ბლიც – ინტერვიუ პოეტ ქეთი ჯალაღონიასთან

fb გვერდი My city Chkhorotsku წარმოგიდგენთ რუბრიკას “ბლიც-ინტერვიუები”

ოდაბადე — სამშობლოა, მშენებარე ცათამბჯენი, რომელიც შენგან ერთ აგურს ელოდება…

ბლიც – ინტერვიუ პოეტ ქეთი ჯალაღონიასთან

🔶დავიბადე — ვიდრე შობამდე უფლის ფიქრთსაწიერში. ხორციელ ოდაბადედ დამებედა ერთი პატარა საინტერესო ქალაქის -ჩხოროწყუს – ხობისწყლისპირა სოფელი – ხაბუმე (ჯუმითი).
🔶მე ვარ — ადამის შთამომავალი. პიროვნება შემოქმედებითი მგრძნობელობით და ერთი პოეტური კრებულის ავტორი, (მზის სინათლეს ელოდება ჩემი სქელტანიანი რომანი)ფილოლოგი, ჟურნალისტი, მოქალაქე, ქრისტიანი, დედა, მეგობარი.
🔶ვცხოვრობ — სამყაროს დედაქალაქში, დედამიწაზე და საქართველოს მთავარ ქალაქში – თბილისში.
🔶ვწერ — გულიდან, იმაზე, რაც აღმატებულად მიმაჩნია ამ წარმავალ და მრავალფერჯულა სამყაროში…
🔶ვმოგზაურობ – ფიქრით სამშობლოს გარშემო… წარსულიდან მომავლამდე და კოსმოსის ირგვლივ რეალურიდან ირეალურამდე…
🔶მიყვარს — ღმერთი, მისგან ქმნილი სამყარო და ადამიანები თავიანთი შუქ-ჩრდილებით.
🔶ვოცნებობ — გაბრწყინებულ საქართველოზე და მასში ჩემი წილი წვლილის შეტანაზე.
🔶მაფიქრებს — ვაი თუ ქრისტეს გზას ასცდეს ჩვენი ქვეყანა და ჩემი ტერფები.
🔶ვპატიობ — ბოროტს – არაფერს, ადამიანს – ყველაფერს: მონანიეს გულით მივუტევებ, უნანელს ვიბრალებ, რადგან ვთვლი, რომ საკუთარი მდგომარეობის ვერშემცნობი ადამიანი ყველაზე უვიცი და უსუსურია!
🔶ვგრძნობ — ყველაფერს ტკივილამდე. ვგრძნობ დედამიწის უსამართლობის ჭაობში რაღაც ღვთაებრივ სამართლიანობას და ეს მანიჭებს კოსმიურ სიმშვიდეს.
🔶მეშინია — ჩემი ადამიანური მისიის ვერაღსრულების.
🔶არ შემიძლია — უღმერთოდ ყოფნა და რომ არ ვწერო!
🔶გული მიჩუყდება — ადვილად და ხშირად. იმდენი განსაცდელში მყოფია ჩვენს თვალთსაწიერში, უსინდისობაა, შენ დალხენილმა იარო.
🔶ვკითხულობ — სასულიერო ლიტერატურას და სხვა წიგნებს მარადიული თემატიკით. ორი მცირეწლოვანი შვილის დედა, ვცდილობ, წუთისოფლის თითოეული წუთი მხოლოდ ღირებულს მოვახმარო.
🔶დავეძებ — ღვთის ხატებას ადამიანებში, ჰარმონიას სამყაროში და გზებს ჭეშმარიტი თავისუფლებისა და ცხონებისკენ…
🔶ვბრაზდები — უაზროდ გაფლანგულ დროზე, შემფერხებელ დაბრკოლებებზე, დაკარგულ შანსებზე…
🔶ვიმახსოვრებ — სასიამოვნოსა და სასარგებლოს, მცირეოდენ სიკეთესაც კი, თუნდაც ერთ თბილ ღიმილს!
🔶ვიცინი — უიშვიათესად…
🔶ვინახავ — მობარებულ სულს…
🔶მწამს — უფლის, ადამიანის უკვდავებისა და საქართველოს გაბრწყინების.
🔶სიამოვნებას მანიჭებს— სიყვარულის, სიკეთის, რწმენის დანახვა ამ პრაგმატულ სამყაროში, საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა, უფალთან და საკუთარ თავთან პირისპირ დგომა, კითხვა და ფიქრი…
🔶ვივიწყებ — მიზნის გზაზე შესობილ ეკლებსა და მავანთაგან მოყენებულ იარებს…
🔶მესიზმრება — როგორ ვატარებ ქართულის გაკვეთილებს, როგორ ვუზივარ ჩემი ცხოვრების საჭეს და ოქროს ხანის საქართველო.
🔶ვეხმარები — როგორც ძალმიძს: ხან მატერიალურით, ხან ლოცვით, ხან თანაგრძნობით…
🔶ვუსმენ — ჩემი სამშობლოსა და სამყაროს მაჯისცემას…
🔶სხვა გატაცება — ხატვა, ფოტოგრაფობა.
🔶ვფიქრობ — ბევრს… უფლის შესაქმეზე, ადამიანურ მისიებსა და შესაძლებლობებზე…
🔶ვნანობ — ყოველ უშედეგო ძალისხმევას, გამოუყენებელ შანსებს, ამაოდ დაკარგულ თითოეულ წამს…
🔶მადარდებს — კაცობრიობისა და ჩემი სამშობლოს მომავალი.
🔶ოდაბადე — სამშობლოა, მშენებარე ცათამბჯენი, რომელიც შენგან ერთ აგურს ელოდება, სამშობლოა ფშვინვიერი მშობელი.
🔶რჩევა პოეტებს — დაიხარჯეთ სიყვარულით, ფორმალობების, ტაშისა და ჯილდოების მოლოდინის გარეშე.
🔶რჩევა My City Chkhorotsku-ს— ეს გვერდი ძალიან კარგ საქმეს აკეთებს: წარმოაჩენს ამ ქალაქის ღირსშესანიშნაობებს, საინტერესო ადამიანებს აცნობს საზოგადოებას. მივესალმები! არ დაიზაროთ და ასე განაგრძეთ… გულწრფელი მონდომება და ძალისხმევა ყოველთვის ისხამს სასურველ ნაყოფს. მადლობა გვერდს, რომ არსებობს!
🔶პოეზია — პოეზია, ეს…

