გარახის ( ნაჯაგუს) ჯიხები, როგორც თავდაცვითი ნაგებობები

This post is also available in: English (English) Русский (Russian)

წინაპართა მიერ შექმნილმა უამრავმა ქრისტიანულმა ისტორიულმა ძეგლმა გაუძლო დროს და ჩვენამდე მოაღწია. მათი უმრავლესობა შესწავლილია მეცნიერთა მიერ, მაგრამ რიგი ძეგლებისა უყურადღებოდაა მიტოვებული ან ბოლომდე შესწავლილი არაა.

ასეთთა რიგს განეკუთვნება ჩხოროწყუში მდებარე გარახას იგივე ნაჯაგუს და ხომაკირდეს ჯიხები.

ჩვენს ქვეყანას  მტერი ყოველთვის ჰყავდა. მრავალრიცხოვანი მტრის მოგერიებაზე არანაკლებ ძნელი თარეშული თავდასხმები იყო, რამაც თავდაცვითი ნაგებობების აუცილებლობა განაპირობა.

თავდაცვითი საშუალებები მეტნაკლებად ყოველთვის არსებობდა. მაშინაც , როცა ადამიანი ქვის  ხანაში ცხოვრობდა. ჩვენს მუზეუმში ინახება ქვის ხანის საბრძოლო იარაღები. ასეთი და მსგავსი იარაღებით ადამიანმა მტაცებელი ცხოველები გამოქვაბულიდან გამოდევნა და თვითონ შესახლდა მასში. გამოქვაბულში თბილადაც იყო და უფრო დაცულიც, რადგანაც თავდასხმების  მოგერიება ერთი მხრიდან უხდებოდა.

ხედი გარახიდან

გავიდა დრო. ადამიანმა დატოვა გამოქვაბული. მან თვითონ ააშენა უფრო მოსახერხებელი საცხოვრებელი. საჭიროებამაც უფრო სხვაგვარი  თავდაცვითი საშუალებები მოითხოვა. ადამიანი გორაზე მაღალ ადგილზე დასახლდა. ისწავლა ლითონის გამოდნობა. ქვა ჯერ ბრინჯაომ შეცვალა, შემდეგ რკინამ. ბრინჯაოს იარაღი – ქვის იარაღთან , ხოლო რკინისა ბრინჯაოსთან შედარებით  უფრო საიმედო და მოსახერხებელი იყო, მაგრამ მარტო იარაღი და ვაჟკაცობა არ კმაროდა. ზოგჯერ მოულოდნელი თავდასხმების  დროს საჭირო იყო თავშესაფარი ნაგებობა.

თავდაპირველად ეს ნაგებობები პრიმიტიული იყო სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების შემდეგ ჩნდება ციხე- ქალაქები კოშკებითა და გალავნებით, რომელთა საშუალებით იქმნება თავდაცვის ერთიანი სისტემა, როდესაც ქვეყნის რომელიმე მხრიდან მტერი გამოჩნდებოდა, მეციხოვნეები ცეცხლის დანთებით აგებინებდნენ ერთმანეთს მტრის შემოსევის შესახებ. ე.ი ეს იყო ნიშანი მოახლოებული საფრთხისა. ამ სისტემის სწორად მუშაობის დროს ქვეყანა მტერს დარაზმული ხვდებოდა. თუ ეს ჯაჭვი მოშლილი იყო, მტერიც შეუმჩნევლად ესხმოდა თავს ამა თუ იმ კუთხის, მსგავსი ნაგებობა იყო  გარახის და ხომაკირდეს ჯიხებიც.

გარახის თავდაცვითი სისტემა სამი კოშკისგან შედგებოდა. ერთ-ერთი კოშკი ამჟამად დანგრეულია. ადგილობრივი მცხოვრებლის დათუშა ქვარცხავას გადმოცემით  ქვით გადახურული კოშკის სიმაღლე სამხრეთიდან ხუთი, ხოლო ჩრდილოეთიდან, მთის დაქანების გამო, ნახევარი მეტრი ყოფილა, რმელსაც როგორც ჩანს დილეგადაც იყენებდნენ, რასაც ამტკიცებს აქ ნაპოვნი დასასჯელი ქვა-ხუნდი, რომელ;იც  ჩვენს მუზეუმში ინახება.

