1912 წელი- რას წერს სოფრონ შენგელია ხაბუმეში მიმდინარე მოვლენების შესახებ

ამ წყაროს მიხედვით ცალსახად დასტურდება მანუჩარის შტოს დადიანების პირდაპირი კავშირი სოფელ ხაბუმესთან. კერძოდ ფიქსირდება ხაბუმის მფლობელი ილიკო დადიანი და მისი ძმა იოსებ დადიანი

ადგილი ხაბუმე ( ზუგდიდის მაზრა)

 ხაბუმე მდებარეობს ზემო სამეგრელოს ზუგდიდის მაზრაში, სენაკიდან 42 ვერსის მანძილზე ჩრდილოეთის მხრით, ხოლო ზუგდიდან 35 ვერსტით ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრით

ხაბუმის არსებობის ისტორია შორს არ წაგიყვანთ, სულ 14-16  წელიწადიღა იქნება, რაც ხაბუმე დაარსდა. ხაბუმე საყანე მინდვრის სახელი იყო ოთხი საზოგადოების შუა ალაგას მდინარე ხობისწყლის პირით.

დადიანების სახლი შემდეგში სკოლა

ეს ადგილი ეკუთვნოდა განსვენებულ თავად ილიკო დადიანს, რომელმაც ძალიან შეუწყო ხელი მის გაზრდას. მისი მეთაურობით დაარსდა და გაიმართა კვირა-პარასკეობით ბაზრობა ( იარმარკა) თითქმის ზუგდიდს არ ჩამორჩება ეს ბუნებითი დაბა ვაჭრობით. აქ არ არსებობდა და არ არსებობს ადმინისტრაციული დაწესებულება. ახლა მხოლოდ ორკლასიანი სამრევლო სკოლა არსებობს. ამგვარად ამ მივარდნილ მხარეს მხარის მცხოვრებლებს მიეცათ საშუალება თავისი ოჯახური სანოვაგე ბაზარში გამოეტანა და გაეყიდანა.

1908 წელს დაიწვა ნაწილი ხაბუმის 25 დუქნამდე , ზარალი 5000 მანეთს აღემატებოდა. 1909 წელს დაიწვა კიდევ ნაწილი ქალაქისა , ზარალი 10000 მანეთს გაცდა.

მიუხედავად ამხელა ზარალისა, მაინც ბოგინობს დღესაც ხაბუმე.  განსვენებული ილიკოს სიკვდილის შემდეგ მისი ძმა სამთო ინჟინერ იოსებ დადიანზე  არის იმედები, რომ მისი საყვარელი ძმის სურვილებს მოიყვანდა სისრულეში. ხალხი დღემდე დაგვიანებას რაცხას აბრალებს, თვარა იმედი არ გაცრუებიათ, რომ ხსენებული ინჟინერი აღმოუჩენს ხალხს გზის თაობაზე რაცხა ფერით დახმარებას, როგორც ღირს მამულიშვილებს. ამ დაბის მოვაჭრეთა  მეთაურობით 1911 წელს დამტკიცებული შეიქმნა ერთკვირეული „იარმორკა“, რომელიც იწყება 18 აგვისტოს და თავდება 25-ს. ამას მოჰყვა კიდევ საქველმოქმედო საქმეც. წარსულ წელს მახლობლად მცხოვრები ანტონ საბახტარაშვილის მეთაურობით და რამდენიმე ადგილობრივის ცოტაოდნათ შეგნებული მოვაჭრეების დახმარებით მოიწვიეს გარშემო საზოგადოებიდან რამდენიმე წევრი, სადაც სჯა-ბაასი იქონიეს აგრე წოდებული „წვრილი კრედიტის“ (ამხანაგობის) გახსნის შესახებ. მიმართეს  თხოვნით , სადაც ჯერ იყო. შემდეგ რამდენიმე ხნისა მობრძანდა ბათუმის განყოფილებიდან ბ.ა .  შაჰნაზაროვი, რომელმაც გარკვევით აუხსნა ხალხს მნიშვნელობა ამ დიდი  საქმისა და თან მოთხოვა წევრებს ჯეროვანი პირობები , რომლებმაც სიხარულით აუსრულეს. ბატონმა ინსპექტორმა იშუამდგომლა დამტკიცება, რომელიც დამტკიცდა 1912  წლის მარტში. 16 მარტს ხსენებული ინსპექტორი ხელმეორედ მობრძანდა და აუხსნა ხალხს წარმოება ამ საქმის.

ხალხმა ინპექტორის თავმჯდომარეობით აირჩია შემდეგი პირები საქმის მწარმოებლათ: თავმჯდომარე ანტონ საბახტარაშვილი, გამგეობა: ა. დადიანი, ბ.შენგელია, ხოლო მათ კანდიდატებად ნ.შენგელია, პ. ქვრაცხავა, რევიზორად სამსონ თოდუა, პ. დადიანი და ს.შენგელია, ხოლო კანდიდატად სისო შენგელია. სულ 9 კაცი. იმედი გვაქვს და სასურველიც არის ხსენებული პირები მიიღებენ შრომას და ენერგიულად შეუდგებიან ამ სასარგებლო საქმის წარმოებას და მათ გაუხსნიან ამ მივარდნილი მხარის ხალხს მადას, რომ მიებაძოთ ამ ამხანაგობის მაგალითს

სოფრონი შენგელია

გაზეთი „კოლხიდა“ 1912 წელი #60