაველის გამზირზე ოპერის პირდაპირ მდგარ სახლს ორი სართული დააშენეს. მანვე პირველად მოახდინა საქართველოს ტერიტორიის საჰაერო ფოტოგადაღება.

შემდგომ წლებში ბ.ქებურია აქტურად ჩაება დოსააფის მუშაობაში და ვინ იცის რამდენმა ახალგაზრდამ გადაწყვიტა ავიაციაში ბესარიონის გამო მისვლა. ბესარიონ ქებურიას ერთ-ერთ პირველს მიენიჭა დამსახურებული მფრინავის წოდება, დაუნიშნეს პერსონალური პენსია და თბილისის ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი მიენიჭა.  1945 წელს  დაბადებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებით ლენინის ორდენით დაჯილდოვდა.

ქალაქ თბილისის აეროპორტში დაიდგა მისი ძეგლი, მაგრამ 90-ნ წლებში ძეგლი წააქციეს  თურქეთში გატანის მიზნით. აეროპორტის ხელმძღვანელობამ ძეგლი აღარდგინა , მაგრამ ფენიქსის სიმბოლური ფიგურა არსად ჩანს. ვიმედოვნებთ, რომ ძეგლი სრულყოფილად აღდგება და შეინარჩუნებს ავტორების- თეიმურაზ ჭყონიას და არქიტექტორ მგალობლიშვილის მიერ განსაზღვრულ ადგილს საერთო ანსამბლში.

დიდია ბესარიონ ქებურიას დამსახურება ჩხოროწყუსთვის. მან ააშენა ჩხოროწყუს სარეზერვო აეროდრომი. 1957 წელს მისივე ინიციატივით გაიხსნა აეროპორტი, დაწესდა მგზავრობა ჩხოროწყუ-ქუთაისი -თბილისი და ჩხოროწყუ-ზუგდიდი -სოხუმის მიმართულებით. აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა 1963 წელს ჩხოროწყუს რაიონის გუქმების გამო.

 ბესარიონ ქებურიას ეკუთვნის პირველი სიტყვა ჩხოროწყუს ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაში. მას ნახაზებიც კი ქონდა შედგენილი და ეს დაპროექტების საფუძველი გახდა. მას ეკუთვნის მუხურის მინერალების ბაზაზე ცემენტისა და კირის ქარხნების მშენებლობის გეგმაც.

იყო  აღმასკომის წევრი. გაზეთ ჩხოროწყუ“ს გამოკითხვით აღაიარებულია მეოცე საუკუნის სახელოვან ჩხოროწყუელად.

 გარდაიცვალა 1958 წელს, 88 წლის ასაკში.

მისი ცხედარი დაკრძალულია ჩხოროწყუში ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე. იქვე, ვარლამ როდონაიას ინიციატივით ძეგლი დაიდგა. აქ განისვენებს ქართველი მფრინავი ბესარიონ ქებურია (1870-1958) . ძეგლის ავტორია მოქანდაკე ბიძინა ღოღობერიძე.

მუზეუმში ტარდება ღონისძიებები ბესარიონ ქებურიას სახელის უკვდავსაყოფად . მისი შვილიშვილი გუგული ქებურია ბაბუის ხსოვნის საპატივცემულოდ  აქტიურად მუშაობს.

ბესარიონ ქებურიას კუთხე ჩხოროწყუს მუზეუმში

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩვენი ამბიციური პროექტი

სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

  ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცე"  ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.   

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს  ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩვენ  ვქმნით  ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელს, რომელიც  მოიცავს  ინფორმაციათა ფართო ქსელს ჩხოროწყუს  და  საქართველოს რეგიონების შესახებ

Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00