ბლიც-ინტერვიუ გურამ ფირცხალავასთან

my city chkhorotsku-ს და ჩვენი საიტის მეგობრობა გრძელდება. ამჯერად გთავაზობთ ამ გვერდის მომზადებულ ბლიც-ინტერვიუს გურამ ფირცხალავასთან

🔷 გახლავარ — ჩოხოსანი, ჩხოროწყუს ანსამბლის წევრი და ბენდი კავკასიონის სოლისტი.
🔷 დავამთავრე— ჩხოროწყუში არსებული აფხაზეთის N10 სკოლა-გიმნაზია. შემდგომ, სწავლა გავაგრძელე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი. პროფესიით პროგრამისტი ვარ.
🔷 გურამი და პროგრამისტობა?! — სამწუხაროდ, საქართველოში, რეალობა მსხვერპლს მოითხოვს. ამიტომ პრაქტიკული პროფესია ავირჩიე. თბილისის ცენტრალურ არქივში, IT პროგრამისტადაც ვიმუშავე. მაგრამ ის საქმე არ იყო რაც გამაბედნიერებდა!
🔷 რატომ ხელოვნება და მუსიკა?! — ნიჭი, რომელიც უფლისგან გებოძა, აუცილებლად უნდა გაამრავალფეროვნო…


🔷 სად იპოვე საყვარელი საქმე?! — ჩხოროწყუს სახალხო ანსამბლში, სადაც თავიდან დავიწყე სუნთქვა… მინდა კულტურის სახლის კოლექტივს მოვესიყვარულო.ჩვენს უნიჭიერეს მსახიობს “ჯანსულოს” – ვალერ სიჭინავას, მასთან რამდენიმე სპექტაკლი ვითამაშე და უდიდესი სიამოვნება მივიღე. განსაკუთრებული სიყვარულით მინდა მოვეფერო სამეგრელოს ბულბულს, “ვაგიორქო მას” უტკბილესად შემსრულებელს – რობერტ გეთიას. ჩვენ უცვლელ თამადას, კაცობის მეფეს, – კობა ფარცვანიას. და ბოლოს, ოჯახური იდილია, ჰარმონია, საკრავების მრავალფეროვნება, ოჯახი, რომელიც გამორჩეულია ჩემთვის, ხელოვნების სიყვარულით და წესიერებით, ეს არის ირაკლი კაჭარავას და ეკა ჟვანიას თბილი კერია. ძალიან მიყვარხართ და გეფერებით თქვენს თეკლესთან და მათეკუნასთან ერთად! ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს, რომ ასე ძლიერ მყვარებოდა ხელოვნება და მუსიკა!


🔷 საიდან გაჩნდა მუსიკისადმი სიყვარული?! — დედის “ნანამ” შემაყვარა, უტკბილესი ხმა აქვს. მომღერლობაზე პრეტენზია არასდროს მქონია. პატარაობიდან სულ მსახიობობაზე ვოცნებობდი.


🔷 რას თვლი შენს წარმატებად?! — პირველად კავეენში მივიღე მონაწილეობა. გავიმარჯვეთ, როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის დამაჯილდოვეს. ეს იყო უდიდესი სიხარული და პირველი წარმატება. რომელიც ისე არ მოსულა, დიდი მადლობა ჩემს უსაყვარლეს მასწავლებელს – მელორ ცქვიტაიას, ის ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩვენი ნიჭი არ დაკარგულიყო. ასევე დიდი მადლობა – დათო დარსალიას, ჩემს პირველ მასწავლებელს რომელმაც თეატრი შემაყვარა. მადლობა ირაკლი და გიორგი კაჭარავებს, ხალხური შემოქმედების სულის შთამბერავებს. ანატოლ ოკუჯავას, – ქართული ცეკვის ქორეოგრაფს და დათო ფრანგიშვილს სამეჯლისო ცეკვის მასწავლებლებს. ყველასი უზომოდ მადლიერი ვარ.


