ხომაკირდე- ლეჯიქეს არქეოლოგიური კომპლექსი

ხომაკირდე მდინარე ოჩხომურის მარცხენა სანაპიროზე, ლეჯიქეს უბანში მდებარეობს.

უძველესი ნაშთები ა.წ მეოთხე-მეექვსე საუკუნეებით თარიღდება

შემორჩენილია გალავნის და კარიბჭის ნაშთი, აგრეთვე სწორკუთხა ნაგებობა.

2016 წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა

ნიკოლოზ მურღულია ხომაკირდეს შესახებ

ციხე, ჩრდილო-სამხრეთის ორიენტაციით, აგებულია წაგრძელებულ გორაზე. მიუხედავად იმისა, რომ გორა არც თუ ისე მაღალია, მას აღმოსავლეთ და სამხრეთ მხრიდან გარს ციცაბო კალთები აკრავს, ხოლო დასავლეთით ციცაბო ხევია და შესაბამისად, ამ მხრიდან ციხეზე მოხვედრა შეუძლებელი იქნებოდა. ციხიდან ჩრდილო-დასავლეთით 500 მეტრში ჩამოედინება მდინარე ოჩხომური.

ყველაზე ადვილი მისადგომი ციხის ტერიტორია ჩრდილოეთის მხრიდან არის და სავარაუდოდ სწორედ აქ იქნებოდა ციხის მთავარი შესასვლელი. გორის წვერი ამ მიმართულებით კიდევ უფრო ჩრდილოეთისკენ გრძელდება 300 მ-ზე და უერთდება მეორე გორაკს, სადაც გვიანშუა საუკუნეების (XVI-XVIII სს) ეკლესიის ნანგრევები აღმოჩნდა. ციხეს ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ მხრიდან გარს ეკვრის ხელოვნური თავდაცვითი თხრილი, რაც ციხეზე მოხვედრას ამ მხარეებიდან კიდევ უფრო გაართულებდა.