ღვთის სიტყვის
მძივებად ასხმაა.
განცდაა, ჯვარცმაა,
აღდგომის აღქმაა…
ნატყვიარ სულიდან
დაძრული თავსხმაა,
მკითხველთა გულებში
მარცვლებად განღვრაა…
ტალახთან ნაზავი
ხორცისგან დახსნაა,
დამღლელი მიწიდან
ზეცისკენ აღსვლაა.

__________________________________

სულის შემოდგომა

ჩემს ბინაშიც შემოდროვდა შემოდგომა,
შემოზომა სულის ნედლი ნათესები…
სიცოცხლისგან დამიცალა ყველა გრძნობა
დაისისას ჩაკრეფილი ნათელივით…

ჩემს მირაჟშიც შემოჟრჟოლდა შემოდგომა,
რომ გამძარცვოს ცისარტყელა გრძნობებისგან…
-შემო, დროა, მოხუც ვნებებს ამაძრობდე
და შეშლილ ქარს მიართმევდე ჟინის ცხრომად!..

მაცლის, მაცლის ტოტებიდან დაძრულ ფოთლებს,
ნარონინებს გაზაფხულის შორეთიდან.
შემომწყრომდა და განმმოსავს სამოსლისგან
ჩემში შლეგად შემოჭრილი შემოდგომა…

ფოთოლცვენის, გრძნობათცვენის მიმწუხრისას
ვერმომშორდა იმედი და ტრფიალება –
აკელაპტრდნენ უკვდავივით ცის კიდემდე,
რწმენის ტოტზე შემხორცვიან პირმშოებად.

შიშველ ხეთა საუფლოში მარადმწვანედ
აღვმართულვარ რწმენითა და იმედებით.
იქნებ ამად არ მივტირი გაზაფხულებს
და ზამთრის სუსხს ამ გრძნობებით მივეგებვი…

ქარი მირხევს სიყვარულის უხრწნელ ფოთლებს,
რწმენის ტოტებს სასოება ისევ მოსავთ…
ჩემს ბინაში სულ ამაოდ შემოდროვდა
სულის ქურდად შემოჭრილი შემოდგომა.

პატივისცემით, My city Chkhorotsku-ს ადმინი