🔷 როდის გაგიჩნდა სიმღერის დაწერის სურვილი?! — სამი წლის წინ. ხომ გსმენიათ, – სიყვარული აფრთიანებსო. ჩემს შემთხვევაშიც ეს მოხდა…
🔷 რამდენი სიმღერა გაქვს?! — ვცდილობ, ამ კითხვებს მორიდებით ვუპასუხო. მიკვირს, მაგრამ დამიგროვდა. ოცამდე მექნება. ცალკე მელოდიებზეც ვმუშაობ. ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების სასიამოვნო ნაწილად იქცა…


🔷 როდის შედგება პირველი სიმღერის პრემიერა?! — ამ ყველაფერს სრულყოფილი სახე სჭირდება, რომ გემოვნებიანი გამოვიდეს. ზუსტ დროს ვერ გეტყვით, მაგრამ მალე სტუდიაში ჩაწერას ვაპირებ.
🔷 თავს მომღერლად თვლი თუ მუსიკოსად?! — დამაბნეველი კითხვაა. როგორც მუსიკოსს და მომღერალს ჯერ ბევრი მაქვს სასწავლი. რამდენად შრომისმოყვარე ვიქნები ამას დრო გვიჩვენებს.
🔷 როცა მღერი… — ვხედავ ადამიანების ბედნიერ თვალებს და ეს სასიამოვნოა. როცა მღერი და არავინ გისმენს, თან იძულებული ხარ ბოლომდე გააგრძელო, ასეთ უსიამოვნო შეგრძნებას არ გისურვებთ!
🔷 ჰობი — სპორტური ცხოვრება მიზიდავს. გამაჯანსაღებელი კარდიო ვარჯიშები. უარს არც თანამედროვე კარაოკე ცეკვებზე ვამბობ. მიყვარს ცურვაც, 5 წლისამ ვისწავლე.
🔷 ექსტრემი გიზიდავს?! —
ვგიჟდები სიმაღლიდან ხტომაზე. თხილამურებზე დგომა ახლახანს დავამუღამე, დიდ სიამოვნებას მანიჭებს. თან ხიფათიანი ვარ და ერთმანეთი ვიპოვეთ.
🔷 რა ოცნება გაქვს?! — ბოლოს და ბოლო, ახდეს ის სიტყვები – “აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია”! ასევე ჩემი ოცნებაა, ისეთ საქართველოს მოვესწრო, სადაც ნაკლები ემიგრაცია იქნება!
🔷 რას არ შეცვლიდი?! — იმას რაც ბუნებრივია ამ სამყაროში…
🔷 დაასრულე, ცხოვრებაში მთავარია — გაიაზრო, რისი ნიჭი გაქვს და რა გსურს სინამდვილეში.


