მცირე რამ ვერლიბრის შესახებ

ცხადია გემოვნებაზე არ დაობენ, თუმცაღა ისიც უნდა აღვნიშნოთ რომ ვერლიბრს ქართულ მწერლობაში არ წყალობდნენ თავიდან (ახლაც არ მოსწონს ზოგიერთს !). ცხადია ვერლიბრს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ ამ სტილით იწერებოდა ძველი ქართული ჰიმნები. ჰიმნოგრაფები თავიანთ შემოქმედებით თავისუფლებას სწორედ ჰიმნებში (ასე ვთქვათ თავისუფალ ლექსში) ხედავდნენ და გრძნობდნენ. ცხადია ჰიმნებს თავისუფალ ლექსებად არ მივიჩნევ (და არცაა), მაგრამ ეს იყო, ასე ვთქვათ, წინაპირობა ვერლიბრის შექმნისა (ან შემოსვლისა) ქართულ მწერლობაში.

სიტყვა ვერლიბრი ფრანგული სიტყვაა (vers libre — „თავისუფალი ლექსი“). ურითმო ლექსი, რომლის სტროფები (ანუ ხანები) არ არის ,,ჩაკლანჭული” ვერსიფიკაციებში, მარცვალთა რაოდენობების თანაბრობასა და დიდაქტიკურ რითმულ სიზუსტეობანში. თავისუფალი კი ჰქვია, მაგრამ სულაც არ არის თავისუფალი, რადგან მისთვის აუცილებელია რიტმულ-ინტონაციური შეწყობა და რაც ყველაზე მთავაია ღრმა აზრი. ზოგიერთს კი ჰგონია, რომ თუ წინადადებებს დაწერს და მას ლექსის სახეს მისცემს (არა რითმებს) ვერლიბრი ჰგონია. ვერლიბრი ლიტერატურაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ ჟანრად არის მიჩნეული.

ქართული პოეზიის მეფეს, გალაკტიონს აქვს რამდენიმე ათეული (თუ არა ასეული) ვერლიბრი. მან ათი წელი იმუშავა ვერლიბრზე. მან დაწერა ასევე პოემა ,,ჯონ რიდი” ვერლიბრად, რომლის დასწაყისსაც ქვემოთ გთავაზობთ:

,,ბავშვები ყიდდენ პაპიროსებს.
ზოგი მათგანი ცინიკურად გაიძახოდა:
„რასპუტინის პაპიროსები“.
რაღაც არაჩვეულებრივი
სიგრძისა და ზომის პაპიროსები,
წიგნები გრიგოლ რასპუტინის
შესახებ:
„Про Гришку,
Про Сашку,
Про царя Никалашку“.
ყიდდენ არშინობით კერენკებს.
სასადილოში
სტუდენტები იგონებდენ დროს,
როცა უკეთესი იყო ცხოვრება.
მკვლელობა
პურის 1/8 გირვანქისათვის.
რეჟისორი გარდინი.
ფუტურისტების გაზეთები.
ლედა
კინოებში…
ვიკჟელი…
კერენსკის მოწოდება და კრონშტადტი,
გადატრიალება პეტროგრადში.
მზადება მოსკოვში, –
აჰა, საცაა –
და ერთხელ, დილით –
ჯერ არ არის გათენებული,
ქუჩაზე მოძრაობაა”…

ცხადია გალაკტიონის ველიბრები ვერლიბრის კლასიკურ ნიმუშად ვერ ჩაითვლება, მაგრამ მაინც ძლიერი ვერლიბრების ავტორია.

ზოგს ჰგონია, რომ ვერლიბრი ანუ თავისუფალი ლექსი და თეთრი ლექსი ერთი და იგივეა. არა… თეთრ ლექსს ჰქვია ვერბლანი, რომელიც ურითმოა, როგორც ვერლიბრი, მაგრამ მკაცრადაა დაცული მარცვალთა რაოდენობა და სხვ. ანუ თავისუფალი არ არის. ვერბლანის საილუსტრაციოთ მოგვყავს გრიგოლ ორბელიანის ლექსიდან ნაწყვეტი:

,,დავბერდი, ბედს ვერ მოვესწარ,
დაემხო ჩემი სამშობლო,
გულს მიკლავს უიმედობა,
საფლავს ჩავდივარ სიმწარით”

ცისფერყანწელებსაც ჰქონდად კარგი ვერლიბრები. ანუ ქართული მწერლობა ნელ-ნელა ისისხლხორცებდა ვერლიბრს, ანუ ტავისუფალ ლექსს.