თხრილი 3 მ სიგანის და 1.5 მ სიღრმისაა, თუმცა ციხის ფუნქციონირების დროს მისი სიღრმე მეტი იქნებოდა. თხრილის შიდა კიდესა და ციხის გალავნებს შორის დაშორება 7-10 მეტრია. მისი სიგრძე 120 მეტრს აღწევს. ციხე ძლიერ არის დანგრეული, თუმცა მისი ფორმების დადგენა მაინც ხერხდება. საერთო სიგრძე (ჩრდ-სამხ) 39 მეტრია, სიგანე – 19 მეტრი. ციხე შედგება ორი კოშკისგან და გალავნისგან . ერთი კოშკი მდებარეობს ციხის ჩრდილოეთ კუთხეში და გალავნებშია ჩაშენებული. საფიქრებელია, რომ ის ციხის შესასვლელთან იდგა და ჩრდილოეთ მისადგომებს აკონტროლებდა, ასევე ჭიშკართან მოახლოებული მოიერიშეების მოგერიებაც ძირითადად ამ კოშკიდან უნდა მომხდარიყო. კოშკი ძლიერ არის დაზიანებული, მისი მაქსიმალური სიმაღლე 2 მეტრს აღწევს. გარედან ის კვადრატული ფორმისაა (7.5 მ. X 7.5 მ.) ხოლო შიდა ზომები და ფორმები არ დგინდება – კოშკის კედლები მის შიგნით არის ჩაქცეული. სავარაუდოდ კოშკის შიდა ზომები 3.00 მ. X 3.50 მ. უნდა ყოფილიყო. კოშკი ორიენტირებულია სამხ-აღმ-დან ჩრდ-დას-კენ. კოსნტრუქციულად ყველაზე უკეთეს მდგომარეობაში ჩრდ-აღმ კედელია, რომელიც 2 მეტრის სიმაღლეზე შემორჩა, ის ფაქტიურად ციხის გარეთ გადიოდა და შესაბამისად, მტრის იერიშის გასაძლებად მისი სისქე 2.5 მეტრს აღწევს, მაშინ როდესაც იმავე კოშკის სხვა კედლები 2 მ სისქისაა. კოშკის შემორჩენილ სიმაღლეზე, არც ერთ კედელზე არ შეიმჩნევა კარის ღიობის კვალი, შესაბამისად, საფიქრებელია, რომ კოშკში შესასვლელი მეორე სართულის დონეზე იქნებოდა. მეორე კოშკი ციხის სამხ-აღმ. ნაწილში დგას. ის ორიენტაციით პირველი კოშკის იდენტურია, თუმცა მცირე სხვაობაა ზომებში – 7 მ. (სამხ-აღმ. ჩრდ-დას. ხაზზე) 7.5 მ-ზე (სამხ-დას ჩრდ-აღმ ხაზზე). შიდა ზომები: 3 მ. X 3.5 მ. კედლის სისქე 2 მ. აღნიშნული კოშკი მხოლოდ 1.5 მ. სიმაღლეზეა შემორჩენილი. სამწუხაროდ, ციხის გალავნის უმეტესი ნაწილი დღეისათვის სრულად განადგურებულია. შემორჩენილია გალავნის მხოლოდ ოთხი მცირე ფრაგმენტი: ორი მათგანი ჩრდილოეთ კოშკის კედლებიდან გამოდის – ერთი სამხრეთ-აღმოსავლეთ კედლის შუიდან, მის პერპენდიკულარულად მიემართება აღმოსავლეთით, თუმცა მხოლოდ 1 მ. სიგრძეზე გრძელდება და შემდეგ მიწაში უჩინარდება. ჩრდილოეთ კოშკიდან მეორე კედელი გამოდის დასავლეთ კუთხიდან სამხრეთ მიმართულებით და მხოლოდ 70 სმ-ზე გრძელდება. აქვე უნდა აღინიშნოს რომ გალავნის ეს მონაკვეთი 189 (დასავლეთის) სრულად ჩაქცეულია ხევში. გორის ამ მონაკვეთს დღემდე ეტყობა მიწის საკმაოდ დიდი მასივის ადგილიდან დაძვრის და მოწყვეტის კვალი – კლდე ვერტიკალურად არის გაშიშვლებული. გალავნის დასავლეთ, ჩაქცეული კედლის მონაკვეთი 35 მ. სიგრძის მაინც უნდა ყოფილიყო ანუ ციხის დასავლეთი გალავანი დღეისათვის სრულად დაკარგულია. კიდევ ერთი შერჩენილი მონაკვეთი სამხ-აღმ კოშკის აღმოსავლეთით მდებარეობს და 11 მეტრის სიგრძეზე გრძელდება სამხრეთ-ჩრდილოეთ მიმართულებით, მისი დანარჩენი ნაწილები კი მიწაში იკარგება, სავარაუდოდ ეს ციხის აღმოსავლეთ გალავანს წარმოადგენდა. ციხის კედლების მეოთხე შერჩენილი ნაწილი გორის წვერის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში დგას, დასავალეთ-აღმოსავლეთ ორიენტაციით და მხოლოდ 8 მეტრის სიგრძისაა. გალავნის გამოვლენილი ოთხივე მონაკვეთი ერთი სისქისაა – 1.40 მ. გამოვლენილი კედლების გარდა, ციხის აღმოსავლეთ ფერდობზე მივაკვლიეთ დაგორებულ კედლის ფრაგმენტებს, რომლებიც, როგორც ჩანს აღმ. კედლის ნაწილებს წარმოადგენდნენ. გორის წვერის სამხრეთ დაბოლოებაზე კი იკვეთება ბორცვის ფორმის ხაზები, რომლებიც სავარაუდოდ გალავნის კონტურებს წარმოადგენს. ხომაკირდეს ციხის კოშკები ნაგებია კარგად გათლილი საშუალო ზომის კირქვის კვადრებით, რიგების დაცვით, კირის დუღაბზე (ტაბ. XXXVII.3). საპირე წყობებს შორის ჩაყრილია სვადასხვა ტიპის ქვა კირხსნართან ერთად. იმავე ტექნოლოგიით არის ნაგები გალავნებიც, თუმცა შედარებით მცირე ზომის გათლილი კლდის ქვით. გამომდინარე იქედან, რომ ხომაკირდის შესახებ წერილობით წყაროებში ინფორმაცია არ მოპოვება, ციხის დათარიღებისას უმთავრესი მნიშვნელობა სწორედ სამშენებლო ტექნიკას ენიჭება, რომელიც IV-VI სს-ის ეგრისის სამეფოს საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობის ტრადიციების ანალოგიურია. ციხის დათარიღებისთვის, ასევე მნიშვნელოვანია მისი მდებარეობა, რელიეფთან მიმართება, თავდაცვითი თხრილის არსებობა, კოშკების განაწილება, კედლის სისქეები და სხვა სახასიათო დეტალები, რომლითაც ხომაკირდეს ციხე IV-VI სს-ის არაერთ ციხესთან ავლენს საერთოს. ხომაკირდეს ციხის გარშემო ტერიტორიებზე დაკვირვების შემდეგ ცხადი ხდება, რომ ციხის ორივე კოშკის აგება საჭირო გახდა ციხიდან ჩრდილო-დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით საკმაოდ ვრცელი (4-10 კმ) ტერიტორიების გასაკონტროლებლად. მზიან ამინდში ციხიდან შესაძლებელი იქნებოდა მდ. ხობის და მდ. ოჩხომურის ველების, მათ შორის ტერიტორიების და მათზე გამავალი გზების 190 კონტროლი. ასევე, საინტერესოა, რომ ხომაკირიდს ციხიდან ჩრდილოეთით 4.5 კმ-ში მდებარეობს სოფ. ჯუმითი, სადაც ადგილობრივების გადმოცემით,ერთ-ერთ გორაზე, ციხის ნაშთები უნდა ყოფილიყო. აღნიშნული გორის მონახულებისას გაირკვა, რომ იქ მართლაც ყოფილა რაღაც ნაგებობა, რომლებიც წლების წინ ადგილობრივ მოსახლეობას, მოუშლია, ტერიტორიის სათესებად გამოყენების მიზნით. რა თქმა უნდა, გადაჭრით ვერ ვიტყვით, იდგა თუ არა სოფ. ჯუმითის ამ მონაკვეთზე ციხე, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ აეროფოტოგადაღებებზე და ტოპორუკებზე კარგად ჩანს, რომ ამ ორ წერტილს შორის (ხომაკირდე-ჯუმითი) ვიზუალური კავშირის ქონა სრულიად შესაძლებელი იქნებოდა. აქვე უნდა ითქვას, რომ ხომაკირდეს ციხე ეგრისის სამეფოს ცენტრალური მონაკვეთის თავდაცვით ქვესისტემაში შედიოდა და მის ერთ-ერთ უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ რგოლს წარმოადგენდა, რომელსაც თავის მხრივ შესაძლოა კავშირი ჰქონოდა სამეფოს ჩრდილო-დასავლეთ სექტორის სამხრეთაღმოსავლეთ ციხეებთან (ნაფიჩხოვო, კურზუ, ოსინდალე).