🔷 ამოჩემებული სიტყვა?!— “მუშენ ბოი”, “გასაბორებელ”, ა.შ… ვაკვირდები საკუთარ თავს და მაგრა ვხალისობ! (იცინის)
🔷 დაასრულე ფრაზა: მე შემიძლია —
-ნოტებს შორის ჰამაკი ჩამოვკიდო და მასში ვილივლივო!
-მე შემიძლია “დორგვაგვე” ყოროფაშ თოკით!
-მე შემიძლია ბევრი რამ რომელიც მგონია რომ არ შემიძლია!
-მე შემიძლია 98 კილო ვარ და 32- ჯერ გავაკეთო აზიდვა!
-მე შემიძლია მოგკლა ღმერთი რომ არ მწამდეს!
-მე შემიძლია თვითმფრინავი ვმართო სანამ მიწაზე არ “დაეცემა”!
-მე შემიძლია გულრწფელი ვიყო შენთან თუ ამას შენ იმსახურებ!
– და… მე შევძელი ამ კითხვაზე მაგრად მეხალისა! :დ
🔷 ჩხოროწყუელი რომ არ იყო, იქნებოდი ის, ვინც დღეს ხარ?! —ნამდვილად ვერ ვიქნებოდი. ბევრი რამ დამაკდებოდა…
🔷 შესაძლებელია ცხოვრობდე ჩხოროწყუში და წარმატებებს მიაღწიო?!— არ არის ადვილი! მაგრამ ჩხოროწყუს უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა ჰყავს და ეს უკვე წარმატებაა ჩვენი ქალაქისთვის!
🔷ის, რაც შენს შესახებ არ ვიცით — მთელი სანათესაო და განსაკუთრებით ბავშვები “გუდუ”-ს მეძახიან. პატარა რომ ვიყავი მდინარეში ვიპარებოდი. 9 წლის ასაკში არც ისე ნორმალური საქციელი იყო. დედაჩემს გულს ვუხეთქავდი. სულ მეძებდა და ყვიროდა “გუდუუნაააააააა” :დ
🔷 რა არ მოგწონს ადამიანში?! — არაჰიგიენურობაა! უმადურობა!
🔷 ბენდენას რატომ ატარებ?! —
ადამიანმა საკუთარი სტილი უნდა იპოვოს. ვფიქრობ, ფანდური, მე და შავი ბენდენა ერთმანეთისთვის ვართ შექმნილნი!
🔷 Fb-ზე სახის ნაცვლად Modilain-ი გიწერია. რამით ჰგავხარ?! — მომწონს, მაგარი ფილმია! სადაც ჩემი და მოდის გზებია იკვეთება, ეს ადამიანების მიმართ ინტერესი და მათი დაკვირვებაა. მიყვარს პორტრეტების გადაღებაც. მგონი, ორივე გიჟები ვართ! დანარჩენზე რა გითხრათ, ის ლივორნოში დაიბადა მე ჩხოროწყუში! :დ
🔷 ოქროს თევზი რომ იპოვო, რას სთხოვ? — არასდროს დამენახოს! რადგან ბევრჯერ ვნახე და სულ გადამაგდო! შემდეგ ნახვაზე აუცილებლად აღმოჩნდება ცხელ ტაფაზე. თქვენ კიდევ გჯერათ მაგის?! გასააბორებელ! :დ
🔷 რაზე ოცნებობ?! — სახლი მინდა სიყვარულით სავსე, საყვარელი მეუღლე და შვილები…
🔷 რაზე ბრაზდები?!— ადამიანები ცუდი ქცევებით ვერ გამაკვირვებენ და ვერც გამაბრაზებენ. საზოგადოებასთან, ჩემი სიახლოვე შემოქმედებითი კუთხით ზიარდება და სულ დადებით ემოციებით ვარ დატვირთული…
🔷 ვინ გენატრება?!— დედაჩემი და მისი ჩახუტება მენატრება.10წელია ემიგრაციაშია. “ზღაპრულ სიზმრად მომავლინე ამ სამყაროს, შენ გამიღე ოცნების და გრძნობის კარი, სიყვარული შენ მასწავლე პირველმა და უშენობა როგორ შევძლო ის მითხარი”?! (ნაწყვეტი სიმღერიდან, რომელიც მას დავუწერე)
🔷 რა არის სიყვარული?! — სიგიჟე, ბედნიერება, რასაც საზღვრები არ გააჩნია. რაც უფრო გიჟურად გიყვარს, მით უფრო ლამაზად სუნთქავ ამსამყაროში!
🔷 როგორია შენი სიყვარულის ისტორია?! — ამაღელვებელი და ლამაზი! მელოდიებს, სიმღერებს, მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით ვასხამ ფრთებს…
🔷 ყველაზე კარგი რჩევა, რაც შენთვის მოუციათ — ამას თვითონ უფალი გვაძლევს ათი მცნების სახით, ჩვენ კი ის ზეპირადაც კი არ ვიცით!
🔷 რა არის შენი ყველაზე დიდი გამარჯვება?! — რომ ვიცი, ვინ ვარ, რა მინდა და რა მაბედნიერებს!
🔷 როგორი ადამიანია გურამი?! — ვიცი, რომ ბოროტი არ ვარ. არც ისეთი სულელი ვარ, რომ ჩემი ბედნიერება ვინმემ გააცამტვეროს და უპასუხოდ დავტოვო!
🔷 შენი დამოკიდებულება პოპულარობისადმი — ერთადერთი რაც მიყვარს სცენაა და დადებითი აურის მიტანა ადამიანების გულებამდე. თუ კეთილ საქმეს აზიარებ, მაშინ მკურნალივით ხარ და ასეთი პოპულარობა სასიამოვნოა…
🔷 წაიღიღინე ახალი სიმღერა — “დილა ისევ გამითენდა მზიანი, სიყვარულით სავსე ხალისიანი. ვიმღერებ და ყველა დარდი გაქრება,
ტკბილ ჰანგებში სურვილებიც ახდება”…
🔷 დაასრულე ფრაზა: ჩხოროწყუ ჩემთვის — სიყვარულის ქალაქია.
🔷 რჩევა გვერდს – My City Chkhorotsku-ს — მადლობა, გვერდის ერთადერთ ადმინისტრატორს, რომ ჩემით დაინტერესდით. კეთილ საქმეს ემსახურებით, თან მთელი სიყვარულით. იმედია, ეს შრომა დაგიფასდებათ!

პატივისცემით, My city Chkhorotsku-ს ადმინი

Related posts

ნიკო შენგელია- პირველი ექიმი ჩხოროწყუდან

მსახიობი და მომღერალი დავით შენგელია

ლიკა ფირცხალავა- ევროპის ჩემპიონი ჩხოროწყუდან