CHKHOROTSKU.GE

My city – Chkhorotsku წარმოგიდგენთ: ბლიც-ინტერვიუ კესო ყალიჩავასთან

ავტორი chkhorotskuge

ბლიც-ინტერვიუ დღის ყველაზე აქტუალურ თემაზე, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით.

გვესაუბრება, ქალაქ ჩხოროწყუს ჰოსპიტალის ექიმი, სერთიფიცირებული პედიატრი, ინფექციონისტი, ანესთეზიოლოგი, ემერჯენსოლოგი – კესო ყალიჩავა, რომლის პროფესიული პრაქტიკა 27 წელს ითვლის.

კესო ყალიჩავა

⚕️რას ნიშნავს თქვენთვის ექიმის სტატუსი?!

— ექიმობა ჩემთვის – თავისუფალი სუნთქვაა.


⚕️დაასრულეთ ყველა პაციენტი…

— არის – ადამიანი, რომელმაც ყველაზე ძვირფასი, თავისი ან მისი შვილის სიცოცხლე მანდო, დამავალდებულა ზეადამიანურად ვუერთგულო მას…


⚕️როგორ გაჩნდა კორონავირუსი და რატომ აღმოჩნდა მსოფლიო ამ საშიშროების წინაშე?!

—ექსპერტთა აზრით, ადამიანებს კორონა დაინფიცირებული ცხოველისგან, სავარაუდოდ ღამურებისგან გადაედოთ, შემდეგ კი მუტაციის მაღალი ხარისხიდან გამომდინარე, ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადავიდა.

⚕️როდის ხდება ის გადამდები?!

—კორონავირუსით დაავადებული ავადმყოფი გადამდები ხდება სიმპტომების გამოვლენის მომენტიდან, ანუ ინკუბაციური პერიოდის (ძირითადად 2-14 დღე) ჩამთავრების შემდეგ.


⚕️რამდენ ხანში ვლინდება სიმპტომები?!

— ინკუბაციური პერიოდის გასვლის შემდეგ, რომლის ხანგრძლივობა ვარიაბელურია, მაგრამ ძირითადად მაინც 2-14 დღის შუალედს ემთხვევა.


⚕️კორონა ვირუსი და სხვა ვირუსები მაგ: გრიპი ორივე ინფექციური დაავადებაა, როგორ უნდა განვასხვაოთ ისინი ერთმანეთისგან?

—გარანტირებული, მკვეთრად განმასხვავებელი კლინიკური სიმპტომი კორონავირუსისა სხვა რესპირეციული ვირუსებისგან, სადაოა. ბოლო სიტყვა რა თქმა უნდა ვირუსოლოგიურ კვლევას ეკუთნის.


⚕️როგორ გადაეცემა COVID-19 ადამიანს ადამიანიდან?!

— ინფექციის გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე ხდება წვეთოვანი, კონტაქტური გზით-ხველებისას, ცემინებისას, ლაპარაკისას… ასევე არ გამორიცხავენ გადაცემის ფეკალურ-ორალურ გზასაც.


⚕️თუ კორონა მოხვდა ორგანიზმში, ჩვენ უბრალო გრიპი გვგონია, არ ვაქცევთ სათანადო ყურადღებას, რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს ასეთმა დაუდევრობამ?!

— დაუდევრობა ზოგადად საკუთარი ჯანმრთელობისადმი საზიანოა, თუმცა ახალი კორონას შემთხვევაში, თუნდაც ქეისი დამთავრდეს თვითგანკურნებით, ის შეიძლება ძალიან საზიანო აღმოჩნდეს გარშემომყოფთათვის, ამიტომ ანამნეზთან ერთად სიმპტომების უგულებელყოფა დაუშვებელია!!


⚕️ყველაზე ხშირად რა იწვევს ლეტალურ შედეგს?

ლეტალურ შედეგს როგორც წესი იწვევს გართულება ფილტვის ქსოვილის ფიბროზისა და შედეგად, სუნთქვის დამძიმება და უკმარისობა…


⚕️აქამდე რა ვირუსები ყოფილა საქართველოში გავრცელებული და ყოფილა ასეთი საშიში?!

