1897 წელს გაზეთი “ცნობის ფურცელი” მუხურში არსებულ უძველეს ადათებს აღწერს . ავტორი “ჯურუ” ადათებს მწვავედ აკრიტიკებს და ანაქრონიზმად მიიჩნევს, მაგრამ მისი აღქმა და დეტალური აღწერა წარსულის ანალიზში გვეხმარება და “მარაშინას” დღეს შემორჩენილ დღევანდელ რეალობასაც ეხმაურება. ამ ეტაპზე ავტორის ვინაობა უცნობია. სავარაუდოდ , ის კარგად იცნობს მუხურს და მუხურელებს.
სტილი დაცულია
მუხური. (სამეგრელო). ცრუმორწმუნება ჩვენში და მისი ცუდი შედეგი.
საზოგადოთ ძლიერ გახშირებულია მთელი ჩვენს მხარეში ცრუ-მორწმუნება, მაგრამ განსაკუთრებით ამ ჩრდილო-მხარეში სამეგრელოისას უფრო მაგრად ფეხი მოიდგა, რადგანაც ეს მხარე ყოველ მხრივ მოკლებულია სწავლა-განათლებას, ამიტომ უვიცი ხალხი ადგას მთელს გზას. ძველად თუმცა ყოველგან ხშირი იყო ეს სენი, როგორც ჩვენში, მაგრამ სწავლა-განათლებამ მოსპო.
ჩვენში ამის წინააღმდგეგ მალამო არ გამოჩნდა, ან არა და რა გამოჩნდა, რადგანაც ჩვენში არც სამკითხველო და არც სხვა რამე მაგისთანა ხელშემწყობი ხალხის – გონებრივად და ზნეობრივად განათლებისა აღარ არსებობს.
ს. მუხურში და მის ახლო-მახლო სოფლებში არის გავრცვლებული საძაგელი ცრუმორწმუნება, რომელსაც ჩვენებურად «ჭეჭეთობას» ეძახიან, ე. ი. ეშმაკების ან მზაკვარობის დღეს.
გათენდება თუ არა დილა პირველი აგვისტოს, მშობლები საჩქაროდ აღვიძებენ შვილებს, ხელში თაფლის სანთელი უჭირავთ, მოსტეხენ ამას ცოტას და შვილებს თმებში შეუსრესენ და იტყვიან: ღმერთო, მადლიანო! ჩემი შვილის ავთვალით და შურით შემხედველს შენ გაუსრისე თავი, როგორც მე ეს სანთელი გავსრისე; მერე თვითონაც იკეთებს. ამ დანიშნულ დროს ერთმანეთთან მისვლა-მოსვლის ერიდებიან და თუ ვისმე ჰსწამებენ მზაკვარობას იმას სახლშიაც აღარ უშვებენ,იტყვიან: ჯვარი გადაწერე ჩემს ოჯახსო.
ზოგიერთი ძალა უნებლიეთ მართლა ემორჩილება. კადრულობს ამას და ნაცვლად ჯვრის გადაწერისა ჩხუბს მართავს, რომელსაც ზოგჯერ კაცის მოკვლაც მოჰყვება ხოლშე. როგორც მოგახსენე “ჭეჭეთობა“ თუთხმეტ აგვისტომდე გრძელდება, მაგრამ ყველა დღეებზე უფრო ყურადღება მიქცეულია ღვთისმშობლის მიძინების წინა დღეზე.
შუადღიდგან იწყებენ პატარა ყმაწვილები საყვირებით ყვირილს, რომელსაც ხის კანიდგან აკეთებენ, ხოლო დიდები ერთი საათით ადრე მზის ჩასვლამდე თოფის სროლას მართავენ. ამას ისინი შვრებიან მზაკვარების წინააღმდეგ
ძილი არ შეიძლება იმ ღამეს ჩვენის ხალხის რწმენით, და ამიტომ მართავენ სხვადასხვა სათამაშოს მინდორში, თუ დარია, და ასე უძილოთ ათენებენ მთელ ღამეს. ზოგიერთნი კი ამ ღამეს გააჩაღებენ ცეცხლს. იმისთანა ალაგას, სადაც სამი გზა ერთად იყრება. ცეცხლის ნაპირას დააწყობენ: ჩიბუხს, ჩონგურს,, დაირას.
ისინი კი შორიდგან იცქირებიან. სწამთ, რომ აქ უნდა გაიარონ ყველა იმათ, ვინც ამ წელში მოკვდებიანო: მოხუცი კაცი თუ იქმნაო, ის ჩიბუხს მოსწევსო, თუ ქალი, ცოცხით გვას დაიწყებსო
აი, ამისთანა შემთხვევას რა მოყვა ჩვენში წლეულს, როცა ისინი შორიდან უყურებდნენ, გამოვარდა უცბად ერთი ცოფიანი ძაღლი და ორს უკბინა, რომელიც მათ ძვირად დაუჯდათ, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ წამალი ადრევე მიაშველეს და გადაარჩინეს სიკვდილს.
წამთ. რომ თუ მეორე დღეს ვისმე ფერი ეცვალა, ის უთუოდ მოკვდება. თუმცაღა ზოგჯერ მართლაც კვდება კაცი და ამით მდაბიო ხალხს ცრუმორწმუნეობა უორკეცდება, მაგრამ ჩემის ფიქრით, აქ ხალხის წინაწარმეტყველება არ არის მიზეზი, არამედ სულ სხვაა. სახელდობრ აი რა არის:
ერთი მხრით შიში, რადგანაც ყველას ეშინია, რომ, ამეღამ თუ დავიძინე გულს და სისხლს ჩემი მზაკვარი ამომაცლის და მზაკვარის უფროსს „როკაპს“ მიართმევსო. ამბობენ, რომ მზაკვრებს უფროსი – ყავს და იმ ღამეს ყველამ უნდა მიართვას საჩუქარიო: გული და სისხლი ადამიანისა, რა თქმა უნდა, ამ ფი- ქრით შემკულ ადამიანს ძალაუნებლიედ რომ დაეძინება, რა უნდა დაემართოს? ან ჭკუიდან შეიშლება ან არა და რამე ავადმყოფობა გამოუჩნდება. რომელიც მალე მოუღებს ბოლოს.
მეორედ, ვინ არ იცის, რომ გარეთ, ტყეში, დაუძინებლად ღამის გათენება მავნებელია სიმრთელისათვის. ჩვენში ეს ორი მიზეზი, რომ თქვა, აბუჩად აგვიგდებენ. კაცის ამიტომ, ვისაც შეუძლიან, საჭიროა ყურადღება მიაქციონ და რამე წამალი გამოუგონონ ხალხის ამისთანა ცრუ მორწმუნეობას.
ჯურუ