1957 წელს თსუ-ში გაიმართა პოეზიის დღე, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ ცნობილი და ამასთანავე ახალგაზრდა, ჯერ კიდევ უცნობი მწერლები. მათ შორის გამოვიდა ლია სტურუა, 17 წლის გოგო, რომელიც თსუ-ს ფილოლოგიური ფაკულტეტის პირველ კურსზე იყო და წაიკითხა თავისი თავისუფალი ლექსი:

,,ფიროსმანს უყვარდა ცა და არაყი
და სხვა ყველაფერი ფეხზე ეკიდა”…

რომელმაც შემდგომში უდიდესი გამოხმაურება ჰპოვა, ცხადია თავიდან გამოხმაურებების უმრავლესობა უარყოფითი იყო. იმ დროს კლასიკოს მწერლად აღიარებულმა კონსტანტინე ლორთქიფანიძემ მწერეალთა კავშირის ერთ-ერთი სხდომა ამ სიტყვებით გახსნა ,,გაათრიეთ ქართული მწერლობიდან ეს ბოზი, თავისი სტურუიოზმებით რყვნის ახალგაზრდობას” – ცხადია ეს სიტყვები მიმართული იყო ლია სტურუასაკენ…

დღევანდელ ქართულ მწერლობას ჰყავს ორი გენიოსი პოეტი (ცოცხლები) ბესიკ ხარანაული და ლია სტურუა, ორივე ვერლიბრისტი პოეტია.