ზედა ჯიხა ქვედასგან 250 მეტრითაა დაშორებული. ნაგებია ხობისწყლის რიყის ქვებითა და ადგილობრივი კონგლომერატებით. ზედა კოშკი მაღალზეა აშენებული. მშენებლებს მიწის სიმაღლე საგანგებოდ აუწევიათ და  დაუტკეპნიათ. ეს კოშკი სათვალთვალო დანიშნულების უნდა ყოფილიყო. იქიდან კარგად მოჩანს კირცხის „უთუთის ფერდობი“ ახუთისა  და ლეწურწუმის  მთები. კოშკი კვადრატული ფორმისაა 7.3 X7.3მ. სიმაღლე 8.0 მეტრი  კედლის სისქე 150 სმ. სამხრეთის მხრიდან, სამი მეტრის სიმაღლეზე კოშკს დატანებული აქვს ერთნახევარი მეტრი დიამეტრის შესასვლელი  ხვრელი. ქვის სახურავი ჩანგრეულია. იატაკში ჩამარხული ყოფილა ქვევრები, ალბათ წყლის მარაგისთვის. კოშკში ადამიანის თავის სიმაღლეზე გამოჭრილია სათოფურები, რაც ნიშნავს რომ ჯიხა მეთექვსმეტე საუკუნის შემდეგაა აშენებული. ციხე-კოშკების მშენებლობა და იარაღის სახეობა ერთმანეთთან იყო დაკავშირებული, მშვილდისრისა  და სასროლო ქვების ეპოქაში ციხე ქონგურებიანია. გვიან ფეოდალურ ხანაში, როდესაც ცეცხლსასროლი იარაღები თოფი, დამბაჩა გაჩნდა, მკვეთრად შეიცვალა ნაგებობათა არქიტექტურა. ჩვენში ეს იარაღი მეთხუთმეტე საუკუნის ბოლოდან და მეთექვსმეტე საუკუნეში შემოდის . შესაბამისად ციხე-კოშკების კედლებშიც ჩნდება სათოფურები.

მესამე ქვედა ჯიხა უფრო დიდია ზემთაზე (10X10მ), სიმაღლეც ათი მეტრია . კედლის სისქე – ორი მეტრი . დასავლეთით ქარაფია. დანარჩენ მხარეებს ეტყობა გალავნის კვალი. შესასვლელი ჩრდილოეთიდან ჰქონია. კარებთან კედელში ნახევარი მეტრის სიღრმეზე ოცი სანტიმეტრი დიამეტრის ორი ხვრელია, რომლებიც კარების ჩასარაზად უნდა ყოფილიყო გამოყენებული.

 ქვედა ჯიხის გალავანს შიგნით ეზოში ჩანს მარნის კვალი. შემორჩენილია სამი 1.5 მეტრი დიამეტრის ქვევრი. მკვლევართა მიერ გამოთქმულია მოსაზრება, რომ სახელწოდება „მარანი“ წარმოქმნილი უნდა იყოს მეოთხე-მერვე  საუკუნეებში. მაშინ, როცა ქვევრებისა და ინვენტარის შენახვა ერთად  ხდებოდა, ერთ სათავსში. საქართველოს ტერიტორიაზე გათხრილი ადრეფეოდალური ხანის მარანთა უმრავლესობა მხოლოდ ღვინის შესანახი სათავსო ჩანს, რადგან ღვინის დაყენებისათვის განკუთვნილი ინვენტარი მის გვერდით არ დასტურდება.

გარახის ციხე ჩვენი მუზეუმის ერთ-ერთი დამაარსებლის და პირველი დირექტორის აწ გარდაცვლილი ტიტე შელიას გადმოცემით, მის წინაპარს თავად ქაიხოსრო შელიას ეკუთვნოდა.ქვედა  ჯიხაზე ხის სასახლე ყოფილა დაშენებული. მამულის საზღვრები ახუთამდე აღწევდა. მასში შედიოდა დღევანდელი დაბა ჩხოროწყუს  ტერიტორია დასავლეთით მდ. ხობისწყლამდე – ლეწურწუმამდე, აღმოსავლეთით – მოდანახემდე. თავადს მდინარე ოჩხომურს გამოღმა თხილნარი ჰქონია გაშეენებული. ადრე ამ ადგილს სულერი  რქმევია.

ქაიხოსრო ფიზიკურად ძლიერი ყოფილა, კარგი მსმელი, ბიჭებიც მებრძოლი ჰყავდა. ერთ, აფხაზეთში ჩასიძებულ გვარად შელიას თავად შერვაშიძესთვის უთქვამს – ქაიხოსრო მოდის თავისი ბიჭებით  და ცხენების მოტაცებას გიპირებსო. შერვაშიძეს უპასუხნია-თუ მოვა, უცხენოდ მოუწევს სახლში წასვლაო. ეს რომ ქაიხოსროს გაუგია მართლაც დასცემია შერვაშიძეს თავისი ბიჭებით  და ცხენებიც გაუტაცნია და იარაღიც. შერვაშიძე თავისი ხალხით დასდევნებია , მაგრამ გზაში მდევრებისთვის ხალხს უთქვამთ :- მიდიან, მიჰყავთ ცხენები, მიაქვთ ნადავლი , მაგრამ უფრთხილდით კაცები კი არა დევები არიანო. ისინიც უკან დაბრუნებულან.  

