აპოლონ ადონია- “მე ვიყავ ერთი უბრალო ბავშვი

მე ვიყავ ერთი უბრალო ბავშვი:
სუსტი, ფერმკრთალი, გამოუცდელი…
ფიქრი მითრთოდა ცხოვრების ქარში
როგორც სუფთა და თეთრი ფურცელი.
მერე მოვიდა მკაცრი დღეები,


სივრცეს მოედო უმწეო ფერი,-
ომის და ნგრევის საშინელებით
გაწამებული ბავშვური მზერის.
გზებზე ჩასაფრდა შიში მაცდური,
ჩაჰკეტა არე სწავლის, ძიების,
უარჰყო ჩემი სწრაფვა დაცული
უსათნოესი ხილვის მთიებით.
სახეს სიმაკაცრე შემომასია
ტვინში ჩამიწყო გლოვის აფრები,
ყველა ფარდები დაბლა დასწია,
გადააშავა ფრთების საფრენი…
ასე თანდათან დადუმდა გული,
და ახლაც კვდება თითო რამ ჩემში,
ფიქრი განუცდელ სიხარულს უვლის,
მიუწვდომლის ხმა შორიდან მესმის.
ასე ვარ, მაგრამ იმან კი არა,
მე გავიმარჯვე და აი რატომ;
განწირულს სულში ჩამეზიარა
ურყევობის ხმა ყველაზე სანდო.
გზა მივაჩვიე სივრცეს მიუვალს,
გლოვას ვარიდე მოუგლოველი,
რაც კვდება ჩემში ყოველდღიურად
უმჯობესისთვის კვდება ყოველი…