 https://poetry.ge/poets/lia-sturua/poems 
დევები
“რას მიცინი დევის ქალო,
რას მიელვებ თეთრსა კბილსა?!”
ხალხური
იწვნენ დევები, ბეწვაშლილნი და დაგეშილნი,
ვერცხლის ხმლებივით კრიალებდა მათი ეშვები,
საცრისოდენა თვალებიდან ირიბად წვიმდა,
ლაშებზე სისხლი შერჩენოდათ წუხანდელ ლეშის.
მათ არ შიოდათ და არ სციოდათ,
მაგრამ შეშურდათ უსუსური კაცების ბედი
და გაარღვიეს ცხოველურის მკვიდრი კედელი
და შინაური ხარებივით რქები სტკიოდათ.
მათ ყნოსვას აჰყვა შეხუთული სუნი სახლების,
სტიოდათ რქები, ნესტოები უცახცახებდათ...
მზე სისხლისფერი, რბილი ბალახი
ლეშის სუნი და უცნაური სუნი სახლების...
მზეთუნახავი დიაცები იდგნენ ერდოზე,
სპილენძის მძივი შემოენთოთ ოფლიან მკერდზე
და მათ სიზმრებში უცნაურად და გამომწვევად
რეკდნენ ზარები, ვერცხლისფერი და საქორწილო.
მეურმეები ოცნებობდნენ თეთრ აღზევანზე,
ადამიანებს შიოდათ პური და აღზევება,
ვერგანდევნილი სანთლებით და ღამისთევებით
ისევ ღრეობდა კაცის სულში ჯოგი დევების...
ისინი ჭამდნენ, ხვრეპდნენ არაყს, ერთმანეთს კლავდნენ,
მიწაზე ენთო უძლეველი ნადირის კვალი...
მერე სანაცვლოდ ლოცვების და თეთრი კრავების
წმინდა გიორგი არიგებდა სულსა და მკლავებს -
თეთრი მხედარი, გახვეული თემის დროშაში,
ბრძანებდა ღმერთი: არა კლათ და არა იმრუშოთ!
ნუ გაიტაცებთ მტრის იარაღს, ცხვარსა და ქალებს
და ურჯულოთა მეჩეთებზე არ დაგრჩეთ თვალი...
კაცებიც რწმენას, სურვილებს და ხარებს სწირავდნენ,
შვილების ნაცვლად ფიცულობდნენ თამარ პირიმზეს,
მაგრამ სიზმარში ზრიალებდა მშიერი ხმალი
და კბილებს თეთრად აელვებდნენ დევის ქალები.
და ძე კაცისა გაურბოდა ხატებს და ზარებს,
მას სჭირდებოდა რაღაც მკვეთრი, უზარმაზარი;
დიდი ცდუნება, დიდი შრომა და მწარე ვნება
დევის ქალები, ცოდვიანი სპილენძის თმებით...
და როცა ხატის წვიმასავით ალმაცერ თველებს
კვარი ყვითელ და ქრისტიან ხელს ააფარებდა,
უძილო ფშაველს, ოჯახის და საქონლის პატრონს,
ელანდებოდა: ხატობაში უწყალოდ დათვრა;
ეძებდა წყალს და არა კაცმა არ მისცა წყალი,
ითხოვდა პურს და ჩაუკეტა ჯილაგმა კარი,
ეძებდა მზეს და დაღლილი მზის მადლი გაუწყრა,
ანთებდა ცეცხლს და უპატრონო კერა ჩაუქრა...
საგნები თითქოს გამოექცნენ ხაზს და სიმყარეს,
გამოეცხადა მას უაზრო ურცხვი სამყარო:
თოვლში მწითური და ვეება ქალის თმა ეწყო,
როგორც დაჭრილი სისხლის ნადირის ბეწვი.
იდგნენ დევები, ბეწვაშლილნი და დაგეშილნი,
ვერცხლის ხმლებივით კრიალებდა მათი ეშვები,
მათ ჰქონდათ რქები, მეჩეთების ნახევარმთვარე,
მათ ჰქონდათ ძალა და არ ჰქონდათ სიკეთე ხარის.
ისინი იდგნენ უსუსური კაცის წინაშე,
იდგნენ ღამეში, უკუნეთში, ქარში, წვიმაში,
და პირდებოდნენ ადამიანს დევების ძალას
და აცდუნებდა ადამიანს დევების ქალი...
მათ ჭირდებოდათ, ჭირდებოდათ კაცების სული
და როგორ ჭირდა ლეშის ფასად მისი დათმობა!
და ხელებიდან იღვრებოდა წითელი სილა _
დევის ქალების ცოდვიანი სპილენძის თმები...
ხოლო კაცებმა არ იცოდნენ, რა იყო სული...
იქნებ ის იყო საკუთრება, ვითარცა ხმალი,
ან იქნებ, როგორც თვალისჩინი ღმერთმა ასესხა,
იქნებ, ის იდგა უპეებში ლურჯი წყალივით,
იქნებ, სხეულში ამღვრეული ლუდივით ესხა?
იქნებ ამ სულმა აგრძნობინა ხეების სისხლი,
ნადირის ენა და კლდეებში ყვითელი სიცხე?
მან შეიყვარა ნაშიერი და ცოლი თვისი
და მოყვასივით შეიბრალა მოსისხლე თვისი,
არა იმიტომ, რომ სიკეთე უხვი, ვეება
ჩვეულებრივი შიშის ფასად ეყიდათ დევებს...
და ძე კაცისა ხმალს ფერავდა, ისხამდა აბჯარს,
ებრძოდა დევებს, უზარმაზარ, ულმობელ ზღაპარს
და ჭრილობიდან მოდიოდა ნამდვილი სისხლი
და მზიან მკლავებს ადუნებდა სულეთის სუსხი...
და მან იცოდა, ამ სიმაღლეს თუ კიდევ შერჩა,
მისი სხეულის სიფრიფანა და მყიფე ჩენჩო,
თუ გაუძლებდა და ამ ზღაპარს თუ დაიტევდა,
უზარმაზარი მოვიდოდა ქვეყნად სიკეთე,
რადგანაც კაცი დროშასავით სიმაღლეს შერჩა _
ულამაზესი, მახლობელი და სასაცილო...
მას უყვარს შენი შეცდომებიც, შიშიც, კაცობაც,
მისთვის ტკივილი მდინარეა, მზეა სირცხვილი...
ის შენი ძმაა და ის ებრძვის ქარის წისქვილებს.
მაგრამ თუ გულში ჩაუვარდა ახალი მთვარე,
მოეძალება რაღაც მძაფრი, უზარმაზარი:
დიდი ცდუნება, დიდი შიში და მწარე ვნება,
დევის ქალები, ცოდვიანი წითელი თმებით...
მერე დილამდე
ებრძვის ჭრელ და ულმობელ ზღაპარს''...
/ლია სტურუა/
https://poetry.ge/poets/besik-kharanauli/poems
და, აი მე გავყიდე სახლი

