თანამედროვე პოეტი __გიორგი გულუა (“მადამ წვიმაწყენია”)

ავტორი: chkhorotskuge
0 კომენტარები

კითხულობს -გიორგი გულუა
ავტორი_გიორგი გულუა
ტექსტი:
უჭერო პოეტს რა გამაშრობს წვიმაწყენიავ,
როცა ღრუბლები უპირობოდ წვიმას თესავენ.
მეცხრე ცას ვეძებ უძიროს და უცხოფერიანს,
ლურჯი თვალების გაფრენილი მონათესავე.

მკერდში ჩატნეულ ნათალ ვაზის ჯვარივით მწამხარ,
ყელზე ნახვევი უთავშალო თმაწნულებით და
ღამის ჟიზელზე გამოვიწვევ უკლებლივ მათგანს,
ქორწინებამდე გარდაცვლილი ქალწულებიდან.

სისხლის გადასხმას ვერ გაუძლებს ძაფი-ძარღვები,
ხელით მელანიც ამოწურეს მღვრიე მტევნებმა.
თავს მოვიკლავ და მერე შვილად დაგებადები,
შენს გამო სიკვდილს ყველა ცოდვა მიეტევება.

კმარა ეგოისტ ალკოჰოლისტს აბა რას მერჩი
იქნებ სიცოცხლეადრიანიც დავთმო მარტივად,
მადამ არ მინდა ”ტრიფტაზინი” მქონდეს ძარღვებში,
მკლავენ და სჯერათ სიყვარულის ალტერნატივა.

banner

ფირებს გვირილის ფოთლებივით სცვივათ ლენტები,
ნაქილიკარი დღეებიდან წვიმს აპათია,
ფეხივით მძიმე თვალებიდან გიდილემდები,
რომ სულმა სხეულს მიტოვება ვერ აპატია.

კისერს თმის ღერებს მარყუჟივით ვერ მომხვევ ხოლმე,
ვერც მკერდზე თითებს ამაფარებ, დაღს და ნატყვიარს,
წითელაშეყრილ პარასკევსაც გამოვეთხოვე,
და მაინც ვგრძნობ, რომ აღდგომამდე ცოტა მაკლია.

ვუსმენ FM_ს და ალკოჰოლსაც გასდის სიხშირე,
ქუჩაში ყეფენ უპატრონო წაწალძაღლები,
ამაღლებამდე მეტანიით გამოგიტირებ,
მერე მიზეზიც მომეცემა გადასახლების.

გაწყვიტეს გზები, პოლუსები ჩვენში აფთრებმა,
კატების მსგავსად ალქაჯების ისმის კნავილი,
იქნებ როგორმე მომიხურო გამოზამთრება,
ემიგრანტობით მივიწყებულ სახლის კარივით.

ვექტორშეცვლილი ნაბიჯების არითმეტიკა,
დამსხვრეულ ცათა, ცათა-შინა მინა-კედლები.
თუმცაღა ვგრძნობ, რომ ერთი ზამთრით ჩემზე მეტი ხარ,
მოდიხარ ახლოს და მით უფრო მინაკლებდები.

როცა, ღრუბლები უპირობოდ წვიმას თესავენ,
უჭერო პოეტს რა გამაშრობს წვიმაწყენიავ,
მეცხრე ცაც ვნახე ლურჯთვალების მონათესავემ,
უშენო დილა უჩემო და უცხოფერია…
//გიორგიგულუა

3 views

You may also like

კომენტარის გაზიარება

@2022 – All Right Reserved. Lasha Mebonia 

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00