— საშიში ნებისმიერი დაავადებაა, ცუდია, რომ ახალ კორონას მუტაციის მაღალი ხარისხი ახასიათებს, მაგრამ საპანიკო მდგომარეობა ნამდვილად არ არის. მთავარია, რომ გონივრული პრევენცია მუშაობს და მეცნიერებიც ვაქცინის დაჩქარებული წესით შექმნაზე არიან ორიენტირებულნი.


⚕️ჩხოროწყუს საავადმყოფოში მუშაობა როგორ სიტუაციაში მიმდინარეობს?!

— ჩვენთან კლინიკაში მზადყოფნა და სიმშვიდეა.


⚕️ჰოსპიტალს ბევრი მიმართავს?! რა ასაკის პაციენტები არიან უფრო მეტად შეშინებული?!

— ამ დღეებში კლინიკაში მომართვიანობა ნამდვილად არ გაზრდილა. ვფიქრობ, ადამიანები შესაძლებლობის ფარგლებში თვითიზოლაციას არჩევენ…


⚕️ვისაც მოუმართავს მათგან ჰოსპიტალიზაცია ბევრს დასჭირვებია?!

— სხვა ვირუსული ინფექციებით ჰოსპიტალიზაციის % არ გაზრდილა, პირიქით შემცირდა.


⚕️ჩხოროწყუში კორონავირუსის შემთხვევა ხომ არ დაფიქსირებულა?! — საბედნიეროდ ჯერ არ დაფიქსირებულა!


⚕️რამდენად მზად შეხვდა ჩვენი საავადმყოფო ამ ყველაფერს? გაქვთ ყველაფერი, რაც საჭიროა მასთან საბრძოლველად და ყველა წესის შესასრულებლად?!

— ჩვენი კლინიკა მზად არის საჭიროების შემთხვევაში იმოქმედოს შესაბამისი რეკომენდაციებით.


⚕️კეთდება კორონა ვირუსის დასასდგენი სწრაფი ანალიზები?

— სწრაფი ტესტი ჩვენთან არ კეთდება, ჯერჯერობით, მაგრამ საეჭვო შემთხვევაში შესაბამისი სამსახურები ახდენენ პაციენტთა გადაყვანას შესაბამისი მიმართულებით.


⚕️ყველაზე საშიში გართულება როგორ პატიენტებთან ვითარდება?!

— გართულებები როგორც წესი პრემორბიდული ფონით და დატვირთული ანამნეზის მქონე ავადმყოფებთან არის მოსალოდნელი.


⚕️რამდენად საშიში მაჩვენებელია ის, რაც ამ ეტაპზე გვაქვს?!

— ექსპერტთა აზრით, შემთხვევები სავარაუდოდ გაიზრდება, მაგრამ საპანიკო არაფერია! მთავარია დავიცვათ პრევენციის ყველა წესი!


⚕️როდის უნდა მიმართონ ადამიანებმა ექიმებს?!

— რესპირაციული ინფექციის გამოვლინებისას, კონტაქტი იქონიეთ ოჯახის ექიმთან.


⚕️როგორ შეხვდა ჩხოროწყუ ამ პანდემიის გამო დადგენილ რეგულაციებს?!

—ჩხოროწყუელები ამ საკითხს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით ეკიდებიან, თუმცა გამონაკლისი შემთხვევები და მცირე გაუგებრობები ყველგან ხდება!!


⚕️თქვენი აზრით, მარტო ასაკიან ხალხს უნდა ეშინოდეს?!

— პრევენციული ზომები უნდა დაიცვას განურჩევლად ყველამ! რაც შეეხება ხანდაზმულ ადამიანებს, თითოეული ჩვენგანის ვალია მათზე ზრუნვა და მხარდაჭერა.


⚕️რამდენად სწორია, რომ მხოლოდ ასაკიან ხალხს კლავს კორონა?!

— რადგან ვირუსს ორგანიზმის იმუნური სისტემა უნდა გაუმკლავდეს, ხანდაზმულებს, როგორც წესი, დატვირთული ანამნეზი აქვთ, იმუნური სისტემაც შედარებით სუსტია, ამიტომაც ამ სეგმენტში გართულებების მაღალი პროცენტია.