,,და, აი, მე გავყიდე სახლი და აღარავინაა ჩემს შორის ჩემიანი,
"რამეთუ" (მავანი არატუნებდა ამას წინათ საცოდავი ძველ-ქართულითა
და იმისაგან ვისახსოვრე მეც),
დაემათა მოხუც დედას ინსულტი ის იშემიური
და ექიმურ-კაკაფონური ენით მემცნო მეც, საცოდავსა,
რამეთუ მქონდა მე გაბმულა, ანუ ვსვამდი უკვე ორი თვე
და როგორღა შემეძლო მე, არ გამეყიდა სხვადასხვა რამენი ამ მიზეზითაც,
თუმცა კი რომ დედაჩემი იყო ისე მოკრძალებული,
რომ ერთი ყველის ნაჭერიც კი სიკვდილამდის ვერ დაამთავრა
და დაგვიტოვა ჩვენ სახსოვრად, როგორც კუნძული...
და მღვდელი კი არა და ექიმი კი ჩამოუთვლიდა მრავალგვარ წამლებს,
ერთი გრამი რომელთაც რომ ასი ლარი ღირდა სადღაცა
და დედაჩემი ამაზე რომ თვალს ჩამიკრავდა -
ნეტა მაგას, სულელები რომ ვგონივართო!..
მაინც კი რომ, მიუხედავად... ექიმების მიყვან-მოყვანა, ბენზინის ფულიც...
და გავყიდე მე მანქანა
და დავმარხე მე დედაჩემიც
და ცარიელ სახლში ახლებურად ვიწყეთ ცხოვრება
მე და ჩემმა ჩრდილმა - მამაჩემმა.
სულ ერთმანეთს რომ ვემალებოდით (სიგარეტის და სასმლის მიზეზითაც,
უნდა ითქვას, რომ)...
და, აი, გახდა ავად მამაჩემიც.
რამეთუ წერილ არს, კიბო მწეველებში უფრო ხშირიაო
და ნაწერი რომ დასრულდება და მაინც რომ უნდა მისდიო,
ვიდრე ცეცხლით არ შეიჭმება...
და გავყიდე მე სახლი იგი და დავმარხე მე მამაჩემი
და ლურსმანთაგანს ბოლონას რომ აკაკუნებდნენ,
ვთქვი, აჰა-მეთქი!.. მე ვიყავი თავისუფალი,
ჩემი იყო ოთხივ მხარე დედამიწისა,
და ვიგრძენი, ვით მდიდარი ვიყავი უკვე
და ჩემს ქონებას
ჰაერივით არ სჭირდებოდა,
არც ლურსმანი, არც კლიტე და გასაღებელი...
ღმერთო, შემეძლო მე ფრენაცა და სიარულიც,
ჩიტივით ვიყავ,
და თავისუფლების პირველი დღე რომ ღაღანებდა,
ადამიანის თანდაყოლილ ნაკლს გადავაწყდი:
რადგანაც, რომ, თავისუფლება
თუკი უხელს კაცს ფართოდ თვალებს,
იმავ თვალებს მუმლთსაჭერით არ აჯილდოებს.
და შემივარდა თვალში რაღაც,
ნაპერწკალი, ჩიტი, გვრიტი,
ცხოვრება თუ აჩონჩხილი შენობები ჟანგიანები,
თუ სხვა რამ ჯილდო...
და დამეფსო მე ერთი თვალი
და შევიქმენ თადარიგი თვალის ამარა,
რამეთუ წერილ არს -
მოიშრიტე თვალი ტკბობისა!
და ახლა კი, ხანდახან რომ ამეტირება,
ვრჩები უფრო იმისაგან გაკვირვებული,
იმ დაშრეტილ ტკბობის თვალსაც რომ სდის ცრემლები
და ვფიქრობ მე - ალბათ იგი სტირის ტკბობასა,
ხოლო მეორე - თავის თავს სტირის
და იმიტომ არიან ორნი.
რამეთუ წერილ არს:
კარგია, როცა ტირიან ორნი,
თორემ ერთმა ვით იტიროს, თუ მეორემ არ დაინახა''.
/ბესიკ ხარანაული/

