აპოლონ ადონია- დარჩენილ მერცხალს

დარჩენილ მერცხალს

ღამეა, სოფელს სძინავს ღრმა ძილით.
მეც დავიღალე, ჩავაქრე შუქი.
სარკმელს მოაწყდა ხეების ჩრდილი,
ლანდებს ოთახში რაღაცა უკვირთ.

რა არის მაინც? რა აკრთობთ ასე
სინათლე- ჩრდილის მრუმე სახეებს?
იდუმალება მოლოდინს ავსებს,
ტვინის ძაფს ფლეთს და ფიქრებს ახელებს.

შენც აფრთხიალდი, არ დაახანე,
ჭერს მიაწყდი და იწყე რიალი.
ელდა დაეცა სივრცის ბაღნარებს,
ჩაკვდა ღიმღამი იალ-კიალის.

შემოპარულხარ ოთახში ჩუმად,
სითბოს დაეძებ ნაზი, ციერი;
როგორ გიშველო სასურველ სტუმარს,
რით დაგეხმარო? არ ვარ ძლიერი.

არ ვარ ძლიერი, ვარ მიწიერი.
ამაღამ მაინც რა დამაძინებს?!
შენს დარდს შევუდექ ძეხორციელი,
მგონია გამსრესს მისი სიმძიმე.

ტკბილი ჭიკჭიკი მთელი ზაფხული
მიტკბობდა გულს და ყრუ საღამოებს,
დღიური ზრუნვის ლაფში ჩაფლული
მივაცილებდი ცხოვრებას მდორეს.

მწუხრის ჟამს აქ შენს ბუდესთან შვებით
ვუსმენდი მადლის და მზის გალობას.
კეთილის ხმობით, ეშმაკის წყევლით
ვიყავი, ბედმა ეს მიწყალობა…

და ახლა რა ვქნა? აქ მე კი არა
ღმერთიც რომ იყოს, ის ვერ გიშველის.
ბუნების სულში სძინავს იარას,
ბედი ბნელია, დრო კი შიშველი.

აწყდები კედლებს… აქ გეშინია,
ცისქვეშ ყოფნას და დაკარგვას არჩევ.
სარკმელს გაგიღებ ასე ჟინიანს
და შეგავედრებ სიცოცხლის გამჩენს.

მშვიდობით ჩემო გულთეთრა ჩიტო,
ამ უზარმაზარ სამყაროს ტრიალს
ძალუძს გვშვას, ძალუძს უეცრად გვიმტროს,
მაგრამ შენახვა არ შეუძლია….

აპოლონ ადონია