⚕️თუ ადამიანი დაბრუნდა მაღალი რისკის ქვეყნიდან, რამდენი ხანი უნდა იყოს იგი იზოლირებული და დაკვირვების ქვეშ?!

—საკარანტინო ვადა 14 დღემდეა.


⚕️და საკმარისია ეს დრო?! არ არის საშიშროება, რომ უფრო მეტი დრო დასჭირდეს კორონას გამოვლენას?!

— საკარანტინო პერიოდი ექსპერტების მიერ არის დადგენილი, თუმცა მედიცინაში 2×2 როგორც წესი ყოველთვის 4 არ არის ხოლმე…


⚕️რა დროში ხდება გამოჯანმრთელება და ახალ გომოჯანმრთელებულმა პაციენტმა რა წესები უნდა დაიცვას შემდგომ?!

— სავარაუდოდ 2 კვირაში, თუმცა საბოლოო გამოჯანმრთელების დასტურია ორჯერადი ნეგატიური პასუხი ვირ. კვლევაზე.


⚕️თქვენი აზრით, ვირუსი გავრცელების პიკი კიდევ რამდენხანს გაგრძელება?! — ჯერ ცნობილი არაა


⚕️სახელმწიფოსა და დაავადებათა კონტროლის მიერ გატარებული ღონისძიებები რამდენად საკმარისია?!

— ამ შემთხვევაში მათ სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ ძალიან ეფექტურად მუშაობენ.


⚕️თქვენ არ გეშინიათ Covid-19-ის?!

— “შიში ვერ იხსნის სიკვდილსა”…


⚕️როგორ დავიცვათ თავი დაინფიცირებისგან?!

— უპირველესად მოვერიდოთ ხალხმრავალ დახურულ სივრცეს! ადამიანებთან საკონტაქტო დისტანცია უნდა იყოს ორ მეტრამდე. რაც შეიძლება ხშირად ვიბანოთ ხელები საპნით და დავიმუშავოთ სპირტის შემცველი ხსნარებით. ნუ მივეცემით პანიკას! წინასწარ ნერვიულობა არ შედის პრევენციის ზომებში, მიკროსამყაროსთან უარესი ომები ბევრჯერ მაკროსამყაროს გამარჯვებით დამთავრებულა!


⚕️რა არის სიცოცხლე და ჯანმრთელობა?!

— სიცოცხლე და ჯანმრთელობა ბედნიერებაა, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება…
⚕️რისი, ვისი, იმედი უნდა გვქონდეს?!

— უფლის და ცოდნის…


⚕️შეშინებული პაციენტები როგორი სიტყვებით გაგიმხნევებიათ. შეგიძლიათ გაამხნევოთ ჩვენი მკითხველი…

— ყველაფერი კარგად იქნება! ერთხელ პაციენტის დედამ მითხრა: თქვენმა სიტყვებმა მაცოცხლაო, არ მახსოვს, მაგრამ მითქვამს: თქვენ შვილი არ მოგიკვდებათ-მეთქი. ვფიქრობ, ღირსეულთათვის, საშიში არც აქ და არც გაღმა, არაფერია…


⚕️დაასრულეთ, ასეთ დროს ყოველთვის ჯობია…

მივენდოთ პროფესიონალებს, უფლის შეწევნით, რა თქმა უნდა!


⚕️თქვენი რჩევა და სურვილი ჩხოროწყუელებს და სრულიად საქართველოს…

— რწმენა, იმედი და სიყვარული გადაგვარჩენს. მშვიდობა იყოს ყველგან, მთელს სამყაროში!

პატივისცემით: MyCityChkhorotsku-ს ადმინი

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩვენი ამბიციური პროექტი

სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

  ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცე"  ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.   

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს  ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩვენ  ვქმნით  ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელს, რომელიც  მოიცავს  ინფორმაციათა ფართო ქსელს ჩხოროწყუს  და  საქართველოს რეგიონების შესახებ

Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00