საინტერესოა, იმავე ქაიხოსროზე ნაჯაგუში მცხოვრები 90 წლის დათუშა ქვარცხავას ნაამბობიც. ერთხელ ქაიხოსროს თავისი ყმა, ახალგაზრდა გლეხი ოტია გაუფრთხილებია : ხვალ დილით სვანეთში ბატონთან უნდა გავაგზავნო და მოემზადეო. ოტია დილით ადრე ამდგარა, მაგრამ წინაღამით  ნაქეიფარ ქაიხოსროს გაღვიძებას მორიდებია  და მის უნახავად წასულა სვანეთში. თავადთან მისულა, მისალმებია, მაგრამ არ იცის რა უთხრას-რაო ოტია, რაზე გამოგგზავნა ქაიხოსრო ბატონმაო-უკითხავს თავადს. ოტიას უთქვამს : ალბათ თქვენ  იცით ბატონოო! იმასაც დაახლოებით ოცდახუთკილოიანი ქვა მიუცია  და მიუტანე  შენს ბატონსო უთქვამსო. ოტიას მართლა წამოუღია ეს ქვა და ქაიხოსროსთვის მიუტანია. ამის გამო ამ დღიდან ოტიასთვის „გითოლენდია“ დაურქმევიათ და იმ ქვასაც „„გითოლენდიას ქვას “ ეძხდნენ თურმე .

გარახის ჯიხის შიდა ტერიტორიაზე უკანასკნელ დრომდე  მიჰყავდათ შესაწირი ფრინველი და საქონელი, განსაკუთრებით-ბატკნები, რაც იქ ადრე სალოცავის არსებობას ხშირი ომიანობა ჰქმნიდა.  უხუცესი მაცხოვრებლების გადმოცემით ( გიგლა კვირკველია, პლატონ ბებია) ჯიხას შიგნით სალოცავთან  ერთად სასაფლაოც ყოფილა, სადაც ვიღაც მაღალჩინოსანი თურქი ყოფილა დასაფლავებული. თურქის საფლავზე ნახევარმთვარე დაუდგამთ.

ისტორიკოს ლადი მამფორიას გადმოცემით აქ ერთ დროს თურქთა გარნიზონი  მდგარა. ხალხში ასეთი ლექსი ყოფილა გავრცელებული:

ომარ ფაშა, ქინდირ ფაშა,

ჩხვინდ ქოიგუ აგაფაშა

მუშენ ჭკომი ჩქიმი

ღეჯი მაშკა,

გვერდი ოიჭკომუდუდო,

გვერდი ქოიჩამუდუ შხვაშა“

ომარ ფაშა, ქინდირ ფაშა

ცხვირი გიგავს სახნისს

რატომ შეჭამე ჩემი ღორი მაშკა

ნახეხევარი გიჭამია და  ნახევარი გიჭმევია სხვაზე“

მუზეუმის ფონდში დაცულია წმ. გიორგის სახელობის 188 წ. შედგენილი მეტრიკული წიგნი, რომლის მიხედვით ზუგდიდის მაზრის სოფელ ნაჯაგუში ცხოვრობდნენ გლეხები: ვეკუები, პაპასქირები, მამფორიები, ქებურიები, კვირკველიები, ფირცხელავები, არახამიები, კაჭარავები, სორდიები, ბებიები, ყიფიანები, კვირკველიები, ქეცურიები, ხეცურიანები, ჩამახიები, მიქავები და თოდუები, აზნაურები: ქვარცხავა, პაპასქირი, გობეჩია, კიკიანი,. თავადები: აფაქიძე, შელია, მღვდელი- კვირკველია, ჟორდანია;

ასევე ჩვენს მუზეუმში დაცული 1894 -1898 წწების აღმასრულებელი ფურცელი გვამცნობს , რომ გოგი ქაიხოსროს ძე შელიას მიწის ნაკვეთი მიუყიდია სოფ. ნაჯაგუში არახამიასთვის. 1822 წელს გოგის შესძენია შვილი ბესარიონი  და სხვა დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ გარახას ციხის მფლობელ ქაიხოსრო შელიას  უნდა ეცხოვრა მეთვრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში.

ასეთია გარახას ( ნაჯაგუს) ციხე და გადმოცემები მისი მფლობელის  შესახებ, რომელთა მოპოვებაც შევძელი.  ჩვენი აზრით გარახის ციხე საინტერესო ისტორიული ძეგლია , რომელიც სერიოზულ მეცნიერულ კვლევას მოითხოვს.

ასევე საინტერესოა „ხომაკირდეს ჯიხები“ ( მეოთხე- მეექვსე საუკუნეები) , რომელიც ნაჯაგუს ციხის დასავლეთით ერთ კილომეტრში მდებარეობს ;მათ მეცნიერული შესწავლა სჭირდება.

გურამ მალანია