ნოდარ ჯალაღონია-შეგინებული დედები

წარმოშობით  ჩხოროწყუელი ნოდარ ჯალაღონიას ლექსი


რა გულით, ანდა რა ენით ამბობთ სიბილწეს, საოცარს,
ბიჭებო! როგორ იმეტებთ დედას – ხატსა და სალოცავს,
მარილს რად აყრით სამშობლოს, ისედაც გახსნილ ჭრილობას,
კარგი დედ-მამის შვილებო, რად გინდათ ბოზის შვილობა.
ფუძის ანგელოზს რად აფრთხობთ და ეშმაკს რატომ აბუდებთ,
ცოცხლად რატომ კლავთ თქვენს დედებს და სულში რატომ აფურთხებთ.
ეს არის დიდი სირცხვილი სიგლახეცა და სილაჩრეც,
როდესაც კაცი ამგვარ ფიქრს ენას და სიტყვას მიაჩვევს.
დედაზე უფრო ძვირფასი ვინა გყავთ, რა გაბადიათ?
დედა – ქართველი ვაჟკაცის სალოცავი და ხატია!

თუ ეს ცხოვრება უაზრო, ფიქრს და გონებას აგირევთ,
საკუთარ დედას რას ერჩით, ისინი ლანძღეთ, აგინეთ,
ვინც მართლა ბოზის შვილია, სამშობლო ფეხზე ჰკიდია,
დგანან მსოფლიო ბირჟაზე და საქართველოს ყიდიან.
ვინც ოცნებები წაგართვათ, დაგტოვათ ქუჩის ამარა,
ვინც თქვენი ხვალინდელი დღე მოკლა და დაასამარა.
ვინც ცხოვრობს გრიალ-გრიალით ქვეყანა კი დააქცია,
ვინც ბევრის დედა და შვილი მართლაც ბოზებად აქცია.
აგინეთ ქვეყნის გამყიდველს, მოღალატეს და გარეწარს,
ვინც 9 მარტსა და 9 აპრილს სიკვდილის კალო გალეწა.
ვინც ჩვენი გოგო-ბიჭები ნიჩბით აჩეხა, აწამა,
ვინც დღესაც მახვილის ნაცვლად ხელში გაჩეჩებს საწამლავს.
ვინც დღესაც გაცლით ხელიდან სამაჩაბლოს და აფხაზეთს,
ამაზე უნდა იფიქროთ, უნდა იყვიროთ ამაზე.
თორემ რა სახელს მოიხვეჭთ, საკუთარ დედის გინებით,
როდესაც დედა სამშობლოს სული უჭირავს კბილებით!