~ ~ ~
ახალგაზრდა ვერლიბრისტმა, თევდორე ქართველიშვილმა ვერლიბრი უძღვნა ლია სტურუას, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:
 ლიას

ბაბუაჩემის გაცვეთილი პალტო მემოსა.
გავიარე ყვავილების მაღაზიასთან,
მომეწონა ვარდი და გვირილა და მიხაკი და ტიტა და
ჯიბეში ხელი ჩავიწყე, ჩავიქექე ხორბლისფერ ჯიბეში,
იქნებ ამომყვეს რამე-მეთქი,
მაგრამ არა, მაგრამ ვერა, ბაბუას არ დაუტოვებია ჩემთვის...
ვერ ვიყიდე ვარდი და გვირილა და მიხაკი და ტიტა და 
მაპატიე დედავ,
ჩემთვის დედაა ლია სტურუა ,,სტურუიზმების'' მქარგა-მხატვარი...
მისი შვილი ვარ, ოღონდ არ მიცნობს...
მისი შვილი ვარ, ,,სტურუიზმების'' შვილი ვარ ოღონდ არ მიცნობს...
მაპატიე დედავ,
ფული არ მქონდა და ვერ გიყიდე 
ვარდი და გვირილა და მიხაკი და ტიტა და
ფართოდ, მარაოსავით გაშლილ მინდორში შევინავარდე,
პალტო ხან რას ედებოდა და ხან რას,
სულ მთლად დაშალა, გაიცვითა, გაიფხრიწა ბაბუის დანატოვარი პალტო.
მოვკრიფე მინდვრის ყვავილები...
შევკარი კონა-კონად და გამოვიდა თაიგული და დაფნა შემოვავლე...
დაფნა ხომ შენი ,,დიდების მომღერალია'' დედავ.
მახსოვს ბებია კრეფდა ხოლმე ასეთ ყვავილებს,
ახმობდა და სვამდა, კარგია ჯანმრთელობისთვის...
მეც ამას გჩუქნია, ლია... სხვა ვერაფერი ვერ შემიძლია...
ლარნაკში ჩაახორბლე, ჩაამზისხივე, ჩაალივლივე...
როცა გახმება არ გადაყარო, როგორც ყრი ხომე
ვარდსა და მიხაკს და ტიტას და 
შენახე და დალიე და იდღეგრძელე...
ჯანმრთელობისთვის კარგია, დედავ...
მიყვარხარ ძლიერ...
დაფლეთილპალტოიანმა და ხელში მინდვრის ყვავილებიანმა 
ჩავუარე ვახტანგ გორგასალს... 
დავბრუნდი მასთან და გამახსენდა...
გამახსენდა არა ვახტანგის ძლიერება, არა მისი მგლისთავიანობა,
არამედ მისი შემოქმედი...
ელგუჯა გამახსენდა, ლია...
ამ ცივ ქვას შევეხე ხელით და ვიგრძენი სითბო,
სითბო, რომელიც ელგუჯამ უსახსოვრა ამ ქვას...
ამ ლოდში, ვახტანგის ძლიერებაში, ვნახე ელგუჯას მკლავი,
როგორსაც სვეტიცხოველში ვხედავ ხოლმე უტას მკლავს...
ჩემო ლია,
ჩემო ძლიერო, 
ჩემო უკვდავო, 
მიყვარხარ!...
რაა ჩემი სიცოცხლე? - არაფერი!
და ამ სიცოცხლეს გჩუქნი შენ!.. 
შენი იყოს, ლია..
მიყვარხარ.... 
ბოდიში ამ ნაჯღაბნისთვის!...

2019
თ. ქართველიშვილი


ცხადია ეს წერილი არ იქნება იმის საწინდარი, რომ ვერლიბრის თავისებურებანი ავხსნა, მაგრამ ესაა გზა დაინტერესებისაკენ.... ზოგიერთ ვერლიბრი პოეზია არ ჰგონია, არა და ეს ყველაზე დიდი რამა.... 

იაგო ქებურია