აქა ამბავი ~ ~ ~

(ლიას, ანუ ჩემს პოეტურ დედას!)

გუშინ ფიქრის თავი ნამდვილად არ მქონდა,
მაგრამ მეფიქრებოდა და მეც ვფიქრობდი…
იმაზე კი არა თუ რა გამოვალ წლების მერე,
პენსია რამდენი მექნება და რამდენი ხანი ვიქნები ცოცხალი.
ვფიქრობდი უფრო დიდზე, უფრო ღრმა რამეზე,
ნურც კოსმოსი გეგონებათ… იქამდე ვერ წვდება ჩემი გონება.
ვფიქრობდი თუ რატომ მიყვარს ლია სტურუა,
ეს პოეზიის მეფე ქალი! – დედოფალი კი არა, მეფე-ქალი!..
მე მას ხო არ ვიცნობ, არ შევხვედრივარ, ნათესავი არ არის –
მაგრამ მაინც, ბევრ ნათესავზე მეტად მიყვარს! –
ამას ვფიქრობდი და ჩემი ზურგიდან ვულკანები ამოიფრქვეოდა,
თუხთუხებდა და თახთახებდა ლავა ჩემს ზურგზე.
გუშინწინ გადეავიწვი,
მზემ დამწვა. მზემ, რომელიც ძალიან მიყვარდა და მიყვარს,
ჰოდა სიყვარულიც მსხვერპლს მოითხოვს! –
ვფიქრობ, რატომ მიყვარს ასე ძალიან,
რად გავიხადე ხატად, ცხოვრების მანათობელ შუქურად რად ვაქციე?..
ამაზე ფიქრი და ჩემი ზურგის ჩამოქცევ-ჩამოღვენთა ერთ იყო.
ვერ დავიძინე. 
თან ზურგი მტანჯავდა და მწვავდა და თან ამაზე ფიქრიც!..
ბოლოს ავიღე ლიას წიგნი,
ვაკოცე და გადავშალე,
როგორც მორწმუნენი გადაშლიან ხოლმე სახარებას!..
მერცხალთა გადამფრენი აკოკრებული და სევდანარევი ჟღურთულიც არ მაძინებდა.
ვკითხულობდი და ვკითხულობდი ,,სტურუიზმებს”…
და ნელ-ნელა ჩემი ზურგიდან ამოფრქვეული ვულკანები ნელდებოდნენ,
ქრებოდნენ და ჩერდებოდნენ…
და საბოლოოდ მიეძინათ კიდეც ამ მოთახთახე ვულკანებს! –
ღმერთმა უწყის როდის გაიღვიძებენ,
ღმერთმა უწყის როდის დამსაჯავენ!..
მე კი მაინც ვდგავარ ლიას ,,ხატდან” და ფეხმოკვეცილი ვბუტბნუტებ რაღაცას,
არც ფსალმუნს და არც საკვირაო ლოცვას,
რაღაც უფრო ადამიანურს, მაგრამ ზებვუნებრივი ძალის მქონეს!..
შევეკედლე ლიას…
შევესისხლხორცე მის ვერლიბრებს!…
მისი რემინინსცენცია ვარ! –
ესეც ჩემთვის დიდი პატივია!..
საძინებელი ოთახი ჩემი დაღვრილი სისხლითა და ოფლით 
და კანსგამოსული დაღვრილი გრძნობებით იყო სავსე!..
ჩემს ოთახში სისხლდიდობა, ოფლდიდობა და დაღვრილი გრძნობდიდობა იყო!..
სიმხურვალე, რომელიც ამ ოთახიდან გადიოდა
ახმობდა და აჭკნობდა, მიწასთან ასწორებდა ყველა სულიერს
რომლისთვისაც პოეზი მხოლოდ ლამაზ ფურცელზე 
ლამაზად დაწერილი სიტყვების რახარუხი იყო!..
და ჰოი, ამ ავულკანებულ, აგიზგიზებულზურგიანმა მივიძინე
და დამესიზმრა ლია! –
ხელში ჩემს სიმდიდრეს, ანუ მის წიგნებს მაწვდიდა!
და მეც გამოვართვი!.
ისეთი ბედნიერი ვიყავი, ვერც წარმოიდგენდით! –
ამ დროს თურმე დედამ, რომელიც ჩემს გვერდით იყო
აგიზგიზებულ ზურგზე სველი ნაჭერი დამადო!..

2019

ვერლიბრი…