თადა გოგუა

თადა გოგუა დაიბადა 1859 წელს, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხაბუმეში, მჭედლის ოჯახში. სკოლაში საერთოდ არ უვლია. 8 წლისამ, მამის სამჭედლოში შეგირდად ყოფნისას, წერა-კითხვა სოფლის სკოლის მოსწავლეებისგან ისწავლა. 15 წლისა სრულყოფილად დაეუფლა მჭედლის პროფესიას და სიცოცხლის ბოლომდე არ უღალატნია. სიმღერაც ბავშვობიდან შეიყვარა – საქმეს მიატოვებდა და სიმღერის შესასწავლად მიდიოდა მომღერლებთან, მერე კი თავის თანატოლებს ასწავლიდა და ერთად მღეროდნენ. 1919 წელს ზუგდიდში შეხვდა ძუკუ ლოლუას და მისგან ბევრი სიმღერა შეისწავლა; თავის მხრივ, ძუკუმაც ისწავლა თადასგან მისთვის უცნობი სიმღერები და გუნდის რეპერტუარში დაამკვიდრა, თადას კი სასარგებლო რჩევები მისცა ხალხური სიმღერის მოვლისა და შეურყვნელად შენარჩუნებისათვის.

1922 წელს ზუგდიდშივე გაიცნო სამუელ ჩავლეიშვილი და ვარლამ სიმონიშვილი; მათგან თვენახევარში თორმეტამდე გურული სიმღერა შეუსწავლია. ხანდაზმულმა თადამ 1928 წელს ჩხოროწყუში თავად ჩამოაყალიბა მცირერიცხოვანი გუნდი. თადას გუნდი სოფლებში მართავდა კონცერტებს და გამოირჩეოდა ხალხური საშემსრულებლო სტილისა და მანერის ერთგულებით. გუნდის რეპერტუარი პირველად გრიგოლ კოკელაძემ ჩაწერა ნოტებზე (სანოტო ხელნაწერები ინახება ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივში). 1932 და 1937 წლებში გუნდმა წარმატებას მიაღწია ოლიმპიადებზე. 1938 წელს ჭარმაგი ასაკის გამო თადამ გუნდის ხელმძღვანელობა მიატოვა.   თადა გოგუა გარდაიცვალა 1963 წელს.

წყარო